პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 07:23

საზოგადოება / საქართველო

დევნილები უსახლკარობას მერიის წინ აპროტესტებენ

დევნილებმა თბილისის მერიასთან გამართეს საპროტესტო აქცია
x
დევნილებმა თბილისის მერიასთან გამართეს საპროტესტო აქცია

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
4 აგვისტოს მერიის წინ დევნილებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს საცხოვრებელი ფართობების დაკანონების მოთხოვნით. მათ მერიას მის ბალანსზე არსებული იმ შენობების სიაც მოსთხოვეს, სადაც შესაძლებელი იქნება დევნილების ჩასახლება. 18 წლის წინ აფხაზეთიდან წამოსული ადამიანები ისევ უსახლკარობაზე ჩივიან.

მაქსიმალური ტემპერატურა 4 აგვისტოს 39 გრადუსი გამოაცხადეს. სწორედ ამ სიცხეში შეიკრიბნენ დევნილები თბილისის მერიის შენობასთან და საპროტესტო აქცია გამართეს. ნაწილი აფხაზეთის ომის შემდეგ ისევ ქირით ცხოვრობს, ნაწილი - რომელიღაც კომპაქტურად ჩასახლებულ შენობაში. ყველას ერთი მოთხოვნა აქვს - ჰქონდეს საკუთარი დაკანონებული ფართი, ჭერი, სახლი.

”ჩვენ ენუქიძის #7-ში ვცხოვრობთ 1999 წლიდან, კომპაქტურად ვართ ჩასახლებულები, მაგრამ რომ გვეგონა, ეს სახელმწიფო ბალანსზე არსებული შენობა იყო და ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრომ გვითხრა 2007 წელს, უცებ აღმოჩნდა, რომ მეპატრონე ჰყავდა ამ შენობას და ტერიტორიის დაცლას გვთხოვს... სასამართლომაც ჩვენი გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო... არ ვიცით რა ვქნათ, სად წავიდეთ, როგორ იქნება ჩვენი საქმე”, - ჩივის გულრიფშიდან დევნილი მერი მაჩაიძე.

გამოსავალი ვერ უპოვია ვერც დიანა ვეკუას: ”ჩვიდმეტი წელია ქირით ვარ, აფხაზეთიდან - ე.წ. ძველი დევნილი. გაუსაძლის მდგომარეობაში ვარ. ოჯახში სულ შვიდნი ვართ, არავინ არ მუშაობს, უკვე ორი წელია ამ ქირასაც ვერ ვიხდი და ხან პოლიციით მემუქრებიან, ხან გამოყრით. ვერც კომუნალურ გადასახადებს ვიხდი. გამოსაყრელები ვართ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, არ ვიცით რა ვქნათ და ვითხოვთ, რომ რაიმე საცხოვრებელი ფართით დაგვაკმაყოფილონ.”

აქციის ორგანიზატორი ისევ ლაშა ჩხარტიშვილია - კონსერვატორების ერთ-ერთი წევრი, რომელიც უკვე მეორე კვირაა გამომცემლობა „სამშობლოდან“ გამოსახლებულ დევნილებთან ერთად აქციებში მონაწილეობს. ის ამბობს, რომ ხელისუფლების ლმობიერება არჩევნების დამთავრებასთან ერთად სადღაც გაქრა და დევნილების გამოსახლების მასობრივი პროცესი დაიწყო იმ შენობებიდან, სადაც ისინი ბოლო წლები ცხოვრობენ.
დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია 2007 წლის ბოლოს შემუშავდა, 2008 წლის ივლისში მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაც დამტკიცდა. თუმცა მერე იყო აგვისტოს ომი, რამაც მისი განხორციელება დროებით, 2009 წლის იანვრამდე, შეაფერხა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ვალერი კოპალეიშვილი ამბობს, რომ მათ ყურადღება დროებით დევნილების ახალ ნაკადზე გადაიტანეს, თუმცა დაწყებულ საქმეს - ანუ ძველი დევნილების პატრონობას - მალევე დაუბრუნდნენ:

”2009 წლის იანვრიდან მოვიძიეთ ფართები, რომელთა რეაბილიტაცია შესაძლებელი იყო, - სულ 250 ობიექტი რეგიონებში, - და ეს ფართები დავუკანონეთ კიდეც დევნილებს. ამის შემდეგ 60-ზე მეტი კარკასული ტიპის შენობა მოვიძიეთ, ესეც გავარემონტეთ და დევნილთა კიდევ ერთი ნაწილი დავაკმაყოფილეთ. დღეს კიდევ 250 ობიექტის დაკანონება მიმდინარეობს თბილისში და ეს ეტაპობრივი პროცესია, რომელსაც დრო სჭირდება.”

მთლიანობაში, საუბარია 500-ზე მეტ ობიექტზე, რომელიც 16 000 დევნილ ოჯახს აკმაყოფილებს. მათგან 7 000-ს საკუთრება უკვე დაუკანონდა. ეს პროცესი, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია და შრომატევადი, დღესაც გრძელდება. ჯერ ხდება ფართების რეაბილიტაცია, შემდეგ ხელშეკრულებების გაფორმება. თუმცა ვალერი კოპალეიშვილი ამბობს, რომ ზოგიერთ შენობას დევნილებს, უბრალოდ, ვერ დაუკანონებენ და ამას თავისი მიზეზები აქვს:

”ზოგიერთ შენობას ჩვენ ვერ დავუკანონებთ, რადგან კერძო საკუთრებაა. მაგალითად, როგორიც იყო იაშვილის კლინიკა, სადაც დროებით ცხოვრობდნენ დევნილები. მაგრამ ეს საავადმყოფოა, არ არის სახელმწიფო საკუთრება და ჩვენ არ გაქვს ამის უფლება. თუ ჩვენ დევნილი გამოგვყავს ასეთი კომპაქტურად ჩასახლებული ადგილიდან, მას აუცილებლად ვთავაზობთ საცხოვრებელ ფართს, თუ, რა თქმა უნდა, ის უკანონოდ არ არის შეჭრილი რაიმე შენობაში.”

ვითარებას ამძიმებს ის, რომ საქართველოში, დღეის მონაცემებით, 88 000-ზე მეტი დევნილი ოჯახია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან კი, ზოგადად, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია გამოსული. აქედან 250 000 საქართველოში რჩება. მათგან დიდი ნაწილი გაჭირვებულია. ბევრი მათგანი ცხოვრობს საავადმყოფოებსა და ისეთ შენობებში, რომლებიც ვერ დაკანონდება და ნაწილიც ან ქირით, ან ნათესავებთან. ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ დასაკმაყოფილებლად პროექტების განხორციელება გრძელდება და ეტაპობრივად ყველას მოუვლიან.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: lasha საიდან გვწერთ: soxumi
05.08.2010 15:10
უბრალოდ არ შემიძლია ეს თემა კომენტარის გარეშე დავტოვო, ვერ ვიქნები ჩემს თავთან მართალი.

ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დაესვას წერტილი ამ საკითხს. რა გახდა ამ ხალხის დაკმაყოფილების საკითხი. ხომ უნდა დავიმკვიდროთ სადმე თავი, სანამდე უნდა იცხოვრო მომთაბარე ცხოვრებით, საერთოდ არანაირი ყურადგება არ არსებობს არც ლტოლვილთა სამინისტროდან და არც სახელმწიფოდან ზოგადად.

მაინტერესებს თუ არსებობს ლტოლვილთა შეასხებ რამე კანონი და თუ რამე არეგულირებს ამ საკითხს. ადამიანის უფლებების სრული დარღვევა, ცხვრებივით ექცევიან, აფხაზეთიდან და მამპაპეული სახლ-კარიდან რომ გამოაგდეს იმას არ აკმარებენ და დღეს ხან ერთი ადგილიდან გამოყრიან და მერე ხან სად შეყრიან და ხან სად, ან რას არ პირდებიან.

უნდა შეიქმნას ლტოლვილი ხალხის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია და მასიურად ყველამ უნდა მოიტხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მოთხოვნით.

ტყულილია რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება აპირებს ამ ხალხის დაკმაყოფილებას, სრული სიცრუე, სანაგვეებს უკანონებენ, სადაც არაფერი არ არის, რატომ არ ინტერსესდებით ჟურნალისტები დეტალურად თუ რა სახის ფართებს უკანონებენ. იმასაც სადაოს ხდიან და ხალხი ერთმანეთს გადაკიდეს. რაც ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთში და ამ დევნილობის პერიოდში ნერვები ვიწყვიტეთ ნუთუ 22 ლარიანი დახმარება აანაზღაურებას ამას.

საშინლად გაბრაზებული ვარ და ჩემსავით გაბრაზებულია ჩემს ირგვლივ ვინც არის და ვისაც ვიცნობ აფხაზეთიდან დევნილებს. ბევრმა თავს უშველა და თავისი შრომითი და გარჯით ბევრსაც მიაღწია და ეს ვერ მოუნელებიათ. იმას გვაყვედრიან ზოგიერთები ,,დევნილები ჩვენ ვართ, თქვენ კი არაო", მაგრამ სახელმწიფომ რა დაეხმარა ამ ხალხს ხელის შეშლის გარდა. თუ სადმე შევიდა და თავშესაფარი ნახა იქიდანაც ყრიან, უკანონოდ შეჭრაო, ტელევიზორში გამოყავთ და სამარცხვინოდ გამოყავთ გაჭირვებული ხალხი, ნუთუ უკანონოდ არ გამოყარეს აფხაზეთიდან, რომელი კაკონის საფუძველზე მოხდა მათი გამოდევნა საკუთარი სახლკარიდან. მისცენ, ბატონო, კანონიერად სახლკარი, თავშესაფარი და არ მოიქცევა უკანონოდ, მაგრამ თვითონ აიძულებენ უკანონობისკენ და ტანჯავენ და აწამებენ ამ ხალხს.

დარწმუნებული ვარ გაყოფილი და ჰყავთ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები. აფხაზეთიდან დევნილებს რადგანაც შევარდნაძის დროს გამოდევნეს ეს ხელისუფლება დევნილებად არ თვლის და მიაჩნია რომ არ საჭიროებს არანაირ კომპენსაციას.

გამოთვალონ ელემენტარული არითმეთიკით რა დაუჯდებათ ჩვეულებრივი კორპუსების აშენება, თუ უნდა მე დაუვთვლი და ბევრად იაფი გამოვა ვიდრე ერთი შაქირას კონცერტი ან საახალწლო და საარჩენო ბალ-მასკარადები.

თვითონ ამათ ხარჯზე პოლიტიკურ ქულებს იწერენ ან უცხო ქვეყნის დონორებიდან მილიონებით ფულს ატრიალებენ, ნუთუ 22 ლარიან დახმარებაზე უნდა იყვენენ კმაყოფილი. საერთოდ არ მინდა და არ მაქვს თბილისში ცხოვრების სურვილი არანაირად, მაგრამ სად ვიცხოვრო ის მითხარით. მარნეულში ნამდვილად არ წავალ საცხოვრებლად და დარწმუნებული ვარ აფხაზეთელი კაცი მარნეულში და გარდაბანში აღარ წავა საცხოვრებლად, დემოგრაფიული ბალანსი სხვანაირად დაარეგულიროს სახელმწიფომ, ეს მეორე უკიდურესი პრომლემაა ამ ხელისუფლების უვარგისი პოლიტიკის.

სირცხვილია უბრალოდ, მართლა სირცხვილია, ლტოლვილებისთვის ვერ მოუვლიათ და ნატოში და ევრო კავშირში უნდათ გაწევრიანება, ევროპული სახელმწიფო ვართო და კიდევ გვატკუებენ, გვეყო ამდენი სიცრუე. უბედურება ის არის რომ თვითონ ჯერათ ამ ტყუილების. მალე იმასაც იტყვიან აფხაზეთის ომი ჩვენ მოგებული გვაქვსო.

მე ვიცი, ბოლოს მაინც აფხაზეთში დავბრუნდები, მაგრამ დღეს სად ვიცხოვრო

ყველაზე პოპულარული