კვირა, 05 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 15:16

საზოგადოება / მედია

“პირველი კავკასიური” ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებს

"პირველი კავკასიურის" ვებგვერდი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
მოლაპარაკებები პარიზში “საზოგადოებრივ მაუწყებელსა” და ფრანგულ კომპანია “ეუტელსატს” შორის უშედეგოდ დასრულდა. ფრანგულმა კომპანიამ საბოლოოდ შეუჩერა მაუწყებლობა “პირველ კავკასიურ” არხს, რომელიც თანამგზავრის საშუალებით მხოლოდ 2 კვირას მაუწყებლობდა. საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგული ფირმის გადაწყვეტილებას “საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის საშიში პრეცედენტი უწოდა”. თავად “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, რომელიც “პირველი კავკასიური” არხის დამფუძნებელია, აპირებს ფრანგულ კომპანია “ეუტელსატს” სასამართლოში უჩივლოს.

პარიზში გამართული სამდღიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობამ პარიზში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ “ფრანგული კომპანია, რომელმაც “პირველი კავკასიურის” თანამგზავრული მაუწყებლობა შეაჩერა, რუსეთის ზეწოლით მოქმედებდა.” როგორც “პირველი კავკასიურის” გენერალურმა პროდიუსერმა ზურაბ დვალმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ქართული მხარე აპირებს სასამართლოში გაასაჩივროს “ეუტელსატის” უსაფუძვლო, მისი თქმით, მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება:

“ჩვენ არ გვინდა შეიქმნას ისეთი პრეცედენტი, როდესაც მოსკოვის ზეწოლის შედეგად ილახება დემოკრატიის მთავარი პრინციპები შუაგულ ევროპაში. ეს ძალიან საწყენია. შემიძლია უბრალოდ გითხრათ, რომ იყო პრეცედენტი, როდესაც, ჩინეთის კომპარტიის ზეწოლის შედეგად, კერძო ტაივანური ტელეკოპანიის სიგნალი “ეუტელსატმა” თავის დროზე მოხსნა სატელიტიდან”, - ამბობს ზურაბ დვალი.

“ეუტელსატთან” სატელიტური მაუწყებლობის დაწყების თაობაზე “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ხელი წლის დასაწყისში მოაწერა და 15 იანვარს რუსულენოვანი ტელეარხი “პირველი კავკასიური” თანამგზავრის მეშვეობით მილიონობით მაყურებლისათვის გახდა ხელმისაწვდომი როგორც ევროპის, ისე აზიის კონტინენტზე. თუმცა 28 იანვარს „პირველი კავკასიური“ სატელიტიდან გამოირთო და ახლა იგი მხოლოდ საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს. თანამგზავრიდან ტელეარხის გათიშვას 2 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა და ამ ფაქტს “საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის საშიში პრეცედენტი“ უწოდა. მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მედიას ამჯერადაც პრეზიდენტის პრეს-მდივანმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო:

“იმედია, რომ დემოკრატიის სამშობლოში მთავრობაც, პოლიტიკოსებიც და მედიაც დაეხმარება ამ არხს ეთერში დაბრუნდეს. ეს იგივეა, რომ საქართველოს “ბი-ბი-სი”, “სი-ენ-ენი” ან რომელიმე ფრანგული არხი გაეთიშა პოლიტიკური ნიშნით. მით უმეტეს, რომ რუსული არხები საქართველოში მაუწყებლობენ სწორედ დასავლური სატელიტების მეშვეობით.”

ასეთი ბრალდებების მიუხედავად, ფრანგულ კომპანია “ეუტელსატს”, რომელიც თანამგზავრული მაუწყებლობის ერთ-ერთი ლიდერია, არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. “პირველი კავკასიურის” გათიშვის შესახებ ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული კომპანიის ვებ-საიტზე. რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებოდა “ეუტელსატის” კომუნიკაციისა და პრესის დეპარტამენტის წარმომადგენელ ვენესა ოკონორს, მაგრამ დაპირებული სატელეფონო საუბარი მასთან ვერ შედგა - “ნომერი დაკავებულია, ბატონო. შეგიძლიათ რამდენიმე წუთში დაგვირეკოთ?”

„საზოგადოებრივი მაუწყებლობის“ ხელმძღვანელობა გასულ კვირაში იმედოვნებდა, რომ მოლაპარაკებების გზით შეძლებდა ფრანგულ კომპანიასთან კონსენსუსისთვის მიეღწია და “პირველი კავკასიური” თანამგზავრზე დაბრუნდებოდა. მაგრამ, როგორც ტელეარხის გენერალური პროდიუსერი ზურაბ დვალი ამბობს, “ეუტელსატის” მიერ შეთავაზებული ალტერნატივა მათთვის მიუღებელი და წამგებიანი აღმოჩნდა:

“შემოგვთავაზეს რატომღაც სულ სხვა თანამგზავრი სულ სხვა პარამეტრებით, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო ჩვენთვის, რადგანაც ამ შემთხვევაში იმ მაყურებელს, რომელიც ჩვენ გვიყურებდა, მოუწევდა კიდევ ერთი თანამგზავრი თეფშის შეძენა, რათა დაეჭირა ჩვენი სიგნალი, რაც ძალინ უხერხულ სიტუაციას ქმნიდა და ძალიან ავიწროებდა იმ სეგმენტს, ვინც ჩვენ გვიყურებდა.”

შექმნილ ვითარებაში ქართული ტელეკომპანია “პირველი მაუწყებლის” მესვეურები აპირებენ ფრანგულ ფირმა “ეუტელსატს” პარიზის სასამართლოში უჩივლონ. თუმცა არხის ხელმძღვანელობას უჭირს იმის წინასწარმეტყველება, თუ რამდენ ხანს გასტანს და რას მოუტანს ქართულ არხს მძლავრი ფრანგული ფირმის წინააღმდეგ ფრანგულ სასამართლოში წარმოებული სასამართლო დავა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: irakli საიდან გვწერთ: NY
10.02.2010 05:51
რა დროს ტელევიზიის დაბლოკვაზეა საუბარი , აგერ ნოღაიდელმა ხელი და ლამის ფეხის მოაწეროს რუსეთთან , ამაზე ხმას ხელისუფლება რატომ არ იღებს, რა გამოდის რომ. მუხროვანის ვითომ აჯანყებასთან პარალერს თუ გავავლებთ, ვინ არის რუსეთის ქვეშემდომი, ნოღაიდელი თუ ვინც ამაზე თვალს ხუჭავს?

ავტორი: Gia Are საიდან გვწერთ: Tbilisi
05.02.2010 15:13
ასეა თუ ისეა, ყველაზე სამწუხარო ისა, რომ სანაკოევის არ იყოს, როგორ გგონიათ იცოდა კი რისთვის უნდოდა, გარდა იმისა რომ ვიღაც მიგლეჯილ - მოგლეჯილებს გონიერ და პოზიტიურ ნაბიჯად შეეეფასებინათ? ესეც მხოლოდ "იაზვობისათვის" უნდოდა, და ეჭვიც არ მეპარება, რომ ამის იქით არც აზრი, არც რაიმე კონკრეტული, რაციონალური და მიღწევადი მიზანი და არც რაიმე გეგმა არსებობდა .
In Response

ავტორი: MAriami საიდან გვწერთ: Tbilisi
07.02.2010 23:55
ვაი შენს პატრონს. მიდით, გაუგორეთ რუსებს კოჭები და იხარეთ, რომ იგი ასე თამამად უტევს თქვენს დაუძინებელ, ნომერ პირველ მტერს სააკაშვილს. იმას ვერ ხვდებით, რომ რუსეთი სააკაშვილს კი არა საქართველოს უტევს და ჩაფიქრებული აქვს ჩვენი სახელმწიფოებრივობის განადგურება. ნამდვილად "მრუდე სარკეების" სივრცეში ვცხოვრობთ. მტერს მოყვარეს ვეძახით და მოყვერეს მტერს.

ავტორი: zaza Tsereteli საიდან გვწერთ: evropa
03.02.2010 21:06
შესაძლებელია კონტრაქტის მიხედვით “ეუტელსატს" არ აქვს კომენტარის მიცემის უფლება, სანამ საქმე სასამართლო დავის საგანია.

მე მაინც ვფიქრობ ეს გამიზნული ნაბიჯი იყო საქართლეოს მხრიდან და საინტერესოა როგორ დამთავრდბა ეს გაბრძოლება რუსეთთან

ავტორი: georges popkhadze საიდან გვწერთ: Bruxelles
03.02.2010 16:29
ეგ მართლა გაურკვეველია, რატომ არ მოგცეს კომენტარი... თანაც რადიო "თავისუფლებას".... დიდად უცნაური ამბავია ფრანგების მხრიდან

ავტორი: georges popkhadze საიდან გვწერთ: Bruxelles
03.02.2010 16:27
კობა ვებ გვერდზე ვერ დავტოვე შეტყობინება და აქ გიწერ კომენტარს... ეუტელსატთან მთლად ისე არაა საქმე როგორც ჩვენა გვგონია... ამ ფირმამ 2008 წელს მართლა გათიშა ჩინელი უიგურების ტელეარხი (და არა ტაივანის როგორც ბატონი დვალი წარმოგვიდგენს) უფრო ადრე გათიშა თურქი ქურთების და ირანელი აზერბაიჯანელების იერ ევროპის ტერიტორიაზე ,კერძოდ ბელგიაში შექმნილი ტელეარხები დააი რატომ, "ეუტელსატმა" საფუძვლიანი შესწავლა მოახდინა ჩინეთის, თურქეთის და ირანის განცხადებებისა და დაადგინა,რომ ტელევიზიები რომლების წინააღმდეგაც პრეტენზიები ჰქონდათ, შინაარსობრივად მართლა უწყობდნენ ხელს "ერთაშორის შუღლის გაღვივებას და ამ ქვეყნების ტერიტორიაზე სიტუაციის დაძაბვას" ე უბრალოდ ზედმეტი კომენტარისგან თავს შევიკავებ... ჯდება თუ არა "პირველი კავკასიური" "ზედმეტი დაძაბულობის წარმოქმნის" კრიტერიუმში
In Response

ავტორი: Mariami საიდან გვწერთ: Tbilisidan
08.02.2010 00:01
ანუ, თქვენი დასკვნაა, რომ პირველი კავკასიური ერთაშორის შუღლს უწყობდა ხელს და ამიტომ გათიშეს? თუ, რუსეთის დაკვეთა იყო ეს? მითუმეტეს, რომ გაზპრომი ფიგურირებს საქმეში. ფრანგებზე რუსები როგორ ზეგავლენასაც ახდენენ და როგორ შეხმატკბილებულად მოქმედებენ, ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ. ამის დაგვირგვინება ფრანგების მიერ რუსეთისათვის მისტრალის მიყიდვის გადაწყვეტილებაა.
In Response

ავტორი: კობა საიდან გვწერთ: პრაღა
03.02.2010 16:31
გიორგი, საქმე ისაა, რომ “ეუტელსატმა”, ჩემი არაერთი მცდელობის და მათი მრავალი დაპირების მიუხედავად, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ეს კი სიმართლე, გითხრა, ცოტა უცნაური საქციელი კომპანიისაგან, რომელმაც, სხვას რომ თავი დავანებოთ, საკუთარი იმიჯის და ბიზნესინტერესის გათავლისწინებით მაინც უნდა გააკეთოს კომენტარი ასეთ საკამათო თემაზე.

ყველაზე პოპულარული