Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს


ცხინვალი
ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი არასამთავრობო სექტორის საქმიანობაზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. ცხინვალში მესამე სექტორის წარმომადგენლები ისევ მსჯელობენ იუსტიციის მინისტრ ალან ჯიოევის განცხადებაზე, რომელიც არასამთავრობო სექტორის გაკონტროლებას ეხება. რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, მან განაცხადა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებს და, მისი აზრით, უნდა დაისვას კითხვები, რა საქმიანობას ეწევიან ეს ორგანიზაციები. დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ მის უწყებას მესამე სექტორის კონტროლი ევალება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა უნდა გამკაცრდეს. მას ბოლო დროს ცხინვალში მომრავლებული ასეთი ორგანიზაციების რაოდენობაც აშფოთებს.

ცხინვალელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ალან ჯიოევმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში ჯერ არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომლის მიხედვითაც გაკონტროლდება მესამე სექტორის საქმიანობა, ამიტომ, მისი აზრით, აუცილებელია გამკაცრდეს ზომები, რათა ასეთ ორგანიზაციებს რესპუბლიკისთვის სარგებელი მოჰქონდეს. ჯიოევის აზრით, აუცილებლად გამოიყენებენ სამხრეთ ოსეთისთვის მეგობრული სახელმწიფოების გამოცდილებას და აამოქმედებენ შესაბამის ბერკეტებს არაკომერციული ორგანიზაციების გასაკონტროლებლად. ჯიოევი ამ სახელმწიფოებში რუსეთის ფედერაციას გულისხმობდა, სადაც არასამთავრობო სექტორის კონტროლი კანონით ხორციელდება.

ჯიოევის განცხადებას გამოხმაურება რუსეთიდანაც მოჰყვა. ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ხელმძღვანელი ალექსანდრ ჩერკასოვი ჯიოევს ურჩევს, ვიდრე კონტროლის მექანიზმებს აამოქმედებს, დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა დეკლარაცია წაიკითხოს, რომლის რატიფიცირება დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 2007 წელს მოახდინა.

ოსი სამოქალაქო აქტივისტი და პოლიტოლოგი დინა ალბოროვა აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებებია, რომლებიც კონკრეტული ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად მოღვაწეობენ. ალბოროვას აზრით, მესამე სექტორის ერთ-ერთი ფუნქცია ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის შუამავლობაა და ამიტომ იუსტიციის მინისტრი არ უნდა სვამდეს კითხვას, რა სარგებელი მოაქვთ არაკომერციულ ორგანიზაციებს.

დიდი ხანია დე ფაქტო რესპუბლიკაში არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლებას შორის დაძაბული ურთიერთობაა. ადგილობრივმა პარლამენტმა არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ კანონიც მიიღო, რომლის მიხედვითაც დაფინანსების წყაროებზე კონტროლი ისედაც გამკაცრებულია. თიბილოვის ხელისუფლებას ყველაზე მეტად ქართველი და ოსი სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრები არ მოსწონს და ადგილობრივი მესამე სექტორისგან ახალი მტრის ხატი იქმნება, რადგან ზოგიერთი ოსური ორგანიზაცია არაერთხელ მოიხსენიეს როგორც ოსი ერის ინტერესების გამყიდველი.

XS
SM
MD
LG