Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2700 წლის წინანდელი სიტყვა გრაკლიან გორაზე - რა ხდება გათხრების ადგილზე


თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, გრაკლიან გორაზე, კასპის რაიონში, სადაც 2700 წლის წინანდელი წარწერა აღმოაჩინეს, არქეოლოგიური კვლევის პროცესი არ შეწყვეტილა. უნივერსიტეტის განცხადებით, მცდარია მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქო უსახსრობის გამო 21 აგვისტოდან ძეგლის კვლევა და არქეოლოგიური გათხრები შეჩერდება. უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის ვახტანგ ლიჩელისგანცხადებით, ადგილზე არქეოლოგიური კვლევა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

კასპის რაიონში, გრაკლიან გორაზე, იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ არქეოლოგებმა 2700 წლის წინანდელი წარწერა აღმოაჩინეს, ღია მუზეუმის მოწყობა რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა. როგორც არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, კვლევითი სამუშაოები ამ არქეოლოგიურ ძეგლზე სახელმწიფოსგან გეგმიურად ფინანსდებოდა. ამ ეტაპზე უკვე გადახურვის პროცესშია მესამე ტერასის საკულტო კომპლექსი. თავის მხრივ, არქეოლოგიურ სამუშაოებს, ექსპედიციის სამივლინებო ხარჯებს და სტუდენტთა საველე პრაქტიკას ყოველწლიურად აფინანსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. 2014-2015 წლებში ამ მიზნით 31 ათასი ლარი გამოიყო. სტუდენტები ადგილზე, ტრადიციულად, 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე მუშაობენ. ასე იყო წელსაც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ უძველესი წარწერა გეგმიური სასწავლო პროცესის ბოლო დღეებში აღმოაჩინეს.

„წინასწარ არავინ იცოდა აღმოჩნდებოდა თუ არა წარწერა და ასეთი მნიშვნელოვანი თუ იქნებოდა და არქეოლოგიური სამუშაოების გაგრძელება მოგვიწევდა თუ არა. ამიტომაც არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, არც შეფერხება ყოფილა, ექსპედიცია დღემდე მუშაობს. ჯერ არც კი მიმიმართავს განცხადებით უნივერსიტეტისათვის დამატებითი სახსრების გამოყოფის შესახებ“.

ლიჩელის სიტყვებით, გასულ წელს, როდესაც არქეოლოგებმა აქემენიდური პერიოდის მეტად მნიშვნელოვანი სატაძრო კომპლექსი აღმოაჩინეს, არქეოლოგიური სამუშაოების დასასრულებლად უნივერსიტეტმა დამატებითი ფინანსები გამოყო. იგივე პროცედურა იქნება ამჯერადაც, - აცხადებს ვახტანგ ლიჩელი.

იმისათვის, რომ მეთოდოლოგიურად სწორად წარიმართოს შემდგომი სამუშაოები, საჭიროა არქეოლოგიურად ამ ტაძრის ფართობის მთლიანად გაწმენდა და, ამავე დროს, იმის მიუხედავად, თუ რა რაოდენობის ფინანსები იქნება გამოყოფილი, იქ აღმოჩენილი წარწერები უნდა დაკონსერვდეს...
ვახტანგ ლიჩელი

რაც შეეხება თავად აღმოჩენას, ექსპედიციის ხელმძღვანელი მოგვითხრობს, რომ ტაძრის საკურთხეველზე აღმოჩენილია ორი წარწერა. საკურთხევლების გარშემო შემოწყობილია ღვთაებებისადმი შეწირული კერამიკული ნაწარმი, რომელშიც ჩაყრილია მარცვლეული - ხორბალი და ფეტვი. ეს შესაწირავი, სავარაუდოდ, იმ ღვთაებისთვისაა მიტანილი, რომელსაც აღმოჩენილი წარწერა ეძღვნება. წარწერების შესანარჩუნებლად მათი დაკონსერვება აუცილებელი პირობაა. ვახტანგ ლიჩელი აცხადებს, რომ ამ მიზნით ისინი უკვე დაიფარა მიწით, თუმცა, პარალელურად, შემდგომი ერთი თვის განმავლობაში ტაძრის მთელი ტერიტორიის გამოკვლევა კვლავაც გაგრძელდება:

„იმისათვის, რომ მეთოდოლოგიურად სწორად წარიმართოს შემდგომი სამუშაოები, საჭიროა არქეოლოგიურად ამ ტაძრის ფართობის მთლიანად გაწმენდა და, ამავე დროს, იმის მიუხედავად, თუ რა რაოდენობის ფინანსები იქნება გამოყოფილი, იქ აღმოჩენილი წარწერები უნდა დაკონსერვდეს, უნდა დაიფაროს მიწის ფენით, რომ არ გაფუჭდეს, რადგან ეს არის თიხაზე გაკეთებული წარწერები და ნალექის შემთხვევაში მან შესაძლოა დაშლა დაიწყოს. სწორედ ამიტომ დავაკონსერვეთ ეს წარწერები და ამ გზით გადავარჩინეთ კიდეც. წუხელაც საშინლად წვიმდა, მაგრამ წარწერას ნალექი არ შეხებია“.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, გრაკლიანის გორაზე სამუშაოები მომავალ წელს უფრო ინტენსიური გახდება. გაიზრდება დაფინანსებაც.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე კი პირობას დებს, რომ ეს ადგილი ღია მუზეუმად და, შესაბამისად, ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილად იქცევა:

„ღია მუზეუმის მოწყობისათვის სამუშაოები ყოველდღე მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსათვის ეს პროცესი დასრულდება, თუმცა არქეოლოგიური სამუშაოები მომავალ წელსაც ჩვეულებრივ გაგრძელდება“.

ეს წარწერა სრულიად განსხვავდება ცნობილი ურარტული დამწერლობისგან, ლურსმული დამწერლობისგან. არაფერი საერთო არა აქვს მას ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნის დამწერლობებთან...
ვახტანგ ლიჩელი

უნიკალური წარწერის გარდა, გრაკლიან გორაზე 2007 წლიდან დღემდე სხვა არაერთი უმნიშვნელოვანესი არტეფაქტია აღმოჩენილი. პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და ფარმაცევტული ხელსაწყო, ე.წ. სპატულა, რომელიც წამლების, ხსნარების შესარევად გამოიყენებოდა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია. ამავე ტერიტორიაზე აღმოჩნდა ძვ. წ. IV ათასწლეულის საბეჭდავები, რომლის ანალოგი სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია აღმოჩენილი; ძვ.წ. V-IV საუკუნეებით დათარიღებული ოქროს დისკო, რომლის ერთადერთი ანალოგი ქ. სუზაშია (ირანი).

მნიშვნელოვანი და საინტერესოა აღმოჩენაა რამდენიმე საკულტო ოთახი, მათ შორის, საკულტო წისქვილი - 3 კონსტრუქციის ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ. მსოფლიოში არ მოიპოვება ანალოგი გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი ტაძრის საკურთხევლის ბაქნისა, რომელიც დიდი დედის კულტთან არის დაკავშირებული. დიდი დედა, იგივე ღმერთების დედა, საკურთხეველთანაა გამოსახული.

რას ამბობს ახლახან აღმოჩენილი უძველესი წარწერა, ჯერჯერობით უცნობია. თავად ვახტანგ ლიჩელის თავდაპირველი და ყველაზე მარტივი ვარაუდით, ვინაიდან წარწერა საკურთხეველზე მლოცველისათვის თვალშისაცემ და ტაძარში შესვლისთანავე დასანახავ ადგილასაა გაკეთებული, ეს შესაძლოა იყოს იმ ღვთაებისადმი მიძღვნილი სარიტუალო ან რელიგიური შინაარსის წარწერა, ვისთვისაც ეს ტაძარი არის საერთოდ აშენებული. რაც შეეხება წარწერის გრაფიკულ ანალიზს, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რა დამწერლობაა ეს და არის თუ არა საერთოდ დამწერლობა. თუმცა ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, ის სრულიად განსხვავდება ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნის აქამდე აღმოჩენილი და ცნობილი დამწერლობებისგან. გამორიცხული არ არის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს არის დამოუკიდებელი, ორიგინალური დამწერლობის სისტემა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია, რომლის დასამტკიცებლად კვლევა ახლა იწყება:

„ეს წარწერა სრულიად განსხვავდება ცნობილი ურარტული დამწერლობისგან, ლურსმული დამწერლობისგან. არაფერი საერთო არა აქვს მას ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნის დამწერლობებთან. საფიქრებელია, რომ ეს არის ორიგინალური დამწერლობის სისტემა“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG