Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე შტრიხი საქართველოს სამთავრობო პორტრეტისთვის


საქართველოს მთავრობის სხდომა კახეთში
საქართველოს მთავრობის სხდომა კახეთში
საქართველოს მთავრობას არცთუ იშვიათად ახასიათებს ისეთი რამ, რასაც, გარკვეულწილად, შესაძლოა ორიგინალურიც ეწოდოს. მაგალითად, მინისტრთა კაბინეტის სხდომები ბათუმში, მშენებარე სასტუმროზე და კახეთში, ტბის პირას. მინისტრი, რომელმაც საახალწლოდ განწყობილ მოქალაქეებს აცნობა, რომ მათგან ყოველი მესამე ფრინველის გრიპით დაავადდება. მინისტრი, რომელმაც პოსტიდან გადადგომა იმით ახსნა, რომ უცხოეთში უნდა ისწავლოს. მინისტრი, რომელმაც პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატების შეკითხვები სამად დაყო და ერთი“მფრინავი სპილოების კატეგორიას“ მიაკუთვნა. მინისტრი, რომელმაც საპატიმროებთან ერთად დემოკრატიული რეფორმების ტალღა და ოპოზიციასთან ურთიერთობა ჩაიბარა. სხვებისგან ლექსიკითაც გამორჩეული მინისტრი, რომელიც არცთუ სასიამოვნო სიტყვებს არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ზოგჯერ კოლეგა მინისტრებისთვისაც არ იშურებდა, თუმცა, ეპითეტების მხრივ, შედარებით ინდობდა ქვეყნის უცხოელ პარტნიორებს.

კახა ბენდუქიძე: ”ევროპელებმა მიხედონ თავიანთ კანცლერებს, რომლებიც გადადიან ”გაზპრომში” სამუშაოდ. ერთი ანეკდოტია და მოგიყვებით: პატარა ბავშვი რომ მივა დედ-მამის საძინებელ ოთახთან და ნახავს, რომ გაცხოველებულ ხვევნა-კოცნაში არიან ჩართულნი და იტყვის, ესენი მე მიშლიან ცხვირში ქექვასო?! ამერიკამ ჯერ მოუაროს, კაცო, ევროპას და მერე მოვიდეს ჩვენთან! რა, დაბალი ღობე ნახა?!”

კახა ბენდუქიძე ჯერ მხოლოდ ეკონომიკის, შემდეგ კი ეკონომიკური განვითარების მინისტრი 2004 წელს იყო. ეს პოსტი საქართველოს მთავრობაში იმ თანამდებობებს შორისაა, რომელიც ვაკანტური ყველაზე ხშირადაა. ამ პოსტზე ერთგვარი რეკორდი კი მას შემდეგ დამყარდა, რაც 2006 წელს ეკონომიკური განვითარების მინისტრად ბევრისთვის მოულოდნელად დანიშნულმა ირაკლი ოქრუაშვილმა თანამდებობა ზუსტად ერთ კვირაში დატოვა. მანამდე თავდაცვიდან ეკონომიკაში მისი გაგზავნა პრეზიდენტმა იმით ახსნა, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაა. უფრო ადრე, 2004 წლის ზამთარში კი, მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრად სულ სხვა მიზნით, ღამის 3 საათზე, ასე წარადგინა:

”ირაკლი ოქრუაშვილი, მე გაძლევთ ჩემს პრეზიდენტის სიტყვას, დარჩება თავდაცვის მინისტრად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.”

თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დამატებითი ფუნქცია ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრად დანიშვნამდე შეუთავსა და, რუსეთში ქართული ღვინის აკრძალვის შემდეგ, ახალი ბაზრების მოძიება დაავალა. ამ გადაწყვეტილებაში გაუგებარი და უჩვეულო ვერაფერი დაინახა სახელისუფლებო გუნდმა, ოპოზიციამ კი ოქრუაშვილს ”თავდაცვის და ღვინის” მინისტრი შეარქვა.

იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელსაც პრეზიდენტმა ”ქვეყნის შიგნით ღვინის საკითხების კოორდინაცია” დაავალა, პოლიტიკური ოპონენტების ირონიულ შენიშვნებზე ჟურნალისტებთან საუბრისას მისთვის ჩვეული მანერით რეაგირებდა:

”თქვენ თვითონ ხვდებით, მე მგონი, რომ თქვენი კითხვა არის ზედმეტად უაზრო. არა?! გეუბნებით, რომ ოპოზიციამ თავისი პოზიცია დააფიქსიროს, სადაც უნდა. არ ვარ ვალდებული, მათ დასკვნებზე ვაკეთო კომენტარები.”

მაშინ, ბუნებრივია, არავინ იცოდა, რომ ერთ დღეს ზურაბ ნოღაიდელი ოპოზიციას საკუთარ თავს დაარქმევდა. ნოღაიდელის შემდეგ, ანუ თითქმის 3 წლის განმავლობაში, საქართველოში პრემიერ-მინისტრი სამჯერ შეიცვალა. შარშან იანვარში, ამჟამინდელი პრემიერის წარდგენისას, პრეზიდენტმა ნიკა გილაურის დაწინაურების მიზეზად ფინანსთა, უფრო ადრე კი - ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე მისი წარმატებული მუშაობა დაასახელა:

”დღეს რომ საქართველოს ქალაქებში და სოფლებში ხალხი უყურებს ტელევიზორს და შუქი რომ ანთია, ეს არის პირდაპირი დამსახურება ნიკა გილაურის. როგორც იყო ადრე ილიჩის ნათურა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის გილაურის ნათურა”.

ნიკა გილაურის პრემიერ-მინისტრობის პერიოდი საქართველოში არცთუ გავრცელებული სამთავრობო პრაქტიკით აღინიშნა. პრემიერმა თავისი კაბინეტის ერთ-ერთ წევრს მუშაობა საჯაროდ დაუწუნა და საკადრო გადაწყვეტილება გამოაცხადა:

”უკმაყოფილო ვარ ეკონომიკის სამინისტროს და ეკონომიკის მინისტრის მუშაობით და მინდა ვთქვა, რომ მას მოუწევს თანამდებობის დატოვება.”

საჯარო განცხადებები ამით არ დასრულებულა, რადგან ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებულმა ლაშა ჟვანიამ ბრიფინგი მოიწვია და ნიკა გილაურს სუსტი პრემიერ-მინისტრი უწოდა:

”როდესაც მე ვამბობ, რომ ბატონი გილაური გახლავთ სუსტი პრემიერ-მინისტრი, ვგულისხმობ იმას, რომ მან არ იცის მართვის და მენეჯმენტის ელემენტარული პრინციპები - ის, რომ წაღი უნდა გააკეთოს მეწაღემ.”

ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტზე ელჩმა შეცვალა. მინისტრად დასანიშნად ესპანეთიდან ზურაბ პოლოლიკაშვილი გამოიწვიეს. როგორც მაშინ პრეზიდენტი ამბობდა: ”ზურაბ პოლოლიკაშვილი არის ძალიან, ძალიან წარმატებული კანდიდატურა და მინდა სხვა ელჩების და საგარეო საქმეთა მინისტრის გასაგონად ვთქვა, რომ ეს არის, ინვესტიციების მოზიდვის და ბიზნეს-კონტაქტების თვალსაზრისით, ყველაზე წარმატებული საქართველოს ელჩი.”

ყველაზე წარმატებულმა ელჩმა ეკონომიკური განვითარების მინისტრად ათ თვეს იმუშავა. მისი შეცვლის და კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა ამ დღეებში, ზოგადად, ასე ახსნა:

”მთავრობა, რომელიც ეფუძნება კადრების სტაბილურობას, ასევე ეფუძნება რეზულტატით შეფასებას ადამიანების. თუ ადამიანი რეზულტატს კონკრეტული მიმართულებით ვერ აღწევს, ის აუცილებლად გადასროლილი უნდა იყოს სხვა მიმართულებაზე. და მეორე, ეს არის მთავრობა, რომელიც ეფუძნება მუდმივ განახლებას და მუდმივად, თუნდაც მცირე დოზებით, ახალი სისხლის შეშვებას და შეშხაპუნებას.”

ახალი სისხლის შეშხაპუნების პროცესში მოჰყვა ვერა ქობალია, რომელიც, წინამორბედებისგან განსხვავებით, უკვე არა ეკონომიკური განვითარების, არამედ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრია და თავის ერთ-ერთ ღირსებად მენეჯმენტის კარგად ცოდნას მიიჩნევს. სხვათა შორის, საქართველოს მთავრობაში მინისტრების დანიშვნისას იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კანდიდატებს კარგ მენეჯერებად მოიხსენიებდნენ. მსგავსი შეფასება სრულიად გაუგებარია სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ნათელა სახოკიასთვის:

”არ ხმარობენ, მაგალითად, დასავლეთში მინისტრის დასახასიათებლად სიტყვა „მენეჯერს“. ამბობენ „პოლიტიკოსს“. მინისტრი პოლიტიკოსია. ეს სხვა პროფესიაა, მენეჯერი - სხვა. ეს ძალიან არასწორია და მოგონილია, რათა დამალო, რომ მან ეს დარგი აბსოლუტურად არ იცის.”

ნათელა სახოკია ამბობს, რომ მინისტრი უნდა იყოს პოლიტიკოსი, რომელმაც სოციალური მიზნებიც კარგად იცის და თანამშრომლებისთვის ამ მიზნების კარგად გაცნობაც. თავის მხრივ, თანამშრომლებმა, ანუ საჯარო მოხელეებმა, კარგად უნდა იცოდნენ მიზნების მისაღწევად პოლიტიკის წარმოება და ისიც, თუ როგორ უნდა აუხსნა საზოგადოებას, რას აკეთებ და რატომ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG