Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 7 ივლისი 2010


”ნეიტრალური ალტერნატივა” - ამ სათაურით ”24 საათში” წაიკითხავთ სტატიას ”ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის გეგმის” ერთ დეტალზე. ავტორის აზრით, ამ გეგმის მიხედვით, ”აფხაზებსა და ოსებს (უფრო აფხაზებს) დიდი ხნის ოცნება აუხდებათ და, რუსეთი-ნიკარაგუა-ვენესუელა-ნაურუს გარდა, დანარჩენ მსოფლიოშიც თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცემათ. რამდენიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკური სიკეთის შეთავაზებასთან ერთად საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის ნეიტრალური მოწმობისა და სამოგზაურო დოკუმენტის გაცემაზე”, - წერს ”24 საათის” ავტორი.

”ფრთხილად!!! - შავი ზღვის სანაპირო ზოლზე რადიაციული ფონი მომატებულია, წყალი - დაბინძურებული!” - ეს ”ვერსიის” სათაურია”. ტექსტში წაიკითხავთ: ”2010 წელს საქართველოში დაახლოებით იგივე ხდება, რაც 1986 წელს ჩერნობილის კატასტროფის დროს მოხდა - მოსახლეობას რაღაცას უმალავენ. ჩვენთან საუბრისას, ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარე, გარემოს დაცვის ექს-მინისტრი ნინო ჩხობაძე იხსენებს, რომ მაშინ ეს ”რაღაც” თერჯოლის ტყეებში დაფიქსირებული ნარჩენი ფონი იყო, დღეს კი სავალალო შედეგებს ვიმკით: ”კატასტროფის შედეგებზე საუბარი 1990 წელს დაიწყეს. მაშინ საქართველომ ორი ტალღა მიიღო - აფეთქებისა და შემდეგ მისი ცირკულაციის შედეგად. შემთხვევიდან უკვე 20 წელზე მეტია გასული და ახლა ზუსტად ის პერიოდი დგას, როცა მან თავისი შედეგები მომავალ თაობაზე უნდა გამოავლინოს. თუმცა ექიმები ამ კორელაციას ხაზს არასდროს უსვამენ. როგორც ვხვდები, ბოლომდე კვლევებიც არაა ჩატარებული. არადა, ფაქტია, აფხაზეთი, აჭარა და კოლხეთის დაბლობი სერიოზულად დაზარალდა”, - ეუბნება ნინო ჩხობაძე ”ვერსიის” კორესპონდენტს.

”ახალი თაობის” პირველ გვერდზე მთავარი ადგილი ეთმობა სათაურ-შეკითხვას - ”გიორგი თარგამაძე და ირაკლი ალასანია ერთიანდებიან?!”. სტატიაში წაიკითხავთ: ”წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ ირაკლი ალასანია და გიორგი თარგამაძე ერთ პოლიტიკურ ორბიტაზე იქნებიან. საკუთარი თამაშის წესებს უკარნახებს გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრს ნინო ბურჯანაძე, თუმცა ეს გაერთიანება მაინცდამაინც დიდი არ იქნება. ქუჩის აქციების ორგანიზებას, სავარაუდოდ, ისევ შეეცდება ლევან გაჩეჩილაძე. ის ამ კუთხით მოლაპარაკებას რამდენიმე ადამიანთან აწარმოებს, რომელთა შორის არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ქიბარ ხალვაში და რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი”, - წერს ”ახალი თაობა”.

ოპოზიციის ამბებზე ”რეზონანსშიც” წაიკითხავთ. ლეიბორისტუილ პარტიის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე ირაკლი ალასანიას ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარების გამო აკრიტიკებს და ამბობს: ”პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გახედნილი პოლიტიკური ყურისთვის ალასანიას განცხადება ძალიან საყურადღებოა. გამოდის, რომ მარიონეტულ ხელისუფლებას აშშ-ის მხრიდან 2013 წლამდე არ ემუქრება პოსტის დატოვება, მოდელირებულ ოპოზიციას უნდა ვუთხრა, რომ ქართველი ხალხი და ნამდვილი ოპოზიცია ამას არ დაუშვებს. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად დავუბრუნებთ ამ ქვეყანას წართმეულ სუვერენულ უფლებას, რომ თავად აირჩიონ თავისი ხელისუფლება და თავად მოაგვარონ ყველა პრობლემა ამ ქვეყანაში”, - აცხადებს ნესტან კირთაძე. ”რეზონანსში” მის განცხადებაზე კომენტარს ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძე აკეთებს: ”ძალიან არასერიოზულია, როდესაც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი გამოდის და ასეთ რამეს ამბობს.” ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა არის ალასანიას მიმართ ოპოზიციონერთა კრიტიკის მიზეზი, ზურაბ აბაშიძე პასუხობს: ”იმიტომ რომ ალასანია, ყველამ იცის, რომ შედეგეს მოიტანს და ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან... იმიტომ რომ ყველა ხედავს, ჩვენ გვაქვს ამ ხელისუფლების შეცვლის რესურსი. უკვე მივეჩვიეთ მსგავს დამოკიდებულებას.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG