Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაიწყო ბიომეტრული პასპორტების გაცემა


საქართველოში ბიომეტრული პასპორტების გაცემა დაიწყო
საქართველოში ბიომეტრული პასპორტების გაცემა დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრმა პირველი ბიომეტრული პასპორტი გასცა. სამინისტროს განმარტებით, ბიომეტრული პასპორტი ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ, დამატებით, ყდაში ან პერსონალური მონაცემების გვერდზე ჩასმული აქვს მიკროჩიპი ელექტრონული ინფორმაციის ჩასაწერად. რა ღირს ბიომეტრული პასპორტის აღება, რა უპირატესობა აქვს, ჩვეულებრივთან შედარებით, და აუცილებელია თუ არა პასპორტის გამოცვლა?

საქართველოში პირველი ბიომეტრული პასპორტის მფლობელი მალხაზ სამსონაძე გახდა. თვისებრივად ახალი ტიპის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთავარ ოფისში აიღო. მალხაზ სამსონაძეს, რომელიც ახალი პასპორტით საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებს, რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა.

მალხაზ სამსონაძე: „საბაჟოს გავლა ყოველთვის რაღაც რთულ პროცედურებთან იყო დაკავშირებული: ლოდინი, რიგი, შემოწმებები...ამ პასპორტის მეშვეობით გადიხარ თავისუფლად, არანაირი პრობლემა არ გაქვს.“

მალხაზ სამსონაძეს ბიომეტრული პასპორტი პირადად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გადასცა.

„ჩვეულებრივი პასპორტი შეგიძლიათ გქონდეთ ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არის მნიშვნელოვანი მომენტი: უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება ევროკავშირის ქვეყნებთან გამარტივებულ რეჟიმს. გამარტივებული რეჟიმის სარგებლობასთან პირდაპირ კავშირშია ამგვარი პასპორტების აღება. მაქსიმუმ 10 დღეში ევროკავშირის ვიზები უნდა გაიცეს და ყველაზე მაღალი ტარიფი 35 ევრო იქნება ნაცვლად 100 და 150 ევროსი. პლუს ამას, სასაზღვრო გამშვები პუნქტები აღიჭურვება თანამედროვე აპარატურით და ბიომეტრული პასპორტით ავტომატურ რეჟიმში გაივლით ნებისიმერ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს“, უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, ბიომეტრული პასპორტი ათი წლის ვადით გაიცემა და მისი ფასი100 ლარია, თუმცა სამოქალაქო რეესტრის სააგენტო პასპორტის მიღების მსურველებს დაჩქარებულ მომსახურებასაც სთავაზობს. პასპორტის აღება განაცხადის შეტანიდან მეათე სამუშაო დღეს 100 ლარი, მეხუთე სამუშაო დღეს – 120, მესამე სამუშაო დღეს – 150, განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 190, ხოლო იმავე დღეს - 205 ლარი ეღირება. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიომეტრული პასპორტის გაყალბება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ბიომეტრული პასპორტი ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ, დამატებით, ყდაში ან პერსონალური მონაცემების გვერდზე ჩასმული აქვს მიკროჩიპი, რომელზეც ჩაწერილია პიროვნების გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, ასევე ელექტრონული ფოტოსურათი და თითების ანაბეჭდი. ამგვარი ბიომეტრული პასპორტის დამზადებას წინ უძღოდა ორწლიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც ევროკავშირის დახმარებით დაიძლია. საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელს მარტინ კლაუკეს რადიო თავისუფლება პროექტის მიმდინარეობის პროცესში ელაპარაკა:

„ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის დელეგაციის მიერ, გამოყოფილი თანხა კი 1,1 მილიონ ევროს შეადგენს და იგი, ძირითადად, ისეთი აღჭურვილობის შეძენას მოხმარდა, როგორიცაა კომპიუტერები, სერვერები, თითის ანაბეჭდისა და ელექტრონული ხელმოწერის სკანერები. უდავოდ, მნიშვნელოვან პროექტთან გვაქვს საქმე, რადგანაც ბიომეტრული პასპორტების გამოცემით საქართველო უფრო დაუახლოვდება ევროპას და სამგზავრო დოკუმენტების სფეროში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშიც მოვა.“

იუსტიციის სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ ბიომეტრული პასპორტის შემოღების შემდეგ, საქართველო, საერთაშორისო დოკუმენტების უსაფრთხოების სტანდარტების კუთხით, უმაღლეს საფეხურზე იმყოფება. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ბიომეტრული პასპორტების ბეჭდვის სამი ცენტრი იმოქმედებს - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. უახლოეს ხანში კი პასპორტების გაცემა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც დაიწყება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG