Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-მ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები


ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის ლოგო
ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის ლოგო
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინტიტუტმა გამოაქვეყნა 2010 წლის ივლისის საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საგარეო პოლიტიკა - რუსეთთან ურთიერთობა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია, სოციალური პრობლემები და დასაქმება - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელთა შესახებაც გამოკითხული ადამიანები საკუთარ აზრს გამოთქვამდნენ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკვლევაში 2053-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკვლევის მიზანი იყო არჩევნების ჩატარების, საგარეო პოლიტიკისა და საკონსტიტუციო რეფორმის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების გამოვლენა.

კითხვაზე, თუ რომელი საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა 65 პროცენტი სამუშაო ადგილებს ასახელებს. ამას მოჰყვება ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბე, პენსიები, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, ფასების ზრდა, ნატოში გაწევრიანება და რუსეთთან ურთიერთობის საკითხები.

”ჩვენმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ სამუშაო ადგილები კვლავ რჩება ამომრჩეველთა მთავარ პრობლემად. თბილისში კომუნალური გადასახადების ფასები ნომერ პირველი საკითხია. ასევე გამოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა კმაყოფილია ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრულად მხარს უჭერს მთავრობის პოლიტიკას”, - ამბობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი საქართველოში ლუის ნავარო.

"რა საკითხებზე ისურვებდით, რომ ახლად არჩეულ ადგილობრივ ხელისუფლებას ყურადღება გაემახვილებინა?" - ჰკითხეს ხალხს.

გამოკითხულთა 83% აქაც დასაქმებაზე ამახვილებს ყურადღებას. საინტერესოა, რომ დასაქმებულად თავს არ მიიჩნევს 71 %. 28% ამბობს, რომ მას აქვს სამსახური. კვლევამ ასევე უჩვენა, რომ გამოკითხულთა 48 %-ის აზრით, 2008 წლის შემდეგ სამუშაო ადგილების რაოდენობა საქართველოში შემცირდა.

თუმცა კითხვაზე, როგორ შეიცვალა ამავე ხანებში მათი ოჯახის მდგომარეობა, 54% ამბობს, რომ იმავე მდგომარეობაშია და მხოლოდ 13% გრძნობს თავს უკეთესად.

”საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარგად ჩატარდა, მათ სჯერათ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის და მთავრობაც სათანადო ცვლილებებს ახორციელებს. თუმცა მოსახლეობა უკმაყოფილოა ეკონომიკური მდგომარეობით, ხალხს ასევე არ მოსწონს რუსეთთან არსებული ურთიერთობა. მართალია, ვერც იმას ვიტყვით, რომ ხალხი ოპოზიციის რუსეთთან ურთიერთობით კმაყოფილია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არც ხელისუფლების პოლიტიკა მოსწონთ”, - აცხადებს ლუის ნავარო.

საერთო ჯამში, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? - ჰკითხეს ასევე რესპონდენტებს. 42 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო, ძირითადად, სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა გამოკითხულთა 46 % კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დღეს დემოკრატია, პასუხობს, რომ არა.

მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში განსახორციელებელ რეფორმებს შორის გამოკითხულთა 38 % სასამართლო რეფორმას ასახელებს. საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილში.

მოსახლეობას ჰკითხეს აზრი ახალი კონსტიტუციით გათვალისწინებული ძლიერი პრემიერ-მინისტრის ინტიტუტის შესახებაც. 48% მხარს კვლავ ძლიერ საპრეზიდენტო სისტემას უჭერს, 14 % კი ძლიერი პრემიერ-მინისტრის მომხრეა. გამოკითხულთა 32% ასევე არ უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერ-მინისტრობას, 26% კი თანახმაა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას გამოკითხულთა 30% აფასებს კარგად, 23% - ძალიან კარგად, 6% კი ამბობს, რომ არჩევნები ნაწილობრივ გაყალბდა. გამოკითხულთა 95% ამბობს, რომ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია.

თუმცა, ამავე დროს, გამოკითხულთა უმრავლესობა არჩევნების დროს უმთავრეს პრობლემად ასახელებს სიებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამომრჩეველთა მოსყიდვას, ერთი ადამიანის მიერ სხვების ნაცვლად ხმის მიცემას.

როდესაც ხალხს ჰკითხეს, რამდენად უჭერენ ისინი მხარს საქართველოს ნატოში გაერთიანებას, 25%-მა უპასუხა, რომ სრულიად თანახმაა, 34% ძირითადად მხარს უჭერს, 9% კი წინააღმდეგია.

დაბოლოს, ურთიერთობა რუსეთთან. გამოკითხულთა 34%-ისათვის სრულიად მიუღებელია ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო რუსეთთან აწარმოებს, სავსებით მისაღებია 9%-ისათვის. უმრავლესობისთვის ასევე მისაღებია ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა (61%) და რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა (80%).
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG