Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის რკინიგზა და საქართველოს საფრთხე რუსეთის მხრიდან


ოჩამჩირის რკინიგზის მონაკვეთი
ოჩამჩირის რკინიგზის მონაკვეთი

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს რუსეთის მიერ რკინიზის აღდგენას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 33-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენაზე რამდენიმე ასეული რუსი სამხედრო მუშაობს. რა შეიძლება იდგეს მოსკოვისა და სოხუმის განზრახვის უკან და რატომ უნდა იყოს ფრთხილად თბილისი?

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის რკინიგზის აღდგენაზე რუსეთის სარკინიგზო ჯარების 500-მდე სამხედრო 50 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკის გამოყენებით მუშაობს – ეს ინფორმაცია რუსეთის მედიას რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დმიტრი ბულგაკოვმა მიაწოდა.

როგორც, მაგალითად, „ინტერფაქსი“ იტყობინება ბულგაკოვის სიტყვებზე დაწყრდნობით, საუბარია სარკინიგზო მონაკვეთზე ოჩამჩირის სადგურიდან ენგურის ხიდამდე და იმაზე, რომ რუსეთის სარკინიგზო ჯარები აფხაზეთში ივლისის ბოლოს დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიწვევით ჩავიდნენ.

„სამუშაოები მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად მიმდინარეობს და მიზნად ისახავს სარკინიგზო მოძრაობის აღდგენას რესპუბლიკაში“, ამბობს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და აზუსტებს, რომ საუბარია სარკინიგზო მონაკვეთზე, რომელიც აღარ ფუნქციონირებდა 1992–1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ. ამავე წყაროს ცნობით, 2008 წელს რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა აღადგინეს აფხაზეთის რკინიგზის 50-კილომეტრიანი მონაკვეთი და 9 ხიდი.

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, კიდევ ერთი ჩვენება და კიდევ ერთი მაგალითია იმ პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ჩვენს მიწაზე – ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე და საერთაშორისო ნორმების დარღვევით...
თინა ხიდაშელი

ამ ყველაფრის უკან რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ „ძალიან სახიფათო და შორსგამიზნული მორიგი მზაკვრული მიზნების განხორციელების“ წინაპირობებს ხედავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. როგორც მის მიერ 24 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სარკინიგზო ჯარების მიერ რკინიგზის აღდგენა ენგურის ხიდამდე არის საქართველოში რუსეთის იმპერიის მიერ კარგად აპრობირებული მცოცავი ანექსიის ახალი ეტაპის დაწყების კლასიკური მცდელობა".

რაც უფრო მეტ რამეს გააკეთებენ და ააშენებენ, ეს მხოლოდ კარგი იქნება საქართველოსთვის, როდესაც აფხაზეთი საქართველოს ტერიტორია დე ფაქტოდაც იქნება – ეს უკვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ხუმრობანარევი სიტყვებია. ხუმრობის გარეშე კი, თინა ხიდაშელი საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, კიდევ ერთი ჩვენება და კიდევ ერთი მაგალითია იმ პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ჩვენს მიწაზე – ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე და საერთაშორისო ნორმების დარღვევით. მაგრამ ეს არახალია, შეჩვეული ვართ, ვიცით, გასაგებია – ალბათ, კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ... მთავარია, საქართველოს ხელისუფლება იყოს სრულ მზადყოფნაში იმისათვის, რომ ხელოვნურად გავლებულ ბარიერებს აქეთ არ მოხდეს ამისი არანაირად გადმოსვლა“.

აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის პროცესს უკანონოს უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეც. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არ მიმდინარეობს არანაირი მოლაპარაკება აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის დანარჩენი საქართველოს რკინიგზასთან მიერთების შესახებ. თუმცა ეს არ სჯერათ პოლიტიკურ ოპონენტებს.

საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს მტკიცე პოზიცია, თანმიმდევრული განცხადებები და არა აქვს მუდმივი კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, მიაჩნიათ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და, როგორც უმცრესობის დეპუტატი აკაკი მინაშვილი აღნიშნავს, თბილისის უმოქმედობა მოსკოვს სტიმულს აძლევს.

„რაც შეეხება რკინიგზის ამბავს, არ არის გამორიცხული, რომ ეს ხდება საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგად“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

2008 წლის აგვისტოში, საქართველოში ინტერვენციამდე, რუსეთმა ასევე უკანონოდ დაიწყო აფხაზეთის რეგიონში რკინიგზის მონაკვეთის აღდგენა და საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ჯარები შემოიყვანა...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ხელისუფლება, სამწუხაროდ, ვერ შეაჩერებს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენით სამუშაოებს. მას ამისათვის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია ,– ეუბნება რადიო თავისუფლებას დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომლის აზრითაც, რუსეთის შეჩერება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიან ძალისხმევას შეუძლია. ანალიტიკოსი თვლის, რომ საქართველოს სიფრთხილე და წინდახედულება მართებს, რადგანაც რკინიგზის თემა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანიბისა და სუვერენიტეტის თემას და ამიტომ არავის აქვს გაუთვლელი და ორაზროვანი ნაბიჯების გადადგმის უფლება:

„არ არის მკაფიოდ ცნობილი, თუ რა ერქმევა საზღვარს, რომელსაც რკინიგზა გადმოკვეთს, ანუ რა ერქმევა იმ საზღვარს - ეს იქნება ენგურზე ე.წ. ხელოვნური საზღვარი საქართველოსა და (რუსეთის მიერ აღიარებულ) აფხაზეთს შორის, თუ საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის მდინარე ფსოუზე. აი, ამ საკითხების გარკვევაა ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე გასარკვევია, თუ როგორ განხორციელდება საბაჟო კონტროლი, სასაზღვრო კონტროლი და ასე შემდეგ“.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში და პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ვერ ხედავს კონკრეტულ ნიშნებს იმისა, რომ თბილისს ჩაფიქრებული ჰქონდეს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის მიერთება დარჩენილი საქართველოს რკინიგზასთან. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, თუკი შენი საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებ და შენთვის სასურველი შედეგის მიღებას შეეცდები, ნებისმიერ საკითხზე შეიძლება საუბარი და, მათ შორის, რკინიგზის აღდგენის თემაზეც. გია ხუხაშვილის აზრით, თუკი მიდგომა კვალიფიციური და გათვლილი იქნება, რკინიგზის აღდგენის თემა შესაძლოა იქცეს აფხაზეთის რეინტეგრაციის მცდელობის ერთ-ერთ პოზიტიურ მაგალითად, რადგანაცადამიანებს კეთილდღეობა და თავისუფლება იზიდავს.

24 აგვისტოს, საღამოს, განცხადება გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ტექსტში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოვლინდა რუსეთის პროვოკაციული ქმედებები საქართველოსთან მიმართებით. ამასთან, საგარეო უწყებისთვის ნიშანდობლივია, რომ „2008 წლის აგვისტოში, საქართველოში ინტერვენციამდე, რუსეთმა ასევე უკანონოდ დაიწყო აფხაზეთის რეგიონში რკინიგზის მონაკვეთის აღდგენა და საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ჯარები შემოიყვანა, რაც შემდგომში ეფექტურად გამოიყენა საჯარისო ნაწილებისა და ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის სამხედრო მოქმედებების დროს“. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისკენ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემისა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისკენ.

საგარეო უწყება მიმართავს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მიეცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უკანონო პოლიტიკას და მიღებულ იქნეს ზომები საიმისოდ, რომ არ დაუშვას რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG