Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატია საბრძოლო იარაღის სანაცვლოდ


2008 წლის 24 აგვისტო. აშშ-ის სამხედრო ხომალდი "მაკფოლი" ბათუმის პორტს უახლოვდება
2008 წლის 24 აგვისტო. აშშ-ის სამხედრო ხომალდი "მაკფოლი" ბათუმის პორტს უახლოვდება
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ისე დატოვა თბილისი, რომ პასუხი არ გაუცია ერთ-ერთ ყველაზე არსებით შეკითხვაზე: დაუწესა თუ არა ვაშინგტონმა შეზღუდვა საბრძოლო იარაღის შესყიდვაზე საქართველოს, რომელთანაც 2009 წელს „სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია“ გააფორმა. თუმცა საქართველოში იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონიდან მიიღებენ ისეთ დახმარებას, რომელიც ყოველგვარ თავდაცვით იარაღზე მეტია.

საქართველოში რეალური ამერიკული სამხედრო-ტექნიკური დახმარების შესახებ ბოლო ინფორმაცია გასული წლის 23 დეკემბრით არის დათარიღებული. საუბარია სანაპირო დაცვის რადარზე გონიოში - პროექტზე, რომლის განხორციელებაც შეერთებული შტატების შესაბამისმა უწყებამ 3 წლის წინ დაიწყო.

რადარი საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთი კომპონენტია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გენერალი ზაზა გოგავა ჩვენთან საუბარში განმარტავდა, რომ მსგავსი რადარი მნიშვნელოვნად გაზრდიდა სანაპირო დაცვის ძალების თავდაცვისუნარიანობას:
ზაზა გოგავა

„სანაპირო დაცვის ახალი ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვა და ერთ-ერთი მიმართულება არის რადარები, რომელიც სანაპირო დაცვას და მის სამსახურებს ეხმარება გააკონტროლოს ტერიტორიული წყლები, უზრუნველყოს უსაფრთხოების უფრო მაღალი ხარისხი და მოგვაწოდოს ყოვლისმომცველი ინფორმაცია, თუ რა ხდება ჩვენს მოსაზღვრე ტერიტორიულ წყლებში, როგორია მცურავი საშუალებების გადაადგილება და ასე შემდეგ. აქამდე გვქონდა რამდენიმე ასეთი რადარი, ახლა დაემატა გონიოს რადარი, რომელიც შეავსებს იმ “შავ ხვრელებს”, რომლებიც არსებობდა ჩვენს ტერიტორიულ წყლებში.“

რამდენიმე, უფრო ზუსტად, კიდევ ორი რადარი ამერიკელმა სპეციალისტებმა რუსეთ-საქართველოს ომამდე დაამონტაჟეს ფოთსა და ანაკლიაში. მათი წყალობით ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევით მოცურავე 230 გემი დააკავეს. მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო შეერთებული შტატებისაგან სხვა, გაცილებით უფრო ეფექტური თავდაცითი იარაღის - ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო-თავდაცვითი სისტემების - მიღებას ელოდა. ამ დახმარების მოლოდინში გავიდა 2008 წელი. ომის შემდეგ საქართველოში ზედიზედ ჩამოსული რამდენიმე სამხედრო დელეგაცია სწავლობდა შეიარაღებული ძალების არსებულ მდგომარეობას, მის ძლიერ და სუსტ მხარეებს და მინიშნებით საუბრობდა იმ დახმარებაზე, რასაც შეერთებული შტატები გაუწევდა რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებულ საქართველოს არმიას. 2009 წლის დასაწყისში ხელმოწერილმა „სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიამ“ საქართველოს ხელისუფლებას გაუძლიერა სერიოზული სამხედრო დახმარების მიღების იმედი. მით უფრო, რომ „ქარტიის“ ხელმოწერიდან მალე საქართველოში ჩამოვიდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯეიმს კარტრაიტი, რომელმაც ურთიერთობის ცენტრალურ ასპექტად დაასახელა ქართული ქვედანაყოფების გაწვრთნა, თუმცა დასძინა: „ბევრს ვიმუშავებთ იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ და, როგორც პარტნიორები, ვითანამშრომლებთ აუცილებელ აღჭურვაზეცო."
ჯეიმს კარტრაიტი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი ერთობლივ ბრიფინგზე. თბილისი, 2009 წლის 30 მარტი.

თუმცა 2009 წლის ივლისის მიწურულს მოლოდინებს წერტილი დაესვა. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ ალექსანდერ ვერშბოუმ რუსეთში ვიზიტისას განაცხადა, „საქართველოს სამხედრო დახმარებისათვის გამოყოფილი 100 მილიონი დოლარი პენტაგონმა ჰუმანიტარული მიზნებისათვის სახელმწიფო დეპარტამენტს უკან დაუბრუნაო.“

მაგრამ რა უნდა იყოს ოკუპირებული ქვეყნისათვის იმაზე მეტად მნიშვნელოვანი „ჰუმანიტარული დახმარება“, ვიდრე თავდაცვითი შეიარაღებაა? - გულწრფელად იკითხავს ბევრი.

მაგრამ შეერთებულ შტატებს, რომელმაც გასულ კვირაში კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ოკუპანტი უწოდა რუსეთს სხვადასხვა ბრუნვაში, ამ საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა აქვს:

„საქართველომ უნდა აირჩიოს თავისი მომავალი, მაგრამ, ვფიქრობ, ქართველებმაც შეიძლება ერთდროულად ორი საქმე აკეთონ - დაიცვან საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, წინ აღუდგნენ რუსებს, ოღონდ პროვოკაციების გარეშე, და, პარალელურად, ეცადონ განავითარონ დემოკრატია, ეკონომიკა, რაც ქართველი ხალხისთვის დიდი შანსი იქნება”, - განაცხადა გასულ კვირაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.

თბილისიდან გამგზავრების წინ კლინტონი ოპოზიციის წევრებს დაჰპირდა, რომ სულ მოკლე ხანში „საქართველოსკენ სოლიდური დახმარება წამოვა დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.“ აქედან ორი ვარაუდის დაშვება შეიძლება:
ჰილარი კლინტონი და მიხეილ სააკაშვილი ძველ თბილისში გასეირნებისას, 2010 წლის 5 ივლისი
საქართველოში დემოკრატიიისა და ეკონომიკის გაძლიერების პარალელურად, ვაშინგტონი იმუშავებს მოსკოვის ნეგატიური დიპლომატიური ზემოქმედების გასანეიტრალებლად, საქართველოს შემდგომი დეოკუპაციის ჩათვლით. და, ბოლოს და ბოლოს, ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, დემოკრატიის დახმარების სარჩულით, საქართველომ თავდაცვითი სამხედრო იარაღიც მიიღოს შეერთებული შტატებისაგან, რომელმაც 2008 წლამდე საქართველოში არაერთი სამხედრო-ტექნიკური და, მათ შორის, ყველაზე გახმაურებული „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა განახორციელა, მით უფრო, რომ სხვა უფრო პესიმისტური ვარაუდები ამ საკითხზე თავად ჰილარი კლინტონმა, როგორც ზემოთ ვთქვით, უპასუხოდ დატოვა. ერთი გამოთქმის პერიფრაზს თუ მივმართავთ, შეუძლებელია საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს არ ესმოდეს, რომ ყოველგვარი დემოკრატია მაშინ ღირს რამედ, თუკი მას საკუთარი თავის დაცვა შეუძლია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG