Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილ-ლუკაშენკას საიდუმლო შეხვედრის ასპექტები


ალექსანდრ ლუკაშენკა, ბელორუსიის პრეზიდენტი (მარჯვნივ) და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
ალექსანდრ ლუკაშენკა, ბელორუსიის პრეზიდენტი (მარჯვნივ) და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
13 ივლისს საქართველოს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია საქართველოსა და ბელორუსიის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ, რომელზეც მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს.

მიხეილ სააკაშვილსა და ალექსანდრ ლუკაშენკას შორის შეხვედრა დაუგეგმავი იყო, არ გაფორმებულა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი და ატარებდა არაფორმალურ ხასიათს. როგორც რადიო თავისუფლებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უთხრეს, ყირიმში, სადაც შეხვედრა 12 ივლისს გაიმართა, ალექსანდრ ლუკაშენკა დასასვენებლად იმყოფება. პოლიტიკოსებს შორის ასეთ არაფორმალურ შეხვედრებს დიპლომატიის პრაქტიკაში გავრცელებულს უწოდებს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი თენგიზ ფხალაძე, რომლისთვისაც ბელორუსიისა და საქართველოს პრეზიდენტების უკრაინის ტერიტორიაზე შეხვედრა სიურპრიზი არ ყოფილა რამდენიმე მიზეზის გამო:

„აქ არის რამდენიმე ფაქტორი, დაწყებული იმ ყბადაღებული თემებით, რასაც ჰქვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თემა, რაც უნდა დაიბლოკოს და რაც უნდა შეჩერდეს და ამაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბელორუსიისა და უკრაინის პოზიციას. გარდა ამისა, ეს ორი სახელმწიფო იმყოფება, გარკვეულწილად, დიდი წნეხის ქვეშ რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ნუ, ბელორუსიასთან ნათელია ყველაფერი: გაზის კონფლიქტი, ფასების აწევა და ასე შემდეგ.“

ყირიმის შეხვედრა არც ბელორუსიაში გაჰკვირვებიათ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულია საქართველოსა და ბელორუსიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფასეულობები. შეერთებულ შტატებში განათლებამიღებული, პროდასავლური იმიჯის მქონე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სრული ანტიპოდია მისი ბელორუსი კოლეგისა, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები პერსონა ნონ-გრატად მიიჩნევენ ქვეყანაში გამეფებული დიქტატორული რეჟიმის, მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო. თანაც, 2006 წლამდე ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს ხელისუფლება ღიად უჭერდა მხარს პრეზიდენტ ლუკაშენკას ოპოზიციას. რადიო თავისუფლების ბელორუსიის სამსახურის კორესპონდენტი სიარჰეი შუპა იხსენებს, რომ ბელორუსიასა და საქართველოს შორის დაძაბულობა 2007 წლამდე გრძელდებოდა. თუმცა მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლება გამუდმებით ეძებს მინსკთან დაახლოების გზებსო, - ამბობს შუპა:

„ჩვენ გვახოვს, რომ სადღაც 2007 წელს იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთგვარი ნახევრად გასაიდუმლოებული ვიზიტი მინსკში და უცნობია, თუ რაზე მოილაპარაკეს მათ (მერაბიშვილმა და ლუკაშენკამ) ერთმანეთთან. და მაშინ მიაქციეს პირველად ყურადღება იმას, რომ ეს რაღაცნაირად არაბუნებრივია - პრორუსული პრეზიდენტი და პროდასავლური საქართველოს წარმომადგენელი. მერე იყო 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტი და მთელი ეს გაუგებრობები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება-არაღიარების თაობაზე. და მაშინ გახდა ცხადი, რომ ლუკაშენკამ ჯიბეში ჩაიდო რამდენიმე მსხვილი ბანქო რუსეთთან შესაძლო პოლიტიკური თამაშისათვის. რადგან საქართველო, ბევრწილად, არის რუსეთის თავის ტკივილი, ლუკაშენკა ხედავს, რომ მას შეუძლია ითამაშოს რუსეთისა და დასავლეთის წინააღმდეგობაზე საქართველოს ირგვლივ. და ამიტომაც საქართველოსთან განსაკუთრებული კონტაქტები, რომელიც არსად აფიშირდება და არავინ იცის, თუ რა ხდება სინამდვილეში სააკაშვილსა და ლუკაშენკას შორის ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, აძლევს მას (ლუკაშენკას) შანსს ითამაშოს თამაში, რომლის შემდგომ სვლებსაც ვერავინ განჭვრეტს.“

ლუკაშენკას გათვლა გასაგებია, მაგრამ საკითხავია, რის მოგებას ცდილობს საქართველოს ლიდერი, როდესაც გასაიდუმლოებულ შეხვედრას მართავს ბელორუსიის ლიდერთან? რა წინააღმდეგობაზე თამაშობს ამჯერად საქართველო და რამდენად რელევანტურია ასეთი პოლიტიკა საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკის მთავარ მიზანთან - გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი? საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქრისტიან-დემოკრატი ნიკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ბელორუსიის პრეზიდენტების შეხვედრა არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და აუცილებელიცაა იმ პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს:

„ საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ სტრატეგიული ქვეყნების მიმართ ჰქონდეს რაღაც ანტიპათია. ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას უზარმაზარი პრობლემა. ეს არის ტერიტორიების პრობლემა, ტერიტორიების აღიარების პრობლემა, რომელსაც რუსეთი ყოველმხრივ ხელს უწყობს. და მე ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ და, პირიქით, მივესალმები, თუკი საქართველოს ხელისუფლება გადახედავს თავის დამოკიდებულებას ამა თუ იმ ხელისუფლების მიმართ, თავის ანტიპათიებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ანტიპათიები შეიცვალოს სიმპათიებით.“

მაგრამ თუკი ასეა, თუკი, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია თანამშრომლობა ალექსანდრ ლუკაშენკასთან და მასთან არაფორმალური შეხვედრა ყირიმში, დაბადების დღეზე ჩასვლა ვიქტორ იანუკოვიჩთან, რომლის მოწინააღმდეგე იულია ტიმოშენკოსაც საქართველოს ხელისუფლება და პირადად მიხეილ სააკაშვილი ღიად უჭერდა მხარს თებერვლის სამპრეზიდენტო არჩევნებზე, მაშინ შესაძლებელია თუ არა, რომ მოკლე ხანში მოლაპარაკების მაგიდასთან ვიხილოთ სააკაშვილი და მედვედევი, ან სააკაშვილი და პუტინი? პოლიტიკაში არასოდეს უნდა თქვა „არასოდეს“, - ამბობს დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოსა და რუსეთის ფედერაციაში:

„თუმცა ახლა არანაირი მოცემულობა არ მაქვს, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ეს დავადასტურო, მაგრამ ამას არ გამოვრიცხავ. მე, მაგალითად, ასეთ რაღაცას ნორმალურად შევხედავდი, მართალი რომ გითხრათ. გააჩნია, ბუნებრივია, რაზე იქნება საუბარი, რა თემები იქნება განხილული. მაგრამ ის, რომ რაღაც ეტაპზე ეს ურთიერთობები უნდა აღდგეს, - ნუ, ეს ახლა აქსიომაა.“

29 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა "ყოველგვარი წინაპირობების გარეშე რუსეთთან ვაწარმოოთ ფართომასშტაბიანი დიალოგი ნორმალიზაციაზე“, თუმცა იქვე განმარტა, რომ „ეს ნორმალიზაცია“ გულისხმობს დევნილების დაბრუნებას, საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას და "ყველა საკითხს, რაც ეხება ორმხრივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარულ და სხვა ურთიერთობას.“

პასუხად რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, „სამხრეთ ოსეთი ზოგიერთს ოკუპირებული ჰგონია, ზოგს კი - გათავისუფლებულიო“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG