Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”შინისაკენ და უკან”


გოგი ოქროპირიძე, ვენაში მცხოვრები ქართველი მხატვრი
გოგი ოქროპირიძე, ვენაში მცხოვრები ქართველი მხატვრი
ვენაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, გოგი ოქროპირიძის სახელი კარგადაა ცნობილი რადიო თავისუფლების მსმენელისთვის. გოგი კარგა ხანია უკვე სათავეში უდგას გაერთიანება "კულტურშმიდეს", რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ევროპაში ქართული კულტურის პროპაგანდაა. ”კულტურშმიდე” ქართულად ”კულტურის სამჭედლოს” ნიშნავს. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს რაღაც ბანალური სახელწოდებაა - ”სამჭედლო”, გაცვეთილი ტერმინი, რომელსაც ხშირად უადგილოდ ხმარობენ ხოლმე ჩვენში. ამ შემთხვევაში სახელი ძალიანაც გამართლებულია - ჯერ ერთი, გოგი ოქროპირიძე თავად ლითონზე მომუშავე მოქანდაკე და რესტავრატორია.. და მეორეც - მთავარი - ”კულტურის სამჭედლო” გულისხმობს სივრცეს, სადაც ადამიანები იდეებს გაცვლიან, ერთად იმუშავებენ. არა მარტო ”რკინას გააცოცხლებენ”, არამედ გააცოცხლებენ კულტურას, რომელსაც შეზღუდული სივრცე განვითარებაში უშლის ხელს.

”შინისაკენ და უკან” - ასე დაარქვა გოგი ოქროპირიძემ ექსპოზიციას, რომელიც კიდევ ორ ქართველ მხატვართან, ვახო ბუღაძესა და გურამ წიბახაშვილთან ერთად მოაწყო ”ქარვასლაში”.. გამოფენა 8 ივლისს გაიხსნა, შუადღისას, აუტანელ სიცხეში, შენობაში, რომელიც ნახევრად ხარაჩოებშია, კონდიციონერისა და ვენტილაციის გარეშეა დარჩენილი. ”ქარვასლის” საგამოფენო დარბაზის კურატორს, ლიკა მამაცაშვილს ვკითხეთ კიდეც, გამოფენის კონცეფცია ხომ არ არის შუა ზაფხულში მისი მოწყობა?..არაო, გვითხრა ქალბატონმა ლიკამ.. დიდი ხანია გოგი ოქროპირიძე ემზადება ამ გამოფენისთვის და მხოლოდ ახლა მოხერხდა მისი გახსნაო.. უმთავრესი მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ თბილისში სამხატვრო დარბაზების უმრავლესობა სუფთა კომერციაზეა გადასული, ”შინისაკენ და უკან” კი არაკომერციული, მე ვიტყოდი, ”პრინციპულად არაკომერციული” გამოფენაა - ერთ მხარეს გოგი ოქროპირიძის ინსტალაციაა მწვანე ბალახი, რომელზეც ყრია ლითონის თვითმფრინავები - უფრო სწორად, ქაღალდის თვითმფრინავების ”აღმნიშვნელი” ლითონის თვითმფრინავები, და მეორე მხარეს - ვახო ბუღაძის კედელზე დაკიდებული 5 ფერწერული ტილო, სერია ”ღრუბლები”, და გურამ წიბახაშვილის სერია ”ზღვა”.. ჩვენთან საუბარში გოგი ოქროპირიძემაც დაადასტურა, რომ თბილისში სულ უფრო მეტად ჭირს სივრცის მიგნება არაკომერციული პროექტებისთვის.

სივრცე მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენეს..მაგრამ ის მაინც მაქსიმალურად აითვისეს, რისი ათვისებაც შესაძლებელი იყო. დამთვალიერებელი შეჰყურებდა მწვანე ბალახს, მაგრამ ზედ გავლას ვერ ბედავდა. ესეც გამოუცდელობიდან მოდის ალბათ - ჩვენში ხომ იშვიათად ეწყობა კონცეპტუალური ტიპის გამოფენები და, საერთოდ, იშვიათია ექსპოზიცია, რომლის მთავარი პრინციპი კომუნიკაციაა - კომუნიკაცია დამთვალიერებელსა და ექსპონატებს შორის და, ამ შემთხვევაში, კომუნიკაცია თავად მხატვრებს შორის - უფრო სწორად, მოქანდაკეს, ფერმწერსა და ფოტოხელოვანს შორის.

სივრცის გახსნა ამ შემთხვევაში ექსპოზიციის შინაარსშიც გამოიხატა - ქაღალდის თვითმფრინავები, ზღვა და ღრუბლები.. მოძრაობს ყველაფერი!.. სხვათა შორის, მაყურებელიც იძულებულია გარკვეული ”ტრაექტორია” მოხაზოს ექსპოზიციის დასათვალიერებლად - ბალახის სივრცე კედლითაა იზოლირებული: უნდა ”შეხვიდე”, მერე გამოხვიდე და სხვა სივრცეში მოხვდე. გოგი ოქროპირიძეს ვკითხეთ, წინასწარ ჰქონდა გააზრებული ექსპოზიციის სივრცითი კონცეფცია, თუ მუშაობის დროს ”სამჭედლომ” გადაწყვიტა.

”უკვე დაგეგმილი მქონდა ამ თვითმფრინავებს როცა ვაკეთებდი. ვახოს სურათი მქონდა ნანახი, ”ცა”, და ვთხოვე, რომ ცოტა განევრცო და მოამზადა ეს 5 ტილო. გურამს ჰქონდა სერია ”ზღვა”, მოვუყევი, რომ მე და ვახო ვაპირებთ ამ პროექტის განხორციელებას - ძალიან გაუხარდა”, - გვიპასუხა გოგიმ.

თავად ეს ექსპოზიცია ნაწილია დიდი პროექტი-სერიისა, რომელსაც გოგი ოქროპირიძე დიდი ხანია ახორციელებს. გოგიმ გვიამბო, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი:

”მგონი, 99 წელი იყო, როცა, დიდი ხნის პაუზის მერე, მომიწია თბილისში ყოფნა. მაშინდელ ჩემს ემოციებზე, შთაბეჭდილებებზე აეწყო ჩემი პირველი გამოფენა, რომელიც ვენაში გავაკეთე. ნიკა იყო მაშინ მემანიშვილი ვენაში, მუსიკა დაწერა და დისკიც გამოვუშვით.”

მუსიკას ჩვენთან საუბარში ხშირად ახსენებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოფენისთვის მუსიკალური ფონი თუ, უბრალოდ, ფონია განწყობის შესაქმნელად? - ვკითხეთ გოგი ოქროპირიძეს. მნიშვნელოვანიაო, გვითხრა და გაგვახსენა, ვინ უკრავდა იმ დღეს, ექსპოზიციის გახსნაზე.

რეზო კიკნაძე რას დაუკრავს, გოგი ოქროპირიძემ წინასწარ იცის. თუმცა ისიც იცის, რომ გერმანიის ქალაქ ლიუბეკში მცხოვრები ქართველი კომპოზიტორი და შემსრულებელი რეზო კიკნაძე იმპროვიზაციის ოსტატია და ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სივრცეს და პუბლიკას.. ივლისის ძალიან ცხელ დღეს ”ქარვასლაში”, სამი ქართველი მხატვრის გამოფენის გახსნაზე ბევრი ხალხი არ იყო, მაგრამ, სხვა თბილისური ვერნისაჟებისგან განსხვავებით, არც შემთხვევითი ხალხი მოსულა. მუსიკაც შესაბამისი მოვისმინეთ.

და, რაც მთავარია, გამოფენის სახელწოდება - ”შინისაკენ და უკან”... რას ნიშნავს ეს? ევროპაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ”შინისაკენ” მიმავალ გზაზე სივრცის გარღვევაზე ფიქრობს და, ამავე დროს, იცის, რომ უკან დაბრუნება მოუწევს? ”შინისაკენ მიმავალი გზა” სწორედაც რომ ”უკან დაბრუნება” არაა?.. ეს კითხვები გოგი ოქროპირიძისთვის არ დაგვისვამს.. ამ კითხვებზე ყველა, ვინც დაათვალიერებს ”ქარვასლაში” გახსნილ ამ გამოფენას, განსხვავებულად უპასუხებს. ამიტომაცაა კარგი გამოფენა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG