Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუმურდოს ტაძრის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება


იწყება კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რეაბილიტაცია. ეკლესიის აღდგენით სამუშაოებს სპეციალისტები რამდენიმე ეტაპად განახორციელებენ. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება. თავდაპირველად არსებული ფასადები გამაგრდება, მოეწყობა ასევე მსუბუქი კონსტრუქციის გუმბათი, რის მიხედვითაც სპეციალისტები ძეგლის პროპორციებს შეისწავლიან. 2017 წელს მშენებლობა გუმბათის რეაბილიტაციით დასრულდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, ტაძრის სრული აღდგენისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ძეგლის გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები 1975 წელს დაიწყო და, ინტერვალებით, 80-იანი წლების ბოლომდე მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, დღეისათვის მისი მხოლოდ სამხრეთი ნაწილია გადარჩენილი. აღარ არსებობს გუმბათი, დაზიანებულია დასავლეთის მკლავი. ისტორიკოსების ცნობით, ტაძარი მნიშვნელოვანია როგორც მხატვრული, ისე ევოლუციური თვალსაზრისით. ისტორიკოსი რეზო ანდღულაძე ტაძრის სირთულესა და უნიკალურობაზე ამახვილებს ყურადღებას.

კუმურდოს ეკლესია იმ იშვიათ ქართულ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებზეც მრავალი წარწერაა განთავსებული, მათ შორის, სამშენებლოც. აქ მოხსენიებულია ქტიტორი, ხუროთმოძღვარი და მითითებულია ტაძრის აგების თარიღი – 964 წელი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ძეგლის სრული რეაბილიტაციისათვისპროექტი გასულ - 2015 - წელს მომზადდა. რევაზ ანდღულაძე ფიქრობს, რომ ტაძარი პირვანდელი საახით უნდა აღდგეს.

კუმურდოს ეკლესიის მშენებლობის პერიოდი სამ ეტაპად იყოფა: მეათე საუკუნის მეორე ნახევარში ჯვარგუმბათოვანი ტაძარი აშენდა, XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის დროს, ტაძარს სტოა მიაშენეს, რითაც ძეგლის თავდაპირველი სახე, გარკვეულწილად, შეიცვალა. საბჭოთა პერიოდში კი კუმურდოს ეკლესიაში ყველის საამქროები განთავსდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ტაძარმა თავისი იერსახე მნიშვნელოვნად სწორედ ამ პერიოდში დაკარგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG