Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალები თანასწორობას - ანუ ქვეყნის სიძლიერეს - მოითხოვენ


საქართველო, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მდგომარეობით, მსოფლიოში 120-ე ადგილზე იმყოფება. პარლამენტში არჩეულ ქალთა რაოდენობა 7 პროცენტს არ აღემატება, თვითმმართველობაში კი - 11 პროცენტს. ვითარების შესაცვლელად ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტი საქართველოს მასშტაბით ატარებს აქციას დევიზით: „თანასწორობა - ქვეყნის სიძლიერე“. როგორ აპირებენ ქალთა ორგანიზაციები გენდერული ასიმეტრიის დაძლევას და რა უშლის ხელს ქალთა თანასწორობას საქართველოში?

„ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა პოლიტიკურ ასპარეზზე“ - ასეთია ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის მიერ უკანასკნელ პერიოდში გამართული აქციების ძირითადი მიზანი. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრისა და ქალთა პოლიტიკური რესურსცენტრის დამფუძნებლის ლიკა ნადარაიას თქმით, არანორმალურია, როცა მოსახლეობის უმრავლესობა - 51 პროცენტი - სრულფასოვნად ვერ მონაწილეობს ქვეყნის მართვაში:

„აქციათა მთელი ეს რიგი ემსახურება პოლიტიკის სფეროში ჩვენს თანასწორობას, ანუ ყველა გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენც უნდა ვიყოთ ჩართული, რის უფლებასაც გვაძლევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი.“

კონსტიტუციის მე-14 მუხლის გარდა, გენდერული ასიმეტრიის დაძლევის წინაპირობას ქმნის „კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა სულ რაღაც ერთი თვის წინ - 2010 წლის 26 აპრილს - მიიღო, თუმცა, მიუხედავად ამ აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯისა, ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში კვლავ მინიმალურია. ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის ყველა 17 მინისტრი მამაკაცია. უკეთესი მდგომარეობა არც ცალკეულ სამინისტროებშია. აი, რას ამბობს ანა დოლიძე სტატიაში, რომელიც სახალხო დამცველის პერიოდული გამოცემის ბოლო ნომერში დაიბეჭდა:

„ქალები, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის უმავლესობას შეადგენენ, არამედ უმაღლეს განათლებამიღებულთა შორისაც ჭარბობენ, მხოლოდ 12 პროცენტით არიან წარმოდგენილნი საქართველოს საგარეო მისიების ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის 5 მოადგილიდან მხოლოდ ერთია ქალი.“

გენდერული ბალანსი დარღვეულია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებშიც, თუმცა, როგორც ლიკა ნადარაია ამბობს, გამარჯვების შემთხვევაში, ყველა პოლიტიკური პარტია იძლევა გენდერული თანასწორობის კანონის განხორციელების პროცესში ჩართვის დაპირებას. გთავაზობთ არჩევნებში ჩართული პოლიტიკოსის სტანდარტულ განმარტებას:

„ვცდილობთ დავაბალანსოთ... არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ გენდერული ბალანსი აბსოლუტურად დავიცვათ.“

მაინც რა უშლის ხელს საქართველოში ქალთა უთანასწორობის დაძლევას? სოფიო ნოღაშვილი, წარმომადგენელი ასოციაციისა „ლიდერები დემოკრატიისათვის“, რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

„ეკონომიკური მდგომარეობა და ტრადიციები განაპირობებს იმას, რომ საქართველოში გვაქვს ქალთა ძალიან მცირე მონაწილეობა და ჩართულობა პოლიტიკასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში.“

სოფიო ნოღაშვილმა მიზეზთა შორის ტრადიციებიც დაასახელა. საინტერესოა რას ფიქრობენ ტრადიციების დამცველი მამაკაცები პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის შესახებ. თბილისის ქუჩებში გამოკითხული მამაკაცების მსგავსად, ქალებს საქართველოს გამოუყენებელ სიმდიდრეს უწოდებს შვედი პოლიტიკოსი, საქართველოზე დაწერილი წიგნის ავტორი, პერ გარტონი:

„თქვენს პარლამენტში დეპუტატების მხოლოდ 7 პროცენტია ქალი. ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, გაცილებით დაბალი, ვიდრე არაბულ ქვეყნებშია. თქვენ რამდენიმე კარგად ცნობილი პოლიტიკოსი ქალი გყავთ. იმის გამო, რომ ქალები მასობრივად არ არიან ჩართული პოლიტიკაში, ჰკარგავთ ამ უზარმაზარ ძალას - ქალების ძალას.“

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ძალა, რომლის შესახებაც შვედი პოლიტიკოსი ლაპარაკობს, დროულად უნდა ჩადგეს ქვეყნის სამსახურში, რისთვისაც, ლიკა ნადარაიას თქმით, საჭიროა „კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ“ შევიდეს ცვლილება და კანონით დამკვიდრდეს ქვეყნის ცხოვრებაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG