Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრა


ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ალიევი მეუღლესთან ერთად ჩავიდა ბათუმში, სადაც მათ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე დახვდნენ. ორი პრეზიდენტის მოლაპარაკებაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მოლაპარაკების შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელზეც მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანთან ურთიერთობა შეაქო - მას უწოდა მეგობრობა, რომელიც დრომ და მნიშვნელოვანმა საკითხებმა გამოსცადა.

„ეს არის არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ნამდვილი ძმობა. ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვსაუბრობდით, რომ ჩვენ კონფედერაციული ურთიერთობები უნდა ჩამოვაყალიბოთ. რეალურად, ქვეყნებს შორის არის ისეთი ურთიერთობები, რომლებიც აღემატება ჩვეულებრივად ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. ჩვენ ვართ ერთმანეთის გაგრძელება“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „საქართველოს წარმატება აზერბაიჯანის წარმატებაც არის“.

ბათუმიდან გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია ბაქო-ბათუმის დამაკავშირებელი ავტობანის გახსნა 2012 წელს და იქმნება საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი ჯგუფი ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის საკითხებზე სამუშაოდ. ამის შესახებ ბათუმში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტს, რომლის დროსაც დიდი ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურის პროექტებს, მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. სატრანზიტო დერეფანთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ არსებობს რამდენიმე ალტერნატიული მარშრუტი, მაგრამ მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის, ბუნებრივია, მათთან დაკავშირებული პროექტია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
XS
SM
MD
LG