შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,8377
GEL / 
EUR
2,4177
GEL / 
RUB
0,0616

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

პოლიტიკა / საქართველო

ჟურნალისტი პოლიტიკაში

14.03.2010
ავტორი ია ანთაძე
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პოლიტიკოსობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით იწყებს. იგი ქრისტიან-დემოკრატების პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს.

რას დაკარგავს და რას მიიღებს საზოგადოება ან თავად ინგა გრიგოლია ამ გადაწყვეტილებით? იგი საჯაროდაც და მეგობრებთანაც ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობდა: მას უყვარს ტელევიზია და არ აპირებს პოლიტიკოსობას, სანამ აქვს საშუალება, მაყურებლის წინაშე პოლიტიკური თოქშოუთი წარსდგეს.

ამიტომ პირველი, რაც ინგა გრიგოლიას გაპოლიტიკოსებამ დაადასტურა, ის არის, რომ ქართულ მედიასივრცეში აღარ არსებობს დამკვეთი, რომელიც ყველაზე ცნობილ ჟურნალისტს ამა თუ იმ ტელევიზიაში ეთერს დაუთმობს და მისთვის მისაღებ ხელფასსაც გადაუხდის. ინგა გრიგოლიას შემთხვევაში, ეს ორი საკითხი მჭიდროდ ებმის ერთმანეთს: დამკვეთის პოლიტიკური ნება – რომ ეთერში იყოს აზარტული, რეიტინგული თოქშოუ – და შესაბამისი ფინანსური რესურსი.

ინგა გრიგოლიას ხელფასი სხვა ქართველი ჟურნალისტების ხელფასს ბოლო წლებში მკვეთრად აღემატებოდა – ტელეკომპანია „იმედშიც“, „TBC TV“-შიც და საზოგადოებრივ მაუწყებელშიც. ხელფასი კი დაკავშირებული იყო მაყურებლების რაოდენობასთან და ამ მაყურებლების მიმართ არსებულ პოლიტიკურ ნებასთან. ამიტომ, რეალობის ზუსტად აღსაწერად უნდა ითქვას: დღეს ინგა გრიგოლიას, როგორც ჟურნალისტის, პრობლემაა არა სატელევიზიო ეთერი ან მაყურებელი, არამედ, სამი ტრადიციული ფაქტორის თანხვედრა: ეთერი, მაყურებელი და ხელფასი.

იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ, თუ სად – რომელ ტელევიზიაში – რა და რა ფასად უნდა ეკეთებინა ინგა გრიგოლიას, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის ფული არ ენანებათ. მათთვის პრობლემა არ ყოფილა ჟურნალისტისთვის მაღალი ხელფასის გადახდა იმის შემდეგაც კი, რაც 2008 წლის 21 მაისის არჩევნების დასრულებისთანავე ინგა გრიგოლიას თოქშოუ ეთერიდან მოიხსნა (ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის საბაბით).

ასე რომ, თუ ჩვენი კოლეგა, რომლის გადაცემებს ყოველთვის ბევრი მაყურებელი ჰყავდა, დღეს პროფესიას იცვლის, ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა.

შესაბამისად, გამოდის, რომ თუ ხელისუფლებამ ინგა გრიგოლიას პოლიტიკისკენ უბიძგა, ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ადამიანი პოლიტიკიდან ნაკლებ ზიანს მიაყენებს, ვიდრე – მედიიდან. თავის მხრივ, თუ ჟურნალისტიკაში ინგა გრიგოლია ახერხებდა, რომ, ნებისმიერი შეთანხმების პირობებში, პროფესიული თამასა გარკვეულ დონეზე შეენარჩუნებინა, ახლა მას იგივე ამოცანა ახალ ველზე – პოლიტიკაში – აქვს გადასაჭრელი.

რა არის სირთულე? ზოგადად თუ ვისაუბრებთ, პოლიტიკოსს ჟურნალისტისგან ერთი არსებითი თვისება განასხვავებს. ჟურნალისტი მოწოდებით თავისუფლებისმოყვარე ადამიანია. იგი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას კეთილსინდისიერებას და ღირებულებებს ეყრდნობა. სიმართლის მსახურება ჟურნალისტის უმთავრესი საქმეა.

პოლიტიკოსი კი რაციონალური გათვლებით მოქმედებს. მიზანშეწონილობის პრინციპი მისი გადაწყვეტილებების მთავარი საყრდენია. პოლიტიკოსს აინტრესებს არა სიმართლე, არამედ – მიზნისკენ მიმავალი სწორი, მომგებიანი ნაბიჯები.

რამდენადაც ჟურნალისტი თავისუფალია და ეს თავისუფლება მისი პროფესიის არსია, იმდენად პოლიტიკოსი შებოჭილია პარტიული ვალდებულებებით და ძალაუფლებისკენ ლტოლვით. ეს ორი პროფესია სრულიად განსხვავებულ თვისებებს მოითხოვს ადამიანისგან და არსებითად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. შესაბამისად, კარგ ჟურნალისტს მძიმე შინაგანი დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს იმისათვის, რომ კარგი პოლიტიკოსი გახდეს. პირველი და უმთავრესი დაბრკოლება თავისუფლების ნებაყოფლობით შეზღუდვაა.

რატომ შეიძლება ჟურნალისტი ასეთ მსხვერპლზე წავიდეს?

პირველი ახნა ის არის, რომ თუ ჟურნალისტი, საზოგადოებასთან ერთად, ქმნის ღირებულით ჩარჩოს, მაგრამ ვერ ცვლის რეალობას, მისთვის პოლიტიკაში მონაწილეობა მსხვერპლია, მაგრამ ქვეყნის გარდაქმნის უფრო მოკლე და ეფექტიანი გზაა.

მეორე ახსნაც არსებობს: თუ ჟურნალისტი, რაგინდ რეიტინგული, საერთოდ არ მონაწილეობს ღირებულებების ღერძის შექმნაში და თავისუფლების შეზღუდვასაც მიჩვეულია, ცხადია, მისთვის პოლიტიკოსობა ისეთივე პროფესიაა, როგორიც ჟურნალისტობა.

ასე რომ, ინგა გრიგოლია დიდი გამოწვევის პირისპირ დგას: მან, როგორც პოლიტიკოსმა, უნდა შექმნას არა მხოლოდ საკუთარი მომავალი, არამედ, საკუთარი წარსულიც. მან პოლიტიკური საქმიანობის შინაარსით საზოგადოებას თავისივე ჟურნალისტური საქმიანობის შინაარსიც უნდა განუმარტოს და აჩვენოს, რამდენად გულწრფელი იყო მაშინ, როდესაც, წლების განმავლობაში, თითოეული ჩვენგანის ცნობიერებას უპრეცედენტოდ ძვირად ღირებული საინფორმაციო ნაკადით მუხტავდა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
     
კომენტარები
ავტორი: მონტესუმას ასული საიდან გვწერთ: ტენოჩტიტლანი
10.04.2010 03:16
ინგა მაინც სხვა ყველა უსახურებს და უსუსურებს ჯობდა თავისი პოლიტშოუებით. ხელფასი, რომ მოსწონს, ძალიან კარგი და ჭკვიანი გოგოა. სხვებს არც ხელფასი აქვთ და არც უკეთესები არიან.

ავტორი: omexi
17.03.2010 21:10
ინგა,რომ ოპოზიციასში წასულიყო კიდევ მოუძებნიდა ადამიანი გამარტლებას.მაგრამ წავიდა ხელისუფლებისაგან შექმნილ მარიონეტულ პარტიაში,რატომ? პასუხი მარტივია არ ყოფილა პატიოსანი ჟურნალისტი, მისთვის მთავარი ფინანსები ყოფილა.თუ ბრძოლა უნდოდა იმ პარტიაში არ უნდა წასულიყო რომლის ლიდერმაც ბადრი პატარკაცისშვილის გადმოგორებული ინფორმაცია ლონდონიდან,პირდაპირ კოდუას მიართვა პოდნოსით.ინგა, არარის ისეთი მიამიტი, რომ ეს არ იცოდეს. ეს პარტია იმ დროს შეიქმნა სხვებს ოფისებს რომ არტმევდნენ,რაიონებში ადამიანი ფართს ვერ აქირავებდა ოპზიციაზე და ამ დროს შექმნა პარტია თარგამაძემ, ვაკეში ოფისი და ქვეყნის მტელ ტერიტორიაზე პრტიული აქტივისთვის ოფისები, ხელფასები.საიდან ეს ფინანსები? ინგამ საწყალმა არ იცის ვინ და როგორ შეუქმნა პარტია, იმედის დახურვისათვის.ხალხს უყვარდა და პატივს ცემდა, ეხლა უყუროს ხალხის სახეებს და მიხვდება რომელი ჯობდა.

ავტორი: chrichina საიდან გვწერთ: ბათუმი
17.03.2010 19:05
გეთანხმებით ია, რომ არა ინგას ყბადაღებული ხელფასი, შესაძლოა მეც მეფიქრა უფრო მაღალ მატერიებზე და გადაცემების დაბლოკვის შემდეგ არჩევანის გარეშე დარჩენილი ჟურნალისტის გაპოლიტიკოსებაც გამეგო. ვფიქრობ, გრიგოლოა კარგად ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების გაყიდვას და სულაც არ არის გულწრფელი როგორც თავს გვაჩვენებს. პრინციპული რომ ყოფილიყო ბოლოსდაბოლოს მაესტროსა და კავკასიაში იმუშავებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მაგ ფასად ჟურნალისტობა არ უღირდა. აი, პოლიტიკაში სხვა საქმეა, კარგადაც გადაუხდიან და ყურადღების ცენტრშიც იქნება, ისე, როგორც ჩვეულებრივ სნობს, საკუტარი თავის გამომზეურების საშუალება მეტად ექნება.

ავტორი: ანონიმი
17.03.2010 17:28
ერთადერთი ფანჯარა იყო ქართულ ტელესივრცეში რომელიც გამოირჩეოდა ობუექტურობით

ავტორი: მანანა საიდან გვწერთ: თბილისი
17.03.2010 17:24
ჩემო ია, მოკლედ ვიტყვი: რატომღაც მგონია, რომ ინგა ყოველთვის კონფორმისტი იყო, უბრალოდ მან ობიექტურობის მანტია მოისხა და საკუთარი თავიც დაარწმუნა საკუთარ მიუკერძოებლობაში. ასეთები პოლიტიკაშიც იგივე ტაქტიკით მოქმედებენ, მითუმეტეს თავისუფლების ხარისხი იქ გაცილებით ნაკლებია.

ავტორი: leo საიდან გვწერთ: Tbilisi
17.03.2010 14:31
ია ანთაძემ შეძლებისდაგვარად დაინდო კოლეგა ინგა გრიგოლია, თუმცა ვფიქრობ რომ გულის სიღრმეში ის მას კოლეგად არ მიიჩნევს. ინგა გრიგოლია არც არასოდეს ყოფილა ჭეშმარიტი ჟურნალისტი. ის იყო ჟურნალისტიკის ”ერზაცის” ტიპიური წარმომადგენელი და მხოლოდ ჩვენნაირმა მოუმწიფებელმა საზოგადოებამ მიიღო და გააჯეჯილა ის. დარწმუნებული ვარ რომ პოლიტიკოს ინგა გრიგოლიას ძალიან მალე ანათემას გადასცემს იგივე ხალხი ვინც მას დღეს აღმერთებს

ავტორი: gaubedavi საიდან გვწერთ: gabede
17.03.2010 14:30
Nothing comes from nothing! რას უნდა ველოდეთ მისგან კარგს?

ავტორი: გენერალ-სინუსი საიდან გვწერთ: ხრეშის კარიერიდან
17.03.2010 14:24
და რას წარმოადგენს ინგა გრიგოლია ხმის გარეშე?

ავტორი: Dato საიდან გვწერთ: Tbilisi
16.03.2010 11:37
Inga grigolias zustad im principit hqona maqali reitingi, romlitac aqvt sapnis operebs dges saqartveloshi. Magal anazgaurebas ki igi patarkacishvilma miachvia da ara sakutarma profesionalizmma.

ავტორი: ilia საიდან გვწერთ: belgia
15.03.2010 22:40
ეს მოსალოდნელიც იყო.

ავტორი: kikilo საიდან გვწერთ: imeretia
15.03.2010 18:34
ამ ქალბატონზე არასდროს ვიყავი კარგი წარმოდგენის. ხმამაღლა შეუჩერებლად უაზრობების ლაპარაკის მეტი არაფერი შეუძლია. ასე იყო ახლაც. საკრებულო პოლიტიკურ ფრონტად უნდა იქცესო. გაგებაში არ არის საკრებულო რას წარმოადგენს. ვის რაში ჭირდება საკრებულოში პოლიტიკური ფრონტი? ან როგორ უნდა გაიშალოს იქ ეს ფრონტი როდესაც მსჯელობის საგანი იქნება ქალაქის საკითხების განხილვა რომელთა 80 პროცენტი მაინც არაპოლიტიკური საკითხებია. ასეც რომ არ იყოს რამე დააშავეს თბილისელებმა რომ საკრებულო ფრონტად გადაუქციონ?

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
15.03.2010 15:33
არ გეთანხმებით რომ ეს არჩევანი იძულებითი იყო ინგასათვის. ადამინი საკუტარ არჩევანზე პასუხისმგებელი თვითონაა და დროა შევეშვათ ჩვენს არჩევანში სხვის დადანაშაულებას. უფრო უპრიანი იქნებოდა ინგასათვის გვეკითხა თუ რა ხელფასად უღირდა მას ჟურნალისტიკაში დარჩენა. არა მგონია საკრებულოს თავმნჯდომარის პოზიცია უფრო მაღალანაზღაუებადი იყოს ვიდრე ის ხელფასი, რასაც მას სხვა არხებზე შესთავაზებდნენ. ჩემთვის ინგას გადაწყვეტილება შემდეგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა: ინგას ჰქონდა რეალური შანსი (და მე ვიტყოდი მონაცემებიც) გამხდარიყო 'საკური" (BBC Hard Talk-ის წამყვანი) საქართველოში, მაგრამ როგორც ეს ხშირად ემართებათ ქართველებს, მას სიზარმაცემ სძლია. პოლიტიკოსობას დღეს საქართველოში გაცილებით უფრო ნაკლები ძალისხმევა სჭირდება ვიდრე კარგ ჟურნალისტობას, ამდენად ინგას არჩევანიც ნათელია. ეს არის არჩევანი გაზარმაცებული ადამიანისა. მან ჩათვლაა, რომ სჯობია უფრო დაბალ ხელფასად აკეთოს გაცილებით ნაკლები (საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე), ვიდრე მართლაც მაგარი BBC Hard Talk-ის მსგავსი გადაცმა მოამზადოს იგვე ხელფასად. ესეთი გადაცემის გაკეთებას გაცილებით მეტი შრომა სჭირდება (და არა ისე როგორც ის იყო მიჩვეული ჭორებზე აგებული ინტევიუების გამოცხობას, საუბარს დოკუმენტზე რომელიც წაკითხულიც კი არ ჰქონდა). სამწუხაროა, რომ ქართველები ყოველთვის არჩევანს უფრო იოლი გზის სასარგებლოდ აკეთებენ. ცოტანი არიან ვისაც მუშაობა უყვართ. ინგამ კარგად დაიწყო, ბევრს მუშაობდა, მერე გაზარმაცდა. რა ჯობია იყო საკური თუ საკრებულოს თავმჯდომარე. ჩემთვის პასუხი ცხადია, ინგასთვის როგროც ჩანს არ იყო ცხადი. მან ეს შანსი გამაზა. ეხლა იქნება ერთი ჩვეულებრივი ნერვების ამშლელი პოლიტიკოსი, რომელიც ხშირად ილაპარაკებს იმაზე რაც არ ესმის.

ავტორი: maia საიდან გვწერთ: kakheti
14.03.2010 21:32
ძალიან საინტერესო სტატიაა. ინგა გრიგოლიას შემთხვევა იმ ტენდენციის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ. სამწუხაროდ ჟურნალისტიკა, როგორც ღირებულება ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებისათვის ბოლომდე არ არის გააზრებული და აღქმული. მათთვის ჟურნალისტიკა რაღაცისაკენ უფრო ტრამპლინია, ვიდრე გააზრებული გზა. სამწუხაროდ, არც საზოგადოებას ამ ღირებულებების შეფასებისა და აღქმის უნარი ჩამოყალიბებული არ აქვს. ამიტომაა, რომ საქართველოს ყველაზე
ძვირადღირებული და პოპულარული ჟურნალისტი ის იყო, ვისთვისაც ჟურნალისტიკა როგორც ღირებულება მთავარი არ აღმოჩნდა.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praga
14.03.2010 19:32
კი მაგრამ აკი სასაწავლებლად მივდივარო დიდი ბრიტანეთში?

ეგებ ჯერ "ცოტა" კიდევ ესწავლა და მერე შეიძლება პოლტიკაში კი არა, საერთოდ შერცხვებოდა მის მიერ მანამდე გაკეთებული სატელევიზო პროგრამებისაც.

ავტორი: tuta საიდან გვწერთ: manglisi
14.03.2010 16:29
ია
მშვენიერი სტატიაა,ინგას პოლოტიკაში წასვლა გუშინდელმა იმედის ფილმმა გადაფარა.სამწუხაროა , რომ მან ქართულ ტელესივრცეში ვეღარ მოიპოვა ადგილი და გადაწყვიტა პოლოტიკაში ბედის ცდა.მე მივესალმაბი ,ზოგადად, ჭკვიანი და უშიშარი ქალების პოლიტიკაში წასვლას, იქნებ მეტად ,,გასუფთავდეს" პოლიტიკა,თუმცა სოზარი უფრო მისაღებ კანდიდატად მესახება საკრებულოს თავჯდომარის პოსტზე.
     
ტექსტის ზომა - +

მულტიმედია

აუდიო

ჟურნალისტი პოლიტიკაში

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS