შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 04:36

რუბრიკები / მეათე სტუდია

როგორია ქურდი კაცის ბედი

მულტიმედია

აუდიო
პოდკასტი
გამოიწერეთGoogle reader
ტექსტის ზომა - +
ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში და ქურდული სამყაროს წევრობა კანონით დასჯად ქმედებად გამოაცხადა. კანონის გამკაცრებიდან ოთხი წლის თავზე ირკვევა, რომ კანონიერი ქურდობის ინსტიტუტის რეიტინგმა კატასტროფული ვარდნა განიცადა ყველა სოციალურ ფენაში. არადა, სულ ცოტა ხნის წინ კანონიერი ქურდები ასკეტურ, სამართლიან და ღირსეულ ადამიანებად ითვლებოდნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში. რატომ იყო საქართველო კრიმინალური ავტორიტეტებისათვის ნოყიერი ნიადაგი და რა დაემართა ქურდულ სამყაროს უკანასკნელი წლების განმავლობაში?

„ქურდის ხვედრი“ - ასე ჰქვია ცნობილ ქურდულ სიმღერას, რომელიც იავნანასავით მშობლიურია ქურდული სამყაროს წევრებისათვის, თუმცა ქურდებისა და მათი მიმდევრების ხვედრი კიდევ უფრო დამძიმდა 2006 წლის შემდეგ, როცა სისხლის სამართლის კოდექსში, 223-ე პრიმა მუხლის სახით, შემდეგი ჩანაწერი გაჩნდა: ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო კანონიერი ქურდობა - ვადით შვიდიდან ათ წლამდე. - ცვლილების ინიციატორი იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც პირობა დადო, რომ ქურდებს, როგორც კლასს, დაანგრევდა და ამოძირკვავდა..

ამოძირკვამ ქურდებისა და ქურდული სამყაროს წევრთა მასობრივი დაპატიმრების სახე მიიღო: ვინც ემიგრაციაში წასვლით ვერ უშველა თავს, დღემდე თბილისის ნომერ მე-7 მკაცრი რეჟიმის იზოლატორში ზის. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა, კარგად იცის, თუ რა პირობებში იხდიან სასჯელს კანონიერი ქურდები:

ეს პარაინსტიტუტები, ანტისახელმწიფოებრივი სტრუქტურები იქმნებოდა როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო უუნაროა საბაზო სერვისები შესთავაზოს მოქალაქეს. ასეთ პირობებში სახელმწიფოს ჩაენაცვლა ქურდობის ინსტიტუტი ...
„ეს არის საპყრობილის ტიპის დაწესებულება. ერგებათ გასეირნება დღის განმავლობაში. საკნების ნაწილში ბუნებრივი სინათლე ვერ აღწევს. ადრე ეკრძალებოდათ რადიოსა და ტელევიზორის ყურება, თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად საპყრობილის ადმინისტრაცია გარკვეული ფილმების ტრანსლირებას ახორციელებს. რა თქმა უნდა, რეჟიმი მკაცრია და სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ რეჟიმი იყოს უფრო ჰუმანური.“

სახალხო დამცველის განმარტებიდან ჩანს, რომ კანონიერი ქურდები ვითარებას ვეღარც ციხეებში მართავენ. არადა, ყველაზე მედგარი წინააღმდეგობა ქურდებმა სწორედაც რომ ციხეებისათვის გასწიეს. იყო ამბოხის რამდენიმე მცდელობა, რომლის დროსაც საპყრობილეებში მყოფი პატიმრები მითითებებს გარედან იღებდნენ, თუმცა ამბოხის მოწყობისა და გავლენის დაბრუნების ეს და ყველა სხვა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერიც, დავით დარჩიაშვილი, ქურდების გავლენაზე წარსულ დროში ლაპარაკობს:

„გავლენა ძალიანი დიდი ჰქონდა მაშინ, როცა ფორმალური ინსტიტუტები სრულიად არალეგიტიმური იყო და საზოგადოების ნდობით არ სარგებლობდა. ეს პარაინსტიტუტები, ანტისახელმწიფოებრივი სტრუქტურები იქმნებოდა როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო უუნაროა საბაზო სერვისები შესთავაზოს მოქალაქეს. ასეთ პირობებში სახელმწიფოს ჩაენაცვლა ქურდობის ინსტიტუტი, რომელიც დასუსტდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაბრუნდა ქვეყანაში.“

არადა, სულ რაღაც 5 წლის წინ საქართველო, კანონიერი ქურდების გავლენისა და რაოდენობის მიხედვით, ტოლს არ უდებდა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას. რუსეთშიც კი ყოველი მესამე ქურდი ქართველი იყო. მაინც რატომ და როგორ წარმოშვა საქართველომ ამ რაოდენობის„კანონიერი ქურდი“? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას არაერთი მკვლევარი შეეცადა. გევინ სლეიდი, ოქსფორდის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ცენტრის თანამშრომელი და „ქართული ქურდული სამყაროს“ მკვლევარი, არ იზიარებს აზრს, რომ ქართული ღირებულებები, კულტურა და მენტალიტეტი რაღაც ფორმით ჰარმონიაშია ქურდული სამყაროს ღირებულებებთან, რომ ქურდების საზოგადოებამ საქართველოს, მთელი ისტორიის მანძილზე, მისცა მართლმსაჯულების ერთადერთი არაკორუმპირებული და ქმედობაუნარიანი სისტემა. გევინ სლეიდის თქმით, კანონიერი ქურდები საქართველოში, ისევე როგორც ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში, მანკიერმა პოლიტიკურმა სისტემამ წარმოქმნა. ინტერნეტ საიტ opendemocracy.net-ზე 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში ბრიტანელი მკვლევარი წერს:

„საბჭოთა სახელმწიფოს არ შეეძლო არალეგალური კაპიტალისტური ურთიერთობების რეგულირება ან დაცვა, რის გამოც ერთდროულად ჩნდებოდა როგორც დავების გადაწყვეტისთვის ალტერნატიული მექანიზმების აუცილებლობა, ასევე მათი წარმოქმნის შესაძლებლობა... 90-იან წლებში მომხდარმა ქართული სახელმწიფოს კოლაფსმა კი საშუალება მისცა სხვა მოთამაშეებს - მათ შორის, კანონიერ ქურდებს - პირადად ეტვირთათ სახელმწიფოს ფუნქციები იმ დონეზე, რა დონეზეც ეს შეუძლებელი იყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობაში.“

რა ფორმებითაც და მეთოდებითაც მოქმედებდნენ კანონიერი ქურდები ციხეებში, იმავე და უფრო სასტიკი მეთოდებით მოქმედებენ და მართავენ დღეს ადმინისტრაციებისა და დეპარტამენტის წარმომადგენლები ...
თუმცა გევინ სლეიდერი იმასაც შენიშნავს, რომ ქურდებთან ბრძოლამ, რაც გამოიხატა ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღებაში, საკუთრების კონფისკაციაში, სასჯელაღსრულების სისტემისა და პოლიციის რეფორმირებაში, ვითარება რადიკალურად შეცვალა. ცვლილება შეუმჩნეველი არც ქართველ მკვლევარებს დარჩენიათ. სოციოლოგი მერაბ ფაჩულია კვლევაზე დაყრდნობით ამბობს:

„დრამატულად მცირდება ამ ინსტიტუტის რეიტინგი და იმიჯი. იცვლება მისდამი დამოკიდებულება საზოგადოების ყველა სეგმენტში, ანუ დღევანდელი სიტუაცია არის თითქმის იდეალური... თუმცა სხვა ამბავია, რამდენად ხშირად დაირღვა ადამიანის უფლებები, ვიდრე ქვეყანა ამ სიტუაციამდე მივიდოდა.“

და მართლაც, როგორ მივიდა საქართველო დღევანდელ ვითარებამდე? ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი მიესალმება ქურდების, როგორც კლასის, ლიკვიდაციას, თუმცა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არ გაუკეთებია ყველაზე მთავარი: უარი არ უთქვამს მართვის იმ მეთოდებსა და ფორმებზე, რომელთაც კანონიერი ქურდები იყენებდნენ:

„მე ვიტყოდი, რომ კანონიერი ქურდობა კი არ აღმოიფხვრა, არამედ მოხდა კანონიერი ქურდების ჩანაცვლება თვითონ ხელისუფლების მიერ. რა ფორმებითაც და მეთოდებითაც მოქმედებდნენ კანონიერი ქურდები ციხეებში, იმავე და უფრო სასტიკი მეთოდებით მოქმედებენ და მართავენ დღეს ადმინისტრაციებისა და დეპარტამენტის წარმომადგენლები. ამ ვითარების შეცვლა შეუძლებელია, რადგანაც საქართველოში სასამართლო მხოლოდ ფორმალურად არსებობს. სასამართლო არის ნოტარიული პალატა, რომელიც ამტკიცებს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია პროკურატურაში და რაც აწყობს ხელისუფლებას.“

ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სწორედ ამგვარი მართული მართლმსაჯულების წყალობით მოხერხდა საქართველოში ქურდული სამყაროს ეფექტიანი შევიწროება, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც თვალშისაცემია და რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მხოლოდ 2009 წელს ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის მუხლით 33 საქმეა აღძრული, ხოლო ის გარემოება, რომ ქურდები თავისუფლად ვეღარ მოქმედებენ, გავლენას ახდენს მთლიანად კრიმინოგენულ ვითარებაზე. იმავე მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ვითარება გაუმჯობესებულია თითქმის ყველა მიმართულებით: წინასწარი გამოძიების დაწყების მაჩვენებელი შემცირდა ისეთ გავრცელებულ დანაშაულზე, როგორიცაა ძარცვა - 14 პროცენტით, ყაჩაღობა - 34 პროცენტით, ხულიგნობა - 21 პროცენტით, თავისუფლების უკანონო აღკვეთა - 19 პროცენტით. ამ ფონზე გასაკვირი არაა, რომ საქართველოში ქურდული რომანტიკა მნიშვნელოვნად გახუნდა და ეგრეთ წოდებულმა „ბლატნოი“ სიმღერებმაც, დრამატულის ნაცვლად, კომიკური ჟღერადობა შეიძინა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: mec საიდან გვწერთ: saxlidan
06.09.2010 22:33
ვეთანხმები მე-ს სახლიდან! ცხელი შანთის გარეშე არაფერი გამოვა, დრო კი მიაყრის მტვერსა და მიწას... რაც მეტი იქნება დრო, მით მეტი მიწა გადაეფარება!

ავტორი: me საიდან გვწერთ: saxlidan
05.09.2010 16:52
მაგარი კომენტებია, ღმერთმანი!
სანამ ქურდების ქება არ შეწყდება ამ ქვეყანაში,არაფერი გვეშველება. მაგის წამალი კი დრო და ცხელი შანთია!

ავტორი: toma jakeli საიდან გვწერთ: Amsterdam
04.09.2010 14:03
„მე ვიტყოდი, რომ კანონიერი ქურდობა კი არ აღმოიფხვრა, არამედ მოხდა კანონიერი ქურდების ჩანაცვლება თვითონ ხელისუფლების მიერ..."

ერთობ ადვილია ხელისუფლებისა და სახელმწიფო სტრუქტურების კრიტიკა მკვლევარისა და თეორეტიკოსის პოზიციიდან, მათი "არადემოკრატიულობაში" დადანაშაუკლება და სასამართლო სისტემის უუნარობის ხაზგასმა. თუმცა მსგავსი კრიტიკის ავტორებს იშვიათად თუ მოეძებნებათ (ზოგიერთი თეორიული თეზისის გარდა) ალტერნატიული გზებისა და საშუალებების რაიმე რეალური იდეა. საქმე იმაშია რომ, როდესაც ებრძვი სახეზე არსებულ მტერს (ამ შემთხევეაში ქურდულ სამყაროსა და მათ იდეოლოგიას), ეფექტური, ქმედითი იარაღია საჭირო. ძნელად წარმომიდგენია ასეთი იარაღის როლში დემოკრატიულ-ჰუმანურ პრინციპებზე დაყრდნობილი რაღაც ღონისძიება, რომელიც მართლა აღმოფხვრიდა ათწლეულების მანძილზე საზოგადოების ყველა ფენაში ღრმად ფესვგამდგარ ამ სოციალურ ანომალიას. მით უმეტეს, რომ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა ეს მხოლოდ მათი კონკრეტული წარმომადგენლების (გნებავთ მსხვერპლის) წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი კი არ არის, არამედ თავად საზოგადოებასთან, მის მსოფლმხედველობასთან ბრძოლაცაა გარკვეული გაგებით. მერედა ვინ თქვა, რომ დემოკრატია მეთოდია და არა შედეგი? დამისახელეთ თუნდაც ერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელმაც ნაქებ დემოკრატიული საზოგადოების სტანდარტებს დემოკრატიული გზებით მიაღცია. დემოკრატია ცივილიზაციისა და განვითარების შედეგია და არა მისი მიღწევის საშუალება, ბატონებო.

ავტორი: ზურაბ საიდან გვწერთ: თბილისი
04.09.2010 13:24
იაპონჩიკი იყო КГБ–ს კადრი,როგორც ДедХасан და სხვა ქურდები.

ავტორი: ხვითო საიდან გვწერთ: ბათუმი
04.09.2010 10:13
კარგით რა ხალხო, ბნელა??? თუ რა ხდება? ეხლა ვანოს და მიშას შედარება ქურდებთან ბოლის გაშვების ახალი მეთოდია????
თუ კი მთავრობაში ეძებთ კრიმინალური წარსულის მქონე სასტავს, აგერაა ბატონო რურუა.
ჯერ ვითომ გადადგაო ხმა გამოვიდა და მერე კიდე თურმე არ გადამდგარა...
მოპარული წიგნების ქურდობაზე რომ დაიჭირეს გელოვანი, მაგან არ ჩამოათრია მოსკოვიდან? მააზე პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს?? და გარდა მაგისა მუზეუმებს ვინმე ამოწმებს? იქნებ მუზეუმებიდანაც აპარინებდა გელოვანი ნივთებს??? მე მგონია რო რურუა კი არ უნდა გადადგეს, ეგეც უნდა ჩასვან! პო ნემუ ტურმა პლაჩეტ...

ავტორი: KALAMBURI საიდან გვწერთ: MTACMINDA
04.09.2010 00:01
იაპონჩიკი კაცი იყო და კაცებსა და არაკაცებს შორის ყველაზე რთული გარჩევების სამართლიანი არბიტრი ქურდული გაგებით ,რაც დღეს უბრალოდ არავის აინტერესებს და სრულიად სამართლიანად და კანონზომიერედაც, მაგრამ მე მგონი მიშა და ვანო არავიზე ნაკლები განაბები არ არიან ისევ და ისევ ძველი ქურდული გაგებით, ბუტას, ვაზაგაშვილის ,სანდროს ფაქტები ამას ცხადყოფს, რა,ეგრე არ არის რო?

ავტორი: ucnobi საიდან გვწერთ: saqartvelo
03.09.2010 20:19
კანონიერი ქურდები მეტი ადამიანობით და სამართლიანობით გამოირჩეოდნენ, ვიდრე დღევანდელი მთავრობის წევრები-კონტროლის პალატიდან გამოყარეს მცოდნე რევიზორები და ისე ანიავებენ საქართველოს ბიუჯეტს, რომელი ქურდი შეედრება ამათ?

ავტორი: mematiane ioane
03.09.2010 18:32
ძალიან საინტერესო წერილია მხოლოდ ორი შენიშვნით ამჯერად. საქართველოს სახელმწიფოებრის კოლაფსი ვერ მოხდებოდა იმიტომ რომ ამ სახელმწიფოებრიობის 1990 წლის არჩევნებით აღდგენის მცდელობის ჩანასახშივე მომსპობი ძალების ერთ-ერთი "თამადა" სწორედაც რომ კანონიერი დრამატურგი და ხელოვნებათმცოდნე ჯაბა იოსელიანი იყო იყო. 2. რაც შეეხება კანონიერ ქურდებს ასეთებად იწოდებოდნენ პირები ვინც თაკილობდნენ სახელმწიფოსთან ნებისმიერ კავშირს. ვისაც ეკრძალებოდათ სახელმწიფოს ნებისმიერი ფორმის სამსახურში ჩადგომა. 1941-1945 წლების "დიდ სამამულო ომში" მონაწილე საბჭოთა კანონიერი ქურდები ომის დამთავრების შემდეგ დააბრუნეს ბანაკებში და იქ სწორედაც რომ კანონიერმა ქურდებმა გაწყვიტეს "ძუკნათა ომის" (რუსულად "სუჩია ვოინა") დროს. იხილეთ ამის შესახებ დიდად უსამართლოდ დავიწყებული ვალერი ჭალიძის მიერ ამერიკაში რუსულადაც გამოცემული შესანიშნავი მონოგრაფია. ასე რომ იმათ ვინც პოლიტიკაში გაერია ( ქურდებიდან) ტრადიციული გაგებით კანონიერ ქურდებს ვერ უწოდებთ,თუმცა ტრადიციას ალბათ მნიშვნელობა საქართველოში აღარაა აქვს,გააუფასურეს.

ავტორი: melanqolikosi
03.09.2010 17:54
1990-ან წლებში მომხდარმა ქართული სახელმწიფოს კოლაფსმა ანუ "დემოკრატიულმა რევოლუციამ" საქართველო ქურდული "რესპუბლიკის" მსგავს ფენომენად აქციაო...

ავტორი: cnobismoyvare
03.09.2010 17:49
კანონიერი ქურდები ითვლებოდნენ ღირსეულ ადამიანებად ქურდებს შორის თუ "უბრალოდ" ღირსეულ ადამიანებად? თუ არსებობს რაიმე განსხვავება ღირსეულ კანონიერ ქურდსა და ღირსეულ არაქურდს შორის? და რა არის ღირსება? და ვინ თვლიდა კანონიერ ქურდებს ღირსეულ ადამიანებად? ვინ ანიჭებდა კანონიერი ქურდის სტატუსს უღირსი ქურდების კოლეგია თუ რომელიმე უფრო აკადემიური ან ლეგალური სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტი? იაპონჩიკი ღირსეული კაცი იყო და ამერიკელებმა ცუდი ქნეს რომ დაიჭირეს?