Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე მომხდარმა ავარიამ ოსები და ქართველები შეძრა


11 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, დაიღუპა 18 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად ცხინვალი-ვლადიკავკაზის დამაკავშირებელ გზაზე. მომხდარი ტრაგედიის გამო თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გლოვა გამოცხადდა. ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზაზე მომხდარი ავარიის გამო საქართველოს ხელისუფლებამ მწუხარება გამოხატა და გამოთქვა მზადყოფნა, რომ დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულებს.

რადიო თავისუფლების „ეხო კავკაზას“ ცხინვალელი კორესპონდენტის ალან პარასტაევის თქმით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობა შოკირებულია. მსგავსი მასშტაბის ავარია, რომელიც 18 ივლისის საღამოს მოხდა, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას არ ახსოვს. ცხინვალი-ვლადიკავკაზის სამგზავრო ავტობუსმა ავტოავარია განიცადა. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილია 11 მგზავრი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, არიან დაშავებულები. ალან პარასტაევის თქმით, გუშინ გვიანობამდე ცხინვალის საავადმყოფოსთან, სადაც ავარიის შედეგად დაღუპულები და დაჭრილები მიიყვანეს, ხალხი იყო თავშეყრილი.

„ადამიანები სასოწარკვეთილები არიან, რაც ბუნებრივია. ეს მოხდა გზაზე, რომელზეც მსგავსი განსაკუთრებული შემთხვევები დიდი ხანია აღარ ყოფილა, რამაც მძიმედ იმოქმედა ხალხზე. გუშინ საღამოს ხალხი შეგროვდა საავადმყოფოსთან, ელოდნენ ცნობებს, სურდათ იმის დადგენა, დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის ვინმეს ნათესავი და ახლობელი ხომ არ იყო.“

18 ივლისს ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზაზე ავტობუსის ავარიის შედეგად დაღუპული თერთმეტი მგზავრისა და დაზარალებულთა ვინაობა დადგენილია. ავტობუსი, რომელშიც 23 მგზავრი იმყოფებოდა, ავარიის შედეგად ხევში გადაიჩეხა. დაკავებულია სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც, სამართალდამცველების ვერსიით, ავტობუსის გზაზე გადავიდა, თუმცა, როგორც ალან პარასტაევი ამბობს, სისხლის სამართლის საქმე ავტობუსის მძღოლის მიმართაც აღიძვრება:

„ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსის მძღოლი ცდილობდა გაესწრო იმავე მიმართულებით მიმავალი ავტომობილისათვის და გადასულიყო შემხვედრ მიმართულებაზე. პრინციპში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ავტობუსი გადავარდნილიყო ხრამში, რადგან გზის მეორე მხარე მთიანია. კიდევ ერთი ვერსიით, ავტობუსმა მოძრაობის წესების დარღვევით გზა დაუთმო შემხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.“

18 ივლისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად, თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. დაღუპულების დაკრძალვა 21 ივლისს გაიმართება. დაკრძალვას ვერ დაესწრება თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, რომელიც სერგეი ბაღაფშთან ერთად ნიკარაგუაში იმყოფება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG