პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 09:10

საზოგადოება / საქართველო

რესტავრაცია? - ქართული კვალის წაშლა?

ლიხნის ეკლესია, აფხაზეთი
x
ლიხნის ეკლესია, აფხაზეთი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ, თავმჯდომარემ პოლიტიკური პარტიისა ”ჩვენ თვითონ”, ბრიფინგი გამართა და რუსეთის პატრიარქს მიმართა თხოვნით, ჩაერთოს იმ პროცესში, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიზე მიმდინარეობს. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ქართული ეკლესიების სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც რუსი ბიზნესმენების დახმარებით ხორციელდება. ქართული მხარე შიშობს, რომ ამ რესტავრაციის მიზანი ქართული კულტურული კვალის წაშლაა.

დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილს მიმართა წერილობითი თხოვნით, დაინტერესდეს დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიების ბედით. პაატა დავითაია რუსეთის პატრიარქს დე ფაქტო აფხაზეთში ტაძრების ე. წ. რესტავრაციის პროცესის შეჩერებას სთხოვს:

"ნება მიბოძეთ, გავამახვილო თქვენი ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რელიგიურ-ისტორიული მემკვიდრეობის ე.წ. სარესტავრაციო პროცესის დაწყებას ეხება.

თავად ის ფაქტი, რომ რესტავრაცია არ არის მიმართული ძეგლების პირვანდელი სახის შენარჩუნებისკენ, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების მდგომარეობა გულგრილს ვერ დაგვტოვებს. სამწუხაროდ, ამ მოქმედებების აზრი ძალიან მძიმე და სავალალოა და შედეგის ლოდინი დიდხანს არ მოგვიწევს.“

პაატა დავითაია ამბობს, რომ აღნიშნული პროცესი სრულიად ეწინააღმდეგება რუსეთის პატრიარქის პოზიციას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საზღვრებთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ მიმართავს მას.

საქართველოს საპატრიარქოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში კი აცხადებენ, რომ არავითარი შეტყობინება აფხაზეთის დე ფაქტო ტერიტორიზე რაიმე სახის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით არ მიუღიათ. ოფიციალურად ეს ძეგლები საქართველოს იურისდიქციაში შედის. გავრცელებული ინფორმაცია კი ქართულ მხარეს აფიქრებინებს, რომ დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები ქართული ისტორიული კვალის წაშლის მცდელობაა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უძრავ ძეგლთა ატრიბუციის სამსახურის უფროსი გიორგი გაგოშიძე აცხადებს:

”აი, ამ უკანონო რესტავრაციით შეიძლება მთლიანად წაიშალოს ეს ქართული მემკვიდრეობა, დოკუმენტები იმისა, რომ აქ ქართველები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. შემდეგ ეს ყველაფერი გადაილესება თეთრი კირით და ეს კიდევ ერთი საშუალება იქნება იმისა, რომ ილაპარაკონ, რომ აქ ქართველები არასოდეს არ ცხოვრობდნენ და რომ ეს იყო ქართველების მიერ ოკუპირებული ტერიტორია.”

პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე ირინე ელიზბარიშვილი ამბობს, რომ ქართველ ისტორიკოსებსა და ხელოვნებათმცოდნეებს აფხაზეთის დე ფაქტო ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების მონახულების საშუალება უკანასკნელად 1997 წელს ჰქონდათ, როდესაც იქ იუნესკოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მას შემდეგ აბსოლუტურად უცნობია, რა მდგომარეობაშია შუა საუკუნეების 30-მდე უნიშვნელოვანესი ძეგლი.

ირინე ელიზბარიშვილის განცხადებით, თუ რაიმე საკონსერვაციო ან სარესტავრაციო სამუშაო ჩატარდება, მასში ქართველი და აფხაზი სპეციალისტების ერთობლივი ჯგუფის ჩართვა იქნება აუცილებელი. მისივე განცხადებით, ძალიან ფაქიზი დამოკიდებულებაა საჭირო აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების რესტავრაციის საკითხისადმი, რადგან ეს გამორჩეული კულტურული ღირებულების ძეგლებია, რომლებიც,იუნესკოს 1997 წლის დასკვნის თანახმად, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

”არსებობს აფხაზური არქიტექტურული სკოლა, ისევე როგორც ტაო-კლარჯეთის, როგორც ჯავახეთის, როგორც კახეთის და ამ აფხაზური სკოლისთვის დამახასიათებელი უმთავრესი რამ ის არის, რომ მას უშუალო კავშირი აქვს აღმოსავლეთ საქართველოს არქიტექტურასა და ბიზანტიასთან და თან მხოლოდ აფხაზეთში და აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ტიპი და ეს არის სამეკლესიანი ბაზილიკა და ეს არის ამ კულტურული ერთიანობის ნიშანი ”, - განმარტავს ირინე ელიზბარიშვილი.

დე ფაქტო აფხაზეთის კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი დემურ ბჟანია რადიო თავისუფლებასთან საუბარში კატეგორიულად უარყოფს რაიმე სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობას, მით უფრო, რუსი ბიზნესმენების მონაწილეობით:

”ჯერჯერობით არანაირი სარესტავრაციო სამუშაო არ მიმდინარეობს. თუ დაიწყება, ამას გააკეთებს ჩვენი აფხაზეთის სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო სამმართველოს მონაწილეობით. ეს ასპროცენტიანი ინფორმაციაა - არ ვიცი, რა წყაროების, მაგრამ მე რასაც ვამბობ, ეს სიმართლეა. ეს არის, რაც არის.”

იმ შიშს კი, რასაც ქართული მხარე გამოთქვამს ქართული კვალის წაშლის თაობაზე, ასევე უსაფუძვლოს უწოდებს:

”მათი ბედი... ძეგლთა დაცვის სამმართველო და არც არავინ არ დაუშვებს, რომ რამე შეიცვალოს, ან წაიშალოს. რაც არის, ის ფაქიზად ინახება. ეს ჩვენი ისტორიაა და ამ მხრივ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, ყველა წარწერა დღემდე არსებობს.”

დემურ ბჟანია ასევე ამბობს, რომ მათ იუნესკოს უკვე მიმართეს ამ ძეგლების შესწავლის თხოვნით, მაგრამ უარი მიიღეს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
04.09.2010 12:54
რედაქციავ! რესტავრაციის თემაზე უამრავი პრობლემაა! ვინც ნორმალური იყო, ყველა დაფერთხეს მაგ ორგანიზაციიდან. პროექტებს აძლევენ მონა-არაპროფესიონალებს. პროფესიონალები საერთოდ ცოტანი არიან. ბოლო 20 წელია, ეს კადრები ჩაკვდნენ, რადგან ახალ ტექნოლოგიებს ვერარ გაეცვნენ. ვაჩეიშვილი მხოლოდ პიარებშია და შესანიშნავად ეხერხება 5 სკამზე ჯდომა და კამერებში ყურება. ის, რაც კეთდება, არის უხარისხო, ხშირად სავალალო, რესტავრაციისაგან შორს.

აფხაზეთი რა თქმა უნდა სხვა პოლიტიკური თემაა, მაგრამ მალე საქართველოში სიძველე აღარ გვექნება. მუხლებდახოკილი მრევლისათვის და მრევლით გასუქებულ მამებისათვის ეს როგორც ჩანს პრობლემას არ წარმოადგენს.

ავტორი: levani საიდან გვწერთ: soganlug
04.09.2010 11:54
მართალია, თუ ვინმე შლის კულტურულ კვალს ეს პირველ რიგში საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტო და ზოგადად საქართველოს მთავრობაა.

ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ: v
04.09.2010 10:22
ანონიმ,

გეთანხმები აქაც და იქაც))..

ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ: v
04.09.2010 10:19
მორიგი თვითკმაყოფილი ვინმე თემურ ბჟენია თავად რის საფუძველზე გვიკეთებს ასეთ განცხადებებს , ეს არის თვალებში ნაცარის შეყრის უაზრო მცდელობა და მეტი არაფერი, ქართული კვალის წაშლას რომ ყველანაირად შეეცდებიან აფხაზეთშიც და ე.წ. "იუჟნაიაშიც" ამაზე ორი აზრი არ არსებობს . დროის ამბავია მხოლოდ. თუ მართლაც არ იქნა რაიმე სერიოზული ბერკეტები მოფიქრებული ((...............

ავტორი: melanqolikosi
04.09.2010 02:20
დარწმუნებული ვარ რომ აფხაზეთში ქართული კულტურის და ისტორიის ძეგლების მოსპობა განადგურება, რომელიც უკვე დიდი ხნის წინაა დაწყებული არაა მარტო "აფსუების" სურვილი და მისწრაფებაა.ის კრემლის არემარეში შემუშავებული გეგმების რეალიზაციაა. ადამიანთა ცნობიერებაში ქართული აფხაზეთის ხსოვნის ამოშლას მაგალითად ათწლეულების მანძილზე ცდილობდა რომანოვების კოლონ-კოლონისტთა და რუს რევოლუციონერთა შთამომავალი და საბჭოთა თბილისის მიერაც დაფასებული იური ვორონოვი ( ამ ოჯახის მემორიალური მუზეუმი "იასოჩკა" კომუნისტების დროს სოხუმიდან არც თუ ისე შორს გამართეს. რამდენადაც ვიცი აფხაზეთის მუზეუმებისგან და არქივებისგან განსხვავებით ამ მემორიალს "ქართულ-აფხაზური ომის" დროს არაფერი დამართნია). ამდენად მარტო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ჩარევა საკმარისი არ არის. თუ არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობა ისიც უნდა ჩაერიოს, უნდა მივმართოთ ალბათ კონსტანტინეპოლის პატრიარქსაც. მოსწონს თუ არ მოსწონს ეს ვინმეს ისიც მართლმადიდებლად ითვლება. ალბათ კარგი იქნება აფხაზეთის და შიდა ქართლის მთიანი ნაწილის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის მაკონტროლებელი და ამ მემკვიდრეობის ბედზე მზრუნველი რაღაც საერთაშორისო უფლებამოსილი კომისიის შექმნაც, თუ ეს მოხერხდება. ისტორიული საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა კაცობრიობის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის არც თუ უმნიშვნელო ნაწილია...

ავტორი: ანონიმი
04.09.2010 01:49
ქართულ კვალს და და სხვა "კვლებს" ძეგლთა დაცვა თავად შლის თავისი უგვანი რესტავრაციებით. თვალსი ნაცარს იზრევინებიან უკვე რამდენი ხანია. რესტავრაცია ბიზნესად არის ქცეული. უნესკოზე კი რა პირით რაიმეს საუბრობენ?

ყველაზე პოპულარული