შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 12:02

პოლიტიკა / საქართველო

არაპროპორციული სანქცია - დაკარგული ბინა პარტიის მხარდაჭერისათვის

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
აღსრულების ეროვნული ბიურო განაგრძობს იმ პირთა დაყადაღებული ქონების აუქციონზე გატანას, რომლებმაც პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური შემოწირულებები გაიღეს. პოლიტიკური პარტიებისთვის დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხების გადარიცხვის მოტივით, აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს  ამ ეტაპზე 17 პირის წინააღმდეგ მიმართა. მათგან აუქციონზე 3 აგვისტოს 9  ფიზიკური პირის ქონება გავიდა, აუქციონი 6 აგვისტოს დასრულდება.

იმ პირთა შორის, რომელთა დაყადაღებული ქონებაც აუქციონზე გავიდა, პროპორციულად ყველაზე მეტი კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან. პოლიტიკური პარტიებისთვის დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხების გადარიცხვის გამო დასჯილ ადამიანთა შორის არის ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრიც. იგი გამონაკლისია იმ თვალსაზრისითაც, რომ, ყველა დანარჩენისგან განსხვავებით, საქალაქო სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი პარტიებისთვის ფინანსური შესაწირის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმება იყო. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ პირზე და ამ ფაქტზე კომენტარისგან თავს იკავებენ. რაც შეეხებათ დანარჩენებს, ადვოკატ სანდრო ბარამიძის თანახმად, 3 აგვისტოს  დაახლოებით 140 000 ლარად გაიყიდა ერთ-ერთი დაჯარიმებულის, ლევან ჩიჩუას ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე. ლევან ჩიჩუას ჯარიმა 25 000-მდე ლარს შეადგენდა, მისი დაჯარიმების მიზეზად კი „ეროვნული ფორუმისათვის“ გადახდილი თანხა გახდა. ისევე როგორც დანარჩენებს, ლევან ჩიჩუასაც ქონება გადაუხდელი ჯარიმის გამო დაუყადაღეს. ადვოკატი სანდრო ბარამიძე კანონის გაუმართლებელ სიმკაცრეზე მიუთითებს:
როგორ შეიძლება ყოფილი ელჩი, რომლის თვიური შემოსავალი იმაზე მეტი იყო, რაც მე მოძრაობა „ქართული ოცნების” ანგარიშზე გადავრიცხე, რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მე გახლავართ ...

”ვთქვათ, მართლაც უკანონო შემოწირულებები იყო ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ ყოფილა და  აბსოლუტურად კანონიერი იყო. შეხედეთ, როგორი სასტიკია კანონი, როგორ საშინელ სანქციას ითვალისწინებს. ხალხი უნდა გამოყარონ ქუჩებში თავიანთი ოჯახებიანად იმისათვის, რომ მათ შემოწირულება განახორციელეს ისეთი, რასაც სახელმწიფო ედავება. უსამართლოდ, მაგრამ, ვთქვათ, ედავება. ეს არის უბედურება, დისპროპორციულობა, მეტისმეტი სისასტიკე კანონის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე არაპროპორციული სანქცია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დარღვევა მთელ ამ ეპოპეაში.”

ადვოკატი სანდრო ბარამიძე სასამართლო პროცესზე ზაზა გოქსაძეს იცავდა.  ჯერჯერობით აუქციონზე მხოლოდ მისი კუთვნილი ავტომანქანა გავიდა. რაც შეეხება სანქციის არაპროპორციულობას, ზაზა გოქსაძე ამბობს, რომ მის მიერ ”ქართული ოცნების” ანგარიშზე შეტანილი თანხა დასაბუთებული იყო, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა.ზაზა გოქსაძე 2004-2008 წლებში საქართველოს ელჩი იყო იტალიაში. ”ქართული ოცნების” ანგარიშზე მან 12 000 ლარი გადარიცხა.

”64 000-ით რატომ გაჯარიმებენ, ამაშია მთელი საქმე! როგორ შეიძლება ყოფილი ელჩი, რომლის თვიური შემოსავალი იმაზე მეტი იყო, რაც მე მოძრაობა „ქართული ოცნების” ანგარიშზე გადავრიცხე, რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მე გახლავართ, ანუ სახლის ერთი უჯრიდან ამოვიღე ფული და გადავდე მეორე უჯრაში. და ამ მიზეზის გამო არ მიიღოს სასამართლომ არავითარი საბუთი, თითქოს მე არ შეიძლება ფული შენახული მქონოდა, და დაგაჯარიმოს 64 000 ლარით. ეს არც ერთი ქვეყნის, არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის სასამართლოში არ ხდება.”

ჩვენ წარვადგინეთ დოკუმენტაცია ამ ფულის წარმომავლობასთან დაკავშირებით, საერთოდ იგნორირებული იქნა და ყველას ერთნაირად გამოგვიტანეს გადაწყვეტილებები ...

სასამართლოში კი, როგორც ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” განგვიმარტეს, ძირითადად პროცესუალური პრობლემები შეიქმნა, ანუ პარტიებისთვის დაუსაბუთებელი თანხის გადარიცხვაში  ბრალდებულ პირებს არ მიეცათ საკმარისი დრო და საშუალება, რომ თავი დაეცვათ. იურისტი სოფო ვერძეული განმარტავს:

”თან შაბათ-კვირა დაემთხვა. კი გადადო მოსამართლემ ერთხელ სხდომა, მაგრამ, პრინციპში, შაბათს 4 საათზე უნდა ჩატარებულიყო, კვირას 10 საათისთვის გადადო, ამიტომ იდეაში ამ დროს მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თვითონ ამტკიცებდნენ, რომ ჰქონდათ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები. უბრალოდ, ამ დოკუმენტებს შაბათ-კვირას ვერ მიიღებდნენ იმ დაწესებულებებიდან და ამიტომ ითხოვდნენ საქმის გადადებას, თუმცა პრობლემა ის არის, რომ უნდა განიხილოს 24 საათში სასამართლომ საქმე და, შესაბამისად, ბუნებრივია, მოსამართლე ვერ გადადებდა უფრო მეტად, ვიდრე გადადო.” 

ერთ-ერთი დაჯარიმებული კი, პოლიტიკური გაერთიანება ”თავისუფალი საქართველოს” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე, თავის მხრივ, კიდევ ერთ გარემოებაზე მიუთითებს:

”სასამართლო პროცესი წარიმართა კოლექტიურად. დანაშაული საერთოდ არის ინდივიდუალური. დაცვისათვის მოგვცეს ადვოკატებსა და ჩვენ, თითო პიროვნებას, 7 წუთი, ანუ საერთოდ რაც ჩვენ წარვადგინეთ დოკუმენტაცია ამ ფულის წარმომავლობასთან დაკავშირებით, საერთოდ იგნორირებული იქნა და ყველას ერთნაირად გამოგვიტანეს გადაწყვეტილებები. ყველას  -ერთნაირად.“ 

3 აგვისტოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ  ამ ეტაპზე აუქციონზე ალექსანდრე შალამბერიძის კუთვნილი სარდაფი გაიტანა. შეჩერებულია ასევე მისი საბანკო ანგარიში „თიბისიში“. ალექსანდრე შალამბერიძე 40 000 ლარითაა დაჯარიმებული. იგი ჯარიმის გადახდას არ აპირებს და ბრძოლის სამართლებრივი გზით გაგრძელებას გეგმავს. კერძოდ, პოლიტიკურმა მოძრაობამ „თავისუფალი საქართველო”, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადი შეიტანა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
04.08.2012 23:50
მოკლედ ამ საარჩევნოდ რა დიდსულოვანი გახდნენ ეს ჩვენი მოქალაქეები. რამდენ თანხებს სწირავენ ამ "დაჩაგრულ" ოცნებისტთა პარტიას. ფულის წარმომავლობას დამტკიცება სჭირდება. დანაზოგი,რომელიც ბანკში გაქვს წლების განმავლობაში დამტკიცებადია,მაგრამ უკანასკნელ თვეებში თუ დიდი თანხა გიჩნდება ანგარიშზე, რაღაც ნაკლებ სარწმუნოა თვითონ გეკუთვნოდეს.
ბიძინა რომ აქტიურად აფინანსებს "მხარდამჭერებს" ეჭვი არავის ეპარება. რაღაც ზღაპრებს გვიყვებიან,თითქოს ემიგრანტებმა ათასობით სატელიტური თეფში იყიდეს და ხალხს გამოუგზავნეს. ვა ასე გამდიდრდნენ? კარგით რა ხალხნო...
ძალიან მაინტერესებს ერთი საკითხიც. საქართველოში მკაცრად კონტროლდება ფინანსური საკითხები,მაგრამ ამ მხრივ რა ხდება საზღვარგარეთ? ასიათასობით ამომრჩეველია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასული.გგონიათ არ ხდება მათი "წახალისება"?
აი გერმანიაში მაგალითად,სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ჩემი მეგობრებისგან ვიცი ,რომ რაღაც ორგანიზაციები ყალიბდება,ემიგრანტთა დემოკრატიული კავშირი თუ რაღაც მაგდაგვარი, რომლებიც ბიძინას ფანები არიან. ისინი იძახიან, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ფინანსდებიან. ნეტა მართალია?...)))
ტელევიზორში ვხედავთ ხოლმე რაღაც აქციებს,ემიგრანტთა "პროტესტს", სადაც თურმე ხშირად ბევრი უცხო პირიცაა, მაგალითად საქართველოდან ჩამოსული ,რომელიც ემიგრანტად ასაღებს თავს. რა ხდება, ამის გარკვევა არ აინტერესებთ საერთაშორისო დამკვირვებლებს? სანამ საქართველოში ჩამოვლენ ეგებ თავიანთ ქვეყანაში მოიკითხონ რა ხდება ამ მხრივ, იქ ხომ ბიძინას არავინ ზღუდავს, ფარულად დიდი თანხები ჩადოს ამომრჩეველში.
გაუგებარია პროტესტიც, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას მოჰყვა. რა არის გასაკვირი იმაში,რომ საცხოვრებელი ადგილის მონაცემებს გთხოვენ, მაგის გარეშე რომელ ქვეყანაში მიაღწევ რამეს, სხვაგავარად როგორ დაამტკიცებ საკუთარ იდენტურობას. აბა საქართველომ რატომ არ უნდა მოგთხოვოს იგივე?
მოკლედ მაგრა მუშაობს ეგ თქვენი "პატიოსანი" ოცნება სხვადასხვა მეთოდებით საზღვარგარეთ. სარგებლობს ალბათ ემიგრანტთა არც ისე დალხინებული მდგომარეობით.მაგაზე რატომღაც ვარაუდის გამოთქმითაც არაფერი იწერება. ვერაფერს ხედავთ ჟურნალისტები. თქვენი ლოგიკით მარტო მთავრობას შეუძლია არჩევნების გაყალბება.

ავტორი: ხუთკუნჭულა საიდან გვწერთ: გერმანიიდან
04.08.2012 15:24
კანონი მკაცრი ყოფილა, მაგრამ ფული რომ საეჭვოა, ამის დანახვაც არაა ძნელი, ეს ერთი კაცი თუ ელჩია და ერთი ჯიბიდან ფული მეორეში გადაიდო, დანარჩენების ზღაპრები ხომ მოვისმინეთ, გაჭირვებულები წლების მანძილზე დანაზოგს რომ ჩუქნიან მილიარდერის პარტიას

ავტორი: ვიტალი საიდან გვწერთ: თბილისი
03.08.2012 22:16
ე.ი. იურისტები ვენებს იჭრიან თუ მათი თანდასწრებით ახსენებ კომპიუტერიზებული მოსამართლის პრაქტიკაში დანერგვის აუცილებლობას, მე მგონი მომიწევს მთელი საქართველოს წინაშე ბრძოლა ამ იდეის განსახორციელებლად. ერთმა კაცმა მაინც წამომიყენოს არგუმენტირებული მტკიცებულება, თუ რითი სჯობია სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეები მაიკროსოფტის კომპიუტერს!

ყველაზე პოპულარული