პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 07:02

რუბრიკები / ინტერაქტიული დიალოგი

მალხაზ სალდაძე: ”ნდობა საზოგადოების წევრებს შორის ქვეყნის და პიროვნული განვითარების საფუძველია”

x

მულტიმედია

აუდიო
  • მალხაზ სალდაძე: ”ნდობა საზოგადოების წევრებს შორის ქვეყნის და პიროვნული განვითარების საფუძველია”

პოდკასტი
გამოიწერეთGoogle reader
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
დღეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია პოლიტოლოგი, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი მალხაზ სალდაძე. იგი გვესაუბრება პოლიტიკური, საზოგადოებრივი და პიროვნული განვითარების პერსპექტივაზე დღევანდელ საქართველოში.

ორშაბათობით სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გამოგზავნის ნომერზე 15–10, ან მოგვწერს რადიოს ვებგრვედზე: www.radiotavisupleba.ge
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მალხაზ სალდაძე
18.08.2010 12:15
ეკატერინე:
მადლობა საინტერესო და ვრცელი კომენტარებისა და შეკითხვებისათვის. სამწუხაროდ რთული იქნება ყველა ამ საკითხზე წერილობით პასუხის გაცემა, მაგრამ შევეცდები საკუთარი აზრი, თქვენს მიერ გამოკვეთილ რამდენიმე პრობლემაზე გავამახვილო:
1. სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც საქართველოში უმეტესწილად არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ, თავისთავად მოწოდებულნი არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ პოლიტიკის შემუშავებაში, მაგრამ მხოლოდ იმდენად რამდენადაც საზოგადოებრივი ჯგუფების განწყობების და ინტერესების გადაცემა შეუძლიათ შესაბამისი აქტორებისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტები იქნებიან ესენი, თუ პოლიტიკური პარტიები. საქართველოში, სამწუხაროდ, კომუნიკაცია არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკის შემმუშავებელ აქტორებს შორის მხოლოდ უკეთესის სურვილებს ბადებს. საჯარო პოლიტიკის დარგების მიხედვით არასამთავრობო სექტორში დაგროვებული ცოდნა, ხედვები და ექსპერტიზა გარკვეულ შემთხვევებში კი გამოიყენება ხოლმე პოლიტიკის აქტორების მიერ, მაგრამ არა ყოველთვის. არასამთავრობო სექტორს, რაც არ უნდა ჭეშმარიტად მიაჩნდეს საკუთარი პოზიციები, არ შეუძლია „იძულებას“, როგორც პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის ხერხს, მიმართოს. პოლიტიკური პარტიები და სახელმწიფო ინსტიტუტები თავად უნდა გრძნობდნენ ბუნებრივ კავშირს ამ ორგანიზაციებთან, რომლებსაც საზოგადობრივ ჯგუფებთან მათი კავშირების აწყობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ.
2. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, უფრო მნიშვნელოვანი საკითხია სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს განსაზღვრული მხოლოდ „პროფესიული“ ორგანიზაციების სახით თუ არა? თუ საუბარია იმაზე, თუ ვინ უნდა მოახდინოს ზეწოლა მთავრობაზე ან სხვა პოლიტიკურ აქტორებზე, ეს საზოგადოებაა, მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ მასზედ, თუ რამდენად იქნება მსგავსი ზეწოლის მცდელობა სამოქალაქო. თუ კოლექტიური ქმედება მოქალაქეთა ნაწილის უფლებების არ აღიარებას ეფუძნება, თუკი საზოგადოების და სახელმწიფოს ფორმალური ინსტიტუტების მიღმა მიმდინარეობს, მეტია ალბათობა ვთქვათ რომ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებასთან გვაქვს, ვიდრე სამოქალაქო ქმედებასთან. რა თქმა უნდა არც იმის თქმა შეიძლება, რომ სამოქალაქო ქმედება რაღაცის საპირისპირო ქმედებას არ წარმოადგენს, მით უმეტეს თუ „ზეწოლას“ გულისხმობს, მაგრამ მსგავსი ქმედების სამოქალაქო ხასიათს ის განაპირობებს თუ რა ჩარჩოებში და როგორ მიმდინარეობს იგი.

ავტორი: მალხაზ სალდაძე
17.08.2010 15:56
5. საქართველოში შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა მაღალი ხარისხის განათლების მიღება? სად? რა სპეციალობით?
სამწუხაროდ ამ მხრივ ექსპერტად ვერ ვივარგებ, ვინაიდან არ ვფლობ ინფორმაციას დარგებში არსებული სიტუაციის შესახებ და სპეციალობების მიხედვით შედარების გაკეთება არათუ გამიჭირდება, არ შემიძლია კიდეც. თუმცა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჰუმანიტარულ დარგებში, ასევე სოციალური მეცნიერებების კუთხით, საქართველოში ხარისხიანი განათლების მიღება შესაძლებელია.

ავტორი: მალხაზ სალდაძე
17.08.2010 15:56
4. სანამ ნაციონალური მაუწყებლები პროპაგანდით კვებავენ საზოგადოებას, რას შეიძლება დაეფუძნოს პოლიტიკური ან საზოგადოებრივი განვითარების პერსპექტივა?
ისევ ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მჯერა, რომ საზოგადოებრივი განვითარება, თუკი მსგავს სახელდებას ვახდენთ, შესაძლებელია მხოლოდ თავისუფალი კომუნიკაციის პირობებში. საზოგადოებაში, რომელშიც ადამიანთა ჯგუფებს გამოკვეთილი საერთო მიზნების ირგვლივ მობილიზების, თვითორგანიზაციის და თავისუფალი ქმედების შესაძლებლობა აქვთ, რაც ერთის მხრივ აღნიშნულის უნარს გულისხმობს, მეორეს მხრივ კი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხელისშემშლელების ნაკლებობას, განვითარება შეუქცევადი პროცესია და არა თვითმიზანი.

ავტორი: მალხაზ სალდაძე
17.08.2010 15:55
3. შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა ახალი, თვისებრივად განსხვავებული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ლიდერების წარმოქმნა უახლოესი 2–3 წლის განმავლობაში?

საეჭვოა, იმ პირობებში, რაზეც სხვა საკითხების თაობაზე მოგახსენეთ, თვისობრივად ახალი პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ლიდერები ასე მოკლე ხანში წარმოიშვან. როგორც წესი ახალი სახეები ჩნდებიან ხოლმე, მაგრამ ამასთან ნაკლებად მოაქვთ სიახლე იდეებში, საზოგადოებრივი კომუნიკაციების ფორმებში, ხედვებში. ბოლო პერიოდში „აღმოჩენილი“ მსგავსი სიახლეები, სულ უფრო გვაგონებენ „ძველ ღვინოს ახალ ბოთლებში“.

ავტორი: მალხაზ სალდაძე
17.08.2010 15:55
2. 90–იანი წლებიდან დღემდე არსებულმა პოლიტიკურმა ატმოსფერომ რა გავლენა მოახდინა პიროვნული განვითარების პერსპექტივაზე?

1990-იანი წლებიდან დღემდე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები ქართული საზოგადოების წევრთა უმეტესობას თუ არა, დიდ ნაწილს მაინც, სხვადასხვა პერიოდში ფრუსტრაციის სხვადასხვა ხარისხის ქვეშ ამყოფებდნენ. იმ პირობებში, როდესაც ადამიანებს, მოქალაქეებს, საზოგადოების წევრებს, არ აქვთ, ერთის მხრივ საკუთარი „მომავლის“ და „სტაბილურობის“ განცდა, და კარგავენ საზოგადოებასთან კუთვნილების აუცილებლობის შეგრძნებას, თავისთავად პიროვნული განვითარების პერსპექტივა დაბალია. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია ინდივიდების მიერ ერთმანეთის, როგორც საერთო სივრცეების წევრების აღიარებაზე (ის რასაც ინგლისურად peers, „თანასწორნი“ ჰქვია), ვინაიდან ინდივიდუალური თვითრეალიზაციის შესაძლებლობა მათ შორის ურთიერთქმედებაშია შესაძლებელი. დღევანდელ საქართველოში საზოგადოებრივი განვითარების ტენდენცია სამწუხაროდ უჩვენებს მოქალაქეებს შორის გაუცხოების, უნდობლობის ზრდას, რაც ადამიანებს საზოგადოებრივ ჯგუფებად ფორმირებაში ხელს უშლის, შესაბამისად იკლებს საერთო მიზნების აღქმის ხარისხიც, რომელთა მიღწევაში თანამონაწილეობის განცდა ინდივიდისთვის თვითრეალიზაციის და პიროვნული განვითარების მაჩვენებელი იქნებოდა. ქართული საზოგადოების თაობაზე მსჯელობისას, შესაძლოა გადაჭარბებულად გვეჩვენოს მოსაზრება სოციალური ქსოვილის დაშლის შესახებ, მაგრამ ინდივიდუალიზმის როგორც „გადარჩენისთვის ბრძოლის“ გაგება, ინდივიდებს შორის უნდობლობის ზრდა და შესაბამისად ერთმანეთის უფლებების არ აღიარება, მარტივად რომ ვთქვათ „უფლებების აყრა“, და თვითდამკვიდრების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობების ძალაუფლებითი ან მმართველობითი ურთიერთქმედების სქემებამდე დაყვანა (შესაძლოა ამ გაგებების შეზრდაც კი, თუკი სტატუსური კუთვნილებების განსაზღვრა ამას ეფუძნება), სწორედ იმაზე მიგვითითებს, რომ პიროვნული განვითარება სოციალური ნიშნულების ხაზით კი არა პრივატულ-პარტიკულარისტული სტრატეგიების დონეზე აღიქმება. მაშინ როდესაც ინდივიდუალური თვითრეალიზაცია ქმედებების და მონაპოვარის „თანასწორთა“ მხრიდან აღიარებას არ ეფუძნება, შესაძლებელია თუ არა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ნებისმიერი ინდივიდუალური მიღწევა, იქნება ეს მატერიალური, პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსის სახით მოცემული, შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც დასაკუთრებული და განხორციელებული აქტი? სწორედ აღნიშნული მაფიქრებინებს ქართული საზოგადოების სოციალური ქსოვილის დაშლის საფრთხეზე და ინდივიდუალური განვითარების შესაძლებლობების წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

ავტორი: მალხაზ სალდაძე
17.08.2010 15:54
1. პირადი განვითარების პერსპექტივაში რა როლი ენიჭება ბლოგინგს?

თანამედროვე საქართველოში ბლოგინგი უდავოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ პირადი, არამედ საზოგადოებრივი აზროვნების განვითარების თვალსაზრისით. ტრადიციული მედია საშუალებები ცალმხრივი კომუნიკაციის პრინციპზეა აგებული. თუ ამასთან იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში მედია პროფესიონალიზმი და ჟურნალისტური საქმიანობის დამოუკიდებლობა სახარბიელო მდგომარეობაში არაა, ცხადია რთული იქნება იმაზე საუბარიც, რამდენად იძლევა სოციალური კომუნიკაციის ეს ველი აზრების თუ განწყობების ჩამოყალიბებაში ინდივიდუალური მონაწილეობის და პოზიციების სიმრავლის სრულად ასახვის საშუალებას. ამ თვალსაზრისით, ბლოგინგი სწორედ ის სივრცეა, რომელშიც კონკრეტული სოციალური თუ პოლიტიკური აქტორის მიერ თემის აქტუალიზაციას, მისი მრავალმხრივი განსჯა-განხილვის შესაძლებლობაც ახლავს თან. შესაბამისად, ზღვარი პოზიციის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის პირობითია, რაც ინდივიდებს თუ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, ან მათში, აზრების გენერირება-დამკვიდრების ზემოდან ქვემოთ მიმართულ სქემას გამორიცხავს. ამის შედეგი კი, გახლავთ, ერთის მხრივ პიროვნული პოზიციების რეალიზებისთვის გახსნილი სივრცის სტრუქტურირება, რომელშიც ინდივიდს აზრის გამოთქმის და საზოგადოებრივ განხილვებში თავისუფალი მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს, და მეორეს მხრივ, პირველიდან გამომდინარე, ჯანსაღი სოციალური კრიტიკის განვითარების პერსპექტივა.

ავტორი: ია ანთაძე
16.08.2010 20:00
მალხაზ, გიგზვნით იმ შეკითხვებს, რომლების დასმა რადიოეთერში ვერ მოვასწარი. იქნებ, მოკლედ მაინც გვიპასუხოთ:


1. პირადი განვითარების პერსპექტივაში რა როლი ენიჭება ბლოგინგს?

2. 90–იანი წლებიდან დღემდე არსებულმა პოლიტიკურმა ატმოსფერომ რა გავლენა მოახდინა პიროვნული განვითარების პერსპექტივაზე?

3. შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა ახალი, თვისებრივად განსხვავებული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ლიდერების წარმოქმნა უახლოესი 2–3 წლის განმავლობაში?

4. სანამ ნაციონალური მაუწყებლები პროპაგანდით კვებავენ საზოგადოებას, რას შეიძლება დაეფუძნოს პოლიტიკური ან საზოგადოებრივი განვითარების პერსპექტივა?

5. საქართველოში შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა მაღალი ხარისხის განათლების მიღება? სად? რა სპეციალობით?

ავტორი: EkaterinaMyway Fromray
16.08.2010 19:58
საზოგადოებრივი განვითარების პერსპექტივა

ჩემის აზრით ეს თემა, ქალბატონო ია, ბევრად უფრო მტკივნეულია, ვიდრე პიროვნული განვითარება და ჩვენი პოლიტიკოსების _ ოპოზიცია-ხელისუფალთა შემთხვევითი თუ მიზანდასახული "გადაცდომები".

_ როდესაც საზოგადოების მართვადი ნაწილი (მასა) მიეჩვია იმ აზრს, რომ მისი გასაკეთებელი საქმე ვიღაც სხვამ უნდა აკეთოს, სულ ერთია ვინ: ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, საზოგადო მოღვაწეებმა, ცნობილმა ხელოვანებმა, მეცნიერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მასმედია-მედიის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, "მეგობარი" სახელმწიფოების ლიდერებმა და ა.შ. ანუ ყველამ, ოღონდ არა მან;
_ როდესაც არასამთავრობო ელიტა, ვისაც ლომის ძალა გააჩნია პრობლემათა რეალური გადაჭრისათვის და მორალური უფლებაც აქვს ხალხის მასების მართვისათვის, რატომღაც კინკლაობასა და ერთმანეთის დაჭმას უნდება (გავიხსენოთ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში მომხდარი ინციდენტი, როცა ხალხისთვის საიმედო და საყვარელი ტელეკომპანია პროვოკაციის გზით დააპირისპირეს საზოგადოებისთვის ყველაზე ავტორიტეტულ და ყველაზე ძლიერ სულიერ ინსტიტუტთან _ ეკლესიასთან, რომლის წარმომადგენლადაც იქნა აღქმული ორგანიზაცია "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი", სამწუხაროდ ამ შემთხვევამ და მისგან მომდინარე შედეგებმა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა საზოგადოებრივ ცნობიერებაში და ბევრი გავლენიანი პიროვნების მიმართ გააჩინა ეჭვი);
_ როდესაც სამთავრობო ელიტა ჩვეული შეთანხმებული ცბიერებით სარგებლობს ამგვარი სიტუაციებით და საზოგადოების მართვის მთელი ბერკეტები ხელთ უპყრია;
_ როდესაც საზოგადოების მართვად ნაწილს მმართველი კლასის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ უჩნდება უნდობლობა, საზოგადოების ჯანსაღი მოდელის არსებობის შემთხვევაში ამ დროს უმრავლესობამ უნდა მოახდინოს ზეწოლა უმცირესობაზე "შედეგიანად", მაგრამ რა ხდება ჩვენთან?
ხდება ისე, რომ:
_ საზოგადოების მიერ გამოთქმულ უმწეო პროტესტს არანაირი შედეგი არ მოჰყვება (გავიხსენოთ ცნობილი ასდღიანი მიტინგი რუსთაველზე, რომელმაც ხელისუფლების მხრიდან დაცინვისა და იგნორირების ფონზე ჩაიარა, რასაც თან სდევდა მომიტინგეთა მცირე ჯგუფებთან ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევებიც);
_ საზოგადოების მხრიდან გამოხატულ მკვეთრ წინააღმდეგობასა და დაუმორჩილებლობას ხელისუფალთა მხრიდან ძალადობრივი ქმედება უპირისპირდება (გავიხსენოთ 7 ნოემბერი, გიორგობა დღე და სხვა);
ვინაიდან იძულების წესით დიდი ხნის მანძილზე ხელისუფლების პყრობა წარმოუდგენელია, ელიტა კი ამ დროს ვეღარ ახდენს განახლებას, ცირკულაციას, ასეთ საზოგადოებას განვითარების პერსპექტივა ნაკლებად გააჩნია, უფრო უარესიც, მას ან შიდა რევოლუციით, ან გარეგანი ჩარევით დანგრევა ელოდება, როგორც ერთ მთლიან ორგანიზმს და არა მისი სტრუქტურის ერთ რომელიმე ნაწილს, ან მის ერთ რომელიმე ფენას.

ბატონო მალხაზ, თქვენ როგორ ფიქრობთ,

1. არსებობს თუ არა რაიმე უფრო ჯანსაღი მოტივაცია,
რომელიც შესაძლოა მასისთვის იქცეს ზეწოლის უფრო ხელსაყრელ წამქეზებლად?
2. ღირს თუ არა საერთოდ ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელება დღევანდელ ურთულეს საშინაო და საგარეო ვითარებაში?
3. შეუძლია თუ არა არასამთავრობო ელიტას ხალხის მასებისაგან დამოუკიდებლად, თავად განახორციელოს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რა გზით?
4. შესწევს თუ არა ძალა მართვად მასას (ლიდერის გამოჩენის შემთხვევაში) თავად განახორციელოს ხელისუფლებაზე ზეწოლა?
5. იქნებ ზეწოლის ობიექტი არასწორადაა შერჩეული და მასამ ზეწოლა არასამთავრობო ელიტაზე (მასმედიაზე, ოპოზიციაზე, საზოგადო მოღვაწეებზე და ა.შ....) უნდა განახორციელოს, რაც ამ ფენას მისცემს ერთგვარ ბიძგს, დააკისრებს პასუხისმგებლობას მოვლენათა მართვაში და გაამართლებს მორალურად მათ შემდგომ ქმედებებს?
6. რამდენად რეალურია ეკლესიისა და მასის მიერ ერთობლივი მმართველობა საქართველოში, იქნებ ეს მოდელი წარმოადგენს საზოგადოებრივი და პოლიტიკური განვითარების მშვიდობიან გზას დღევანდელი საქართველოსთვის?
7. იქნებ საზოგადოების განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები ისევ უმრავლესობაში უნდა ვეძებოთ, იქნებ სჯობს ჩიხში მყოფი მასა თავად "გადადგეს" ხელისუფალთა შეცვლის უპირობო და უპერსპექტივო მოთხოვნიდან (ვინაიდან "წასვლის" შემთხვევაში ისინი აუცილებლად თავის "მემკვიდრეს" დატოვებენ, ისე როგორც ეს შევარდნაძის ხელისუფლებამ გააკეთა) და როგორმე ისწავლოს უმწეო პროტესტის გამოხატვის ნაცვლად, საღი და გონივრული მოთხოვნების ჩამოყალიბება-დაყენება ანგარიშვალდებული პოლიტიკური პირების მიმართ?


ავტორი: EkaterinaMyway Fromray
16.08.2010 19:57

პოლიტიკური განვითარება

ქალბატონო ია, მინდა ორიოდე სიტყვით ამოვთქვა ჩემი გულისტკივილი, რაც ვგონებ თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. მაშინ,
_ როდესაც ქვეყანაში ყველა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება მტრის ხატთან ასოცირდება;
_ როდესაც ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები;
_ როდესაც ქვეყანას ჰყავს დევნილები ბიზნესიდან, პოლიტიკიდან, თვით "მეოთხე ხელისუფლებიდანაც" კი და როცა ჩვენ ყველანი დევნილებად ვგრძნობთ თავს ჩვენს საკუთარ მიწა-წყალზე;
_ როდესაც ფაქტიურად არ გაგვაჩნია ქვეყნის საკეთილდღეოდ გააზრებული არანაირი შიდა და გარე პოლიტიკური კურსი;
_ როდესაც ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, როგორც მისი გადარჩენის ერთერთი უძლიერესი ბერკეტი გადაჩქმალულია და "მივიწყებული" საკუთარი ხელისუფლების მიერ;
_ მაშინ, როცა საქართველო არ ითვლება უპირველესად კავკასიის ნაწილად და მხოლოდ ამის შემდეგ არ აყენებენ მისი ევროინტეგრაციის საკითხს;
_ როდესაც ვინმე ძლიერი სახელმწიფოებისათვის ჩვენი სამშობლო მოიაზრება, როგორც მარტოდენ ცარიელი ტერიტორია და საბრძოლო პოლიგონი და არა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ერის კანონიერი ისტორიული სამკვიდრებელი;
_ როდესაც მსოფლიო საიტებზე ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული რუკა წარმოდგენილია შეკვეცილი სახით და ამაზე პრეტენზია ქართველთაგან არავისა გვაქვს;
_ როდესაც "დაგვიკანონდა”' ოკუპირებული ტერიტორიები და მათი დაბრუნების თაობაზე რეალური გეგმა არ ჩანს;
_ როდესაც ჩვენ "ამოვარდნილი" ვართ მსოფლიო ქვეყნების ჯანმრთელი პოლიტიკური განვითარების მსვლელობიდან და ა.შ.

ბატონო მალხაზ, გთხოვთ გვიპასუხოთ:

1. როგორ გესახებათ ამ ჩიხიდან გამოსვლის გზები, ანუ როგორ უნდა განვითარდეს ქართული პოლიტიკა , როგორ დავუბრონოთ ქვეყანას ის გეო-პოლიტიკური მნიშვნელობა, რაც ოდესღაც გააჩნდა, რომ მან კვლავ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი კავკასიასა და მსოფლიოში?
2. არის თუ არა შესაძლებელი მოხდეს ღირსაბააყრილი ქართული საზოგადოების რეგენერაცია და რაც მთავარია, რითი ვაგრძნობინოთ სოციუმის თვითოეულ წევრს, რომ ყველა მათი ჯანსაღი პოლიტიკური მრწამსი და შეხედულებანი (რაგინდ უმნიშვნელოც კი) პატივსაცემია, გათვალისწინებულია და ჩადებულია ქართული პოლიტიკის სამომავლო გეგმებში?
3. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური იდეოლოგია განწირულია დასაღუპავად ეკონომიური დასაყრდენის გარეშე?
4. თვლით თუ არა, რომ ქართული სახელმწიფოს ძლიერებისათვის დღესაც ისე, როგორც ყოველთვის, აუცილებელია ძლიერი ეროვნული ხელისუფლებისა და ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესიის უპირობო შეთანხმებული მოქმედება _ ეროვნული ინტერესების განსამტკიცებლად?
5. როგორ წარმოგიდგენიათ: ქვეყნის პოლიტიკური განვითარების უმთავრეს კრიტერიუმებად ხელისუფლებამ წინა პლანზე უნდა წამოსწიოს ქართული ეროვნული ღირებულებები, ზნე-ჩვეულებები და ტრადიციები, თუ განაგრძოს ძველი პოლიტიკური სვლა, ანუ ყოველივე ეროვნულის იგნორირების ხარჯზე თავს მოგვახვიოს ჩვენთვის უცხო და მიუღებელი ფსევდო-ფასეულობები?
6. დამეთანხმებით, პიროვნებისათვის ჯერ საკუთარი ფასეულობების აღარიება და სიყვარულია საჭირო, რათა სხვსი ღირებულებების მიმართ შეძლოს პატივისცემით მოქცევა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, როგორ უნდა მოახერხოს ქართულმა სახელმწიფომ სხვა ეთნიკურობის, სხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა უფლებების დაცვა, როდესაც მას საკუთარი ოფიციალური სახელმწიფო რელიგიაც კი არ გააჩნია, როცა ეროვნული ინტერესები დაუცველია და როცა კანონი საქართველოში ქართველებსაც ვერ იცავს, ანდა ამ პირობებში რატომ უნდა გაუჩნდეთ სურვილი სხვა ეთნიკური წარმომავლობის (თუნდაც აფხაზებს, ოსებს) ადამიანებს _ იცხოვრონ ჩვენთან ერთად კეთილმეზობლურად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა?

ავტორი: EkaterinaMyway Fromray
16.08.2010 19:55
პოლიტიკური, საზოგადოებრივი და პიროვნულიი
განვითარების პერსპექტივა დღევანდელ საქართველოში

ქალბატონო ია, თქვენ შეგიძლიათ ჩემი კითხვები საკუთარი შეხედულებისამებრ წარუდგინოთ ან არ წარუდგინოთ ბატონ მალხაზს, ან ამოარჩიოთ მათგან ის ნაწილი, რაც მისაღებად მიგაჩნიათ თქვენი გადაცემის თემატიკისათვის. მე სრულიად ვენდობი თქვენს გადაწყვეტილებას.
მინდა კითხვების დასმის პარალელურად მოკლედ შევეხო იმ პრობლემებს, რომლებიც გვევლინება ხელისშემშლელ ფაქტორებად პიროვნული, სოციალური და პოლიტიკური განვითარების გზაზე. ამიტომ წერილი შესაძლოა ცოტათი მწვავე და უსიამოვნოც გამოვიდა, მაგრამ ეს ჩემი მხრიდან გაკეთდა მხოლოდ იმიტომ, რომ პრობლემათა გადაჭრის ხერხები, მეთოდები და გზები ბატონმა მალხაზმა მოგვაწოდოს, როგორც პროფესიონალმა.

პიროვნული განვითარება

ალბათ დამეთანხმებით, როდესაც ადამიანს არ გააჩნია საკუთარი პიროვნული მოტივაციების რეალიზების შესაძლებლობები, პირად განვითარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. როგორ რა რატომ ვერ ხერხდება ეს? იმისათვის, რომ მოხდეს ჯანსაღი პიროვნული მოთხოვნილების დაკმაყოფილება არაა საკმარისი მარტოოდენ ამ მოთხოვნილების არსებობა. საამისოდ საჭიროა კიდევ ორი კომპონენტი: გარემოში მოთხოვნილების ობიექტის არსებობა და საშუალება მისი მოპოვებისათვის, ანუ მოთხოვნილებასა და მოთხოვნილების ობიექტს შორის მაკავშრებელი ძაფი. ერთ-ერთის არ არსებობის შემთხვევაში, ცხადია, პიროვნული მისწრაფება რჩება დაუკმაყოფილებელი. ახლა თუ იმასაც გავითვალისიწნებთ, რომ პიროვნებას ვერ მოვიაზრებთ სოციუმისაგან იზოლირებულად, მაშინ მოგვიწევს ვაღიაროთ, რომ გარემო (სოციალური ნორმები, მოქმედი კანონმდებლობა, პოლიტიკური ამინდი, სახელმწიფოს მიერ არჩეული და გატარებული კურსი თითოეული ადამიანის ინდივიდუალური განვითარების საქმეში, ბერკეტები, რომლითაც დღეს ჩვენი ხელისუფლება ბორკავს ადამიანის განვითარების თავისუფალ არჩევანს, თავისუფალ სიტყვას, ოცნების უფლებასაც კი და ა.შ...) განსაზღვრულ და მნიშნველოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის პირად განვითარებაზე, მისი ფსიქოლოგიური სიმწიფისა და ბიოლოგიური ასაკის მიუხედავად.
ქალბატონო ია ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც:
_ არ შეიძლება საკუთარი მცირე ბიზნესის აწყობის პერსპექტივაზე ოცნებაც კი (ვინაიდან ყველანაირი "შემოსავლიანი" საქმის დასაკუთრების პრეროგატივა მხოლოდ "რჩეულთა" ხვედრია);
_ არც სხვის მსხვილ ბიზნესში შეგიძლია მეწილეობა შენი ინტელექტუალური საკუთრებით (ვინაიდან საავტორო უფლებები დაცულია მხოლოდ ფურცელზე, "რიგითი" მოქალაქე ამ უფლების კანონიერი ფლობის შემთხვევაშიც კი უფლებააყრილია დაიცვას საკუთარი ინტელექტუალური მონაპოვარი, ანდა რომელ სასამართლოში დაიცავს? კიდევ უარესი, მოწონების შემთხვევაში მას აუცილებლად წაართმევენ მისი "გონების პირმშოს" და ფიზიკური განადგურებითაც დაემუქრებიან, თუკი გაბედა საკუთრებაზე უფლების გამოცხადება);
_ არც სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმების შესაძლებლობა არსებობს (რადგან დღეს ასეთი ტენდენცია დამკვიდრდა ხელისუფლების მიერ საქართველოში: "თუ არ ხარ ჩვენთან, მაშინ ნურც ყოფილხარ საერთოდ", ანუ: თუ არ ხარ "მათიანი", მაშინ ხარ "სხვისიანი", " უცხოსიანი", " მტრისიანი" ანუ არავინ... მიუხედავად იმისა, რომ იმარჯვებ _ ხარ პირველი მათ მიერ მოწყობილ კონკურსებში და რაოდენ "საოცარიც" არ უნდა იყოს, რეზერვშიც კი ვერ ხვდები, შეკითხვაზე რ ა ტ ო მ? პასუხსაც კი ვერ იღებ მათგან სრულიად იგნორირებული);
_ ხოლო სხვის საქმეში დასაქმებული ისევ იმაზე ხარ დამოკიდებული, თუ როდის "გადაყლაპავენ" შენი დამსაქმებლის ბიზნესს და შენც ქუჩაში აღმოჩნდები პრეტენზიის გამოთქმის უფლების გარეშე (მიზეზი ერთია: ყველა სფერო უკვე "ტორდადებულია", მონოპოლიზირებულია მავანთა მიერ).

მე მინდა ვკითხო ბატონ მალხაზს:

1. როგორ წარმოგიდგენიათ ამ სიტუაციაში პიროვნული განვითარება რეალიზების, თვითრეალიზების, თვითაქტუალიზაციის გარეშე, გნებავთ ახალგაზრდებისთვის, გნებავთ ჩემი მშობლების თაობისთვის, რომლებიც უკვე "ჩარეცხილთა" შორის მოაქციეს თავიანთი ფსიქოლოგიური, პიროვნული, პროფესიული სიმწიფის ასაკში, მაშინ როცა ჩემმა თაობამ სწორედ მათგან უნდა გაიზიაროს და შეისისხლხორცოს ყველა მათი ცხოვრებისეული მონაპოვარი?
2. როდესაც ადამიანებს უფლება აჰყარეს იმუშაონ თავიანთი პროფესიისა და სტატუსის შესაბამისად, სადაც ისინი ისე გრძნობდნენ თავს, როგორც თევზი წყალში, რაღა საჭიროა რაღაცა "გადამზადების კურსებით" მათი მოტყუება, სადაც მათ ნებისმიერ დროს მოუწევთ თავის დახრა, როგორც "გადანამზადებ" სფეროში დილეტანტებს?

ყველაზე პოპულარული