Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ზარდალიშვილი - ფსიქოლოგი


4 ივლისი, კვირა
საღამოს შვიდი საათია. ვზივარ „კანაპეში“ და ვფიქრობ, ეს რა ალიაქოთში გავყავი თავი ამ დღიურით! ჯერ ჩემი მწერლობა რა ვთქვი, მერე, დღიური ცხოვრებაში არ მიწერია და თან - გამოსაქვეყნებლად! მაგრამ ახლა უკან დახევა აღარ შეიძლება...

ყველაზე ძნელი მაინც ის არის, რომ წერის დროს ისე უნდა მოიქცე, თითქოს ყველაფერს მხოლოდ შენთვის წერ. მაქსიმალურად ვეცდები, მაგრამ ამის ბოლომდე დავიწყება და ამ როლიდან მთლიანად გამოსვლა, ალბათ, არც მე გამომივა და ეჭვი მეპარება, ვინმეს გამოუვიდეს.

დილით ჩემი ტრენინგების ერთ-ერთ მონაწილეს შევხვდი. ტრენინგი, რომელსაც თბილისში ვატარებ, თვითჰიპნოზისა და ჰიპნოზის პრობლემებს ეძღვნება. ერთი დღე გამოტოვა და გაცდენილი ავუნაზღაურე. შემდეგ პაციენტი მყავდა და მერე ცოტა ვისეირნე მონატრებულ ქუჩებში.

მოკლედ, „კანაპეში“ ვარ... ყავაც მომიტანეს. აქ კარგი ყავა აქვთ, კარგი აურა და - მშვენიერი პერსონალი.
თავისუფლების დღიურები - ლევან ზარდალიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:11:32 0:00

ვზივარ და ვიხსენებ იმ საყავეებს, სადაც დავდივარ ხოლმე - აქაც და პრაღაშიც. საერთოდ მიყვარს საყავეები. ზიხარ და აკვირდები ხალხს. ახლაც ამით ვარ დაკავებული. საინტერესო განცდაა - თითქოს გარშემო ყველაფერი ნაცნობია და, თან, სხვანაირი.

ამდენი ლამაზი ადამიანი ერთად დიდი ხანია არ მინახავს! იმასაც ვფიქრობ, აქაურობას მონატრებულს, ხომ არ მეჩვენება? მაგრამ, საბედნიეროდ, არ მეჩვენება, ლამაზები არიან, განსაკუთრებით - ახალგაზრდობა.

1993 წლიდან ივლისის თვეში აქ აღარ ვყოფილვარ და, როგორც ჩანს, თბილისურ სიცხეს გადავეჩვიე.

მიყვარს ეს ქალაქი. თუმცა იმასაც ვგრძნობ, რომ ბოლომდე ამ ქალაქის ნაწილი აღარა ვარ და ისიც არ ვიცი, კიდევ ოდესმე თუ ვიქნები. უამრავი მეგობარი მყავს, ჩემი შვილი აქ ცხოვრობს თავისი ოჯახით და ცოტა ხნის წინ ბაბუა გავხდი, მაგრამ რაღაც უცხოობის განცდა მაინცა მაქვს და ჯერ ბოლომდე ვერ ვხვდები, რისი ბრალია. ქალაქი ძალიან შეიცვალა, განსაკუთრებით - ბოლო წლებში. ზოგი რამ ძალიან მომწონს, ზოგიც - საერთოდ არა. მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს.

ამ გაუცხოების განცდას ჩემში, მაინც, უფრო ხალხის შეცვლა ბადებს. თითქოს ურთიერთობებში რაღაც სიცივემ და ანგარიშიანობამ დაისადგურა. კითხვა: „ეს მე რა სარგებლობას მომიტანს?“, რომელიც ევროპაში აბსოლუტურად ნორმალურია, აქ რატომღაც მაღიზიანებს.

მგონი, ვხვდები კიდეც ამ გაღიზიანების მიზეზს - აქ ასეთი ურთიერთობები ხელოვნურსა ჰგავს. სულ ის მახსენდება, პირველად კოსტუმი რომ ჩავიცვი და შეხვედრაზე წავედი. მახსოვს, არ ვიცოდი, ხელებისთვის რა მექნა და უშნოდ ვიქნევდი აქეთ-იქით. იმის მერე კოსტუმი აღარც მცმია.

იქნებ ასეც უნდა იყოს? შეიძლება ეს არის სწორი გზა? არ ვიცი. მე, უბრალოდ, არ მომწონს და სხვანაირად მირჩევნია.
ახლა ჩემს სიგარას მოვწევ და ვასკასთან წავალ სტუმრად.

5 ივლისი, ორშაბათი
დღეს დილით ცოტა გაბრუებული ვიყავი. ეს ცოტათი შეიძლება გუშინ დალეული ღვინის ბრალიც არის, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ღვინო საუცხოო იყო. ძირითადი მიზეზი, ალბათ, ის მოჭარბებული ემოციებია, რომლებიც გუშინ განვიცადე. დიდი ხანია, ასე კარგი დრო არ გამეტარებინა და ამდენი სითბო და სიხარული არ მეგრძნო.

ვასკა ნიკოლაიშვილთან ვიყავით წყნეთში. ვასკამ ზეიმი მომიწყო და ამ ზეიმზე ის ხალხი დაპატიჟა, ვინც ძალიან მიყვარს, სულ მენატრება და, მიუხედავად ამისა, მაინც იშვიათად ვხვდები. თუმცა, ეს სიყვარული ამისაგან ოდნავაც არ ნელდება.

ვასკა, გარდა იმისა, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანია და რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი გამოსდის, ზეიმების მოწყობის დიდოსტატიც არის. ამას უმეტესწილად მოულოდნელად აკეთებს და ამაში იმდენ სიყვარულსა და ენერგიას აქსოვს, რომ მისი ზეიმები ყველასათვის ნამდვილ დღესასწაულებად იქცევა ხოლმე.

პაციენტების მიღების შემდეგ ხაჭაპური მივირთვი. ამ სიცხეში ხაჭაპური შეიძლება არც უნდა მეჭამა, მაგრამ მიყვარს და მენატრება ხოლმე. პრაღაშიც მიკეთებს ქეთი ხაჭაპურს, მაგრამ ქართული ყველით მაინც სულ სხვანაირი გამოდის.

გასეირნებაც მინდოდა, მაგრამ ძალიან ცხელა. სეირნობის ნაცვლად ნაყინი ვიყიდე და მრგვალ ბაღში შევექეცი. ნაყინის დიდი მოყვარული არა ვარ, მაგრამ ქართული ნაყინი ძალიან მომეწონა.

გვერდზე გაბრაზებულმა ქალბატონმა ჩამიარა, პატარა ბავშვისათვის ქეჩოში ჰქონდა ჩავლებული ხელი, პერიოდულად თავში უკაკუნებდა და თან უყვიროდა: „რამდენჯერ გითხარი, ეგ არ ქნა-თქო!“

ცოტა ხანი ხალხის ყურადღება ამან მიიქცია, ბევრს სიცილიც აუტყდა. ასეთი მეთოდებით აღზრდის შედეგებს ჩემს პრაქტიკაში თითქმის ყოველდღიურად რომ არ ვაწყდებოდე, შეიძლება მეც გამცინებოდა. ძლივს შევიკავე თავი, ბრაზიანი ქალბატონისათვის იმის ახსნა რომ არ დამეწყო, ამ მეთოდმა სადამდე შეიძლება მიიყვანოს ბავშვი.

ამასობაში ჯიპს უკნიდან „მერსედესი“ დაეჯახა და ამ ხმაურზე ყველამ იქით გავიხედეთ ბრაზიანი ქალბატონის ჩათვლით, რომელსაც ამ ინციდენტმა ბავშვის „აღზრდა“ დროებით შეაწყვეტინა.

„მერსედესიდან“ უაღრესად შეშინებული ახალგაზრდა ქალი გადმოვიდა და იქვე მჯდომი ნაცნობებისაკენ გაიქცა. ნაცნობებმა ინციდენტის მოგვარება დაიწყეს და მეც წასვლა გადავწყვიტე. ცოტას გავისეირნებ და მერე ვინმეს ვესტუმრები.

6 ივლისი, სამშაბათი
დილით, როგორც ყოველთვის, ყავა დავლიე „კანაპეში“. დილაობით იქ ცოტა ხალხი და აბსოლუტური სიმშვიდეა. შემდეგ მწვანე სახლში წავედი, სადაც სამი პაციენტი მივიღე და ისევ „კანაპეში“ დავბრუნდი. „კანაპე“, ფაქტობრივად, ჩემი ოფისია. აქ გრილა, ინტერნეტია და კარგი ყავა.

მაია ბერიძის მოსვლამდე ვცდილობ, აზრებს თავი მოვუყარო. მაია ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარია; ჩემი აზრით, დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ნევროლოგია თბილისში. მე და მაიამ გადავწყვიტეთ, ჩამოვაყალიბოთ ფსიქოსომატიკის ქართულ-ჩეხური კვლევითი ცენტრი.

თითქმის სამი საათი მოვანდომეთ ამ თემაზე საუბარს და დეტალების დაზუსტებას. ორივეს ძალიან მნიშვნელოვნად გვეჩვენება ის გარემოება, რომ ასეთი კვლევითი ცენტრი, როგორც ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ისე აღმოსავლეთ ევროპაში, ერთ-ერთი პირველი იქნება.

ფსიქოსომატური კლინიკები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ არ გამიგია, რომ არსებობდეს ცენტრი, რომელიც მხოლოდ ამ პრობლემატიკის მეცნიერულ შესწავლას აწარმოებდეს. იმედი გვაქვს, რომ ამ იდეით დავაინტერესებთ როგორც ქართველ, ასევე ევროპელ სპეციალისტებსაც.

თავი გეგმებითა და იდეებით მაქვს სავსე და აზრები კალიებივით დამიხტის აქეთ-იქით. მაია ერთი საათის წინ წავიდა და ვცდილობ, ჩვენი საუბარი ნოუტბუკში გადავიტანო, მაგრამ არ გამომდის.

დღეს, ეტყობა, ნაცნობებთან შეხვედრის დღე მაქვს. ყოველ ხუთ წუთში ნაცნობი შემოდის საყავეში და ტყდება მოგონებებისა და ხვევნა-კოცნის კორიანტელი.

ალბათ, დროა დავისვენო, ამიტომ ვწყვეტ მუშაობას.

7 ივლისი, ოთხშაბათი
საღამოა. რვა ხდება და მხოლოდ ახლა მოვიცალე რაიმეს დასაწერად.

დღე ჩვეულებისამებრ დაიწყო. დილით - ყავა „კანაპეში“ და შემდეგ - მწვანე სახლი. ჩემს მეგობარ ფსიქოლოგებს, დროებით, ეს „მწვანე სახლი“ რომ არ დაეთმოთ ჩემთვის, არ ვიცი რას ვიზამდი („მწვანე სახლი“ ბავშვთა ფსიქოთერაპიული ცენტრია, რომელიც აუტიზმის პრობლემატიკაზეა ორიენტირებული).

დღეს ოთხ ადამიანს ვესაუბრე. ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ჩემი და მაია ბერიძის გადაწყვეტილება, გავხსნათ ფსიქოსომატური პრობლემატიკის საკვლევი ცენტრი, სწორია და დროული.

ამ ოთხი კვირის განმავლობაში, ტრენინგების ჩათვლით, ოცამდე ადამიანს ვესაუბრე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველას გაზრდილი ჰქონდა „დეპრესიული ფონი“. ამის მიზეზს ერთმნიშვნელოვნად ვერ დავასახელებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პრობლემა სერიოზულ კვლევას მოითხოვს.

ფსიქიკურ პრობლემებს ადამიანი, რატომღაც, ზერელედ უყურებს. ხშირად მოისმენ ასეთ გამონათქვამს: „გაქანებული ნევროზი მაქვს!“ მაგრამ ამის მთქმელი არც ექიმთან აპირებს მისვლას, და არც ფსიქოლოგთან.

ერთი რამე მიკვირს: მანქანა რომ გვიფუჭდება, მომენტალურად ხელოსანთან მივარბენინებთ. მაგრამ ფსიქიკის „გაფუჭებას“ ხშირად არაფრად ვაგდებთ, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკა ჩვენში მიმდინარე სულიერი და ფიზიკური პროცესების მარეგულირებელია და მისი დაზიანება ყოველთვის სერიოზული ზიანის მომტანია ჩვენივე ჯანმრთელობისათვის.

და, საერთოდ, საკუთარი ჯანმრთელობის იგნორირების ტენდენცია პირდაპირ თვალშისაცემია. ამ საქმიანობით განსაკუთრებით კაცები ვართ დაკავებული და შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ამ სფეროში მსოფლიო ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს, უდავოდ ფავორიტების რიგში ვიქნებოდით.

ერთ რამედა ღირს, თუნდაც, ნაინფარქტალი ან ნაბოტკინარი ქართველი ვაჟკაცების დათრობა, სიამაყის გრძნობა, რომელიც ამის გამო ეუფლებათ მათ და ხშირად მათ მეგობრებსაც. ბევრჯერ გამიგია ასეთი მიმართვა: „რატომ არ სვამ? აგერ ამ კაცს ინფარქტი აქვს გადატანილი, მარა ხო ხედავ, როგორ სვამს?“

მე, შეიძლება, პროფესიული დეფორმაცია მაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს, სულ ცოტა, ინფანტილიზმის მაქსიმალურ გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს.

ახლა პაციენტი მომივა, შემდეგ ჯგუფური სეანსი მაქვს და ბოლოს ჩემს მეგობართან ერთად - და მისი ხათრით! - ფეხბურთის ყურებას ვაპირებ.

8 ივლისი, ხუთშაბათი
ყოველი ჩემი დილა ორი წვეთი წყალივითა ჰგავს ერთმანეთს. პრაღაში ვარ თუ თბილისში, დილით ყავა უნდა დავლიო, თან - აუცილებლად ესპრესო ან რისტრეტო. უნდა ვიგრძნო ყავის სურნელი, დავაკვირდე გარშემო მყოფებს და მოვემზადო სამუშაო დღისათვის.

გუშინ საღამოს მამუკა წერეთელთან ერთად ფეხბურთს ვუყურე. მამუკა (იგივე წიკი) ჩემი ბავშვობის მეგობარი, ნამდვილი ქალაქელი და დარბაისელი კაცია, თუმცა უაღრესად თავისებური და უცნაური. იმიტომაც მიყვარს - ყოველთვის ნამდვილია და ყოველთვის იმას გეუბნება, რასაც ფიქრობს.

ეს მესამე მატჩი იყო, რომელსაც, ამ ჩემპიონატზე ვუყურე. წიკის ხათრით, ესპანეთის მხარეს ვიყავი და გერმანიის ნაკრები ერთად დავამარცხეთ.

დილის არ იყოს, ჩემი საღამოებიც დიდად არ გამოირჩევა ორიგინალობით. ისევ „კანაპეში“ ვარ. ჩემს პირდაპირ ექვსი ახალგაზრდა ქალი ზის. რაღაცაზე კამათობენ. სხვისი საუბრის მოსმენა მთლად სწორი ვერ არის, მაგრამ საუბარი ისეთ ხმამაღალ კამათში გადაიზარდა, რომ უნებლიეთ ყველაფერი მესმის. ჯერ ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ახლა ერთი ქალბატონის უაპელაციო და კატეგორიულმა ტონმა დამაინტერესა და, ჩემდა სამარცხვინოდ, ყურადღებით ვუსმენ.

თვითონ საუბრის თემა იმდენად საინტერესო არ არის, რამდენადაც მოსაუბრის მანერა. ერთი ჩინური ანდაზა მახსენდება: მდუღარე ქვაბში არც ერთი ცივი ადგილი არ არის! ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ ამ ქალბატონისთვის სრულიად მიუღებელია ყველა აზრი, რომელიც მისას არ ეთანხმება! შეიძლება ითქვას, რომ „მისი აზრების მდუღარე ქვაბში“ არათუ ცივი, ოდნავ გრილი ადგილიც არ არის! ამ მოვლენას უკვე სახელიც დაარქვეს - ქართულ რადიკალიზმს უწოდებენ. სხვათა შორის, ზოგი ამას ფარული სიამაყის განცდითაც ამბობს.

ვუსმენ ჩხუბში გადასულ კამათს და ვფიქრობ, რომ ამ, ჩემი აზრით, დამღუპველ თვისებას, სხვადასხვა მიზეზთან ერთად, საფუძვლად გაუნათლებლობაც უდევს.

ეს აზრი ერთხელ ერთი ორატორის მისამართით გამოვთქვი. ერთმა ნაცნობმა გაიგონა და მითხრა: რას ამბობ, ამან რომ იცის, ჩვენ ორივეს იმის ნახევარიც არ გვეცოდინებაო!

არაფერი ვუპასუხე. ჩემთვის მცოდნე, აუცილებლად განათლებულს არ ნიშნავს. განათლება ჩემთვის არის უნარი, ცოდნა საკუთარი თავისა და სხვათა სასარგებლოდ გამოიყენო.

ისევ აზრებში გავერთე. მოკლედ, ჩემი აზრით ჩვენი გზა განათლებისაკენ უნდა მიდიოდეს.

ამასობაში ჩემ პირდაპირ საოცარი ცვლილება მოხდა: კამათი ერთბაშად დასრულდა, მოსაუბრეებმა ხმას დაუწიეს და მათ სახეებზე ეშმაკური გამომეტყველებითა და თვალებში აციმციმებული ინტერესით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ჭორაობის ფაზაში შევიდნენ.

დღეს იმდენი დავწერე, თვითონ გამიკვირდა. ის დროა, ვიფიქრო, სად გავატარო დარჩენილი საღამო.

9 ივლისი, პარასკევი
დღევანდელი დღის აღწერა ცოტა მიჭირს. ზეგ დილით პრაღაში მივფრინავ და ყველაფერი, რისი გაკეთებაც ვერ მოვასწარი, ამ ორ დღეში უნდა მოვასწრო.

პირველ საათზე გამახსენდა, რომ არ მისაუზმია და მშია. ვიყიდე ნიგვზიანი ბადრიჯანი, რომელიც დიდი ოსტატობით და სრულიად უნიგვზოდ იყო დამზადებული.

ერთ პაციენტთან საუბარიც მოვახერხე. ოთხზე მიშა ჩიკვილაძემ ჩამომაკითხა და წავკისში ავედით. მანქანაც მათხოვა დარჩენილი ორი დღით და ახლა უკვე ყველაფერს მოვასწრებ.

მიშა ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთად გავიზარდეთ და ჩვენ შორის ყოველგვარი ფორმალობა გამორიცხულია. მიშას უამრავი კარგი თვისება აქვს და, საერთოდ, ძალიან ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ მისი ერთი თვისება ყველაზე უფრო მომწონს: მიშას უყვარს სიკეთის კეთება და თან ამას ისე რბილად და ბუნებრივად აკეთებს, რომ საერთოდ არ გაწუხებს. ეს თვისება ძალიან იშვიათია ადამიანებში და ძალიან დასაფასებელი.

10 ივლისი, შაბათი
ისევ „კანაპეში“ ვარ. ყავას ვსვამ.

11 საათზე პაციენტი მყავს დაბარებული.

მერე წავკისში ავდივარ და თბილისში მიშა ჩიკვილაძესთან ერთად ვბრუნდები.

დღეს მეგობრებს უნდა ჩამოვუარო... ამაღამ უკვე პრაღაში ვბრუნდები.
XS
SM
MD
LG