Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ე.წ. არჩევნები, დაძაბულობა და გალელების მოლოდინი


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. დაძაბულ მარათონს უკვე კარგა ხანია ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა ყოფილი პრეზიდენტის გადაყენების პროცესში. თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატებს აერთიანებთ რუსეთისკენ სწრაფვა. რა მდგომარეობაში არიან ამჟამად და რა ბედი ელით გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს?

ერთი შეხედვით სიმშვიდეა, მაგრამ სინამდვილეში სიტუაცია დაძაბულია, - მოგვითხრობს სოხუმიდან რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი ოლესია ვართანიანი, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოახლოებული არჩევნების გასაშუქებლად იმყოფება. ხუთშაბათს მან ინტერვიუ ჩამოართვა დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ბატალ ტაბაღუას, რომლის საცხოვრებელი სახლის ეზოში 20 აგვისტოს, დილით ადრე, ხელყუმბარა ააფეთქეს. გამოძიებამ ჯერ ვერაფერი დააზუსტა, თავად ტაბაღუა კი ამ ყველაფერს წინასწარ განზრახულ დანაშაულად მიიჩნევს:

”ვფიქრობ, ეს ერთგვარი შეტყობინებაა, გაფრთხილება... შეტყობინება, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს უფრო რადიკალური ზომები - აფეთქება თუ მკვლელობა... მე ეს ასე მესმის .”

დაძაბულობისა და უსიამოვნო მოლოდინის მიუხედავად, თავის თავს არჩევნების მშვიდად ჩატარებისა და სტაბილურობის შენარჩუნების გარანტიად მიიჩნევს რუსეთის ფედერაცია. ყოველ შემთხვევაში, რადიო თავისუფლების სპეციალურ კორესპონდენტთან საუბრისას ამას საგანგებოდ აღნიშნავს სემიონ გრიგორიევი, რუსეთის ელჩი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში. ელჩი მოელის, რომ არჩევნების შემდეგ დადებითად გადაწყდება უძრავი ქონების უცხოელებისა და, კერძოდ, რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის საკითხი და, საერთოდ, პროცესები წარიმართება რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოების მიმართულებით.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოახლოებულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში 4 კანდიდატი იღებს მონაწილეობას. საარჩევნო მარათონის ლიდერად პარტია ”სახალხო ერთიანობის ფორუმის” ლიდერი, ჯერ ისევ დეპუტატი, რაულ ხაჯიმბა ითვლება, რომელსაც პირველსავე ტურში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ. მისი მომხრეები ის ხალხია, რომლებმაც ექს-პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბის გადაყენება შეძლეს ამ წლის მაისში. ანქვაბს ოპოზიცია ერთპიროვნულ მმართველობაში, რუსეთის ფულის არამიზნობრივ ხარჯვასა და აფხაზეთის გაღატაკებაში ადანაშაულებდა, სწორედ ამიტომ ითხოვდა მის გადადგომას და მიაღწია კიდეც.

პრინციპში, ადგილობრივები რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოების წინააღმდეგი არ არიან, რადგანაც ეს მათთვის, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ხელფასებისა და პენსიის გაზრდას...
ოლესია ვართანიანი

რაულ ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი ასლან ბჟანიაა, რომელსაც ანქვაბის მხარდამჭერი პარტია „ამცახარა“ უდგას გვერდში და რომელსაც არცთუ იშვიათად ადანაშაულებენ ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში.

რაც შეეხება დანარჩენ ორ კანდიდატს, ესენი არიან: მერაბ ქიშმარია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, და ლეონიდ ძიაპშბა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელიც ანქვაბის მოწინააღმდეგეთა რიგებში აქტიურობდა.

როგორც ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი ოლესია ვართანიანი იტყობინება სოხუმიდან, 24 აგვისტოს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატები რუსეთისადმი კეთილგანწყობითა და რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოების სურვილით ჰგვანან ერთმანეთს. ამ ეტაპზე სოხუმში აღარავინ ლაპარაკობს რუსეთთან ასოცირებულ ურთიერთობებზე, თუმცა ლაპარაკობენ, მაგალითად, ერთობლივი არმიის ჩამოყალიბებაზე, აეროპორტის გახსნასა თუ რუსეთის საზღვრის გადაკვეთის გამარტივებაზე. სურვილი აქვს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა, ოლესია ვართანიანის შთაბეჭდილებით, ყველაფერზე ნამდვილად არ არის თანახმა:

”პრინციპში, ადგილობრივები რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოების წინააღმდეგი არ არიან, რადგანაც ეს მათთვის, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ხელფასებისა და პენსიის გაზრდას. მაგრამ თუკი ამ საკითხს ჩაუღრმავდებით და ხალხს შეეკითხებით, მზად არიან თუ არა დათმონ სუვერენიტეტი ანდა, საერთოდ, შეუერთდნენ რუსეთს, ისინი მაშინვე აღშფოთდებიან, რადგანაც ეს მათთვის მიუღებელია”.

გალის რაიონში მცხოვრები ქართველებიდან ძალიან ცოტა მოხვდა ამომრჩეველთა სიაში და უმეტესობა ახლა აფხაზური პასპორტების ჩამორთმევას ელოდება. ხალხს კარგად ახსოვს ინიციატივა, რომლითაც ერთი წლის წინ რაულ ხაჯიმბას პოლიტიკური ძალა გამოვიდა. ხალხში შექმნილი უარყოფითი შთაბეჭდილებები საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას წინ დახვდა ხაჯიმბას და მას შიგადაშიგ თავის მართლებაც უწევს:

”ჩვენი ოპონენტები ამბობენ - აი, ხაჯიმბა მოვა და პირველს რასაც გააკეთებს, თქვენ ყველას გაგყრით აქედან საქართველოში. ტყუილია ეს. არავინ აპირებს ამის გაკეთებას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გალის რაიონი ვერ დაცარიელდება - ხალხი იქ ცხოვრობს, ფულს გამოიმუშავებს”.

გალის რაიონებში მცხოვრები არააფხაზებისთვის აფხაზური პასპორტების ჩამორთმევის ინიციატივის ხორცშესხმაში არ ვერევითო, - უთხრა ჩვენს სპეციალურ კორესპონდენტს რუსეთის ელჩმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში. სემიონ გრიგორიევის თქმით, რუსეთი დაინტერესებულია მხოლოდ იმით, რომ ზუსტად დარეგულირდეს გალის რაიონში შესვლის, გამოსვლისა და იქ ცხოვრების წესები, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე უცხოელებისთვის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG