პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 07:11

საზოგადოება / საქართველო

დევნილებს ისნის სამხედრო ჰოსპიტალიც დაატოვებინეს

13 აგვისტოს გამთენიიდან შენობა დააცლევინეს ისნის ე.წ. სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს.
ტექსტის ზომა - +
თბილისში დევნილების გამოსახლების პროცესი კვლავ გრძელდება. 13 აგვისტოს გამთენიიდან შენობას აცლევინებენ ისნის ე.წ. სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს. გამომცემლობა ”სამშობლოსა” და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობის შემდეგ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეს უკვე მესამე კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტია, რომელსაც დევნილები ტოვებენ.

ისნის ე.წ სამხედრო ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორია სატვირთო მანქანებითაა სავსე. ცარიელი სატვირთო ავტომობილები ეზოში შედიან და, ლეიბებით, ავეჯით, პოლიეთილენის პარკებში უწესრიგოდ ჩაყრილი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით დატვირთული, უკან ბრუნდებიან. ვინ სად მიდის, არავინ იცის ჰოსპიტლის ტერიტორიაზე, სადაც, როგორც თავად იქ მცხოვრებლები ამბობენ, დაახლოებით 2000-მდე დევნილი ცხოვრობდა - ე.წ. ძველი დევნილები, აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები. ყველა დაბნეულია, დამფრთხალი, მედიასთან ლაპარაკს ყველა გაურბის. პოლიცია ეზოში არ გვიშვებს, მიზეზი - ასეთია ბრძანება. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გარეთ გამოსულ დევნილებს დაველოდოთ. ეზოდან ქალი გამოდის, ორი მცირეწლოვანი ბავშვით. სად მიდის - არ იცის. ამბობს, რომ, სავარაუდოდ, სადმე ქირით იცხოვრებს.

ჩამოტვირთეთ

იზა გვაჯაია, აფხაზეთიდან დევნილი, ჰოსპიტალში ბოლო ორ წელია ცხოვრობს. მანამდე ის ავლაბარში სწორედ იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, სადაც ახლა პრეზიდენტის რეზიდენციაა. ის ახლა სწორედ იმ თავისი ძველი სახლის დაბრუნებას ითხოვს.

ეზოში სატვირთოსთან ერთად სასწრაფო დახმარების მანქანებიც შედიან. მაგრამ რა ხდება შიგნით, ძნელი გასარჩევია. ეზოდან გამოსული სასწრაფო დახმარების ერთ-ერთ ექიმს ვთხოვთ მოგვითხროს, რა ხდება შენობაში. გვეუბნება, რომ ქალბატონი გახდა ცუდად.

პოლიცია კი ყველანაირად ცდილობს ერთი მეტრითაც არ წავიწიოთ წინ, რომ დევნილებს დაველაპარაკოთ.
ავტომობილების და ავტობუსების მძღოლებს ვეკითხებით, სად მიჰყავთ ეს ხალხი. პასუხები აქაც ბუნდოვანია: ”სადაც გვეტყვიან, იქით წავალთ. ჯერ უნდა დავტვირთოთ მანქანა. შეიძლება ზუგდიდისკენ წავიდეთ.”

ცხინვალიდან დევნილებს ვერ წარმოუდგენიათ როგორც შეიძლება იცხოვრონ სამეგრელოში, თუ მათ იქ წაიყვანენ: ” რა გვინდა იქ, რა უნდა ვაკეთოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ.ჩვენ ჩვენს სამშობლოში გვინდა, ჩვენს სოფლებში, შეგვიყვანონ იქ, არსად წამსვლელები ჩვენ არ ვართ.”

ჩვენს კითხვაზე, სად მიდიან, განურჩევლად ყველას ერთი პასუხი აქვს: ”არ ვიცით, არაფერი ვიცით, ალბათ, ასე უნდა ვეყაროთ ქუჩაში.”

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პოზიცია ცნობილია და ურყევი: დევნილების განსახლება სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილია და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. ვალერი კოპალეიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბევრ ასეთ ობიექტში, რომელიც დღეს დევნილებისგან იცლება, ცხოვრობდა ხალხი, რომელსაც დახმარება უკვე მიღებული აქვს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად კოლექტიური ჩასახლების ადგილებს სწავლობდა, ამბობს, რომ საქართველოში სულ 1600-მდე კოლექტიური ცენტრი არსებობს, თუმცა, მაგალითად, გამომცემლობა „სამშობლო“, საიდანაც დევნლები ორიოდე კვირის წინ გამოასახლეს, ასეთ ცენტრად არ ითვლებოდა, რადგან იქ დევნილთა უმრავლესობა რეგისტრირებული არ ყოფილა. ჩვენ მას ვეკითხებით, რეალურად რამდენად უარესდება ასეთი ცენტრებიდან გამოსახლებული ადამიანების მდგომარეობა გამოსახლების შემდეგ:

”თუ დევნილს რეგისტრაციის ადგილად კოლექტიური ჩასახლების ადგილი აქვს მითითებული, მაშინ მისი გამოსახლება არ შეიძლება მოხდეს, თუ რაიმე ალტერნატიულს არ შესთავაზებენ, და ეს ალტერნატიული ფართი კი ისევ ქალაქში უნდა იყოს, რომ პირობების გაუარესებად არ შეფასდეს.”
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
26.08.2010 10:38
და რით განსხვავდება ეს ყველაფერი იმისგან რასაც სტალინი აკეთებდა? მასშტაბებით? ჩვენ გვარწმუნებენ, რომ დემოკრატიას ვაშენებთ, თუმცა ერთი რამ რჩებათ მხედველობიდან - დემოკრატიისთვის ადამიანი უნდა იყოს მთავარი ღირებულება, აქ კი ადამიანი მანიპულაციის საგანია, ხმების მიცემის მანქანა, რომელიც მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ. თუმცა ალბათ ჩვენი ბრალია ეს ყველაფერი...

ავტორი: გელა
14.08.2010 14:21
ეს არის საშინელი სირცხვილი როგორც ჩვენი ნამუსგარეცხილი მთავრობის, ასევე ჩვენი. ჩვენ არ ვართ ხალხი, არ ვართ ერი და არ ვართ სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც საკუთარ ხალხს ხელმეორედ უწყობს წმენდას და როგორც პირუტყვს ისე მიერეკებიან სოფ ფოცხოეწერის ყოფილ ფერმებში. რა უკვირდა სააკაშვილს პუტინის, ქართველები სატვირთო თვითმფრინავებით რომ გამოაძევეს მოსკოვიდან? რა გვიკვირდა ჩვენ აფხაზების და ოსების სეპარატისტული ხელისუფლების, როცა ისინი ეთნიკურ წმენდას უტარებდნენ ამ ხალხს? რა უნდა ვუთხრათ იმ პატარებს ვინც ლტოლვილთა ამ თავშესაფრებში დაიბადნენ? მათ ხომ არც არძინბა უნახავთ და არც ბაგაფში და კოკოითი? მათ ხომ დიდმა "დემოკრატებმა" - მიხეილ სააკაშვილმა და გიგი უგულავამ მოუწყეს თავისი დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან აყრა ყოვლად მიუღებელი მეთოდებით.

ავტორი: nana საიდან გვწერთ: Georgia
14.08.2010 08:22
თავხედი პრეზიდენტი და მისი ყურმოჭრილი მონები იმაზე არც კი ფიქრობენ ,რომ დევნილთა ხელმეორე გენოციდი სულ მალე მათ და მა მათ შვილებს დაუბრუნდებათ.მე იმისი იმედი მაქვს რომ არავინ არასდროს დარჩენილა გაუსამართლებელი ასეთი ქმედებისათვის. მთელი არსებით მძულს საქართველოს პრეზიდენტი (მურვან ყრუ) და მისი მთავრობა. ნუთუ ეს ერის სასჯელია?

ავტორი: natalie საიდან გვწერთ: netherlands
14.08.2010 02:11
სამარცხვინოა და ოფიციალურად მეზიზღება ჩვენი უპატრონო ქვეყნის მთავრობა.

ყველაზე პოპულარული