პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 08:47

რუბრიკები / მუსიკა, მუსიკა

დავიწყებული ზღაპარი

ბაიროითის ფესტივალის მასპინძელი ოპერის შენობა
x
ბაიროითის ფესტივალის მასპინძელი ოპერის შენობა

მულტიმედია

აუდიო
პოდკასტი
გამოიწერეთGoogle reader
ტექსტის ზომა - +
როგორც წინა გადაცემებში შეგპირდით, დღეს გიამბობთ ჩემს შთაბეჭდილებებზე ბაიროითის ფესტივალის შესახებ.

მოგახსენებთ, რომ წილად მხვდა ბედნიერება დავსწრებოდი ვაგნერის "ლოენგრინს", რომლის შესახებაც წინა გადაცემაში ვისაუბრეთ. მაგრამ სანამ უშუალოდ მუსიკალურ შესრულებაზე მოგიყვებოდეთ, მანამდე ორიოდე სიტყვით დადგმებს მინდა შევეხო: ბაიროითში ამ ბოლო ხანს საკმაოდ ბევრს საუბრობენ ვაგნერის ოპერების სკანდალურ სარეჟისორო ინტრეპრეტაციებზე. ეს საუბრები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ბაიროითის ფესტივალი ვაგნერის ორმა შვილთაშვილმა, კატარინა და ევა ვაგნერებმა ჩაიბარეს. ამ ქალბატონებმა მიზნად დაისახეს - უპირველეს ყოვლისა, სცენიური ინტერპრეტაციების თვალსაზრისით - ბაიროითის ფესტივალის კლასიკად ქცეული ტრადიციების უარყოფა და რაც შეიძლება მეტი შოკის გამოწვევა საზოგადოებაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ სურვილის მანიფესტად იქცა თავად 32 წლის კატარინა ვაგნერის მიერ დადგმული "ნიურნბერგელი მაისთერზინგერები", სადაც რეჟისორმა ოპერის გმირებს თავისი ორი დიდი ბაბუის, ვაგნერისა და ლისტის ნიღბები გაუკეთა სახეზე. წარმოიდგინეთ, ფარდა იხსნებოდა და სცენაზე ათეულობით ვაგნერი და ლისტი იდგა, მათ შორის ქალი-ვაგნერები და ქალი-ლისტები. ალბათ, კრიტიკოსი არ დარჩენილა, რომელიც თავს არ დასხმოდა ვაგნერების შთამომავლებს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ უკვე სერიოზულად დაიწყეს ფიქრი ბავარიაში ვაგნერების ამ ფესტივალიდან ჩამოცილების შესახებ, რამაც, ბუნებრივია, დიდი პროტესტი გამოიწვია ვაგნერების ვეებერთელა კლანის მხრიდან.

წლევანდელი "ლოენგრინიც", რომლის იონას კაუფმანისეული შესრულებაც შეიძლება ჯეიმს კინგისა და პლასიდო დომინგოს შესრულებაზე მაღლაც კი დავაყენოთ, დადგმის თვალსაზრისით კვლავინდებურად უამრავ შეკითხვას აჩენდა. ჩემი დაკვირვებით, გერმანელ რეჟისორთა ერთ ნაწილს უკვე წესად ექცა ნებისმიერ სიუჟეტში ნაცისტური კონტექსტის შეტანა. აქაც, მისტიკური ზღაპრის მაგივრად ვიხილეთ ექსპერიმენტული ლაბორატორია, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ ორმეტრიანი ვირთხები სახლობენ. ეს ვირთხები მღერიან ვაგნერის გენიალურ საგუნდო პარტიებს, ეს ვირთხები დაძრწიან სცენაზე სიმფონიური პაუზების დროს და ეს ვირთხებივე რჩებიან ლოენგრინის მიერ განჯადოვებული ბრაბანტის ჰერცოგის, ამ შემთხვევაში კი რაღაც აპოკალიპტური ჭიპლარმოუჭრელი მუტანტის ამარა. გულწრფელად გეტყვით, იონას კაუფმანის ხმის მოსმენისას ზოგჯერ ძალიან მინდოდა თვალების დახუჭვა, რათა ის ყველაფერი არ დამენახა, რაც სცენაზე ხდებოდა.

იმედია, პათეტიკაში არ ჩამომართმევთ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს კაცობრიობას დღეს ზღაპრის მოყოლისა სცხვენოდეს. ყოველ შემთხვევაში, თუ კაცობრიობას არა, კაცობრიობის წამყვან რეჟისორებს მაინც. რეჟისორები თითქოსდა პაროდირებენ იმას, რაც ვაგნერმა შექმნა. ანუ, ინტერპრეტაციის მათეული გზა მხოლოდ პაროდიაა. ისინი მიზანმიმართულად თუ ძალაუნებურად ხელს უწყობენ იმ არასამართლიანი სტერეოტიპის გამყარებას, რომ თითქოს გერმანული ნაციზმი ვაგნერის შემოქმედებიდან იღებს სასიცოცხლო იმპულსებს. ასეთი მოსაზრება მხოლოდ იმას შეიძლება გაუჩნდეს, ვინც ზედაპირულად იცნობს ვაგნერის შემოქმედებას. ეს მით უფრო დამაბნეველია, როცა სწორად ბაიროითში იდგმება ასეთი პათოსის სპექტაკლები.

თუმცა ჩვენი კრიტიკა არ ეხება მუსიკალურ ინტერპრეტაციას. მაგალითად, "ნიბელუნგის ბეჭდის" მუსიკალური ინტერპრეტატორი, თანამედროვე დირიჟორი ქრისტიან ტილემანი, კრიტიკოსთა აზრით, ვაგნერის მუსიკის უპირველეს შემსრულებლად ითვლება. მისი შესრულებული "ნიბელუნგის ბეჭდის" მოსმენით, ვფიქრობ, ვაგნერიც კი კმაყოფილი დარჩებოდა. და მეც დასარულს სწორედ ქრისტიან ტილემანის შესრულებით მოგასმენინებთ "ტანჰოიზერის" უვერტიურის ნაწყვეტს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: თენგო საიდან გვწერთ: მიუნხენი
14.09.2010 04:45
არ დაიღალა ბუღაძე ენციკლოპედიის თარგმნით? რადიოს ხელმძღვანელობა თუ უშველის და ცოტას დაასვენებს, რომ მერე მალერს შეუტიოს განახლებული ენერგიით.

ავტორი: ნესტანი
13.09.2010 08:23
რატომ წერს ლაშა ბუღაძე მუსიკაზე? საქართველოში მუსიკისმცოდნე გამოილია? თანაც - ვაგნერის წელია თუ გვაგიჟებს თავისი ინტელექტუალურობით? მართლა რა ქაჯობაა. სწორად გამიგეთ, ვაგნერი ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორია, მაგრამ ეს ქაჯობა - "შემომხედეთ, რა მაგარი ბიჭი ვარო" მართლა გულს მირევს. რა უბედურება დაემართა "თავისუფლებას".

ავტორი: ორტრუდი
05.09.2010 14:39
ხო, ვოლფგანგ ვაგნერს ორი ცოლი ყავდა.
ისე, მაგ ვოლფგანგითაა, რომ ჭირს ბაიროითს ის, რაც ჭირს. მის ერაში დაიწყო ვოკალური დაღმასვლა და ფსევდო-სკანდალურ რეჟისურაზე ფსონის დადება.

ავტორი: ანონიმი
05.09.2010 02:11
ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ: v 04.09.2010 23:51

ვაიმე! რომელი ჩამოვთვალო.... ყველაფერს! მეცოდება კიდეც...მაგრამ მაგას არ ვეცოდებით. ყველაფრი შეუძლია, კარაიანის ფონოგრამაზეც დირიჟორობა და თავის თავის მასებისათვის მისაღება.

ავტორი: ანონიმი
05.09.2010 02:08
ავტორი: მოდერატორი 05.09.2010 01:46
რჩე-ვე-ბი! აქ ქვემოთაც არის. აქ რაც წერია ეგენი!
მერსი ბოკუ!

ავტორი: ანონიმი
05.09.2010 00:57
ავტორი: ორტრუდი 04.09.2010 12:51
ორტრუდ, ვაგნერის ცოლი არ მიგულისხმია რა თქმა უნდა. ხიხიხიხიხი! ბოლო ვაგნერს ხომ ჰყავდა 2 ცოლი და მაგათი შვილები, ეგ კატარინა და ის მეორე, 2 არ ყავდა? ეს კატარინა დურაკი გოგოა! სადმე ოფისში გამოდგებოდა.

ავტორი: ანონიმი
05.09.2010 00:54
პატ. რედაქციავ! ელვა დეპეშა დათო კაკაბაძეს!
ორტრუდი, აი ორტრუდი მიიწვიეთ რეცენზიებისათვის!
In Response

ავტორი: მოდერატორი
05.09.2010 01:46
ელვა-დეპეშას (თავისი რჩევითურთ) აუცილებლად გადავცემ ადრესატს.

ავტორი: ანონიმი
05.09.2010 00:51
ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ: v 04.09.2010 13:45

ვაიმეეეე! არა, არა! მაგას ისევ ლაშა სჯობს, მუსიკოსი მაინც არ არის!!!!!!!!!!

ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ: v
04.09.2010 23:51
ანონიმ - სად ხარ კაცო, მითხარი რა რას უწუნებ ნიკა მემანიშვილს.
მაინტერესებს მართლა შენი (ასე მოგმართავთ, შენობით) აზრი.
რა თქმა უნდა აქ ჩვენ არავინ გვეკითხება ვინ დაწერს მუსიკაზე სტატიებს, მემანიშვილსაც ისედაც გადატვირთული რეჟიმი აქვს და აქ რომ ვერ შეძლებს სტატიების წერას ცხადია. მაგრამ პირადად მე მიმაჩნია რომ თავისი საქმის უდიდესია. )..

ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ: v
04.09.2010 13:45
ანონიმ -მე არავის მივტირი .))) მაგრამ მუსიკის სფეროში ლაშა ბუღაძეს რომ ნიკა მემანიშვილი მირჩევნია ამას კი ვაღიარებ.

ბატონ ლაშას მესამე ბოდიში და საერთოდ ვისუსები.

ავტორი: ორტრუდი
04.09.2010 12:51
ცოლის არა, ვაგნერის შვილთაშვილის ქალიშვილებმა, რომლებიც ერთმანეთისთვის ნახევარდები გამოდიან. ევა ვაგნერ-პასკიე უღიმღამოზე უღიმღამო საოპერო რეჟისორია, კატარინა ვაგნერი კი, რომ არა ოჯახური ტრადიცია, ალბათ ოპერას არც გაეკარებოდა, რადგან არც მუსიკისა ესმის რამე და არც რეჟისურის.
შხვართი და გაპიარებული მომღერლების სიას რა თქმა უნდა სათავეში ანა ნეტრებკო უდგას. საერთოდ, დავასკვენი - რაც ბოლო წლების მანძილზე ევროპის სხვადასხვა ოპერებში ხმები მომისმენია - რომ დღეს, რაც უფრო ცნობილია თეატრი, მით უფრო იკლებს ვოკალის ხარისხი. ნამდვილ ხმებს - კარგად გამომუშავებულებს, თბილებს და რეპერტუარის ადეკვატურებს - უფრო პროვინციულ თეატრებში თუ შეხვდები და ალალად ისიამოვნებ.

უფროსების დისკუსიაში ჩავერევი და ვიტყვი, რომ მუსიკაზე არც იური ვაჩნაძის სტატიები გამოირჩევა დიდი პროფესიონალიზმით. თითოეული ტექსტის კონკრეტულ შინაარსს თავი რომ დავანებოთ, ნატალი დესეს რომ გააღმერთებ და სასწაულს უწოდებ, უკვე საკმარისია ჩემთვის დიაგნოზის დასასმელად. ისე კი მართლა სასწაულია დესენაირი სოპრანო მსოფლიოში საფრანგეთის კულტურის ელჩად რომ აქციეს. საერთოდ, პარიზელების (სხვა ფრანგულ ქალაქებს ვინ ეკითხება რამეს) მუსიკალური გემოვნება უკვე რამდენიმე ათწლეულია მაგრად მოიკოჭლებს. ჩვენს საყვარელ კაუფმანსაც სწორედ პარიზში აქვს ხოლმე ყველაზე დიდი წარმატებები.

ავტორი: ანონიმი
04.09.2010 12:27
ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ: v 04.09.2010 10:42
ვოლტერ, არ გამაგიჟო, ნიკა მემანიშვილი არ მოაყვანინო ეხლა თავისუფლების რედაქციას! სულ გავგიჟდები!
და ვაჩნაძეს მისტირი? არ გამასულელო!

ეხლა ლიკა ნიჟარაძე გამახსენდა... ჰა? რადიოვ, არ იქნებოდა ლიკა იდეა? გემოვნება აქვს?-აქვს. კარგად წერს?- წერს.
უფ, კიდევ არის ქვეყნის ხალხი... ვინც კარგად გააკეთებდა... კაკაბაძეს მუსიკა ფეხზე კიდია. მაგაზე გაბრაზებული ვარ!

ავტორი: ორტრუდი 04.09.2010 11:28
ხო, ორტრუდ, გასაგებია, ლანგ ლანგები, ტოკარევები და პროდუქტები.... თან ლამაზებიც რომ უნდა იყვნენ, მოდელებივით. გახადეს მასა მომხმარებელი და ეხლა მისტირიან, რომ დარბაზში დემოგრაფიული საშინელება სუფევს! ბაიროითი წითელი ხალიჩაა პოლიტიკანები და მსგავსი პუბლიკისათვის. ბოლო წლებია ხომ დაჭამეს ერთმანეთი ცოლის შვილებმა.

ავტორი: ორტრუდი
04.09.2010 11:28
ძვირფასო ანონიმო,
სამწუხაროდ კაუფმანის ფანების რიცხვი არც ისე პატარაა. დღეს მთელი პრობლემა იმაშია, რომ ჩამწერი სტუდიები და მომღერლების მენეჯერები პიარ-კამპანიების მეშვეობით ისევე აწარმოებენ და წარმოადგენენ მომღერლებს, როგორც სატელევიზიო რეკლამები გვაჩეჩებს “კარგ“ პროდუქტებს. პუბლიკაც მიდის ოპერაში და ისმენს “დღევანდელობის უდიდეს ტენორს“ და უკრავს ტაშს. ვოკალის რეალური მცოდნე დღეს თეატრში უკვე იმდენად ცოტაა, რომ მხოლოდ იშვიადღა თუ გაარღვევს ხოლმე კრიტიკული აზრი საყოველთაო აღფრთოვანების “ბრავო“-ს და ტაშის გრიალს.
განსაკუთრებით სწორედ ბაიროითის ფესტივალის პუბლიკა გატენილია ნუვორიშებითა და ათასნაირი მაზალო სოციალური კატეგორიის ხალხით, რომელიც იქ მხოლოდ იმისთვის ზის, რომ ბაიროითში სიარული პრესტიჟის ამბავია. ნამდვილი ვაგნერიანელი ერთ წარმოდგენაზე შეკრებილ 2000-მდე კაცში ალბათ სულ ათიოდე კაცია.

ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ: v
04.09.2010 10:42
მოკლედ , განვმეორდები და ისევ დავსვამ რიტორიკულ შეკითხვას-. რატომ წერს ლაშა ბუღაძე მუსიკაზე?
ბოღმა და ინტრიგანი რომ არ გეგონოთ ავხსნი მიზეზს, ე.ი. მე ბატონი იური ვაჩნაძის დროიდან მოყოლებული სიამოვნებით ვეცნობოდი სტატიებს , მართლა დიდი სიამოვნებით , მოგეხსენებათ არც ისე დიდი არჩევანია ქართულ საიტებზე რომ მსგავსი თემატურობის სტატიებს წააწყდე. .........მომიტევოს ლაშამ (ნამდვილად საყვარელი და კარგი პიროვნებაა და დიდ პატივს ვცემ , პირფერობა არ გეგონოთ, მართლაც ასე ვფიქრობ ), მაგრამ ლაშას შთაბეჭდილებები პირადად მე ლიტერატურაზე ბევრად უფრო მაინტერესებს..ისევე როგორც ნიკა მემანიშვილის შთაბეჭდილებები დამაინტერესებდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში .
პ.ს. უხეშად გამომდის ცოტა. უკაცრავად.

ავტორი: ანონიმი
03.09.2010 21:32
ორტრუდ, თქვენ და ლაშა სხვადასხვა სპექტაკლზე ყოფილხართ.
რაც შეეხება კაუფმანს, მისი იუტუბის კომენტარები მაინც ენახა ლაშას და რამდენს იწუნებენ ამ ბიჭს, ნახავდა. იონასის აღფრთოვანებულთა უმცირესობის რიგში დგომაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა.

ავტორი: ორტრუდი საიდან გვწერთ: თბილისი
03.09.2010 18:16
ვაიმე, ვაიმე. კრისტიან ტელემანი კი არა, ტილემანი ქვია იმ კაცს. :(

საერთოდ, კარგია ქართველებმა მუსიკაზე და განსაკუთრებით კლასიკურ მუსიკაზე რომ დაიწყეს წერა, მაგრამ ცოტა მეტი პროფესიონალიზმი ან როგორც მინიმუმ სიზუსტე არ გვაწყენდა. მე მაპატიეთ.

ავტორი: ორტრუდი საიდან გვწერთ: თბილისი
03.09.2010 17:36
ჯერ ეს ერთი, კატარინა ვაგნერის სრულიად უნიჭო დადგმაში ათეულობით ლისტი და ვაგნერი კი არ იდგა, არამედ თითო ნიღაბი-ბიუსტი სხვადასხვა გერმანელ “კლასიკოსს“ გამოსახავდა, იქნებოდა ეს კლაისტი, ბეთჰოვენი, ჰიოლდერლინი, შილერი, ვაგნერი, ლისტი თუ სხვა. ვაგნერს ის თავისი ერთი ნიღაბიც ეყოფოდა.
ახლა რაც შეეხება წლევანდელ ლოენგრინს. გუნდის გარდა მაგ დადგმაში არაფერი არ მოისმინებოდა. თქვენ მიერ განდიდებული და ხოტბაშესხმული კაუფმანი არის ერთი გზააბნეული ბარიტონი, რომელიც მთლიანად ყელისმიერად მღერის (და ამდენად დომინგოს “ღირსეული“ მემკვიდრეა), უწევს ფორსირება და მანერული ფრაზირებით ქმნის პარტიის ემოციური და ღრმა წაკითხვის ილუზიას. აღარც ვსაუბრობ ეველინ ჰერლიციუსის კატასტროფულ ორტრუდზე და ანეტე დაშის უფერულ და უარაფრო ელზაზე. ტერლამუნდი (შემსრულებლის სახელი აღარ მახსოვს) ოფიციალურად ლაპარაკობდა. ეგ იყო პროზა და არა ვოკალი. არც ბანებმა მომხიბლეს დიდად. ანდრის ნელსონსის ხელში ორკესტრი მოყვარულთა ჯგუფივით ჟღერდა. შეადარეთ იგივე ორკესტრს ტილემანის ხელში. ნაპერწკლებს ყრიდნენ. მთელი რინგით არ აღვფრთოვანებულვარ - რაინგოლდი და ვალკირია საკმაოდ უღიმღამო და ჩვეულებრივიც კი მომეჩვენა, ზიგფრიდი ნამდვილი ცოცხალი ზღაპარივით იყო. ერთი ის კრისტიან ფრანცი ყროყინებდა ზიგფრიდის როლში (სკანდალურია ის ფაქტი, რომ ე სკაცი 10 წელია უკვე ბაიროითში მღერის ზიგფრიდს!!!) მერთების დაისიდან თავზარდაცემული გამოვედი. ასეთი დიდებული ოპერაში არაფერი მომისმენია. ტილემანის რინგი ნამდვილად ისტორიაში შევა. სამწუხაროა, რომ არც რეჟისორულად და არც ვოკალურად არანაირი გამონათება არ იყო.
ისევ რომ დავუბრუნდეთ კაუფმანს, ნამდვილი ლოენგრინის მოსასმენად ჩემი მოკრაძალებული აზრით გირჩევთ ფრანც ფიოლკერს, შანდორ კონიას, იტალიელ ლოენგრინებს (ბერგონცი, პრანდელი და ა.შ.). ჯეიმს კინგი ერთერთი ბოლო დიდი ვაგნერიანელი ტენორია. დღევანდელ დღეს ერთადერთი ტენორი, ვინც ვაგნერს ნამდვილი ლეგატოთი, ჰელდენტენორული პათოსით და ხმის პროექციის და მართვის სწორი ტექნიკით მღერის, არის პეტერ ზაიფერტი. სამწუხაროდ, ბაიროითი ერთგულად მისდევს თავის წესებს და არ აჭაჭანებს ან არ ძალიან ცოტას ამღერებს ვაგნერისავე თეატრში ვაგნერის საუკეთესო შემსრულებლებს. ასე იყო ფლაგსტადიდან და მელხიორიდან მოყოლებული და ასე გრძელდება დღემდე.

ავტორი: James King საიდან გვწერთ: Heaven
03.09.2010 17:09
ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი, ანუ ჯეიმზ კინგის ფენომენის შესახებ ასეთი მცდარი წარმოდგენა აქვს სტატიის ავტორს, რადგან დომინგოსა და მითუმეტეს კაუფმანის გვერდით მიხსენიებს!

ავტორი: ანონიმი
03.09.2010 13:53
მეც მაინტერესებდა წინა სტატიის ქვეშ და რა შენი საქმეაო.

ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ: v
03.09.2010 03:34
მაპატიეთ , მაგრამ ლაშა ბუღაძე რატომ წერს მუსიკაზე ?? პირადი არაფერია მართლა ზოგადად მაინტერესებს.

ყველაზე პოპულარული