Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 50 მოხალისე ინგლისური ენის მასწავლებელი ჩამოვიდა


31 ივლისს თბილისში 50 უცხოელი მოხალისე ჩამოვიდა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და სოფელში, საგანმანათლებლო პროგრამა - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში, მოსწავლეებს ინგლისურ ენას შეასწავლიან. ამერიკელი, კანადელი, ახალზელანდიელი, ინგლისელი მოხალისეები სკოლებში ინგლისური ენის გაკვეთილებს ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ჩაატარებენ.

ინგლისური ენის სასწავლებლად უცხოელი მოხალისეები საქართველოში, მშვიდობის კორპუსის დახმარებით, 2001 წლიდან ჩამოდიან. დღემდე საქართველოს სულ 337 ასეთი მოხალისე სტუმრობდა, მაგრამ პროექტი, რომლის განხორციელებასაც განათლების სამინისტრო ახლა იწყებს, გაცილებით მასშტაბურია. 31 ივლისს თბილისში ჩამოსული 50 მოხალისის რიცხვი სექტემბრის ბოლმდე 500-მდე გაიზრდება. პირველი ნაკადის თითქმის სრული შემადგენლობა აჭარაშია განაწილებული. ამჯერად მხოლოდ რამდენიმე წავა სიღნაღსა და ზემო სვანეთში, თუმცა მოგვიანებით, როგორც პროექტის კოორდინატორი მაია სიფრაშვილი გვეუბნება, მოხალისეები ჩავლენ სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურია-იმერეთში და, ბოლოს, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში. პროექტის იდეა 2010 წლის თებერვალში გაჩნდა და მოხალისეების შერჩევაც დაიწყო: ევროპის ქვეყნებში ეს ასეთი პირველი პროექტი იყო და უფრო მეტადაც საქართველოთი დაინტერესდნენ.

არსებული კვლევები აჩვენებდნენ, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, იაპონია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, სადაც მსგავსი პროგრამები დიდი ხანია უკვე ხორციელდება ინგლისური ენის შესწავლის დონეზე, უცხოელი მოხალისეების ჩაყვანამ საგრძნობლად დადებითად იმოქმედა. პროგრესის ნიშნები იყო საქართველოს იმ რაიონებშიც, სადაც აქამდე მშვიდობის კორპუსის ინიციატივით ჩადიოდნენ მოხალისეები. მაია სიფრაშვილი ამბობს, რომ შერჩეული ადამიანები კლასში
ადგილობრივი ინგლისური ენის პედაგოგებთან ერთად შევლენ.

პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება, ანუ ხარჯების ნაწილს საქართველოს მთავრობა ფარავს, ნაწილს კი საერთაშორისო ორგანიზაციები. მოხალისეების ცხოვრებისათვის საჭირო საყოფაცხოვრებო ხარჯებს ის ოჯახი იხდის, ვისთანაც მოხალისე ჩერდება. მათი მასპინძლობის მსურველი კი თურმე ბევრი გამოჩნდა. რაც შეეხება თავად მოხალისეებს, მათ აქვთ ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატები ან ინგლისური მათი მშობლიური ენაა. ასაკობრივად შერეული ჯგუფია - დაწყებული მაგისტრანტებით და 55 წელს მიღწეული პედაგოგებით დამთავრებული.

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ქეთი პაპავა, რომელიც უახლოეს დღეებში შეხვდება რომელიმე ერთ-ერთ მოხალისეს, ფიქრობს, რომ ბავშვებისათვის უცხოელთან ურთიერთობა დიდი გამოცდილება იქნება.

რაც შეეხება იმ ოჯახების მოტივაციას, რომლებიც უანგაროდ უმასპინძლებენ უცხოელ სტუმრებს, ერთ-ერთი ასეთია ნონა ჩხაიძე, რომელიც ამბობს, რომ ამერიკელი წყვილის მასპინძლობის სურვილი მან თავად გამოთქვა და, აი, რატომ: ”ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს ჩემს შვილებს წაადგებათ და მეორეც, შევეცდები, რომ ამ ხალხს ჩემი ქვეყანა დადებითი კუთხით დავანახვო და ამერიკაში გავუშვა საქართველოზე შეყვარებული ორი უცხოელი.”

დაბოლოს, იმასაც გეტყვით, რომ მცირე წახალისებას პრემიის სახით ის ქართველი მასწავლებელიც მიიღებს, რომელიც უცხოელ მოხალისეს, მისი სურვილის შემთხვევაში, ქართულს ასწავლის. უცხოელი ინგლისური ენის მასწავლებლები, რომლებსაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სხვათა შორის, საქართველოს ელჩები უწოდა მსოფლიოში, ჩვენთან ერთი წლის განმავლობაში ასწავლიან.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG