Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლადო პაპავა - მეცნიერ-ეკონომისტი


11 ივლისი, კვირა
არასოდეს მიცდია დღიურების წერა. ეს ჩემი პირველი ცდაა და ვნახოთ, რა გამოვა.

11 ივლისი კი იმით დაიწყო, რომ ნაშუაღამევს გაირკვა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი. მართალია, მე ურუგვაის გამარჯვება უფრო გამიხარდებოდა, მაგრამ გაიმარჯვა გერმანიამ, რადგანაც კლასიც უფრო მაღალი აქვს და იღბალიც ჰქონია. ურუგვაი თავისი სიმცირით საქართველოს, ხოლო ურუგვაული ფეხბურთი ძველ ქართულ ფეხბურთს მაგონებს და მხოლოდ ამით უნდა აიხსნას ჩემში ურუგვაის ნაკრებისადმი სიმპათია.

დღევანდელი დღე კი კვლავ ფეხბურთით უნდა დასრულდეს, რადგანაც ფინალური მატჩი გაიმართება ესპანელებსა და ჰოლანდიელებს შორის. მე არც ერთი მათგანის გულშემატკივარი არ ვარ და, საერთოდ, ვთვლი, რომ ზრდასრული და ნორმალური ადამიანი მხოლოდ თავისი ქვეყნის ნაკრების ქომაგი უნდა იყოს. დღეს გავრცელებული ე.წ. „ფან-კლუბები“ (ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ) კი ახალგაზრდების გამოსაშტერებლად არის მოგონილი, რათა ისინი ცხოვრების რეალურ პრობლემებზე არ ჩაფიქრდნენ.
თავისუფლების დღიურები - ლადო პაპავა
please wait

No media source currently available

0:00 0:07:03 0:00

როცა ფეხბურთს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ქართველი ტელეკომენტატორების მოსმენა მხოლოდ იმითაა გამართლებული, რომ ცალკეული ფეხბურთელის გვარი გაიგო (თუმცა, ესეც ხშირად ეშლებათ), თორემ იმდენ სისულელეს მოისმენ, თმები ყალყზე დაგიდგება. ერთმა ბედოვლათმა გვამცნო, თომას მიულერს გერდ მიულერისაგან ცოტა ბევრი აკლიაო. ნეტა ამის მთქმელმა თავისთვის მაინც თუ იცის, ცოტა აკლია თუ ბევრი? გაუგებარია, რატომ ვივიწყებთ ფეხბურთის ქართულ ტერმინებს და რატომ უნდა ვუწოდოთ მთავარ მსაჯს „რეფერი“, მოწინააღმდეგეს - „ვიზავი“, გვერდით მსაჯს - „მთავარი მსაჯის ასისტენტი“, „ლაინსმენზე“ რომ არაფერი ვთქვათ; ან ეს ჯანდაბა „მუნდიალი“ (მეგრულს და მეგრელებს მაინც გავუწიოთ ანგარიში) რით ჯობია მსოფლიო ჩემპიონატს? არც ამგვარი სიტყვათაწყობა – „აღსანიშნავია, რომ აღინიშნოს...“ - არის უცხო ხილი ჩვენი ტელეკომენტატორებისათვის. პორტუგალია-ჩრდილოეთ კორეის მატჩის დროს ტელეეკრანიდან ბოდიში იმაზეც კი მოვისმინეთ, რომ თურმე მატჩის წამყვანი არ არის პოლიტოლოგი და ამიტომ არ იცის, რა რეჟიმია კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში. სინამდვილეში საქმე გვაქვს არა პოლიტოლოგიის არცოდნასთან, არამედ ელემენტარულ გაუნათლებლობასა და უკულტურობასთან, რადგანაც ძნელად უნდა მოიძებნებოდეს დღეს ისეთი ადამიანი, რომელსაც სატელევიზიო ახალი ამბებიდან მაინც არ ჰქონდეს გაგონილი აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებულ დაპირისპირებაზე და თუნდაც ამ კონტექსტში არ იცოდეს, რომ იქ ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმია შემორჩენილი. თუმცა, ფან-კლუბებითა და მისთანებით გატაცება გონებას არ აძლევს ელემენტარული ინფორმაციის ათვისების შესაძლებლობას.
ქართველი ტელეკომენტატორების უმთავრესი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ აკლიათ განათლების დონე, ხოლო ქართულ ენაზე კი ნამდვილად „აცრილები“ არიან. თუმცა, ქართული ენის ცოდნა ბევრი ჟურნალისტისთვისაც, რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკოსებზე, „აქილევსის ქუსლია“.

სინანულით ვიხსენებ ეროსი მანჯგალაძესა და კოტე მახარაძეს, დიდ ქართველ მსახიობებსა და ფეხბურთის ბრწყინვალე კომენტატორებს. ისინი უგანათლებულესი პიროვნებები იყვნენ, ამიტომ მათი მოსმენა და საფეხბურთო სიტუაციების ანალიზი ყოველთვის ძალზედ საინტერესო იყო. ხოლო ეროსი მანჯგალაძის ხავერდოვანი ხმითა და იუმორნარევი კომენტარებით საფეხბურთო ბატალიების გადმოცემა (ტელევიზიის შემოსვლამდე და მის გავრცელებამდე, სტადიონსმიღმა დარჩენილი გულშემატკივრებისათვის მხოლოდ რადიოთი იყო შესაძლებელი საფეხბურთო მატჩის თანამოზიარედ გახდომა) ხელოვნების ნიმუშად უნდა ჩაითვალოს.

დღევანდელი დილა იმით დაიწყო, რომ 7 საათზე ვესტუმრე „დინამოს“ საჩოგბურთო კორტებს (ამას, თუ ხელი არ მეშლება, ყოველ შაბათ-კვირას ვაკეთებ) და ორი სეტიც ვითამაშე. სიცხის გამო თამაშის დასრულება ვერ მოვახერხე... „დინამოს“ საჩოგბურთო კლუბში, რომლის წევრობითაც დაუფარავად ვამაყობ, კლუბის პრეზიდენტის მირიან ანდრიაძის ხელმძღვანელობით არაერთი დიდებული ადამიანია გაწევრიანებული. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ 80 წელსაა გადაცილებული, პატარა ბავშვისათვის დამახასიათებელი აზარტით თამაშობს. ბატონი თამაზის შემყურეს იმის იმედი გვეუფლება, რომ მის ასაკში ჩვენც შევძლებთ ჩოგბურთის თამაშს.

დღეს თბილისში აუტანელი სიცხეა და მხოლოდ საღამოსკენ შევძელი, ჩავჯდომოდი სამუშაოს წიგნზე, რომელიც გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის თემას ეძღვნება. მინდა, რომ ის ამ თვეში დავასრულო და ვიმედოვნებ, ამას მოვახერხებ კიდეც.

12 ივლისი, ორშაბათი
ნაშუაღამევს გაირკვა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა – ესპანეთის ნაკრები. ჰოლანდიელებმა ესპანელებს იმდენად უხეში ფეხბურთი დაუპირისპირეს, რომ თავად ფეხბურთისათვის, მისი განვითარებისათვის, ცუდი იქნებოდა, თუ ჰოლანდიელები გახდებოდნენ მსოფლიო ჩემპიონები.

დილით ადრე, სანამ ზაფხულის სიცხე გაძლიერდებოდა, ორი საათით მოვახერხე წიგნზე მუშაობა.

დილის 10 საათზე კი სამსახურში დაიწყო ერთ-ერთი პროექტით შესრულებული ნაშრომების განხილვა. სხდომის წაყვანა ჩემი ფუნქცია იყო. ამ ღონისძიებამ დღის პირველი ნახევარი „შემიჭამა“. იგივე მელის 14 და 16 ივლისსაც.

დღის მეორე ნახევარში სასტუმრო „თბილისი-მარიოტის“დარბაზში „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ინიციატივით მოეწყო მსჯელობა მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გაყიდვის პრობლემაზე. წარმოდგენილი იყო როგორც ხელისუფლება, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია და, რაც მთავარია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ცალკეული ექსპერტები. ხელისუფლება აპირებს მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის შესაძლებლობის დაკანონებას. საკამათო არ არის, რომ ეკონომიკურად მაგისტრალური გაზსადენი უმჯობესია, კერძო საკუთრებაში იყოს, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მისი ერთადერთი რეალური მყიდველი რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომია“. ის ამ მილსადენის ჩრდილოეთით მდებარე ქსელისა (რომელიც რუსეთშია განტოტვილი) და სამხრეთით მდებარე მონაკვეთის (რომელიც სომხეთში მდებარეობს) მესაკუთრეა და სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მონაკვეთის ხელში ჩაგდება სურს. ამ გაზსადენით რუსეთის გაზის სომხეთში გატარებისათვის საქართველო საფასურად გატარებული გაზის ათ პროცენტს იღებს. გაზსადენის გაყიდვის შემთხვევაში კი ქვეყანა ამ „უფასო“ გაზს დაკარგავს.

2005-2006 წლებში საქართველოს მთავრობას უნდოდა ამ გაზსადენის „გაზპრომისათვის“ მიყიდვა, მაგრამ მაშინ, ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველო მისი მთავრობის სიხარბისაგან ძია სემმა იხსნა და ქართველ მინისტრებს გაზსადენის გაყიდვა აუკრძალა. ახლაც ერთადერთ იმედად ისევ ძია სემი რჩება, რომლის ინტერესშიც არ არის, რომ „გაზპრომი“ გახდეს რუსეთის ირანთან დამაკავშირებელი მილსადენის ერთადერთი მეპატრონე.

ამ შეხვედრის დატოვება ადრე მომიხდა, რადგანაც დავით აქუბარდიამ ზუსტად იმავე თემაზე სასაუბროდ მიმიწვია ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში. ტელემაყურებელთა ზარებიდან მხოლოდ ერთი ეხებოდა ამ გაზსადენის საკითხს, სხვა ზარები კი სულ განსხვავებულ თემებზე იყო. მეტ-ნაკლებად იგივე ხდება, როცა ეთერში სხვა თემებზე საუბრობენ მოწვეული სტუმრები. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ტელემაყურებელი ჯერ კიდევ რეალურად ვერ აღიქვამს იმას, თუ რაზე ესაუბრებიან მას ტელეეთერიდან თუ რადიოდან.

13 ივლისი, სამშაბათი
დილით მე და ჩემს მეუღლეს დაგვჭირდა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში მისვლა. პრობლემა ის არის, რომ ჩემი მეუღლის და მოსკოვში წევს საავადმყოფოში და მალე ორი თვე იქნება, რაც მაღალი სიცხე აწუხებს. იქაური ექიმები ზუსტ დიაგნოზს ვერ უსვამენ, თუმცა ეჭვი ერთ-ერთ ტროპიკულ დაავადებაზე აქვთ. გადავწყვიტეთ, მოსკოვიდან გამოგზავნილი ანალიზების პასუხებით თბილისში დაგვედგინა დიაგნოზი. პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში მივაკითხეთ პროფესორ ოთარ ზენაიშვილს, ძალზედ ყურადღებიან და მდიდარი გამოცდილების მქონე ექიმს, რომელმაც რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი რჩევა მოგვცა. მე კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, დავრწმუნებულიყავი ქართველ მედიკოსთა მაღალ კომპეტენტურობაში. ერთმა რამემ კი ნამდვილად დამწყვიტა გული: ქალაქის ცენტრში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ფასადს კოსმეტიკურ რემონტს უკეთებენ, ხოლო შიგნიდან შენობა სავალალო მდგომარეობაშია. თანაც, ექიმებმა და პაციენტებმა არ იციან, რა გადაწყვეტილებაა მიღებული მთავრობაში მათი ინსტიტუტის შესახებ. მათ ეუბნებიან, შენობა უკვე გაყიდულიაო, ხოლო თავად სად უნდა წავიდნენ, არ იციან. სამწუხაროდ, ეს მარტო ამ ინსტიტუტის პრობლემა არ არის: ყველა ინსტიტუტი, რომლის შენობაც ქალაქის ცენტრშია, მსგავსი საფრთხის წინაშე დგას.

დღისით ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტს მივეცი ინტერვიუ მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გაყიდვის თემაზე. თუმცა, რაც გინდა თქვი – მისი გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობისათვის საკამათო არ არის.

მოსაღამოებულს რადიო „მონტე კარლოს“ სტუმარი ვიყავი, სადაც სტუდია „ობიექტივის“ წამყვანთან, ცნობილ ექსპერტ გია არეშიძესთან, ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობდი ისეთ თემებზე, როგორიცაა მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გაყიდვით გამოწვეული საფრთხეები, საკუთრების უფლების ხელყოფის ახალი ფაქტები საქართველოში და ახალი საგადასახადო კოდექსი. სტუდიაში შემოსული ზარების უმრავლესობა კი ფეხბურთში ახლახან დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატს ეხებოდა. არც კი ვიცი რა ვიფიქრო?!..

ამასობაში საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო სახელმწიფო ქონების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაზე აკრძალვის მოხსნას ითვალისწინებს. ასე რომ, შეაყარე კედელს ცერცვი!
დატვირთულ დღეს ისევ წიგნზე მუშაობით ვასრულებ.

14 ივლისი, ოთხშაბათი
ოთხშაბათობით კლუბის დღე არ არის, მაგრამ დილის 7 საათზე კლუბის რამდენიმე წევრი (მირიან ანდრიაძე, ზაქრო ვარაზაშვილი, გივი რუსიშვილი და მე) ვქირაობთ კორტს და ორი საათის განმავლობაში ვთამაშობთ ხოლმე ჩოგბურთს. დღეს გვაკლდა ზაქრო, რომელმაც ვაჟიშვილი ფოთში წაიყვანა საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად და მისი ადგილი დაიკავა კლუბის წევრმა ირაკლი მათითაშვილმა, მეტსახელად „კომპოზიტორამ” (მან კლუბს ჰიმნი დაუწერა და ეს მეტსახელიც მოფერებით დაერქვა). სანამ თამაშს დავიწყებდით, კლუბის კიდევ ერთი წევრი ფელიქს ჯანაშია გამესაუბრა „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების“ (აი აბრაკადაბრა სწორედ ამ სამინისტროს დასახელებაშია) მინისტრზე, ქალბატონ ვერონიკა ქობალიაზე, როგორც მის ყოფილ მეზობელზე სოხუმში. რაიმე სანუგეშო არც მას უთქვამს, და არც მე...

სახლში დაბრუნებულს, დამხვდა ახლობლის ჯანმრთელობის პრობლემა, რის გამოც დღის პირველი ნახევარი საავადმყოფოში გავატარე.

დღის მეორე ნახევარში ისევ და ისევ მაგისტრალურ გაზსადენზე მომიწია ინტევიუს მიცემა – გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკისა“ და ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებისათვის. სათქმელი ახალი არაფერია, თუმცა ხელისუფლების პოზიცია ამ გაზსადენის გაყიდვის შესაძლებლობის შესახებ, უცვლელია.

საღამოს მოვახერხე დროის გამოძებნა წიგნზე სამუშაოდ.

15 ივლისი, ხუთშაბათი
თითქმის მთელი დღე ისევ საავადმყოფოებში გავატარე, რის გამოც ყველა დაგეგმილი შეხვედრის გაუქმება მომიწია. დიდი მადლობელი ვარ პროფესორ მარინე ჯანელიძის.

დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი სტუმრობდა თბილისს. მისი ჩამოსვლა და განცხადებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან მიმართებაში რაიმე სერიოზული შეცდომა არ დაუშვა, დასავლეთი საქართველოს ქმედით მხარდაჭერას გაუწევს. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ბატონ კუშნერის მოწოდება საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეწყობის შესახებ.

აშშ-ში გამოდის სამეცნიერო ჟურნალი „გარდამავალი ეკონომიკის პრობლემები“, რომლის სარედაქციო საბჭოს წევრიც ვარ. მთხოვეს, ვიყო აგვისტოს ნომრის რედაქტორი. გუშინ მივიღე ამ ნომრის სამუშაო ვარიანტი, რომელიც ოთხი სტატიისაგან შედგება და ერთის ავტორი მე ვარ. თითოეულ სტატიას რეზიუმე უნდა დავუწერო, დასაწერი მაქვს ამ ნომრის შესავალიც, ყველა სტატია უნდა გადავიკითხო და, სადაც საჭირო იქნება, რედაქტირებაც გავუკეთო. ასე რომ, საქმე საკმარისზე მეტია და, სამწუხაროდ, უახლოეს დღეებში წიგნზე მუშაობას ვეღარ მოვახერხებ.

გვიან საღამოს კიევიდან დამირეკა ჩემმა მეგობარმა გია სიგუამ. საუბრისას არაერთ თემას შევეხეთ. ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გაყიდვის პრობლემის გარშემოც. გიამ მითხრა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის გაზის ტრანზიტისათვის უკრაინა იღებს ამ გაზის მხოლოდ ექვს პროცენტს, თუმცა მანძილი ხუთჯერ აღემატება საქართველოსას. აშკარაა, რომ საქართველოს „გაზპრომთან“ რვაჯერ უკეთესი კონტრაქტი აქვს, ვიდრე უკრაინას; რაც კიდევ უფრო სათუოს ხდის მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის მიზანშეწონილობას.

16 ივლისი, პარასკევი
დილის 10 საათზე სამსახურში დასრულდა ჯერ კიდევ ორშაბათს დაწყებული პროექტით შესრულებული ნაშრომების განხილვა.

„საქართველოს რესპუბლიკისათვის“ გუშინწინ მიცემული ინტერვიუ გადავიკითხე და ჩავასწორე (თუმცა, ჟურნალისტი თეა მოსია იმდენად კვალიფიციურია, რომ შეცდომებს თითქმის არ უშვებს), რათა გაზეთში გამართული ტექსტი დაიბეჭდოს.

დარჩენილი დრო ჟურნალ „გარდამავალი ეკონომიკის პრობლემებში“ გამოსაქვეყნებელ სტატიებზე სარედაქციო მუშაობას მოვანდომე. ეს შრომატევადი სამუშაო დასრულებულია. ასე რომ, ხვალიდან შევძლებ, წიგნზე მუშაობას დავუბრუნდე.

17 ივლისი, შაბათი
დილის 7 საათზე „დინამოს“ საჩოგბურთო კორტებზე მივედი და ორი საათი ვითამაშე.

დღეს გამოსულ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა ჩემი ვრცელი ინტერვიუ, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გაყიდვის თემას ეძღვნება. თავად ამ ინტერვიუთი კმაყოფილი ვარ, რადგანაც მასში ყველაფერი აისახა, რისი თქმაც მსურდა.

დღის მეორე ნახევარში რადიო „თავისუფლებაში“ ჩემი დღიურები ჩავწერე.
დარჩენილი დღე წიგნზე მუშაობას მივუძღვენი.

ამ დღიურის პირველი მკითხველები კი ჩემი მეუღლე მარი და ჩემი მეგობარი გელა ჩარკვიანი არიან, რომლებმაც დღის ბოლოს წაიკითხეს ჩემი ნაწერები და პირველი შთაბეჭდილებებიც გამიზიარეს.
XS
SM
MD
LG