Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოიცავს პატიმართა შეწყალების ახალი წესები


28 მარტს "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულება პატიმართა შეწყალების ახალი წესის დამტკიცების შესახებ, რითაც ავტომატურად ძალადაკარგულად გამოცხადდა 2004 წლის ბრძანებულება "შეწყალების გამოყენების წესის შესახებ". შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილი აცხადებს, რომ დებულება უფრო ჰუმანური და სამართლიანი გახდა - ახალი წესების თანახმად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ იმ პირთა საქმეები, რომელთაც საპატიმროში 25 წლიდან 15 წელი უკვე აქვთ მოხდილი.

უფრო სამართლიანი, მკაფიო და ადამიანური - ასე აფასებს პატიმართა შეწყალების განახლებულ კრიტერიუმებს თავად შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილი: “ახალი დებულებით, გაცილებით ბევრ პატიმარს მიეცემა პრეზიდენტის ჰუმანური ნებით, ანუ შეწყალებით, სარგებლობის შესაძლებლობა“.

საქართველოს პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, როგორც შეწყალების კომისიის წევრი, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, უვადო პატიმრებს შეეხება. მათგან ყველას, ვისაც 15 წელი უკვე აქვს საპატიმროში გატარებული, შეეძლებათ მიმართონ კომისიას შეწყალების თხოვნით. 15 წელი, ნანუაშვილის შეფასებით, ყველაზე ოპტიმალური ვადაა, რადგან რამდენიმე პატიმარს უკვე შეუძლია ამ უფლებით ისარგებლოს. ეს პატიმრებშიც გააჩენს სამართლიანობის განცდას:

„ეს ნიშნავს, რომ შეწყალების კომისია ვალდებული იქნება ასეთი საქმეები განიხილოს. მანამდე არსებული ვადა - 25 წელი - ძალიან ხანგრძლივი პერიოდი იყო, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში დიდი ამნისტია განხორციელდა და ეს პრაქტიკულად მსჯავრდებულთა უმრავლესობას შეეხო, გარდა უვადო მსჯავრდებულებისა. ამიტომ ეს ცვლილება მათ ნაკლებად დისკრიმინაციულ პირობებში ჩააყენებს“.
ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე საქმე განუხილველი დაგვრჩა. სხვა საქმეა, რომ ყველა განცხადებას ვერ დავაკმაყოფილებთ...
ზვიად ქორიძე
დებულების ჰუმანურობაზე, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, პირობით სასჯელთან დაკავშირებული ცვლილებებიც მიუთითებს. თუ, მაგალითად, პირს ჰქონდა მისჯილი ერთი წელი პატიმრობაში ყოფნა, ხოლო ხუთი წელი - არასაპატიმრო, ანუ პირობითი სასჯელი, შეწყალების თხოვნით მიმართვა შეეძლო მხოლოდ მსჯავრის ნახევრად მოხდის შემთხვევაში. დღეს ასეთ პატიმარს შეიძლება მოხდილი ჰქონდეს მხოლოდ საპატიმრო სასჯელი იმისათვის, რომ კომისიას მიმართოს.

ახალი დებულებით, კომისია ასევე უფლებამოსილია სასჯელმოხდილი პირისთვის ნასამართლობის მოხსნის საკითხიც განიხილოს. ახალი წესების თანახმად, იმ პირებს, ვის მიმართაც ადრე გამოყენებული იყო ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის მოხსნამდე კვლავ ჩაიდინეს წინასწარ განზრახული დანაშაული, შეწყალება შეეხებათ, თუ მოხდილი აქვთ სასჯელის ვადის ორი მესამედი. წინა წესის თანახმად, ასეთი შემთხვევები შეწყალებას არ ექვემდებარებოდა. შეწყალება კვლავ არ იქნება გამოყენებული იმ პატიმართა მიმართ, რომლებიც ბრალდებული არიან ორი ან მეტი დანაშაულისთვის, ასევე მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მისჯილი აქვთ 5 წელზე მეტი ხნით პატიმრობა და სასჯელის ნახევარი მოხდილი არ აქვთ. ასევე, პრეზიდენტს კვლავაც რჩება უფლება უპირობოდ, ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, შეიწყალოს პატიმარი.

შეწყალების კომისიის წევრი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ კომისიაში შესული არც ერთი განცხადება განუხილველი არ რჩება: „ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე საქმე განუხილველი დაგვრჩა. სხვა საქმეა, რომ ყველა განცხადებას ვერ დავაკმაყოფილებთ. მთავარი ტენდენცია ის არის, რომ მეტად ჰუმანურად და არგუმენტირებულად მივიღოთ გადაწყვეტილებები“.

პატიმართა მიმართვიანობა კომისიისადმი ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა, რასაც, ზვიად ქორიძის შეფასებით, ხელი იმანაც შეუწყო, რომ საპატიმრო დაწესებულებებში ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ხარვეზების დამდგენი სახელმწიფო კომისიის შექმნის იმედი - ამ კომისიას სისხლის სამართლის საქმეებზე უკვე გამოტანილი გადაწყვეტილებები უნდა გადაესინჯა.

ახალი კომისიის შექმნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების ორი აქტი გამოსცა. შეწყალების მესამე აქტი, ზვიად ქორიძის თქმით, სავარაუდოდ, სააღდგომოდ გამოიცემა. კომისიაში ვარაუდობენ, რომ დებულებაში შეტანილი ცვლილებების გამო შეწყალების მოსურნე პატიმართა რიცხვი ავტომატურად გაიზრდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG