Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 22 აპრილი


ვითარება უკრაინაში და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კვლავაც პრესის მთავარ თემებად რჩება.

„რეზონანსი“ უკრაინაში მოქმედების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების ალბათობაზე პოლიტოლოგებს ეკითხება. კორნელი კაკაჩიას გაზეთისთვის უთქვამს, რომ არსებულ ვითარებაში სანქციების გამკაცრება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა: „თუ რუსეთი და მისი მხარდამჭერი სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინის დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ, მაშინ მოჰყვება ევროპის მხრიდან სანქციების გაძლიერება“. პოლიტოლოგი ირაკლი კიკიანი კი ფიქრობს, რომ დღეს რუსეთის მიმართ სანქციების გაძლიერების ალბათობა არსებობს, „რადგან უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის ერთგვარი გაგრძელება იმ მოვლენებისა, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში. დასავლეთმა, ვფიქრობ, გარკვეული დასკვნები გამოიტანაო“, ეუბნება პოლიტოლოგი ირაკლი კიკიანი „რეზონანსს“.

რაც შეეხება საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, „ახალი თაობა“ წერს: წელს საქართველოში, „მგონი, პირველად 2014 წლის ივნისში, ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ფავორიტად არა სახელისუფლებო გუნდი, არა დიდი რუდუნებით შექმნილი ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა, არამედ არასაპარლამენტო ოპოზიცია შეიძლება დასახელდეს“. „ახალი თაობის“ ავტორი ასახელებს რამდენიმე ფაქტორს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმატება განაპირობოს: „პირველი ფაქტორი - ეს ახალი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების იმედგაცრუებაა“; „რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ეს დედაქალაქის მერობის კანდიდატების დაბალი რეიტინგია“; „მესამე ფაქტორი არასაპარლამენტო ოპოზიციის სავარაუდო წარმატებისა ისაა, რომ მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, რეგიონებში მდგომარეობა პრაქტიკულად არ შეცვლილა და რაიონების სათავეში და სოფლის საკრებულოების სათავეში კვლავაც ის ადამიანები არიან, ვინც ჯერ კიდევ ორი წლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით უამრავ უსამართლობას სჩადიოდნენ, დღეს კი საქმიანობას „ქართული ოცნების“ მანტიით აგრძელებენ“.

დღეს გამოვიდა გაზეთი „კვირის ქრონიკა“, რომელიც წერს, რომ „ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია „ნაციონალთა“ ბოლო კვლევების შესახებ, რომელიც მათ ამერიკულ ორგანიზაცია „აირაის“ შეუკვეთეს“. „კვირის ქრონიკის“ თანახმად, გამოკვლევის შედეგები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ „თავზარდამცემი აღმოჩნდა“. გაზეთის ინფორმაციით, თბილისის არც ერთ უბანში მათი რეიტინგი 10 %-ს არ აღემატება, რეგიონებში კი ყველაზე მაღალი რეიტინგი სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24% - აქვთ.

„კვირის ქრონიკისავე“ ინფორმაციით, პარლამენტში მომზადებულია 32-კაციანი დამატებითი სია, ვისაც პოლიტპატიმრის სტატუსის მიღება სურს. ასეთებს შორის გაზეთი ლევან მამალაძეს, იგორ გიორგაძესა და ასლან აბაშიძეს ჩამოთვლის.

დასასრულ, „ბიზნეს-რეზონანსის“ პუბლიკაციებსაც შევეხები. მკითხველი შეიტყობს, რომ „უახლოეს მომავალში საქართველოდან სომხეთში ავტომანქანების რეექსპორტი, შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს. მიზეზი სომხეთის გაწევრიანებაა ევრაზიულ საბაჟო კავშირში, სადაც წევრი ქვეყნებისთვის განბაჟების ერთობლივი ტარიფი მოქმედებს და იქ მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს დამატებით საკმაოდ მაღალი გადასახადებია დაწესებული. ექსპერტს სატრანსპორტო საკითხებში, დავით მესხიშვილს, „ბინზეს-რეზონანსისთვის“ უთქვამს: „საბაჟო კავშირში ამა თუ იმ ქვეყნის შესვლით ცალსახად მდიდრდება რუსეთის წარმოება... ახალი რეგულაციებით, რუსეთი საკუთარ ავტომობილებს გაასაღებს, რომლებსაც ყაზახეთისა დ ბელორუსის ანალოგიურად, განბაჟება უკვე აღარც სომხეთში დასჭირდება“.

„რეზონანსის“ ბიზნეს-დამატებიდან იმასაც შეიტყობთ, რომ საქართველოში ძალიან მაღალია სასმელი წყლის დანაკარგი. ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გათვალისწინებით, სემეკს დანაკარგების ნორმად 30 % განუსაზღვრავს, თუმცა ამ ლიმიტის დაცვაც ვერ ხერხდება: „კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, რომ თბილისის წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის დანაკარგი ბოლო წლებში, დაახლოებით, 46-47%-ის ფარგლებშია“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG