Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელევიზია: ყველაზე პოპულარული და ყველაზე პრობლემური მედია საქართველოში


სხვა რამდენიმე სფეროსგან განსხვავებით, მედიის თავისუფლების შეფასებისას საერთაშორისო ორგანიზაციები ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოში ვითარების გაუარესებას აღნიშნავენ. ახლახან, მაგალითად, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერს, რომ 2009 წლის განმავლობაში საქართველოში მედიის თავისუფლება არ განვითარებულა ხელისუფლების მხრიდან, ძირითადად, სატელევიზიო მაუწყებლობის სისტემატური მანიპულაციის გამო. მაინც რა ფაქტორები უშლის ხელს დემოკრატიული ტელემაუწყებლობის განვითარებას ქვეყანაში?

ყველაზე პოპულარული და ყველაზე პრობლემური მედიასაშუალება - ასე ახასიათებს ადგილობრივი და უცხოელი ანალიტიკოსების უმრავლესობა საქართველოში ტელევიზიას.

ერთ-ერთი უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 84 პროცენტისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროს სატელევიზიო ახალი ამბები წარმოადგენს.

ამავე დროს, ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, საქართველოში, სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით, ტელევიზია ბევრად მეტი პრობლემით გამოირჩევა.

პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ მიკერძოებულობა; მფლობელების შესახებ ინფორმაციის ბუნდოვანება; რეალური პლურალიზმის არარსებობა; ადამიანებსა და ფაქტებზე დამყარებული რეპორტაჟების სიმწირე; რეალობის იდეოლოგიზირებული წარმოჩენა - ეს რამდენიმეა იმ პრობლემიდან, რომლებსაც ხშირად გამოყოფენ ხოლმე.

ახლახან მორიგ ანგარიშში ამ ხარვეზებზე საერთაშორისო ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა” დაწერა.

„საქართველოსთან მიმართებით ჩვენს შეშფოთებას ბოლო წლებში მუდმივად იწვევს ტელევიზიის - და, ზოგადად, სამაუწყებლო მედიის - მდგომარეობა“, - გვითხრა ორგანიზაციის ევროპისა და შუა აზიის პროგრამების კოორდინატორმა ნინა ოგნიანოვამ.

„გასული წლის განმავლობაში საქართველოში არც ერთი ჟურნალისტი არ მოუკლავთ და არ დაუპატიმრებიათ, თუმცა ამ ქვეყანაში მედიის თავისუფლების მხრივ უკეთესობა მაინც არ გვაქვს, ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციით - და, განსაკუთრებით, ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაციით - სისტემატური მანიპულაციის გამო.“

ნინა ოგნიანოვას თქმით, ანგარიშზე მუშაობისას თავად იმყოფებოდა თბილისში და გავლენიანი კერძო ტელეარხების - „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მზის“ - ბევრ ყოფილ თუ ამჟამინდელ ტელეჟურნალისტს ესაუბრა. უმრავლესობას უთქვამს, რომ გამოცდილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან მათ მუშაობაში პირდაპირი ჩარევა.

“ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” ანგარიშში ასევე ვკითხულობთ: “სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიკვეხა, რომ საქართველოში პლურალისტური მედია არსებობს - ქვეყანას 27 ტელეარხი აქვს. მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ამ ტელეარხების უმრავლესობის გავრცელების არეალი ძალიან მცირეა და, რაც მთავარია, მთავრობა და მისი მოკავშირეები უკვე დიდი ხანია ცდილობენ სატელევიზიო ახალი ამბების შინაარსის გაკონტროლებას.”

ნეგატიურ შეფასებებს ვხვდებით სხვა ორგანიზაციებთანაც. მაგალითად, გასული წლის ნოემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც დეტალურად აღწერა ის ბუნდოვანება და გაურკვევლობა, რომელიც კერძო ტელევიზიების მფლობელთა ვინაობას უკავშირდება.

„ნაციონალური არხების მფლობელები არიან დარეგისტრირებული ოფშორულ ზონაში. ამიტომ იმის გარკვევა, რომელი კომპანიები ფლობენ ამ ნაციონალურ არხებს, შეუძლებელი იყო“, - გვითხრა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამარ ქაროსანიძემ.

„ამ ინფორმაციას მარეგულირებელი კომისიაც არ ფლობს - მან იცის სახელები იმ კომპანიებისა, რომლებიც არიან მფლობელები, მაგრამ წილების მფლობელები ამ კომპანიებში ვინ არიან, ამ ინფორმაციას ვერც მარეგულირებელი არკვევს და ვერც ჩვენ გავარკვიეთ, იმიტომ რომ ისინი ოფშორულ ზონებში არიან დარეგისტრირებული.“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აზრით, ის, რომ საქართველოს კანონმდებლობა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს მედიის ფლობის უფლებას აძლევს, მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომელსაც გამოსწორება სჭირდება. ორგანიზაციის აზრით, მედია არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი - ის ადამიანების შეხედულებების ფორმირებაზე და ქვეყნის ზოგად იდეოლოგიურ კლიმატზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და, შესაბამისად, აუდიტორიამ უნდა იცოდეს, ვინ დგას ამა თუ იმ მედიასაშუალების მიღმა.

დღევანდელი ვითარება კი სულ სხვაგვარია. მაგალითად, “რუსთავი 2”-ის და “მზის” ერთ-ერთი მფლობელი ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანია Degson Limited-ია, რომლის შესახებაც ინტერნეტში თითქმის არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. “იმედის” 90 პროცენტს კი კომპანია RAK Georgia Holding-ი ფლობს, რომელიც რას ალ ხაიმას საამიროს საინვესტიციო ფონდ RAKIA-სთან - უფრო ზუსტად კი, მის შვილობილ კომპანია, საქართველოში რამდენიმე დეველოპერულ პროექტზე რეალურად მომუშავე RAKEEN GEORGIA-სთან - ასოცირებულად სახელდებოდა. თუმცა ახლახან RAKIA-ს წარმომადგენელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეკომპანიასთან კავშირი უარყო და განაცხადა, რომ “იმედის” მფლობელ კომპანიას, უბრალოდ, RAKIA-ს მსგავსი სახელი ჰქვია.

მფლობელების შესახებ ინფორმაცია რომ ბუნდოვანია, ამას თავად კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლებიც ადასტურებენ. „რუსთავი 2“-ის ახალი ამბების პროდიუსერმა, გიორგი ლაფერაშვილმა, გვითხრა, რომ ისურვებდა ეს ინფორმაცია უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მფლობელის ვინაობის შესახებ ინფორმაციის სიმწირე არხის პროფესიონალიზმზე არ აისახება. „ინფორმაცია გამჭვირვალე რომ იყოს, ეს საკითხი სალაპარაკო არ გახდებოდაო“, - გვითხრა გიორგი ლაფერაშვილმა და დასძინა: მაგრამ ის, რომ მფლობელების თემა ასეთი პრობლემურია და ამას ამდენი ორგანიზაცია აშუქებს, არ ნიშნავს, რომ მე ჩემს საქმეში მიკერძოებული ვარ.

თუმცა ანალიტიკოსების თვალში მფლობელების შესახებ ინფორმაციის გაურკვევლობა აღძრავს ეჭვს, რომ რეალურად ტელეკომპანიებს სხვა ძალები ფლობენ და აკონტროლებენ, მით უფრო, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშმა თვალშისაცემი ფინანსური შეუსაბამობაც გამოავლინა.

თამარ ქაროსანიძის თქმით, 2008 წელს სარეკლამო ბაზარსა და ტელევიზიების შემოსავალს შორის სხვაობამ 34 მილიონი ლარი შეადგინა. „სარეკლამო ბაზარი იყო 58 მილიონი და ამ დროს ტელევიზიებმა მარეგულირებელ კომისიას ინფორმაცია მიაწოდეს, რომ მათი შემოსავალი იმ წელს იყო 92 მილიონი. რეკლამიდან არა - საიდანღაც, სხვა წყაროებიდან, ჯამში, ტელევიზიებმა მიიღეს 34 მილიონი ლარი“, - გვითხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა.

ამის პასუხად ტელეკომპანია „იმედის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ბიძინა ბარათაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ რეკლამით საქართველოში ვერც ერთი ტელევიზია თავს ვერ გაიტანს და თანხა, რომელზეც საუბრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, შესაძლოა უშუალოდ მფლობელთა მხრიდან გაცემულ დაფინანსებას წარმოადგენდეს. თუმცა, ცხადია, იმის გამო, რომ მფლობელების საკითხი თავად არის ბუნდოვანი, მაინც გაურკვეველი რჩება, კონკრეტულად ვინ გამოყოფს ამ დოტაციას.

ცხადია, კრიტიკას და სკეპტიციზმს მხოლოდ ტელევიზიების მფლობელების ან მათი დაფინანსების საკითხები არ იწვევს. ბევრი ექსპერტის აზრით, ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას ტელევიზიებით გადაცემული ინფორმაციის ხარისხი და სანდოობა წარმოადგენს და ეს კრიტიკული თვალსაზრისი როგორც კერძო ტელეკომპანიებზე, ისე საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეეთერზე ვრცელდება.

ჟურნალ “ლიბერალის” გამომცემელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი შორენა შავერდაშვილი სატელევიზიო სიუჟეტების ზოგად დრამატურგიულ სპეციფიკაზე საუბრობს:

„თუ რამე პრობლემაზეა ლაპარაკი, სიუჟეტის ბოლოს, როგორც წესი, გამოდის ან ქალაქის მერი, ან მერიის სამსახური, ან რამე სხვა სახელმწიფო უწყება და პრობლემას ჭრის. მაგალითად, დაინგრა ქუჩა? მირზა შაფის ქუჩაზე ხდება რაღაცა? ეს, შესაძლოა, მოხვდეს ახალ ამბებში - ოღონდ, რა თქმა უნდა, სიუჟეტის ბოლოს გამოჩნდება თეთრ რაშზე ამხედრებული რომელიმე ჩინოვნიკი, რომელიც იტყვის, რომ ამ პრობლემას გადაჭრის ან უკვე მუშაობს მისი გადაჭრისთვის“, - ამბობს შორენა შავერდაშვილი და საინფორმაციო გამოშვებების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად „პროტოკოლური“ ცნობების სიჭარბეს ასახელებს: „პრობლემებზე, ადამიანებზე და ფაქტებზე ორიენტირებული ჟურნალისტიკის თითქმის ნატამალი არ არის სატელევიზიო სივრცეში. ყველაფერი არის: ამ სამინისტრომ ეს ქნა, იმ უწყებამ ის ქნა, ის მინისტრი ამას აკეთებს, გამოფენა მოეწყო კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ბერლინში და ასე შემდეგ.“

პოლიტოლოგ გიორგი ცხადაიას აზრით, გავლენიანი ტელეარხების - ძირითადად, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ - მეშვეობით რეალური პროცესების ასახვაზე უფრო მეტად რეალობის შექმნა ხდება - ეს შექმნილი, ხელოვნური რეალობა კი, უმეტეს შემთხვევებში, ხელისუფლების მსოფლმხედველობას ირეკლავს:

„[„რუსთავი 2“ და „იმედი“ ძირითადად] ახდენენ იმ ცნებებით და კლიშეებით კონტაქტს და კომუნიკაციას საზოგადოებასთან, რომელიც მოდის ხელისუფლებისგან. მე ვიტყოდი, რომ ისინი ხელისუფლების პროგრამის და მსოფლმხედველობის გადათარგმნას ახერხებენ მაყურებლისთვის. კეთილისა და ბოროტის ტიპის რიტორიკაა - იქმნება ჯერ მტრის ხატი, რომელიც არის ბოროტი, და შემდეგ იქმნება ხელისუფლება, რომელიც არის კეთილი“, - ამბობს გიორგი ცხადაია და დასძენს: მხოლოდ „ხელისუფლების მხარეს ყოფნა ისახება დასავლური იდეალების ერთგულებად და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვად, რაც, ცხადია, გაზვიადებული და უტრირებული მოსაზრებაა. სამყარო გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე თეთრი და შავი.“

ვითარების ასეთ პოლარიზაციას, რეალობის შავ-თეთრ ფერებში წარმოჩენას დიდწილად ამყარებს იმ არხების არსებობაც, რომლებიც პირიქით, ოპოზიციური ორიენტაციის მატარებლად ითვლება, - გვეუბნება შორენა შავერდაშვილი „მაესტროსა“ და „კავკასიის“ შესახებ. მისი თქმით, ის, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს თუნდაც მარტო თბილისის მასშტაბით, მაგრამ მაინც აქვთ აუდიტორიასთან პირდაპირი დაკავშირების საშუალება, დადებითი ფაქტორია. მაგრამ, მეორე მხრივ, ამგვარი დაყოფა იწვევს ტელეეთერის კიდევ უფრო მეტად პოლიტიზებას და უხეშ, შეიძლება ითქვას, შიზოფრენიულ გაორებას:

„ეს ჩემთვის არაფერს არ აბალანსებს - პირიქით, ორი მონოლოგი ჩნდება. არ არსებობს პლატფორმა, სადაც მოხდება საერთო საკითხებზე განსხვავებული აზრების შეჯერება ან რაღაცა საკითხებზე დაყრდნობილი მსჯელობა. ნაციონალურ მაუწყებლებზე არის მონოლოგი, იქ არის სხვა ტიპის მონოლოგი. ჩემთვის ეს ერთმანეთს, სამწუხაროდ, არ ავსებს, იმიტომ რომ ტყუილს პლუს ტყუილი მართალს ვერ უდრის“, - ამბობს ჟურნალ „ლიბერალის“ გამომცემელი.

ყველა ამ პრობლემის შედეგი კი ის არის, რომ ტელევიზია საქართველოში ჯერჯერობით ვერ ასრულებს დემოკრატიულ კულტურაში მედიისთვის განსაზღვრულ მთავარ ფუნქციას - არ წარმოადგენს დისკუსიის, განსხვავებული მოსაზრებების შეჯერების, პოლიტიკოსების გავლენისგან თავისუფალი ანალიზის და პროცესების გამოძიების ასპარეზს.

არადა, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების“ მიერ ახლახან ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად,

გამოჩნდა, რომ აუდიტორიას სწორედ ასეთი ტელეეთერი სურს და ტელევიზიებიდან დღეს მიღებულ ინფორმაციას კრიტიკული თვალით უყურებს. დიდია მოთხოვნილება საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე - პოლიტიკური ძალების ინტერესებისგან დამოუკიდებლად მომზადებულ რეპორტაჟებზე ჯანდაცვის, სასამართლოების, ქვეყანაში არსებული სიღარიბის, არჩევნების, სიტყვის თავისუფლების, გეოპოლიტიკის, რელიგიის შესახებ.

ამის ნაცვლად, გიორგი ცხადაიას აზრით, ტელევიზიების ეთერში კვლავ რეალობის სისტემატურ იდეოლოგიზებას ვხვდებით - შავ-თეთრ ფერებში წარმოჩენილ სამყაროს. პოლიტოლოგის თქმით, ამას ზოგადი პოლიტიკური კლიმატიც ხელს უწყობს - განსაკუთრებით რუსეთთან ომის შემდგომი ვითარება. საქართველოსთვის „მტრის ხატი“ დიდი ხანია აღარ არის წარმოსახვითი და ის ზედმიწევნით რეალური და ხელშესახები გახდა.

ასეთ რეალობაში ადვილი ხდება რაციონალური დისკუსია ემოციებმა ჩაანაცვლოს, აუდიტორიის ინფორმირების ნაცვლად კი მათი ემოციებითა და შეხედულებებით მანიპულაცია მივიღოთ.

მაგრამ, გიორგი ცხადაიას აზრით, სწორედ ასეთ, პოლიტიკურად და ემოციურად ისედაც დამუხტულ ვითარებაში არის აუცილებელი ტელევიზიებმა - და მედიამ ზოგადად - კლიშეების და სტერეოტიპების დამკვიდრება-გამყარების ნაცვლად რაციონალური დისკუსიისა და განსხვავებული მოსაზრებების თავისუფლად და შეუზღუდავად გამოთქმის პლატფორმა შექმნან:

„მტერი ყველა ქვეყნისთვის არსებობს - არ არსებობს ქვეყანა, რომლსაც მტერი არ ჰყავს და მტრის ხატი არ იქმნება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მტრის ხატმა უნდა შეაფერხოს ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს მედიაზე, ან დემოკრატიის განვითარებაზე“, - ამბობს გიორგი ცხადაია და დასძენს: „საზოგადოებას არ აქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რასთან გვაქვს საქმე, როგორი ტიპის მტერთან გვაქვს საქმე, როგორ შეუშლის ეს ჩვენი პირადი ინტერესების გამოხატვას, როგორ შეუშლის ეს მტერი დემოკრატიას. ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ და არა იმაზე, თუ ვინ არის კარგი, ვინ არის ცუდი, ვინ გადავიდა ვის ბანაკში და ასე შემდეგ.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG