სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 12:01

საზოგადოება / საქართველო

ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას

მარცხნიდან: გელა ნიკოლაიშვილი, უჩა ნანუაშვილიმარცხნიდან: გელა ნიკოლაიშვილი, უჩა ნანუაშვილი
x
მარცხნიდან: გელა ნიკოლაიშვილი, უჩა ნანუაშვილი
მარცხნიდან: გელა ნიკოლაიშვილი, უჩა ნანუაშვილი
ტექსტის ზომა - +
ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, ხალხის დევნილად გადაქცევა, ადამიანთა მკვლელობები, ქვეყანაში ტოტალური უსამართლობის დამკვიდრება, სახელმწიფო საკუთრების გასხვისება - ეს იმ საქმეების არასრული ჩამონათვალია, რომლის გამოც ”სახალხო სასამართლო” ხელისუფლებას უახლოეს მომავალში საჯაროდ გაასამართლებს, - განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა 30 ნოემბერს პროექტ ”სახალხო სასამართლოს” პრეზენტაციაზე. ”ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას” - ასე ერქმევა იმ სახალხო სასამართლო პროცესს, რომელიც თებერვლიდან ტელეკომპანია ”მაესტროს” პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ადვოკატისა და ახლა უკვე სახალხო ბრალმდებლის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, საზოგადოება ხელისუფლების გასამართლების პროცესს ტელეკომპანია ”მაესტროს” პირდაპირი ეთერის საშუალებით უკვე თებერვლიდან მიადევნებს თვალყურს. მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში სიტყვა გასამართლება მტყუან-მართლის გარჩევის ტოლფასი იქნება.
როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”სახალხო სამართლის” ხელმძღვანელი შიო არსენიშვილი აცხადებს, ”სახალხო სასამართლოს” ჩამოყალიბების იდეა უნიკალურია და მას არ მოეპოვება ანალოგი მსოფლიოში. სახალხო სასამართლოს შექმნა კი ითვალისწინებს ხალხის მოთხოვნას იცხოვროს ჭეშმარიტად სამართლიან და დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებაში. მისივე განცხადებით, აღნიშნულმა პროექტმა უკვე საკმაო დაინტერესება გამოიწვია როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე ჟურნალისტებში. ის იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება დაამტკიცებს თავის დემოკრატიულობას და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სასამართლო პროცესში:

ევროპის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და ახლა უკვე სახალხო მოსამართლე მინდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ შეიქმნება დოკუმენტი, რომელიც ითარგმნება სხვადასხვა ენაზე და რომელიც შემდგომ გახდება ფართო საზოგადოების - მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების - მსჯელობის საგანი.

პროექტის მიზანი ისეთი განაჩენის გამოტანაა, რომელიც აუცილებლად უტყუარ მტკიცებულებებზე იქნება დაფუძნებული, აცხადებს სახალხო ბრალმდებელი გელა ნიკოლაიშვილი.

სახალხო სასამართლოსთან ერთად ფუნქციონირებას იწყებს დიდი საბჭო, სადაც გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საბჭოს მიზანია მონიტორინგი გაუწიოს აღნიშნულ პროცესებს და მონაწილეობა მიიღოს საქმეების წინასწარ განხილვებში. როგორც საბჭოს ერთ-ერთი წევრი და არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, სახალხო სასამართლოს უმთავრესი მიზანი იქნება დაანახვოს საზოგადოებას, თუ რა განაჩენი შეიძლება გამოუტანოს სასამართლომ დამნაშავე მხარეს, თუკი სასამართლო იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი:

სახალხო სასამართლოს წარმომადგენლების განმარტებით, ბრალდებულს, ანუ ხელისუფლებას, აუცილებლად გამოცდილი ადვოკატი უნდა იცავდეს. ადვოკატები, სავარაუდოდ, კონკურსის წესით შეირჩევა.

მიიღებს ხელისუფლება მსგავს პროექტში მონაწილეობას? - ამ კითხვით მიმართა რადიო თავისუფლებამ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს. მისი განცხადებით, მსგავსი შოუები ერთ-ერთი საშუალებაა ტელევიზიაში თანხის მოზიდვისა და ეს შოუ იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმის დასტური, რომ ქართულ მედიასივრცეში შეიქმნება კიდევ ერთი, მორიგი, შოუ.

სახალხო ბრალმდებელ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, პროექტი „სახალხო სასამართლო“ გეგმავს პროცესზე განიხილოს ისეთი საქმეები, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, ხალხის დევნილად გადაქცევა, ადამიანთა მკვლელობები, ქვეყანაში ტოტალური უსამართლობის დამკვიდრება, სახელმწიფო საკუთრების გასხვისება. ეს იმ საქმეების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოც სახალხო სასამართლო ხელისუფლებას უახლოეს მომავალში საჯაროდ გაასამართლებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)

ყველაზე პოპულარული