Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სახელმწიფოებრიობის ილუზია“ - სოხუმის გამკაცრებული სავიზო პოლიტიკა


სოხუმი
სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება პირველი აპრილიდან სავიზო რეჟიმს აწესებს იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომლებმაც ე.წ. რესპუბლიკის დამოუკიდებლობა არ აღიარეს. ამ ცნობას ავრცელებს რუსული საინფორმაციო სააგენტო, რომლის კორესპონდენტიც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს ვალერი ბგანბას ესაუბრა.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის ვალერი ბგანბას თქმით, სავიზო რეჟიმის დაწესება იმიგრაციის კონტროლის გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გადაადგილების პროცესს ამ დრომდე არეგულირებს კანონი, სახელწოდებით „აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხოეთის მოქალაქეების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შესვლა-გამოსვლის შესახებ“, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის 2005 წლის განკარგულებით მოქმედებს. კანონის მიხედვით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აქვთ რუსეთის ფედერაციისა და დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეებს. ვალერი ბგანბას ინფორმაციით, პირველი აპრილიდან ძალაში შედის კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომელზე მუშაობაც, მისი თქმით, რვა წლის მანძილზე მიმდინარეობდა:

"რუსეთის მოქალაქეები აქ ძირითადად დასვენების მიზნით ჩამოდიან, სხვა ქვეყნის მოქალაქეები კი აქ შეიძლება ჩამოვიდნენ, წლების განმავლობაში იმუშაონ და გადასახადები არ გადაიხადონ და სხვა".

როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ვალერი ბგანბაზე დაყრდნობით იუწყება, კანონის ამოქმედებამდე სასაზღვრო-გამშვები პუნქტები თანამედროვე ტექნიკითაც აღიჭურვება.

ე.წ. სავიზო რეჟიმის ამოქმედებას იანვრის მიწურულს წინ უძღოდა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთება. მაშინ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, შეზღუდვები დაწესდა თურქეთში წარმოებული პროდუქტის იმპორტზე.

რაზე მიანიშნებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გადაწყვეტილება, დააწესოს სავიზო რეჟიმი? „სახელმწიფოებრიობის ილუზიის შექმნა“ და „რუსეთის მიმართ მაამებლური პოლიტიკა“ - ასე აფასებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამ გადაწყვეტილებას ლევან გერაძე, მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. მისი აზრით, ვიზების დაწესება ამ ქვეყნებისათვის პრაქტიკულად არაფერს შეცვლის, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ნაკლებ ინტერესს იწვევს თუნდაც ევროპელ ტურისტებში:

„ვინც საქმიანი უფლებამოსილებებისა და მოვალეობების შესასრულებლად ჩადის აფხაზეთში, მათ თუ დასჭირდათ, ვიზის ფულსაც გადაიხდიან, ანუ, თუ აფხაზურ მხარეს სჭირდება ამ ადამიანების ჩასვლა თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვიზების გარეშეც ჩაუშვებს. აფხაზეთის „საერთაშორისო ურთიერთობებზე“ გავლენას ვერ მოახდენს სავიზო რეჟიმის გამკაცრება, რადგან აფხაზეთი არ არის ამ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის მონაწილე და შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი, სადაც ის რაღაცნაირად მონაწილეობს ამ საერთაშორისო ფორმატის ურთიერთობებში, ეს არის ჟენევის მოლაპარაკებები, სადაც ის რუსული პასპორტებით მონაწილეობს“.

გიორგი მუჩაიძე, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ლპარაკობს რუსეთის ფედერაციის უსაზღვრო გავლენაზე, რისი ერთ-ერთი დადასტურებაც, მისი თქმით, იყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერთება თურქეთისათვის დაწესებულ სანქციებთან. გიორგი მუჩაიძის სიტყვებით, იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი დამოკიდებულია რუსეთიდან წამოსულ დაფინანსებაზე, და იმ პირობებში, როდესაც სოხუმი და ცხინვალი ე.წ. მოკავშირეობისა და უსაფრთხოების ხელშეკრულებებს აფორმებენ მოსკოვთან, არ არის გასაკვირი, რომ ისინი ასეთ პირობებში სრული მორჩილების ქვეშ იმყოფებიან:

„როდესაც რუსეთის მხრიდან იცვლება ურთიერთობები დასავლეთთან და, შესაბამისად, პოლიტიკის ცვლილება ხდება, ამ პოლიტიკას ძალაუნებურად მიჰყვებიან რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიც. და მოგეხსენებათა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობები სრულიად დამოკიდებულნი არიან რუსეთზე როგორც ბიუჯეტით, ისე პოლიტიკურად და, აქედან გამომდინარე, მიჰყვებიან მის ნებას“.

„კიდევ ერთი ნაბიჯი იზოლაციისკენ“, - ასე აფასებს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ ე.წ. სავიზო პოლიტიკის გამკაცრებას შორენა ლორთქიფანიძე, წარმომადგენელი კვლევითი ცენტრისა „სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსფრთხოების საკითხებზე“. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობენ უცხოური ორგანიზაციები და ახორციელებენ გარკვეულ პროექტებს, რომლებშიც ჩართულნი არიან ადგილობრივი უნივერსიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ ნაბიჯით კი, შორენა ლორთქიფანიძის აზრით, ჩნდება პრობლემა და სასიცოცხლო ჟანგბადი იკეტება იმ ადამიანებისა თუ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ჩართულნი არიან საერთაშორისო თანამშრომლობაში:

„რეალურად, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დონორი ორგანიზაციების მოძრაობა ასე თუ ისე ჯერ კიდევ არის. სავიზო რეჟიმის გამკაცრების პირობებში კი ეს ურთიერთობა, შესაძლოა, შეწყდეს. ეს თვითიზოლაციის კიდევ ერთი გზა არის, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსული პოლიტიკის გაგრძელება და იძულებაა და, ამავე დროს, ეს არის აფხაზეთის კიდევ უფრო მეტი იზოლაცია და მარგინალიზაცია“.

ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას 2008 წელს რუსეთმა და ნიკარაგუამ გაუხსნეს გზა. 2009 წლის შემდეგ ამ გზას შეუერთდა ვენესუელა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ, თუმცა ვანუატუმ მოგვიანებით ეს აღიარება უკან წაიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG