Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუშნერის ვიზიტი დღეს და ორი წლის წინ


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, გორი, 2008 წლის 11 აგვისტო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, გორი, 2008 წლის 11 აგვისტო
საქართველოში ვიზიტის დროს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერს მთელი თავისი დიპლომატიური გამოცდილება დასჭირდება, რათა პასუხი გასცეს უმთავრეს შეკითხვას: რატომ არ სრულდება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შემუშავებული ევროკავშირის შეთანხმების მეხუთე პუნქტი. თუმცა ფრანგ სტუმარს ასევე ყველა უფლება აქვს განაცხადოს, რომ საფრანგეთმა ბევრი გააკეთა რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად ორი წლის წინ.

ერიკ ფურნიე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა 2008 წლის 21 აგვისტოს გორთან მოწყობილ ერთ-ერთ საგუშაგოსთან დააკავეს. ინციდენტი მალევე ამოიწურა და რუსმა ჯარისკაცებმა ელჩი გაათავისუფლეს.

თუმცა ეს უბრალო გაუგებრობა არ ყოფილა. საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრილ რუსული საოკუპაციო ჯარის სარდლობას ფრანგი დიპლომატის მიმართ „საკუთარი ანგარიში“ ჰქონდა. ერიკ ფურნიე აგვისტოს ოკუპაციის დღეებში საჩხერეში ჩავიდა და საფრანგეთის დროშა აღმართა საჩხერის სამთო-მომზადების სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე და ამით საფრანგეთის მთავრობის თანადაფინანსებით აშენებული ერთ-ერთი საუკეთესო ქართული სამხედრო ნაწილი დარბევას გადაარჩინა. 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო.

ცხადია, ეს არ არის ერთადერთი გაბედული ქმედება, რის გამოც საქართველო მადლიერი უნდა იყოს ფრანგული დიპლომატიისა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის ჩასვლას გორში 2008 წლის 11 აგვისტოს. სწორედ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნის დროს განაცხადა ბერნარ კუშნერმა, რომ საფრანგეთის შუამავლობით მზადდებოდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის უკვე შეთანხმებული ტექსტი საქართველოში მეორე დღეს, 12 აგვისტოს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ჩამოიტანა.

”მოლაპარაკებებისას ჩვენ ორჯერ დავუკავშირდით რუსეთის პრეზიდენტს. დოკუმენტი ორივე მხარეს სთავაზობს უარის თქმას ძალის გამოყენებაზე, ჰუმანიტარული კორიდორის შექმნას, საქართველოს შეიარაღებული ნაწილების დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას, ასევე რუსეთის საჯარისო ნაწილების დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას”,-
განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ 12 აგვისტოს ღამით თბილისში შემდგარ პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის შუამავლობით მიღებული ეს ხელშეკრულება, რომელსაც მოგვიანებით, 16 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმაც მოაწერა ხელი, ისტორიაში შევიდა როგორც ექვსპუნქტიანი შეთანხმება.

ამ ხელშეკრულებიდან საქართველოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დოკუმენტის მეხუთე პუნქტი, რომლის თანახმად რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნებულიყვნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. უფრო სადავო იყო ამავე პუნქტის მეორე აბზაცი, რომელიც, საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამხედრო ძალებს აკისრებდა სამშვიდობო ძალების მოვალეობას.

იმდროინდელ დისკუსიებს თუ გავიხსენებთ, საფრანგეთმა შეძლო რუსეთი დაეთანხმებინა დოკუმენტის ტექსტიდან ამოღებულიყო პუნქტი ავტონომიების სამომავლო სტატუსის შესახებ.

მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი წარმატება აღმოჩნდა. ექვსპუნქტიან ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 10 დღეში, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

„გამომდინარე შექმნილი სიტუაციიდან, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება. გავითვალისწინეთ რა ოსი და აფხაზი ერების თავისუფალი ნების გამოვლინება, ვიხელმძღვანელეთ რა გაეროს წესდებით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ 1970 წლის დეკლარაციით, რომელიც სახელმწიფოებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს ეხება, ჰელსინკის 1975 წლის დასკვნითი პაქტით, სხვა ფუძემდებლური დოკუმენტებით, მე ხელი მოვაწერე ბრძანებულებებს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე“, - განაცხადა 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა „მხარი დაეჭირათ რუსეთის გადაწყვეტილებისათვის.“

რუსეთის მიერ ცალმხრივი აღიარებიდან 2 წლის განმავლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ აღიარეს. დასავლეთის ქვეყნები და ევროკავშირი, 6 პუნქტიანი გეგმის გარანტორი, მართალია, მყარად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ევროკავშირი სულ უფრო იშვიათად ახსენებს რუსეთს შეუსრულებელ ვალდებულებას, აღიარების გაუქმებას, საოკუპაციო ჯარების 6 აგვისტოს პოზიციებზე დაბრუნებას, ახალგორის, კოდორის, დიდი და პატარა ლიახვისა და სულ პატარა სოფელ პერევის გათავისუფლებას. ამ ყველაფერზე ბევრი და ემოციური ლაპარაკი იქნება საქართველოში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში. თუმცა, ალბათ, - მხოლოდ ლაპარაკი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG