Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზარდი არასაბანკო ფინანსური სექტორი და მისი გამოწვევები


ავტორი: ირინა გურული

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში დაამტკიცა. ანგარიშში წარმოდგენილია ეროვნული ბანკის საქმიანობა და ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და მთავარი გამოწვევების შეფასებები. ანგარიშის თანახმად, 2013 წელს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო არასაბანკო ფინანსური სექტორის სწრაფი ზრდა, რაც, თავისთავად, ზრდის მოსახლეობის ვალის გადახდის ტვირთს.

არასაბანკო სექტორში ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი არარეგულირებად არასაბანკო სექტორს გულისხმობდა - კერძოდ, ლომბარდებს, მომენტალურ განვადებებს, სავარაუდოდ, მევახშეებს. ამ სექტორის მასშტაბები უცნობია, თუმცა, ეროვნული ბანკის თქმით, ეს სექტორი ასეულობით მილიონს ითვლის და იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტია, რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის სესხის ტვირთს ზრდის და, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის გაღარიბების წყაროა.

რეგულირებული არასაბანკო ინსტიტუტებიც მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. 2014 წლის დასაწყისისთვის საფინანსო სფეროს არასაბანკო ინსტიტუტები წარმოდგენილი იყო 17 საკრედიტო კავშირით და 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაციით. 2013 წელს მიკროსაფინანსო სექტორის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 620.3 მლნ ლარი შეადგინა (20-პროცენტიანი ზრდა, წინა წელთან შედარებით). პორტფელის 44 პროცენტი სამომხმარებლო სესხებზე მოდიოდა. მიკროსაფინანსო სექტორი მაღალი მომგებიანობით ხასიათდება - კერძოდ, უკუგება კაპიტალზე (წმინდა წლიური შემოსავალი, შეფარდებული კაპიტალთან) 33,2 პროცენტი იყო, საბანკო სექტორისთვის კი - 14,6 პროცენტი.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი თვითდასაქმებულია და არ შეუძლია წარმოადგინოს შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, მათთვის სესხის აღების ერთადერთი გამოსავალი არასაბანკო ინსტიტუტია, რომელიც გაცილებით უფრო ძვირად ღირებულია. მაღალი საპროცენტო განაკვეთები მათ მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე გამომდინარეობს სესხების მაღალი რისკიდან. ამასთან, საზედამხედველო ჩარჩო არ ითვალისწინებს ეროვნული ბანკის მიერ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ადეკვატურობის ინსპექტირებას. ამის გათვალისწინებით, კრედიტების გაცემისას არასაბანკო ინსტიტუტები, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ უზრუნველყოფას ეყრდნობიან და არ ახდნენენ მსესხებელთა გადახდისუნარიანობის ანალიზს. თუმცა, არსებული მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის წევრი ორგანიზაციების ჯამური საკრედიტო პორტფელის (რაც მთლიანად პორტფელის 60 პროცენტს შეადგენს) მხოლოდ 20.7 პროცენტი არის იპოთეკით უზრუნველყოფილი.

იმის მიუხედავად, რომ ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა არასაბანკო ინსტიტუტებზე მოთხოვნა-მიწოდების შედეგია, ეროვნული ბანკი მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივებზე რომელიც მიზნად ისახავს არასაბანკო სექტორის განვითარებას და მისი მარეგულირებელი ნორმის დახვეწას, განსაკუთრებით, კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის ჩატარების მიმართულებით.

XS
SM
MD
LG