Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიების წინასაარჩევნო ბუმი


„ახალი საქართველოს“ დაფუძნება. თბილისი
„ახალი საქართველოს“ დაფუძნება. თბილისი

არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება ახალი პარტიების რაოდენობა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ პაატა ბურჭულაძის პარტია ”სახელმწიფო ხალხისთვის”, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ და თამაზ მეჭიაურის „ერთიანი საქართველოსათვის“. რა განაპირობებს ახალი პოლიტიკური პარტიების წარმოქმნას, როგორია მათი იდეოლოგიური პლატფორმები და წარმატების რა შანსი აქვს თითოეულ მათგანს?

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა 25-მა პარტიამ. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს ახლად დაფუძნებულმა პარტიებმა, რომელთა შორის ყველაზე ახალი - დეპუტატ თამაზ მეჭიაურის „ერთიანი საქართველოსათვის“ - 6 ივნისს დაფუძნდა.

„ჩვენი ყოველი ნაბიჯი მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების, მისი ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ. ასევე, რა თქმა უნდა, სამართლიანობისაკენ, იმ ტრადიციების შენარჩუნებისკენ, რომლებიც დღემდე გვაქვს შემორჩენილი. ჩვენ ვითანამშრომლებთ აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან - მათ შორის რუსეთთანაც - ამ მიზნების მისაღწევად“, განაცხადა თამაზ მეჭიაურმა, რომელმაც საზოგადოებას ასევე წარუდგინა პირველი თანამოაზრეები: ლალი მოროშკინა, სანდრო ბრეგაძე, ჯემალ სეფიაშვილი, ია მეტრეველი და დავით ფაცაცია.

ადამიანებს უნდათ არა ილუზორული ოცნება ან დაყვედრებული წარმატება, არამედ საკუთარი ხელით შექმნილი ახალი საქართველო - სამშობლო, სადაც თავისუფლად, მშვიდად, ლაღად და უსაფრთხოდ იცხოვრებენ, გაზრდიან შვილებს და იხალისებენ შვილიშვილებთან ერთად, ექნებათ თავიანთი საქმე...
გიორგი ვაშაძე

5 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ახალი პოლიტიკური მოძრაობა „ახალი საქართველო“ დააფუძნა პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ:

„ადამიანებს უნდათ არა ილუზორული ოცნება ან დაყვედრებული წარმატება, არამედ საკუთარი ხელით შექმნილი ახალი საქართველო - სამშობლო, სადაც თავისუფლად, მშვიდად, ლაღად და უსაფრთხოდ იცხოვრებენ, გაზრდიან შვილებს და იხალისებენ შვილიშვილებთან ერთად, ექნებათ თავიანთი საქმე. ჩვენ უკვე ათასობით ვართ. მოგესალმებით ყველას ერთად! ჩვენს ერთიანობას გაუმარ-ჯოს!“

უფრო ადრე, არასრული ერთი თვის წინ, დღის სინათლე იხილა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურმა მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისათვის“.

„გთხოვთ კიდევ ერთხელ გაიჭირვოთ და მოხვიდეთ არჩევნებზე, იმიტომ რომ მეც ისეთივე მოტყუებული ვარ, როგორც თქვენ, იმიტომ რომ მეც ისეთივე იმედგაცრუებული დამტოვა ჯერ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შემდეგ კი „ქართულმა ოცნებამ“, როგორც თქვენ. ჩვენ აღარ უნდა ვიოცნებოთ! ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ!“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პოლიტიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ზოგადად არჩევნების მოახლოება ნოყიერ ნიადაგს ქმნის ახალი პარტიების გაჩენისათვის, თუმცა, როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსი ვალერიან გორგილაძე ამბობს, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკური სივრცის ლიბერალიზაცია: პოლიტიკური ბაზრის კონკურენტუნარიანობამ ხელი შეუწყო ახალი პარტიების გაჩენას.

„მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო, მეტ-ნაკლებად სასტარტო პირობებიც არის ხელსაყრელი საიმისოდ, რომ ახალშექმნილმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მოიპოვოს გარკვეული მხარდაჭერა და, რაც მთავარია, როგორც ჩანს, შესუსტებულია მნიშვნელოვნად მმართველი პარტიის შესაძლებლობები, ადმინისტრაციული რესურსისა და რეპრესიული აპარატის გამოყენების თვალსაზრისით. ვხედავთ, რომ დღეს ბევრად უკეთესი გარემოა ამ თვალსაზრისით, ვიდრე ოთხი წლის წინათ“, უთხრა ვალერიან გორგილაძემ რადიო თავისუფლებას.

ვალერიან გორგილაძის თქმით, ახალი პოლიტიკური პარტიები კიდევ უფრო გაამძაფრებენ კონკურენციას იმ პარტიებს შორის, რომლებიც, პრიორიტეტული საგარეო კურსის შესაბამისად, პრორუსულ ან პროდასავლურ პარტიებად იწოდებიან. მეჭიაურის პარტიას „ერთიანი საქართველოსათვის“ მოუწევს კონკურენციაში შესვლა ნინო ბურჯანაძისა და ირმა ინაშვილის პოლიტიკურ პარტიებთან, თუმცა, როგორც ვალერიან გორგილაძე ამბობს, ასევე გადაიტვირთება ე. წ. პროდასავლური ფლანგი:

ვალერიან გორგილაძე
ვალერიან გორგილაძე

„აქ არის „გირჩი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“, პაატა ბურჭულაძის პარტია... კონკურენციას კიდევ უფრო გაამძაფრებს ვაშაძის ორგანიზაცია და ეს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის იმ პარტიებს, რომლებსაც ახლა რეალური შანსი აქვთ ბარიერის გადალახვისა. ვგულისხმობ ალასანიას, ვგულისხმობ რესპუბლიკელებს“.

ვალერიან გორგილაძის თქმით, მოახლოებული არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება ის, შეინარჩუნებს თუ არა მმართველი კოალიცია უმრავლესობას, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ - მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსს. ფილოსოფოსი გია ნოდია კი მიიჩნევს, რომ ახალი პარტიები ბევრად ვერ დააზარალებენ პოლიტიკური ბაზრის ძირითად მოთამაშეებს - „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, სულ ცოტა, ორი მიზეზის გამო:

„რთულია წარმატების მიღწევა, როცა ასე გვიან ერთვებიან საარჩევნო მარათონში. ადამიანებს სჭირდებათ გარკვეული დრო, რომ შეაჩვიონ ყური ამა თუ იმ სახელს, გვარს და პარტიას. დრო უნდა, რომ რეგიონული ორგანიზაციები და პარტიული ინფრასტრუქტურა შექმნა. ასე რომ, უმეტესობა პარტიებისა მაინცდამაინც წარმატებული ვერ იქნება. რაც შეეხება მეჭიაურსა და ვაშაძეს - ესენი არიან ნაწყენი ხალხი, რომლებმაც პარტიები შექმნეს იმის გამო, რომ თავიანთი ყოფილი პარტიების საარჩევნო სიებში ვერ მოხვდნენ. მათ უკან, ამ წყენის გარდა არაფერი არ დგას და, შესაბამისად, მათი შანსები გაცილებით ნაკლებია“, უთხრა რადიო თავისუფლებას გია ნოდიამ, რომლის თქმით, შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს პაატა ბურჭულაძის პარტიას, რომლისადმი ნდობას განაპირობებს პარტიის ლიდერთა არაპოლიტიკური წარსული, რაც რატომღაც ძალიან მოსწონს ქართველ ამომრჩეველს. სხვა ახალი პარტიებისგან ასევე გამორჩეულია „გირჩი“, რომელიც ბევრად ადრე შეიქმნა და რომელსაც მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური პლატფორმა აქვს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG