Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 14 ივლისი 2010


„დიმიტრი ლორთქიფანიძე საკუთარ პარტიას ქმნის“ - ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი ”ვერსია” საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ წევრთან, დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ახალი პარტია, ძირითადად, დაკომპლექტებული იქნება საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი სახეებით. დიმიტრი ლორთქიფანიძე ამ გადაწყვეტილების მიზეზს ასე ხსნის:

”პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში არსებულმა ადამიანურმა რესურსმა, გარკვეულწილად, თავი ამოწურა და ის ადამიანები, ვინც პოლიტიკაში მრავალი წელია იმყოფებიან, საზოგადოებაზე გამაღიზიანებლად მოქმედებენ. ეს მაშინ, როცა ნამდვილად არის საზოგადოებაში ისეთი რჩეული ნაწილიც, რომლიც დღეს თამაშგარე მდგომარეობაშია და აქვს შესაძლებლობა პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე იყოს. ვინაობას, როცა დრო დადგება, მაშინ გავამხელ”, - ამბობს ლორთქიფანიძე ”ვერსიასთან” საუბარში. მისივე თქმით, ახალი პარტია შემოდგომაზე შეიქმნება. მისი სახელწოდება იქნება ”კანონი და სამართლიანობა” და ის დაახლოებით ლეხ კაჩინსკის პარტიის ანალოგი იქნება.

”15 ათას პედაგოგს ატყუებენ?!” - ძახილისა და კითხვის ნიშნით სრულდება ”ახალი თაობის” ეს სათაური. სტატიაში საუბარი შეეხება საქართველოში მიმდინარე პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებს. ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ძალიან კარგია, რომ 15 ათასმა პედაგოგმა შეიტანა განაცხადი და გამოთქვა სურვილი გამოცდაზე გავიდეს, მაგრამ პრობლემა სხვა რამეს უკავშირდება. მისი თქმით, ამ ადამიანებს არავინ ეუბნება, რომ მათი ხელფასი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე იმ პედაგოგების, რომელთაც არ ექნებათ სერტიფიკატები. განათლების სამინისტრო მთელი ეს პერიოდი აცხადებს, რომ დანამატი იქნება, მაგრამ რეალური თანხა არავის უთქვამს, აღნიშნავს ვეფხვაძე. ის ეჭვს გამოთქვამს, რომ 15 ათასი პედაგოგი მოტყუებული დარჩება. მან უმრავლესობის წევრებს პედაგოგთა პროფკავშირის განადგურებაც მიულოცა:

”გილოცავთ, პროფკავშირები გაანადგურეთ! ეს კი იმას ნიშნავს, რომ პედაგოგები სრულიად დაუცველნი დარჩებიან, ყველა დაპირება ჰაერში დარჩება, მაგრამ ეს ყველაფერი უახლოეს არჩევნებზე წინ დაგხვდებათ”, - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

”მთავარი ნაციონალური დაპირისპირება” - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი ”რეზონანსი” ვრცელ სტატიას, სადაც საუბარია მმართველ წრეებში განხეთქილების არსებობასა და კიდევ უფრო გაღვივებაზე. როგორც პუბლიკაციის ავტორი წერს, ”თავისუფლების ინსტიტუტს”, დიმიტრი შაშკინის გარდა, ვანო მერაბიშვილიც უპირისპირდება, -ამაზე ოპოზიციაში ძალიან აქტიურად საუბრობენ. სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების მტკიცებით, ვანო მერაბიშვილსა და ”თავისუფლების ინსტიტუტის” ერთ-ერთ მთავარ ფიგურა ზურაბ ადეიშვილს შორის გავლენის სფეროების გადანაწილების გამო კონფლიქტი არ ცხრება. საპარლამენტო ოპოზიციონერის გია ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების შიგნით ცდილობენ ერთმანეთს ბიზნესინტერესები წაგლიჯონ, ”ახლების” წევრის მამუკა კაციტაძის მტკიცებით კი, ეს არა ბიზნესინტერესების, არამედ პოლიტიკური გავლენის სფეროს კონტროლისათვის არსებული ბრძოლაა.

ქართული პრესა კვლავ აქტიურად განაგრძობს წერას მაგისტრალური მილსადენის შესაძლო გასხვისების შესახებ. დღევანდელი ”24 საათი” ამ თემას მცირე სტატიით ეხმიანება. სტატიის ერთ-ერთი რესპონდენტი, ეკონომიკური ექსპერტი ლადო პაპავა, მიიჩნევს, რომ მილსადენის გასხვისების შემთხვევაში ერთადერთი დაინტერესებული მხარე რუსული ”გაზპრომი” იქნება. პაპავას თქმით, რუსეთი ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა მაგისტრალური მილსადენის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდეს:

”არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლება მოახდენს საბოლოო კაპიტულაციას რუსეთთან და რაღაცაში გაცვლის მილსადენს. ვითხოვთ, კანონში აისახოს, რომ მილსადენის საკონტროლო პაკეტს მთავრობა არ გაყიდის”, - აცხადებს პაპავა.

ამავე თემას აგრძელებს დღევანდელი ”საქართველოს რესპუბლიკა”. მემარჯვენე დავით გამყრელიძის თქმით, უნდა შევეგუოთ აზრს, რომ თუკი გაზსადენი გაიყიდება, მას უთუოდ ”გაზპრომი” იყიდის. ამ უკანასკნელთან კი მხოლოდ კანონების ენით საუბარი გაჭირდება.
XS
SM
MD
LG