Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში


რეზოლუციის პროექტი, რომელიც 8 ივლისს ოსლოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგების არაერთ მნიშვნელოვან ასპექტს უკავშირდება, თუმცა უმთავრეს მიზანს მაინც დევნილებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში ღირსეულად დაბრუნების ხელშეწყობა წარმოადგენს. ეკონომიკური საკითხების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოპირობების კომიტეტის სხდომებზე გატანილ პროექტს რუსეთის დელეგაციის უხეში წინააღმდეგობა შეხვდა. რუსი დეპუტატების ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო რეზოლუციის პროექტის ტექსტიდან ერთადერთი, კრემლისთვის პოლიტიკურად მიუღებელი, სიტყვის ამოღებისკენ.

სიტყვა, რომელმაც რეზოლუციის პროექტში რუსეთის დელეგაცია ასე გააღიზიანა, გახლავთ ინგლისური სიტყვა ”ინთენალ” (internal), ანუ შიდა. გაღიზიანების მთავარ მიზეზს კი ის წარმოადგენს, რომ ეს სიტყვა პროექტში დევნილების მისამართით არის გამოყენებული. როდესაც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილები შიდა მიგრანტებად მოიხსენიებიან, საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს უსვამს ხაზს. ეს კი ის საკითხია, რომელთან წინააღმდეგობის გამოც, კრემლი მზად არის სრულიად დაივიწყოს დევნილებსა და ლტოლვილებზე ზრუნვის არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები. ეს 8 ივლისსაც გამოჩნდა, თუმცა ვიდრე კრემლის წინააღმდეგობის თემას განვაგრძობდეთ, ვთქვათ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო მოსმენაზე განხილული რეზოლუციის პროექტი მიზნად ისახავს სწორედ დევნილებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების ხელშეწყობას. ის, რომ პროექტის სათაურში საქართველო არ არის ნახსენები, მხარდამჭერების აზრით, იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემის განზოგადებას უწყობს ხელს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ შინ დაბრუნება ყველა ადამიანის უფლებაა, ეროვნებისა თუ წარმოშობის მიუხედავად.

თუმცა უნდა ითქვას, რომ რეზოლუციის ტექსტი, რომელიც ინიცირებულია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საპატიო პრეზიდენტისა და ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში, შვედი პარლამენტარის გორან ლენმარკერის მიერ, აქცენტებს სწორედ საქართველოსთან კონტექსტში სვამს. ტექსტში ნათქვამია, რომ აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს საქართველოს შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ იძულებით გახიზნული ადამიანები და რომ ამისთვის ყველა გზა უნდა გამოინახოს. აქცენტები გასული საუკუნის 90-იანი წლების ომების შედეგად წარმოშობილ დევნილებზეც კეთდება. ამავე პროექტში შეხსენებულია ვალდებულებები, რომლებიც მხარეებს 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ხელმოწერილი შეთანხმებების მიხედვით ეკისრებათ.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი, რომელიც ასევე გამოვიდა სიტყვით 8 ივლისს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას რეზოლუციის პროექტიდან კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს გამოყოფს:

”ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში პრაქტიკულად არასდროს ყოფილა აქცენტი გაკეთებული ეთნოწმენდაზე. არა მხოლოდ რეზოლუციაში, არამედ თავის გამოსვლაშიც ბატონმა ლენმარკერმა ამ საკითხით დაიწყო - მიუღებლობა ეთნოწმენდის, დაუშვებლობა ეთნოწმენდის და ვალდებულება იმის გამოსწორების, რაც მოჰყვა ეთნოწმენდას...”

როგორც ჩანს, რეზოლუციის პროექტით გათვალისწინებული ამ და სხვა ფორმულირებების საკუთარ თავზე მიღება რუსეთის დელეგაციამ არ ისურვა და ყურადღება, როგორც დასაწყისში მოგახსენებდით, მხოლოდ ერთ კონკრეტულ სიტყვაზე გაამახვილა. მაგალითად, რუსი დეპუტატი კოზლოვსკი დაჟინებით მოითხოვდა გორან ლენმარკერისგან, რომ დევნილებთან მიმართებით ტექსტიდან ამოღებულიყო ერთადერთი სიტყვა - ”შიდა” და, ასეთ შემთხვევაში, პროექტის ტექსტის დარჩენილ ნაწილს ის ”ასი, და თუ გნებავთ, 200 პროცენტით” დაუჭერდა მხარს.

რუს დეპუტატ კოზლოვსკის ჩანაფიქრს ადვილად მიუხვდა პროექტის ინიციატორი გორან ლენმარკერი და მას ყველაფერი, ასე ვთქვათ, შინაურულად განუმარტა:

”კარგით რა, ბატონო კოზლოვსკი, რა თქმა უნდა, ისინი დევნილები, შიდა მიგრანტები არიან... ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ... თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან საქართველოში გადასულ პირებს შიდა მიგრანტებს იმიტომ ვეძახით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ თქვენ მიერ აღიარებული ამ ორი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას... მაგრამ, როგორც არ უნდა განვსაზღვროთ ეს, საქმე გვაქვს ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ ხალხთან... ამ ფორმულირებაში ასევე შეიძლება იგულისხმებოდეს ადამიანი, რომელიც, მაგალითად, იმავე სამხრეთ ოსეთში ერთი სოფლიდან მეორეში გადასახლდა იძულებით. ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა ვიკამათოთ და უთანხმოება არ უნდა ვეძებოთ. ჩემი მიზანი იყო მეპოვა ფორმულირება, რომელიც გაგვაერთიანებდა.”

გორან ლენმარკერი დევნილების პრობლემის პოლიტიკური მარწუხებიდან გათავისუფლებას ცდილობდა და განუმარტავდა რუსეთის დელეგაციას, რომ როდესაც ადამიანების შინ დაბრუნების უფლებაზეა საუბარი, მნიშვნელობა არ აქვს ვისი ბრალით გაჩაღდა ესა თუ ის კონფლიქტი - მხარეებმა შესაძლოა ერთმანეთი უსაშველოდ დაადანაშაულონ, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მშვიდობიანი ადამიანების შინ დაბრუნების პროცესს.

საქართველოს დელეგაციის შთაბეჭდილებით, ლენმარკერის გამოსვლა გაჯერებული იყო ფაქტებითა და არგუმენტებით, რომელთა უტყუარობაში ის თავად დარწმუნდა საქართველოში სტუმრობის დროს მიმდინარე წლის მარტში. ლენმარკერთან ერთად იმ დროს თბილისში შეხვედრებს ასევე მართავდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟოაო სოარეში და სწორედ მან გაახმაურა 9 მარტს დევნილების თემასთან დაკავშირებული რეზოლუციის ოსლოში განხილვის პერსპექტივები და სწორედ ასე მოხდა კიდეც.

რუსეთის მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად, 8 ივლისს, საბოლოო ჯამში, რეზოლუციის ინიციატორის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საპატიო პრეზიდენტის გორან ლენმარკერის ავტორიტეტმა გაჭრა და კომიტეტმა პროექტი მიიღო. შემდგომი ეტაპია რეზოლუციის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანა და მისი დამტკიცება, როგორც ამას თბილისი იმედოვნებს. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად გაითვალისწინებს დაკისრებულ ახალ ვალდებულებებს მოსკოვი, რომელიც, როგორც წესი, უგულებელყოფს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოსთან მიმართებით მისთვის დაკისრებულ ყველანაირ ვალდებულებას და რომლის ძალისხმევის შედეგადაც უკვე ერთ წელიწადზე მეტია, რაც ეუთოს მისიას საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობა სრულიად აეკრძალა. რადგანაც გადაწყვეტილებები ამ ორგანიზაციაში მხოლოდ კონსენსუსის გზით მიიღწევა, რუსეთის უარის გამო, ეუთოს მისია, მრავალნაირი მცდელობის მიუხედავად, საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG