Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადიგენის საკრებულოს იურისტის კვალიფიკაცია სასამართლოში საქმის წარმოებას ვერ სწვდება


ხმაური და დაპირისპირება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იმ საკითხმა გამოიწვია, რომელსაც კენჭი დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე უყარეს. თვითმმართველობა, ყოფილი თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის მიერ ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოგებული საქმის მაღალ ინსტანციაში გასაჩივრების მიზნით, კვალიფიციური ადვოკატის აყვანას აპირებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მათი იურისტის კომპეტენცია სააპელაციოში საქმის წარმოებას არ შეესაბამება.

იურისტი კონკურსის წესით შეირჩა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის მუნიციპალიტეტის ინტერესების ღირსეულად დაცვას ვერ ახერხებს, ამბობენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ადიგენის საკრებულოში რატი ტატალაშვილი ეჭვობს, რომ მომავალში მუნიციპალიტეტში ყველა წარმოებული დავის დროს ბიუჯეტის ხარჯით ადვოკატების აყვანის საჭიროება დადგება.

სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებულ განაჩენს არ ელის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე. ამიტომ ლევან ლობჯანიძე ამბობს, რომ დაქირავებული ადვოკატის ანაზღაურება, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა გადაიხადონ, წყალში გადაყრილი იქნება. გარდა ამისა, გამგეობას ლობჯანიძისთვის გაცდენილ საათებში 20 ათასამდე ლარის გადახდა მოუწევს.

მე არ ვარ იმ კვალიფიკაციის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებას კარგად გავართვა თავი, ამბობს ადიგენის საკრებულოს იურისტი, პროფესიით სამართალმცოდნე, შალვა ტყემალაძე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, ამბობს ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე. იმედა მღებრიშვილი ფიქრობს, რომ, ნებისმიერი კომპეტენციის ადვოკატის ყოლის შემთხვევაში, მარიკა ჩიტაშვილი იმავე განაჩენს გამოიტანდა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ვარაუდით, კვალიფიციური ადვოკატის დაქირავება ადიგენის თვითმმართველობას 5 ათასი ლარი დაუჯდება, საკრებულოს თავმჯდომარე კი ამბობს, რომ იურისტს ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 500 ლარს გადაუხდიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG