პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 08:21

რუბრიკები / მეათე სტუდია

ოპერის თეატრი სეზონს ხსნის

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

მულტიმედია

აუდიო
პოდკასტი
გამოიწერეთGoogle reader
ტექსტის ზომა - +
3 სექტემბერს, ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“, 159-ე სეზონს გახსნის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - გახსნის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობაში, რადგან თეატრის შენობა კაპიტალურ რემონტშია. შესაბამისად, დასს საშუალება აქვს სპექტაკლები მხოლოდ საკონცერტო შესრულებით წარმოადგინოს.

რადიო თავისუფლების მსმენელმა უკვე იცის, რომ ახალ სეზონში თეატრის ორკესტრს იტალიელი დირიჟორი, ჯანლუკა მარჩიანო, უხელმძღვანელებს. ფაქტობრივად, იგი გახდება თეატრის საოპერო დასის მუსიკალური ხელმძღვანელიც. ამ მუსიკოსმა მართლაც ძალიან მოკლე დროში შეძლო ორკესტრის საშემსრულებლო დონის ამაღლება და გასული სეზონის წარმატებით დასრულება ეროვნული მუსიკალური კულტურის ცენტრის (ყოფილი რკინიგზელთა სახლის) შენობაში.

ზაფხულის დასაწყისში, ორკესტრის იტალიაში გამგზავრების წინ, დასმა „რიგოლეტოს“, „ატილას“, „ტრუბადურის“ საკონცერტო ვერსია წარმოგვიდგინა – დეკორაციების დადგმა და კოსტიუმებში სიმღერა ამ სცენაზე შეუძლებელი იყო. თუმცა საკონცერტო შესრულებას თავისი უპირატესობაც აქვს – აქცენტი ხმაზე და შესრულების მანერაზე კეთდება და არა არტისტიზმზე და, რაც მთავარია, თეატრს საშუალება აქვს უფრო მრავალფეროვანი გახადოს რეპერტუარი, რადგანაც საკონცერტო ვერსიას მინიმალური ხარჯი სჭირდება. ასე რომ, ახალი სეზონი სიურპრიზებით სავსე იქნება – თეატრს არა მარტო იტალიური ოპერის შედევრების, არამედ ვაგნერის დადგმაც აქვს გეგმაში - საკონცერტო შესრულებით, ცხადია.

შედარებით რთული იქნება მთავარი სცენის გარეშე დარჩენა თეატრის საბალეტო დასისთვის, თუმცა, თუ საბალეტო დასის რეპერტურს გადავხედავთ, ვნახავთ რამდენიმე წარმოდგენას, რომელსაც ასევე არ სჭირდება გრანდიოზული დეკორაციები და კოსტიუმები. საწყენი მხოლოდ ისაა, რომ თეატრს ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების ასი წლისთავის აღნიშვნა არა თავის შენობაში, არამედ სადღაც გარეთ უხდება. ერთადერთი, რაც დასმა შეძლო, ოპერის თეატრის შენობის წინ დიდი აფიშა გამოაკრა – აფიშა, რომელიც თბილისელებსა და თბილისის სტუმრებს შეახსენებს, რომ ახალი სეზონი დიდი ქართველი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის იუბილის აღნიშვნით დაიწყება.

„პადედეს დროს, მამაკაცი როცა ცეკვავს, ქალი ისვენებს ხოლმე... მაგრამ მისი პარტნიორები ჭაბუკიანის ცეკვის დროს იმდენად იყვნენ მონუსხულები, რომ არ ფიქრობდნენ საკუთარ პარტიაზე – იდგნენ და კულისებიდან უყურებდნენ“, -
გვითხრა ვახტანგ ჭაბუკიანის მოწაფემ, მაკა მახარაძემ, ჩვენი რადიოს სატელევიზიო პროგრამის, „წითელი ზონის“, მარტის გადაცემაში, რომელიც ჭაბუკიანის იუბილეს მიეძღვნა.

ფაქტობრივად, მხოლოდ ამ გადაცემით და ქართულ გაზეთებში რამდენიმე წერილით გამოვეხმაურეთ ჭაბუკიანის იუბილეს, მაშინ როდესაც ჭაბუკიანის დაბადების ასი წლისთავი იუნესკომ უკვე აღნიშნა. მაგრამ, როგორც გაირკვა, ახალ სეზონში ჭაბუკიანის იუბილე თეატრის ლამის მთავარი ღონისძიება იქნება. საქართველოს კულტურის სამინისტრომ, თბილისის მერიასა და ოპერის თეატრთან ერთად, გამოაცხადა ღია კონკურსი იდეაზე ვახტანგ ჭაბუკიანის ძეგლის შესაქმნელად, ე.ი. არა ძეგლზე, არამედ ჯერჯერობით - იდეაზე, რადგან მოცეკვავის ქანდაკების შექმნა ისედაც რთულად ითვლება და, მით უმეტეს, ჭაბუკიანისა, რომლის პლასტიკა ჭაბუკიანის კიდევ ერთმა მოწაფემ, ნიალა გოძიაშვილმა, ასე დაახასიათა:

„ბუნებრივი კოორდინაცია... კოორდინაცია ისეთი ფანტასტიკური ჰქონდა, რომ ბევრს უთქვამს, სურათის გადაღება მიჭირსო – ვერ ვიჭერთ კადრს, სადაც ადამიანს შეიძლება სურათი გადაუღოო.“
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
05.09.2010 02:14
გოგის: ჭაბუკიანზე ფილმი არსებობდა, რომელიც დაიწვაო, ამბობენ. ამბობენ კოპიო მოსკოვში არსებობსო. მე ვეძებე და ვერაფერი მოვიძიე. გერმანულ ძველ კატალოგში იყო, მაგრამ ასავალ-დასავალი არავინ არ იცის. ფილმი კი ნამდვილად არსებობდაო. იცი რამე?
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
05.09.2010 02:15
თუ არ ვცდები, ერთადერტი ფილმი არსებობს, რომელიც კოტე მახარაძემ გადაიღო. ასლი მახარაძეებს აქვთ. ნაწყვეტები იყო "წითელ ზონაში". სხვა არ ვიცი

ავტორი: aka საიდან გვწერთ: tbilisi
04.09.2010 19:30
იუნესკოს არ აღუნიშნავს ეს იუბილე იუბილეების ჩამონათვალში შეიტანა ეს და სვეტიცხოვლის იუბილეები. სხვა ღონისძიება არაფერი არ ჩატარებულა. როგორც ვიცი საინტერესო ორი სპექტაკლი და ერთი გალა მიეძღვნება ამ იუბილეს. იმაში მართალი ხართ ბატონო გოგი, რომ სასურველი იქნებოდა იმ თეატრში აღენიშნათ ჭაბუკიანის იუბილე, სადაც მან შექმნა ქართული ბალეტი და საიდანაც გააგდეს კიდეც.

ავტორი: ანონიმი
03.09.2010 20:25
მოსულა დღე ახლოს, რომ ჭაბუკიანს ეღირსოს ქართველებისაგან დაფასება. მერე იტყვით ვარდების რევოლუციამ არაფერიც არ მოიტანაო.

ავტორი: ანონიმი
03.09.2010 20:22
აი, კიდევ ერთი ავტორი, რომელსაც კინო უყვარს.
ლაშა ბუღაძეს, აქ მუსიკაზე სტატიებს რომ წერს, მგონი ლიტერატურა უყვარს.

ავტორი: დიმიტრი საიდან გვწერთ: Boerum Hill
03.09.2010 20:17
ჭაბუკიანის ქანდაკება გინდათ?
აიღეთ მისი სიმაღლის და სიგანის ქვა და დააწერეთ: "ჩვენ გვინდოდა, რომ აქ ვახტანგ ჭაბუკიანის ძეგლი მდგარიყო, მაგრამ ვერ შევძელით მისი ძეგლის შექმნა."

: )

ყველაზე პოპულარული