Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ გაიტანს ლელოს? არჩევნები რაგბის კავშირში


ილია ზედგინიძე და გოჩა სვანიძე
ილია ზედგინიძე და გოჩა სვანიძე

24 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის საერთო ყრილობამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. ყრილობის დელეგატებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევთ: გოჩა სვანიძე ცნობილი იურისტი, ვეტერანი მორაგბე და 2004 წლიდან საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა, ილია ზედგინიძე კი - საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო გუნდის წევრი. საქართველოს რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა შარშან 20 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა არჩევნები გადაიდო მას შემდეგ, რაც თავისი კანდიდატურა მოხსნა პრეზიდენტობის ჯერ ერთმა კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ, ხოლო შემდეგ - მეორე კანდიდატმა, რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ. რატომ ვერ მოხერხდა არჩევნების შარშან ჩატარება და როგორია კანდიდატების თვალით დანახული ქართული რაგბის მომავალი?

2015 წლის 20 დეკემბრისათვის დანიშნული არჩევნების გადადებას წინ უძღოდა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის განცხადება, რომლის მიხედვითაც, "თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივრების“ მხრიდან მათთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა სცილდებოდა წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებს და ქმნიდა სახიფათო პრეცედენტს პატიოსანი თამაშის წესების საწინააღმდეგოდ. განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო:

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყველა მცდელობა ცალკეული თანამდებობის თუ გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული, პირებისაგან, მოახდინონ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლა რაგბის კავშირის ნამდვილ წევრზე, მიმართული მისი ნების საწინააღმდეგოდ, იქნება მხილებული საჯაროდ“.

თუმცა საჯარო მხილებამდე საქმე არ მისულა. განცხადების გარცელებიდან ორ დღეში არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ, ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოსა და მმართველი კოალიციის, „ქართული ოცნების“, წევრია. ცოტა ხანში კი თავისი კანდიდატურა მოხსნა მოქმედმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ, რომლის განმარტებითაც, ის არ დაუშვებდა რაგბის ოჯახის გახლეჩას:

გია ნიჟარაძე
გია ნიჟარაძე

„ვერავინ ვერ ეღირსება ამას! რაგბის ოჯახი იყო ერთიანი და იქნება! არც შეუცვლელი არის ვინმე ამქვეყნად. დამიჯერეთ, სარაგბო ოჯახს იმდენი რესურსი აქვს და იმდენი სიბრძნე აქვს დაგროვილი, უჩვენოდ და ერთიანი გადაწყვეტილების გარეშე რაგბის კავშირის პრეზიდენტად ვერ მოვა ვერავინ. ეს გადაწყდება სარაგბო ოჯახში. კარგად იქნება დათვლილი მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, როგორია გუნდი, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ეს წარმატებული გუნდია!“

სწორედ ამ წარმატებული გუნდის წევრია რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი გოჩა სვანიძე - საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც რაგბის 13 წლის განმავლობაში (1981-1994 წლებში) თამაშობდა და, რომლის თქმითაც, გამგეობის მიერ გავრცელებული განცხადებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების წყალობით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საარჩევნო გარემო:

„სერიოზულად არის ეს პრობლემა მოხსნილი. კიდევ არის, რა თქმა უნდა, პატარ-პატარა ბიძგები, როგორც მიწისძვრის შემდეგ იცის ხოლმე, მაგრამ, ვფიქრობ, გავლენას ვეღარ მოახდენს. ყოველ შემთხვევაში, თუ მოახდენს, ჩვენ, ორივე კანდიდატს და მთლიანად რაგბის სამყაროს, გვაქვს იმის გარანტიები, რომ მასზე რეაგირება მოხდება. ჩვენ დავინახეთ სახელმწიფოს მყარი ინტერესი და დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო არ არის დაინტერესებული ადმინისტრაციული ჩარევის შედეგად რომელიმე კანდიდატმა გაიმარჯვოს“.

გოჩა სვანიძის თქმით, მისი საარჩევნო პროგრამა, ანუ ქართული რაგბის განვითარების სტრატეგიული გეგმა, დიდწილად ეყრდნობა გია ნიჟარაძის შთამბეჭდავ მემკვიდრეობას, რომლის გვირგვინია 2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრების არნახული წამარტებით გამოსვლა. საქართველო - ისე, როგორც არასდროს - მიუახლოვდა წამყვან სარაგბო ნაკრებებს და მთელი სერიოზულობით დაიწყო განხილვა ექვსი ერის გუნდებთან ინტენსიურ პარტნიორობაზე. გია ნიჟარაძის რვაწლიან მოღვაწეობას წარმატებულს უწოდებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ზურაბიშვილიც:

„გია ნიჟარაძე ძალიან წარმატებული პრეზიდენტი იყო და, ზოგადად, მის პრეზიდენტობაში ძალიან განვითარდა რაგბი. რა თქმა უნდა, არის რაღაც საკითხები, რომლებიც გამოსასწორებელია. შვიდკაცა რაგბიზე შეიძლება საუბარი, რეგიონებში რაგბის განვითარებაზე, საკლუბო ჩემპიონატის გაძლიერებაზე და ასე შემდეგ. მაგრამ მთლიანობაში რომ ავიღოთ, მე პირადად ძალიან წარმატებულად შევაფასებდი გია ნიჟარაძის მუშაობას და კარგი იქნებოდა, ის დარჩენილიყო ქართულ რაგბიში, რადგანაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უახლოეს ოთხ წელიწადს, რადგანაც ბევრი რამ უნდა გადაწყდეს საერთაშორისო ასპარეზზე, მიგვიღებენ თუ არა ექვს ერში და ასე შემდეგ. ასეთ დროს ბევრი რამ არის დამოკიდებული პიროვნებებზე და გია ნიჟარაძეს ძალიან კარგი კონტაქტები და ურთიერთობა აქვს იგივე მსოფლიო რაგბის, რაგბის ევროპის წარმომადგენლებთან“, უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ზურაბიშვილმა, რომლის თქმით, 20 დეკემბრისთვის დანიშნული არჩევნების გადადებისა და ახალი კანდიდატების დარეგისტრირების შემდეგ, ფაქტობრივად, მხოლოდ სახეები შეიცვალა. საქმე ისაა, რომ ილია ზედგინიძე და ირაკლი აბუსერიძე ერთ ჯგუფს წარმოადგენენ, ისევე როგორც ერთი გუნდის წევრები არიან გია ნიჟარაძე და გოჩა სვანიძე, რომელიც 2004 წლიდან საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა და ამ დროიდან განხორციელებულ ყველა პროექტსა და წამოწყებაში მიუძღვის წვლილი. რადიო თავისუფლებასთან საუბარში გოჩა სვანიძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში მმართველი გუნდის მიერ წამოყენებულ იდეებს აძლევდა შესაბამის სახეს და აქცევდა იმ სამოქმედო გეგმაში, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ქართულ რაგბის დიდი წარმატება მოუტანა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მისი მთავარი მიზანი ისეთი ეფექტიანი სტრუქტურის შექმნაა, რომელიც შეუქცევადს გახდის ქართული რაგბის წინსვლას.

„ეს არის ჩემი სპეციალობა და მე ამ წყალში ვარ თევზივით და ამას განსაზღვრავს როგორც პიროვნული თვისებები, ასევე პროფესია, რომელიც მაძლევს იმის საფუძველს, რომ კავშირის საქმე სწორი მიმართულებით წავა. პროფესიულად და თემატურად დალაგებული საკითხები ერთობლიობაში და სწორად ჩამოყალიბებულ სისტემაში მოგვცემს იმ შედეგს, რომ 2020 წლისთვის, როცა იქნება შემდეგი არჩევნები, სისტემა იქნება გამართული იმდენად, რომ კონკრეტული პიროვნება, რა მიზნებიც უნდა ამოძრავებდეს და იყოს თუნდაც უცოდინარი, ვერ დაარღვევს სისტემას და ის განაგრძობს გამართულად მუშაობას“, უთხრა რადიო თავისუფლებას გოჩა სვანიძემ, რომლის თქმით, პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეკონომიკურ ნაწილს, კლუბების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სპონსორებთან თვისებრივად ახალი ურთიერთობის დამყარებას, რაც, პირველ რიგში, ჩართულობის მაღალ ხარისხს გულისხმობს. გოჩა სვანიძეს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია რაგბის გეოგრაფიის გაფართოება და კონკურენციის ამაღლება ნაკრებში - როგორც ეროვნულში, ისე ასაკობრივებში. ამასთან, ნაკრებებმა რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო მატჩი უნდა ითამაშონ. ბევრი უნდა გაკეთდეს სამოყვარულო და სტუდენტური რაგბის განსავითარებლად, რათა მორაგბე არ დადგეს არჩევანის წინაშე - ისწავლოს თუ რაგბი ითამაშოს. გოჩა სვანიძის თქმით, ოთხწლიან გეგმაში გაწერილი ყველა ამ მიზნის მისაღწევად პროფესიონალთა გამოცდილი გუნდი იმუშავებს:

„გამგეობის ძირითადი ბირთვი დარჩება, მათ შორის, წამყვანი კლუბები „ლელო“, „ლოკომოტივი“, „ყოჩები“, „აია“ და ა.შ. თუმცა ასევე იქნებიან ახალი სახეებიც. გამგეობას სჭირდება განახლება ახალი ხალხით, მაგარამ ნურავინ ნუ მიწყენს, თუ გამგეობაში ვერ დავასახელებთ 30-35 წლის ბიჭებს. გამგეობას სჭირდება არამარტო მოთამაშის გამოცდილება, რაც შეგვიძლია დავივიწყოთ ამწუთას, რადგანაც გამგეობაში მუშაობისთვის ეს გამოცდილება ნაკლებად ფასეულია. შესაბამისად, აქცენტი გაკეთდება გამოცდილ ადამიანებსა და პროფესიონალებზე“.

გოჩა სვანიძის ამ გუნდს არჩევნებში უპირისპირდება ილია ზედგინიძის გუნდი, რომლის გარშემოც შემოკრებილია სარაგბო კლუბების ასევე შთამბეჭდავი ნაწილი და ქართული რაგბის ბევრი ვარსკვლავი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრების სახით. პალიკო ჯიმშელაძე, შვიდკაცა რაგბიში ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „ჯიქების“ მწვრთნელი, ამბობს, რომ ილია ზედგინიძის პროგრამაში განსაკუთრებულად გამოყოფილია ის საკითხები, რომლებსაც ბოლო დროს ჯეროვანი ყურადღება არ ეთმობოდა:

„ძალიან ბევრი საუბარი იყო შვიდკაცა რაგბიზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ პრობლემის მოგვარებისთვის, რომელმაც ბოლო მსოფლიო თასზე იჩინა თავი. იგულისხმება უკანახაზელების პრობლემა, მათი განვითარება და ინდივიდუალური უნარ-ჩვევები. 2005-2006 წლებამდე ერვონული ნაკრების ყველა გარემარბი თამაშობდა ელიტარულ გუნდებში. შვიდკაცა რაგბის მიძინებით, ფაქტიურად, ორი კაციღა გვყავს მაღალი დონის კლუბებში და ეს ძალიან გვეტყობა მოედანზეც“.

შვიდკაცა რაგბის აღორძინების შესახებ ილია ზედგინიძემ, მართლაც, ბევრი ილაპარაკა თავისი პროგრამის პრეზენტაციაზე, რომელიც 20 იანვარს გაიმართა. პროგრამის მიხედვით, რაგბის ეს სახეობა კვლავ გახდება პრიორიტეტული, რათა საქართველო დაბრუნდეს მსოფლიო რაგბის სერიაზე. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კლუბების გაძლიერებას, რისთვისაც დიდი ათეულის კლუბებს დამატებით 70-70 ათას ლარს გამოუყოფენ. ილია ზედგინიძის თქმით, ასევე უნდა განვითარდეს როგორც სტუდენტური, ასევე მოზარდთა რაგბი. სპორტის ეს სახეობა უნდა შევიდეს სკოლებში, პირველ ეტაპზე - სამასამდე სკოლაში, უნდა ამაღლდეს მწვრთნელთა მომზადების დონე, რისთვისაც პროგრამა ითვალისწინებს მწვრთნელთა სერტიფიცირებას. ბავშვთა რაგბის განვითარება კი, პირველ რიგში, საჭიროებს უსაფრთხო გარემოს შექმნას. ილია ზედგინიძის თქმით, პროგრამით დასახული ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელი იქნება სათანადო სტრუქტურული ცვლილებების გარეშე, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს მართვის ვერტიკალური სისტემის დაშლას და დეცენტრალიზაციას რეგიონალური კავშირების შექმნის სახით:

„ეს იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანად მოხდეს სარაგბო პოლიტიკის გატარება, ორმხრივი რომ იყოს ურთიერთობა; ადგილზე არსებული პრობლემები - რეგიონებში, განსაკუთრებით - ბევრად უფრო ადრე, ბევრად უფრო სწრაფად იქნეს გადაჭრილი. მეორე, რასაც ვფიქრობთ მმმართველობის სახით - ესაა საბჭოს შექმნა, რომელსაც დაერქმევა ტექნიკური საბჭო, რომელშიც შევლენ რეგიონალური კავშირების პრეზიდენტები, ასევე შევლენ კლუბების წარმომადგენლები. დღეს რეალურად არის გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში და ამის გამოსასწორებლად აუცილებელია ასეთი საბჭოს შექმნა“.

ილია ზედგინიძე და გოჩა სვანიძე საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს 24 იანვარს დაუპირისპირდებიან. ქართული რაგბის მომავალი, ბუნებრივია, აღელვებთ სპორტის მოყვარულებს, რომელთა თქმითაც, თავისუფალ არჩევნებში ღირსეულმა კანდიდატმა უნდა გაიმარჯვოს, რათა ქართულმა რაგბიმ არ გაიზიაროს ქართული ფეხბურთის ბედი:

„ძალიან კმაყოფილი ვართ ქართული რაგბის წარმატებებით. გვიხარია, რომ ჩვენი მორაგბეები მთელ მსოფლიოში თამაშობენ. ქართველების თამაში საფრანგეთში - ეს დიდი წარმატებაა. რაც შეეხება არჩევნებს, თვითონ მორაგბეებმა უნდა აირჩიონ. მე შეიძლება ბევრი რამე ვიცი, მაგრამ იმათ უკეთესად იციან“, უთხრა რადიო თავისუფლებას 53 წლის ნუგზარმა, რომლის მსგავსად, რაგბის კავშირის პრეზიდენტი 65 წლის რომანი არჩევნებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს:

„როგორც ორკესტრი ვერ ითამაშებს უდირიჟოროდ, ასევე აქაც. თუ არჩევნებია, საუკეთესო უნდა აირჩიონ, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეს ჩვენი რაგბი და მეტს მივაღწიოთ“.

გულშემატკივრების თქმით, მეტის მისაღწევად აუცილებელია ერთსულოვნების შენარჩუნება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს 24 იანვრის არჩევნები, ქართული სარაგბო თემი არ გაიხლიჩება.

„პირიქით მგონია! ახალი კანდიდატები ჩემთან გადაცემაში იყვნენ და ერთმანეთს ნორმალურად ეურთიერთობოდნენ. პროგრამებშიც თვისებრივი განსხვავება ვერ დავინახე. ძირითადად ყველაფერზე ეთანხმებოდნენ ერთმანეთს. ახლა როგორც მიდის არჩევნები, გაცილებით ნორმალურია და კარგია, რადგან ახლა რეალურად პროგრამებზე მიდის ლაპარაკი და რაგბიზე მიდის ლაპარაკი და არა პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, ვინ ვის ემხრობა და ა.შ. ასე რომ, მგონია, რომ გაერთიანდება სარაგბო სამყარო და ვინც უნდა იყოს საბოლოოდ შემდეგი პრეზიდენტი, მგონია, რომ მის გარშემო გაერთიანდებიან. არ მგონია, რომ კლანებად დაიყოს რაგბის სამყარო და დაპირისპირება დაიწყოს. დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ იქნება“, უთხრა გიორგი ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG