Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გრუზინი და ქართველი თინუკა


დეივ გრუზინი და თინა ჯაფარიძე
დეივ გრუზინი და თინა ჯაფარიძე
თავის დროზე თბილისში ასეთ ამბავს ჰყვებოდნენ: გრეგორი პეკი ეროვნებით ქართველია - მისი ნამდვილი გვარი ნიჟარაძეაო. მოგვიანებით დაახლოებით იგივე ითქვა ჯაზის ცნობილ ამერიკელ პიანისტზე, კომპოზიტორსა და მეარანჟირე დეივ გრუზინზეც. თბილისური ჭორები ჭორებადვე დარჩა, სინამდვილეში კი ნიუ-იორკში დეივ გრუზინს ქართველი გოგონა, თინა ჯაფარიძე დაუმეგობრდა. სტატია ამის შესახებ სულ ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალ „თბილისელებში“.

თინუკას მამა, მოსკოვში მოღვაწე ცნობილი არქიტექტორი გივი ჯაფარიძე, ჩემი ახალგაზრდობის მეგობარია. მის ქალიშვილს - ნიჭიერ ახალგაზრდა მომღერალს, კომპოზიტორსა და ჟურნალისტს - ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს სიუჟეტიც მივუძღვენი გადაცემაში „არა მხოლოდ შოუბიზნესი“, რომელიც იმხანად საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე მიმყავდა.

ამას წინათ თინას ნიუ-იორკში დავურეკე და აი, რა მოვისმინე მისგან: „დეივ გრუზინის სახელი სახლში ბავშვობიდან მესმოდა: მამაჩემი, იმის გარდა, რომ არის არქიტექტორი და მხატვარი, გახლავთ ძალიან სერიოზული მელომანი - განსაკუთრებით ეს ეხება ამერიკულ მუსიკას და, კერძოდ, ჯაზს. გავიდა წლები, გადავედით საცხოვრებლად მოსკოვში და 14 წლის ასაკში შევიძინე ჩემი პირველი კომპიუტერი. გადავწყვიტე, დამეწყო პროფესიონალი მუსიკოსების კოორდინატების ძებნა ინტერნეტში. თვალში მომხვდა ძალიან ნაცნობი სახელი – დეივ გრუზინი. იმწამსვე გამახსენდა ძველი დრო თბილისში, მამასა და მისი მეგობრების თითქმის ყოველდღიური შეკრება ჩვენს სახლში, გვიანობამდე მუსიკალური ჩანაწერების განხილვა. იმდენად გამიტაცა ნოსტალგიამ, რომ დეივ გრუზინის მისამართზე შეცდომით გავგზავნე სულ ცარიელი ელექტრონული შეტყობინება. ღამე, როგორც კი ჩავრთე ინტერნეტი, აღმოვაჩინე დეივ გრუზინის წერილი: ‘ძვირფასო თინა, მივიღე თქვენი იმეილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელი წერილის გახსნა. იქნებ კიდევ ერთხელ სცადოთ შეტყობინების გამოგზავნა. დიდი ბოდიში, რომ შეგაწუხეთ, - ალბათ, ძალიან ძველი მოდელის კომპიუტერი მაქვს. პატივისცემით, დეივ გრუზინი.’“

ასე დაიწყო თინუკასა და გრუზინის მიმოწერა. გოგონამ მაესტროს გააცნო თავისი შემოქმედებითი წარმატებები, მილანსა და კანში რომ მოიპოვა.

„გავიდა 12 წელი, - განაგრძობს თინუკა ჯაფარიძე. - ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა გადაიზარდა პატარ-პატარა მასტერკლასებში. გრუზინთან შეხვედრა იმდენჯერ ჩაიშალა, რომ, ცოტა არ იყოს, შემეშინდა, რომ პირადად ვერასოდეს გავიცნობდი. ორჯერ გადაიდო მისი კონცერტები ნიუ-იორკში (თვითონ ნიუ-მექსიკოში ცხოვრობს). იმ დროისათვის მე უკვე დაწყებული მქონდა მუშაობა ჩემს წიგნზე, რომელშიც ვყვები ჩემს თავგადასავალს და დეივის ამბავსაც. წიგნი წლის ბოლოსთვის გამოიცემა ამერიკაში.“

15 აპრილს, როგორც იქნა, ნიუ-იორკში შედგა გრუზინის კონცერტი, რომელსაც თინუკაც დაესწრო.

„კონცერტის დასრულებისას, მე და ჩემი რედაქტორი, რომელიც თან მახლდა, საკმაოდ დიდხანს ვსაუბრობდით დარბაზში, თუ როდის უნდა შევსულიყავი კულისებში, - იხსენებს თინუკა. - სწორედ იმ დროს ზურგზე ვიგრძენი ხელისგულის თბილი შეხება – ვერც მოვასწარი მიბრუნება, როცა გავიგონე: ‘ნუთუ შენ ის ხარ, მე ვინც მგონია?’ არასოდეს დამავიწყდება, თუ რა ტკბილად ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ძალიან ბევრი რამ გამომკითხა მშობლების თაობაზე და დაინტერესდა ჩემი წიგნის ამბით... მე ძალიან ვაფასებ იმ ფაქტს, რომ დეივი თავის დროზე იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც თავიდანვე დაიჯერა, რომ შევძლებდი ჩემი ოცნებების ასრულებას და მითხრა, არაფრით არ შეწყვიტო სიმღერაო.“

საუბრის ბოლოს თინუკას მის სამომავლო გეგმებზე ვკითხე. ზუსტად ერთი კვირის წინ დამეწყო ბროდვეის სპექტაკლის რეპეტიციები, რომელიც ჩემი წიგნის მოტივებზეა აგებულიო, მიპასუხა მან. ისღა დამრჩენია, თინუკას დიდი წარმატებები ვუსურვო.
XS
SM
MD
LG