Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბლიოთეკა


დავით პაიჭაძე, თბილისი რა ისტორია აქვს იდეოლოგიას? რა როლს ასრულებენ იდეები პოლიტიკურ ცხოვრებაში? ვის როგორ ესმის ინდივიდუალიზმი, თავისუფლება, თანასწორობა და დემოკრატია?

ქართულ საზოგადოებაში ჯერ არ ჩამცხრალა დისკუსია, სჭირდება თუ არა სახელმწიფოს იდეოლოგია. მაგრამ ამგვარი დისკუსიით დაინტერესებულ ადამიანებს, შესაძლოა, აკლდეთ ცოდნა სწორედ იდეოლოგიის შესახებ. ამ დანაკლისს შეავსებს წიგნი, რომელსაც “ბიბლიოთეკაში” დავით პაიჭაძე წარმოგიდგენთ. ენდრიუ ჰეივუდის “პოლიტიკური იდეოლოგიები”, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, ფუნდამენტური ნაშრომია, რომელიც 9 ძირითად პოლიტიკურ იდეოლოგიას განიხილავს. გარდა ამისა, იძლევა ინფორმაციას საერთოდ იდეოლოგიის, ჭეშმარიტებასა და ძალაუფლებასთან მისი მიმართების, მემარცხენეობის, მემარჯვენეობისა და ცენტრისტობის შესახებ. თუმცა საკითხთა ეს ჩამონათვალი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ჰეივუდის წიგნშია დამუშავებული. ეს წიგნი დღეს ქართულ ენაზეც არსებობს.

საქართველოში ჯერაც ჩაუმცხრალ დისკუსიას სახელმწიფო იდეოლოგიის შესახებ ენდრიუ ჰეივუდის წიგნი ცოტა სხვა პასუხს შეაგებებს: იდეოლოგია აქვს არა სახელმწიფოს, არამედ მასში მოქმედ პოლიტიკურ ჯგუფებს. იდეოლოგიას ჰეივუდი ასე განსაზღვრავს: ესაა იდეათა მეტ-ნაკლებად თანმიმდევრული ერთობლიობა, რომელიც საფუძველს უქმნის ორგანიზებული პოლიტიკური ქმედების რაიმე სახეობას. ზოგიერთი ჯგუფი თუ პარტია იდეოლოგიას უკვე სახელწოდებაში ამჟღავნებს, ზოგის იდეოლოგიას კი ერთმნიშვნელოვნად ქმედებითაც ვერ ამოიცნობ. ეს უკანაკსკნელი უფრო ეხება ქვეყნებს, რომელთაც დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება სულ ახლახან დაიწყეს. ენდრიუ ჰეივუდის წიგნზე საუბრისას სოციოლოგი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ ასეთ ქვეყნებში

[ჯგერენაიას ხმა] “ადამიანები ამბობენ, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურ მოძრაობას მიეკუთვნებიან, მაგრამ ხშირად არ იციან თავიანთი არჩეული პოლიტიკური ორიენტაციის შინაარსი. ამიტომ ეს წიგნი, პირველ რიგში, ალბათ, პოლიტიკოსებისთვის არის სასარგებლო, რათა შეისწავლონ კონკრეტული პოლიტიკური მოძრაობის იდეოლოგია და გაიმდიდრონ საკუთარი ლექსიკა. თუ დააკვირდებით ჩვენი პოლიტიკოსების ძალიან დიდი ნაწილის მეტყველებას, ვფიქრობ, ხშირად ელემენტარულ ცნებებსა და კატეგორიებს, რომელთა ცოდნა პოლიტიკოსს მოეთხოვება, ვერ ფლობენ.”

როგორ ორიენტირებს ასეთ ქვეყანაში საზოგადოება, რა კრიტერიუმებით განიხილავს ის პოლიტიკურ სპექტრს? ემზარ ჯგერენაია ქართულ საზოგადოებაზე თავის დაკვირვებას მიზიარებს:

[ჯგერენაიას ხმა] “საზოგადოება, სამწუხაროდ, მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკურ სპექტრსაც ვერ არჩევს. საზოგადოებას შეუძლია პოლიტიკური სპექტრი მხოლოდ ორი ნიშნის მიხედვით გაარჩიოს: ისინი, ვინც ხელისუფლებაში უმრავლესობას წარმოადგენენ და ისინი, ვინც ამ უმრავლესობას უპირისპირდება. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ გაერკვნენ, მაგალითად, კონსერვატიზმსა ან ლიბერალიზმში, რა სპექტრი აქვს ამ იდეოლოგიებს, ვინ არიან კონსერვატორები ან ლიბერალები. ეს საკმაოდ რთული თემებია.”

ერთი მაგალითი ხსენებულ იდეოლოგიათა სპექტრის წარმოსაჩენად. ჰეივუდის მიხედვით, ერთმანეთს უპირისპირდება პრაგმატული და ლიბერტარული კონსერვატიზმი. პირველი მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ზნეობრივ პასუხისმგებლობას, მეორე - ეკონომიკურ უფლებებს. ლიბერტარული კონსერვატიზმი ეგოიზმს უპირისპირებს სოციალურ მოვალეობას, ხოლო ამ უკანასკნელის ადეპტი პრაგმატული კონსერვატიზმი ბუნებრივი წესრიგით ემიჯნება საბაზრო წესრიგს. ენდრიუ ჰეივუდის წიგნი ერთდროულად გამოკვლევაც არის და სახელმძღვანელოც. ქართულ ენაზე მისი გამომცემელი და რედაქტორი, რომელმაც წიგნის თარგმნაშიც შეიტანა წვლილი, გამომცემლობა ლოგოს პრესის დამფუძნებელი ლაშა ბერაია მეუბნება, რომ “პოლიტიკური იდეოლოგიების” გამოცემისას წარმატების იმედი ჰქონდა:

[ბერაიას ხმა] “და, მართლაც, ასე მოხდა. მე მგონი, ეს არის ერთ-ერთი პირველი წარმატებული პროექტი აკადემიური სახელმძღვანელოების კუთხით. ჩვენ გვაკლია საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები. ძირითადად, წერდნენ კომპილაციებს, ან იქმნებოდა ადგილობრივი ნაშრომები, რომლებიც, ალბათ, კომპეტენტური არ იყო. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ თარგმანი გაკეთდა ბოლო, 2003 წლის, ინგლისური გამოცემიდან და მასში მოხსენიებულია უკანასკნელი მოვლენები -მაგალითად, 11 სექტემბერი. ამ ფონზეც არის გააზრებული იდეოლოგიები, განსაკუთრებული ყურადღება რელიგიურ ფუნდამენტალიზმს ეთმობა.”

აი, რა თვალსაზრისი აქვს, ენდრიუ ჰეივუდის მიხედვით, რელიგიურ ფუნდამენტალიზმს თავისუფლების შესახებ: ის თავისუფლებას არსებითად შინაგან ან სულიერ თვისებად მიიჩნევს. თავისუფლება ღვთით გაცხადებულ ნებასთან შესაბამისობას ნიშნავს, სულიერი სრულქმნა კი რელიგიური ავტორიტეტისადმი მორჩილებას უკავშირდება. იგივე ფუნდამენტალისტები მეტად პოზიტიურად ეკიდებიან სახელმწიფოს, რადგან მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო სოციალური, ზნეობრივი და კულტურული განახლების საშუალებაა და, შესაბამისად, ფუნდამენტალისტური სახელმწიფო რელიგიური მმართველობისა და სიბრძნის პოლიტიკურ გამოხატულებად ითვლება.

“პოლიტიკური იდეოლოგიების” გამომცემელი ლაშა ბერაია ამბობს, რომ ეს წიგნი არამხოლოდ პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ დისციპლინათა შემსწავლელებს უნდა გამოადგეთ:

[ბერაიას ხმა] “მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სპეციალისტები, პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები კარგად უნდა გაერკვნენ ისტორიაში. ეს წიგნი იძლევა საშუალებას, მოკლედ გაეცნოს ადამიანი პოლიტიკური იდეოლოგიების ისტორიას და თვითონ ჩამოყალიბდეს, რამდენად შეესაბამება ამა თუ იმ პარტიის წევრობას, გაერკვეს საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებსა და ორიენტაციაში. ნამდვილად წარმატება იქნება, თუ ეს წიგნი, გარკვეულწილად, შეასრულებს ამ როლს ჩვენი საზოგადოებისათვის.”

ენდრიუ ჰეივუდის წიგნში ცაკლე თავი ეთმობა, ზოგადად, იდეოლოგიის გაგებას. ასევე ცალკე თავებად არის გამოყოფილი 9 პოლიტიკური იდეოლოგიის წარმოშობა და განვითარება, თითოეულის ძირითადი ღირებულებები და ორიენტირები, მრავალფეროვნება და შიდა დაპირისპირებები. ჩამოვთვლით ამ ცხრა იდეოლოგიას:

1.
ლიბერალიზმი
2.
კონსერვატიზმი
3.
სოციალიზმი
4.
ნაციონალიზმი
5.
ანარქიზმი
6.
ფაშიზმი
7.
ფემინიზმი
8.
ეკოლოგიზმი
9.
რელიგიური ფუნდამენტალიზმი

ნაშრომში მიმოხილულია იდეოლოგიათა დასასრულის პრობლემა, აგრეთვე პოსტმოდერნიზმისა და გლობალიზმის იდეოლოგიებად განხილვის შესაძლებლობა. წიგნს ერთვის პოლიტიკურ მოაზროვნეთა, თვალსაზრისთა, დაპირისპირებათა და, ასე ვთქვათ, იზმების საძიებელი, რომლის მიხედვით უცებ მიაგნებთ თქვენთვის საინტერესო საკითხს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ტერმინთა ლექსიკონი. აქ ამოკითხული განმარტებები, ალბათ, არ დაემთხვევა ჩვენს მანამდელ წარმოდგენებს. მაგალითად, ლეიბორიზმზე წერია, რომ ესაა სოციალისტური პარტიების მხრიდან გამჟღავნებული ტენდენცია, ემსახურონ ორგანიზებული შრომის ინტერესებს იმის მაგიერ, რომ უფრო ფართო იდეოლოგიურ მიზნებს მისდევდნენ. ახალი მემარჯვენეობა განმარტებულია კონსერვატიზმის იდეოლოგიურ მიმართულებად, რომელიც მოიცავს საბაზრო ინდივიდუალიზმისა და სოციალური ავტორიტარიზმის ნაზავს. სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია საქართველოში იდეოლოგიურ ბუნდოვანებაზე ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ იდეოლოგიის დამჩემებელ თუ აღმსარებელ პოლიტიკურ ჯგუფს ქვეყანაში გამოკვეთილი ადრესატი არ ჰყავს:

[ჯგერენაიას ხმა] “პოლიტიკური იდეოლოგიები ყოველთვის განსაზღვრულ პოლიტიკურ კლასს ან ჯგუფს მიმართავენ. ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფენები მკაფიოდ გამოხატული არ არის. შესაბამისად, ხშირად ძნელია გაარკვიო, ვის მიმართავს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. მაგალითად, ახალი მემარჯვენეები, ჩემი აზრით, უნდა მიმართავდნენ ტრადიციაზე ორიენტირებულ მდიდარ მოქალაქეებს. მაგრამ სად არიან ასეთი მდიდარი მოქალაქეები? ან ლიბერალური მიმდინარეობის პარტიები თუკი მიმართავენ საშუალო ფენას, სად არის ეს საშუალო ფენა? არ არის. ამიტომ, რაღაც სიტუაციაში, ლეიბორისტებმა შეიძლება ახალი მემარჯვენეების პოზიციები დაიცვან და ხშირად ახალ მემარჯვენეებს შეუძლიათ ისე ილაპარაკონ, როგორც ლეიბორისტები ლაპარაკობენ ხოლმე.”

ცხადია, ამა თუ იმ იდეოლოგიის მიმდევრები შეიძლება ერთმანეთს დაესესხონ იდეებსა და მიდგომებს. წმინდა სახით ჰეივუდის წიგნში აღწერილი იდეოლოგიები, ალბათ, არც არსებობს, ამბობს ემზარ ჯგერენაია. დასავლეთში იდეოლოგიური გადაკვეთები ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ იქ არ არის უპრინციპობა. საქართველოში კი არ ვიცნობთ იმ პრინციპებს, რომელთაც კონკრეტული იდეოლოგიით გაერთიანებული პოლიტიკოსები არაფრით დათმობენ.
XS
SM
MD
LG