ოთხშაბათი, 03 სექტემბერი, 2014 თბილისის დრო 03:37

საზოგადოება / საქართველო

“მუხროვანის ამბოხი” - პროცესი “ლიბერალიზმის” გარეშე

მიხეილ სააკაშვილი მუხროვანშიმიხეილ სააკაშვილი მუხროვანში
x
მიხეილ სააკაშვილი მუხროვანში
მიხეილ სააკაშვილი მუხროვანში
“მუხროვანის ამბოხად” წოდებული სასამართლო საქმე დასასრულს უახლოვდება. 29 დეკემბერს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას უკანასკნელად შეეცადა ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი კობა კობალაძე, რომელსაც დანარჩენ სამ მთავარ განსასჯელთან ერთად ხელისუფლების დამხობის მიზნით“ ამბოხების მომზადება” ედება ბრალად.

ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების გმირი, განსასჯელი კობა კობალაძე თავის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. “ჩემი მეამბოხედ გამოცხადება იგივეა, რომ ვინმემ ჩემზე თქვას, რომ ვარ ბალერინა და მქვია თამრო”, - ხუმრობდა 29 დეკემბერს 120 კილოიანი გოლიათი სასამართლო პროცესზე, რომელზეც კობალაძეს უკანასკნელად მიეცა სიტყვა საკუთარი თავის დასაცავად. პროკურატურის საბრალდებო დასკვნა ცნობილია. პროკურორმა გრიგალაშვილმა 23 დეკემბრის სხდომაზე გენერალ კობა კობალაძისათვის 13 წლის პატიმრობა მოითხოვა “ხელისუფლების დამხობის მიზნით სამხედრო ამბოხის” ორგანიზატორობის გამო. მძიმე ბრალდება ეფუძნება ჩვენებას ერთადერთი მოწმის ყოფილი ოფიცრის, გია ღვალაძისა, რომელსაც, გამოძიებასთან თანამშრომლობის წყალობით, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

კობა კობალაძის ინტერესების ერთ-ერთმა დამცველმა, ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა, 29 დეკემბერს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოს გაუჭირდება ბრალდების დასკვნის გაზიარება.

“არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც საშუალებას მისცემს მოსამართლეს გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რასაც კანონი მოითხოვს გამამტყუნებელი განაჩენისათვის”, – ამბობს გელა ნიკოლაიშვილი და ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ არსებით მომენტზე პროკურორის საბრალდებო სიტყვიდან: “ფაქტიურად, პროკურორმა თავის საბრალდებო სიტყვაში კობალაძის მიმართ არც კი ახსენა, რომ ბრალდებას აქვს მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმიტომ რომ, მართლა არ აქვთ. ესენი მტკიცებულებად მიიჩნევენ მხოლოდ გია ღვალაძის ჩვენებას. და ის რომც ჩავთვალოთ მტკიცებულებად (ეს ისეთი აბდაუბდა და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებაა, რომ მისი მტკიცებულებად ჩათვლა შეუძლებელია), ეს არის ერთი და არა მტკიცებულებათა ერთობლიობა.”

გენერალმა კობა კობალაძემ პროცესზე უარყო დანაშაულში მონაწილეობა და ყოველგვარი კავშირი იმ პირებთან, რომლებსაც, ბრალდების თანახმად, ამბოხის ორგანიზება და განხორციელება ევალებოდათ. “ჩაიხედეთ ჩემს საბრძოლო ბიოგრაფიაში, ბატონო მოსამართლევ”, - მიმართა 29 დეკემბრის პროცესზე სასოწარკვეთილმა განსასჯელმა კობა კობალაძემ მოსამართლე ჯემალ კოპალიანს, - “და დარწმუნდებით, რომ ამბოხში რომ მიმეღო მონაწილეობა, სულ სხვანაირი შედეგი იქნებოდა.”

გენერალი კობა კობალაძე სამხედრო საქმის კარგ ორგანიზატორად და შემსრულებელად ითვლებოდა.

კობა კობალაძე 1990 წლიდან ქართული არმიის რიგებშია, იგი ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის, ერთადერთ ქართველი კავალერია და მის ანგარიშზეა გუმისთის ოპერაციაში მონაწილეობა 1993 წლის მარტში, რუსული ტაქტიკური დესანტის ლოკალიზებისა და განდევნის საბრძოლო ოპერაცია კოდორის ხეობაში 2001 წლის გაზაფხულზე, ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაცია რუსლან გელაევის რაზმების წინააღმდეგ პანკისის ხეობაში 2002 წლის შემოდგომაზე. გენერალმა კობა კობალაძემ უხელმძღვანელა მიხეილ სააკაშვილის საინაუგურაციო აღლუმს ბათუმში 2004 წლის 25 იანვარს, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან წერილობითი მადლობა მიიღო.

თუმცა 2009 წლის 5 მაისს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მუხროვანის ბაზაზე მივიდა ორსაათიანი სამხედრო მღელვარების დასრულების შემდეგ, გენერალ კობა კობალაძეზე განაცხადა, რომ “მას, ბოროტების გარდა, ქვეყნისათვის არაფერი გაუკეთებია და რომ იგი დიდ ხნის წინ იყო მისახედი.” ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გვერდით მდგარ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს მიუბრუნდა და შემდეგი სიტყვები უთხრა: ”ლიბერალიზმმა მიიღო უკვე საშიში ხასიათი. ამის მოთმენას მე აღარ ვაპირებ. ეს ხალხი ჩამოყალიბებული კრიმინალებია და ყველამ კარგად ვიცით.”

სახელმწიფო ბრალდება ნამდვილად არ აპირებს იყოს ლიბერალური მუხროვანის საქმის მიმართ. მთავარმა ბრალმდებელმა 23 დეკემბერს კობა ოთანაძისთვის 30 წლიანი პატიმრობა მოითხოვა, რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი მეთაურის ლევან ამირიძისთვის - 29 წელი, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილი მეთაურის შოთა (მამუკა) გორგიაშვილისთვის კი - 19 წელი.

პროკურორმა ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაურის კობა კობალაძისათვის 13 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ოთხივე განსასჯელს ბრალად ედება ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით, თუმცა ოთხივე მათგანი ამ ბრალდებას უარყოფს.

 

მუხროვანის საქმეზე 41 სამხედრო და სამოქალაქო პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. 31 პირს, რომელმაც აღიარა დაუმროჩილებლობაში მონაწილეობა, საპროცესო გარიგება გაფორმდა. როგორც სასამართლო პროცესზე განმარტეს განსასჯელებმა, მათ ამ ფორმით უარის თქვეს, 26 მაისის სამხედრო აღლუმში მონაწილეობაზე. პროკურორმა 4-წლიანი პატიმრობა და 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმა მოითხოვა მე-3 ბრიგადის ყოფილი მეთაურისთვის კახა კობაიძისთვის, ხოლო 4-წლიანი პატიმრობა და 20 000-იანი ჯარიმა - პირველი ბრიგადის ყოფილი მეთაურისთვის დავით სულხანიშვილისათვის. ორივე ყოფილ სამხედრო მეთაურს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება ბრალი. სულხანიშვილმა დანაშაული აღიარა, ხოლო კობაიძემ ბრალდებები უარყო.

ახლა სიტყვა უკვე მოსამართლე ჯემალ კოპალიანზეა, რომელიც განჩინებას, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში, ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ გამოაცხადებს 

 



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: edelweis
31.12.2009 11:24
სამწუხაროა, რომ საზოგადოების მხრიდან რეაქცია ნულის ტოლია, ნულია - ვეტერანების გამოხმაურებაც ამ საქმეზე. მიზეზი - ალბათ ინფორმაციის ნაკლებობაა და მით უმეტეს მართალი სიტყვის ნაკლებობა. რამდენადაც ცნობილია სასამართლოს არ დაუმტკიცებია, რომ მუხროვანში ამბოხს ქონდა ადგილი. არსებობს ამბოხების განმარტებაც და შესაბამისად კონკრეტულად უნდა გამოიკვეთოს რაში გამოიხატება კონკრეტული პირების დანაშაული. რაც შეეხება დაუმორჩილებლობას, ოფიცერს აქვს უფლება არ დაემორჩილოს კონკრეტულ ბრძანებას - ”კონკრეტულ შემთხვევაში, თუ კი ის ბრძანების სისწორეში არ არის დარწმუნებული”, თუმცა აქაც ბევრი კითხვა არსებობს და შესაბამისად პასუხებიც აუცილებელია. ფაქტი კი ერთია - არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია, - ის კი ირღვევა.

ავტორი: irakli საიდან გვწერთ: NY
31.12.2009 11:02
ჩემთვის დაუჯერებელია , კობა კობალაძეს დამნაშავე იყოს , ამ საქმეში რაც არ უნდა ილაპარაკონ , ეს დადგმული სპექტაკლია , როგორც თავის დროზე ვარდების რევოლუცია ერთ ერთი პროექტი. ვინც ამ ანკეს წამოეგო , ის ყველაპერს დაიჯერებს,

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: თბილისი
30.12.2009 23:16
სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს გორგიაშვილისაც ულაპარაკია ამავე სასამართო სხდომაზე. ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ბევრ რამეს კიდევ მალავენ ამ ამბის მონაწილეები და არ საუბრობენ.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=22189

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
30.12.2009 22:27
ახალგაზრდა კაცის ამდენი ხნით ციხეში გაშვება ძალიან საწყენია,მაგრამ ქვეყნის გადატრიალებისთვის(თუ მისი მცდელობისთვის) პასუხი ნებისმიერმა უნდა აგოს. ჯარისკაცი,რომელიც არ გემორჩილება ,დეზერტირია .
საზოგადოებამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას. მასეთებს თუ თავის დროზე ადგილი არ მიუჩინე, ნებისმიერ ბრძოლაში ზურგში ტყვიისთვის განწირული იქნები.
პასუხი

ავტორი: dato საიდან გვწერთ: tbilisi
31.12.2009 11:36
tata წერს, რომ "ჯარისკაცი,რომელიც არ გემორჩილება ,დეზერტირია. საზოგადოებამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას." თქვენ ალბათ არ იცით, რომ ის ჯარისკაცები რომლებსაც ახლა ასამართლებენ აგვისტოს ომში იბრძოდნენ. ლევან ამირიძე და მისი რეინჯერთა ბატალიონი მტრის ზურგში ორმოცი დღე დარჩა. ისინი სულ ცოტა დაუმორჩილებლობაში ნამდვილად არიან დამნაშავენი და ამას თავადაც აღიარებენ, რისთვისაც რა თქმა უნდა დაისჯებიან კიდეც მაგრამ "დეზერტირი" არ არის ის სიტყვა რომელიც ამ პიროვნებებთან მიმართებაში უნდა გამოვიყენოთ.

ავტორი: Basa საიდან გვწერთ: Germania
30.12.2009 21:13
საბრალდებო დასკვნა დაწერილია 5 მაისს და განაჩენიც გამოტანილია. თუმცა, მოსამართლე კოპალიანს მაინც აქვს შანსი "ქმნას მართალი სამართალი". მით უფრო, რომ მოწმე ღვალაძემ რამდეჯმერმე შეცვალა ჩვენება, რაც სიუჟტში გამორჩენილია. იგი ჯერ კობა კობალაძესთან შეხვედრის თარიღად ასახელებდა 25 მარტს. მას შემდეგ კი რაც დაცვის მხარემ უეჭველი ალიბი წარმოადგინა, შეხვედრის თარიღად დაასახელა 27 აპრილი. ღვალაძე ორგანიზატორებად კი ასევე ასახელებდა ჯემალ გახოკიძეს, გენერალ ჯონი ფირცხალაიშვილს და ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით თევზაძეს. ხოლო სასამართლოზე კი საერთოდ წერილიც დაწერა, რომ მას კობალაძის მიმართ ჩვენებას ზეწოლით აიძულებენ. ესეც შემთხვევითია? გილოცავთ ახალ წელს, "დემოკრატიულ, სამართლიან" საქართველოში

ავტორი: Izolda საიდან გვწერთ: Prague
30.12.2009 17:03
ნებისმიერი დაუმორჩილებლობა ჯარში, ამ სისტემის კრიზისზე მიუთითებს. ის არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც ცალკე მდგომი შემთხვევა. უბრალო ქართველი კი ამ უსისტემობას ეწირება. აი რატო გაცეცხლდა ხელისუფალი და წინასწარ უწოდა მათ კრიმინალები. აქ სამართალი დუმს!

ავტორი: Leo საიდან გვწერთ: Tbilisi
30.12.2009 10:17
სააკაშვილის განცხადებით სასამართლოს უკვე მიცემული აქვს ინსტრუქცია თუ როგორ უნდა იმოქმედოს. ამიტომაც კობალაძის გამართლების შანსებს მინიმალურსაც ვერ უწოდებ. სხვათა შორის, თუ გახსოვთ, იგივე მოხდა სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან მიმართებაშიც. კობალაძისთვის მოსამართლე ალბათ 13-წლიან ვადას რამდენიმე წელს ჩამოაკლებს...

ავტორი: Paata საიდან გვწერთ: Tbilisi
29.12.2009 23:03
რა სასამართლოზეა საერთოდ ლაპარაკი. სად არის სასამართლო? რისი გმამართლებელი განაჩენი? თავს იტყუებთ? თუ ასეა ძალიან ცუდი. როგორც ჩანს განსასჯელიც თავს იტყუებდა.
პრეზიდენტმა დაგადოს ხელი კი არა პატარა ბავშვებს იჭერენ ისე რომ არაფეი მტკიცებულება არ არსებობს. ერთი შემთხვევა ვიცი, რომ შემთხვევით დაადო ხელი ვიღაც ნაგიჟარმა ქალმა ერთ ბავშვს, ძეწკვი წმართვა ქუჩაშიო და მიუხედევად იმისა, რომ ამ ქალსაც უნდა შეცდომის გამოსწორება და უამრავი სერიოზული მოწმეც არსებობს ამ ბავშვის ალიბის დამადასტურებელი, მაინც ვერ ამართლებენ.

ავტორი: shalv tadumadze საიდან გვწერთ: tbilisi
29.12.2009 22:16
სასამართლო განაჩენი სავარაუდოდ 2010 წლის 8 იანვარს გამოცხადდება, რადგან საქმის დიდი მოცულობის გამო პროცესი 8-მდე გადაიდო. მე როგორც კობა კობალაძის ინტერესების დამცველი ერთ-ერთი ადვოკატი მოუთმენლად ველი გამამართლებელ განაჩენს.

ავტორი: miranda საიდან გვწერთ: Tbilisi
29.12.2009 21:28
კარგია, რომ აქ მაინც რაღაც იწერება, თუმცა საერთო სურათს ვერ ცვლის:(

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული