პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 08:40

საზოგადოება / მსოფლიო

ირანელი ქალის მიმართ ჩაქოლვის განაჩენს ვატიკანი გამოეხმაურა

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ვატიკანმა განაცხადა, რომ შეეცდება თავისი ავტორიტეტი გამოიყენოს და დიპლომატიური გზებით მოსთხოვოს ირანს, არ აღასრულონ „სასჯელის უმაღლესი ზომა ჩაქოლვით“ და არ მოკლან საქინე მოჰამადი-აშთიანი - ქალი, რომელიც ისლამურ რესპუბლიკაში გაასამართლეს ქმრის ღალატის გამო.

სანამ ვატიკანი განაცხადებდა, რომ აპირებს მოჰამადი-აშთიანის საქმეში ჩაერიოს, განსასჯელის ვაჟმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დედამისს 99 როზგი მიუსაჯეს მას მერე, რაც გაზეთმა „ტაიმსმა“ ბრიტანეთში აშთიანის სურათად გასაღებული მისი ფოტო გამოაქვეყნა. ვატიკანის წარმომადგენელმა, ფედერიკო ლომბარდიმ, თქვა, რომ „წმინდა საყდარი“, როგორც ვატიკანი იწოდება, გმობს ჩაქოლვას, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომის „განსაკუთრებით სასტიკ ფორმას“ და ყურადღებით და ინტერესით ადევნებს თვალყურს მოჰამადი-აშთიანის საქმეს. ლომბარდიმ გაიხსენა წარსული შემთხვევები, როცა რომის ეკლესია, ჰუმანიტარული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობდა მიემართა სხვა ქვეყნების ხელისუფალთათვის. ეს, ლომბარდის თქმით, არ ხდება ხოლმე საჯაროდ, ვატიკანი თავის დიპლომატიურ არხებს იყენებსო. ვატიკანის ეს განცხადება მოჰყვა მოჰამადი-აშთიანის ვაჟის, საჯად ღადერზადეს, ცნობას, რომ მან მიმართა რომის პაპს ბენედიქტე მე-16-ს და იტალიის მთავრობას თხოვნით, გადაარჩინონ დედამისი. ეს ღადერზადემ იტალიის სააგენტო „ადნკრონოსს“ განუცხადა. მანამდე, 4 სექტემბერს, მან ერთ-ერთ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ დედამისს 99 როზგი მიუსაჯეს ციხეში “კორუფციისა და უზნეობის“ გავრცელების გამო, რისი საფუძველიც, ვაჟისვე თანახმად, გაზეთ „ტაიმსში“ გამოქვეყნებული ფოტო იყო, რომელზეც, სავარაუდოდ, გამოსახულია დედამისი, მაჰმადიანური თავსაფრის გარეშე. „ტაიმსი“ თავიდანვე აცხადებდა, რომ ფოტო მიიღო მოჰამადი-აშთიანის ადვოკატად ცნობილ მოჰამად მოსთაფაისგან, რომელიც ნორვეგიაში ცხოვრობს. გაზეთმა შემდეგ ბოდიში მოიხადა, რადგან გაირკვა, რომ ფოტოზე სხვა პირი ყოფილა გამოსახული. ღადერზადე ვერ ადასტურებს ცნობის უტყუარობას, რომ დედამისს გაროზგვა მიუსაჯეს, რადგან ეს მან იმავე თავრიზის ციხიდან გამოსული პირებისგან შეიტყო, სადაც აშთიანი ზის. მან ისიც არ იცის, გაროზგეს თუ არა დედამისი. სულ მოკლედ შეგახსენებთ, რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ: 43 წლის გათხოვილ ქალს 2006 წელს 99 როზგი მიუსაჯეს ორ მამაკაცთან „დაუშვებელი ურთიერთობისთვის“, რასაც ქმრის სიკვდილი მოჰყვა. შემდგომ საქმე კიდევ ერთხელ განიხილეს და მოჰამადი- აშთიანის ჩაქოლვით სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს,

უკვე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გათხოვილი იყო. აგვისტოში ირანის ტელევიზიით გადაიცა აშთიანის გამოსვლა, სადაც ის აღიარებს დანაშაულს და ამბობს, რომ 2005 წელს ქმრის მკვლელობაში იყო გარეული. საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ირანის სასამართლომ ჩაქოლვის განაჩენი შეაჩერა. მაგრამ კვლავ არსებობს შიში, რომ მოჰამადი-აშთიანის ჩაქოლვა ჩამოხრჩობით შეუცვალონ. გასულ კვირაში აშთიანის ვაჟი ამტკიცებდა, რომ ციხეში დედამისს სიკვდილით დასჯის იმიტაცია მოუწყვეს და უთხრეს, რომ მეორე დღეს ჩამოახრჩობდნენ.

რომის პაპის ჩარევის შესაძლებლობა ბოლო საერთაშორისო რეაქციაა მოჰამადი-აშთიანის საქმის მიმართ. ჯერ იყო, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა დე სილვამ შესთავაზა განსასჯელს თავშესაფარი ბრაზილიაში. ამ საქმესთან დაკავშირებით დიპლომატიური ურთიერთობა დაიძაბა საფრანგეთსა და ირანს შორის მას მერე, რაც პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ცოლმა კარლა ბრუნი-სარკოზიმ ხელი მოაწერა აშთიანის დამცავ პეტიციას. ირანის გაზეთმა, „ქეიჰანმა“, ბრუნის „მეძავი“ უწოდა. საფრანგეთის მთავრობამ შეფასების ეს ფორმა მიუღებლად გამოაცხადა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი თავი შორს დაიჭირა გაზეთის პოზიციისაგან. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის აზრით, რომელიც მან ორშაბათს გამოთქვა: „ეს განაჩენი უნდა განვიხილოთ იმ ჩაგვრის, დაპატიმრებების, გასამართლებისა და დასჯის კონტექსტში, რაც მოჰყვა ირანში საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლის შედეგადაც გაპრეზიდენტდა აჰმადინეჟადი.“
სამშაბათს, სტრასბურგში, ევროპალამენტის წინაშე გამოსვლისას, ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმაც თქვა თავისი აზრი აშთიანის საქმის შესახებ: „აღშფოთებული ვარ იმის გამო, რომ საქინე მოჰამადი-აშთიანის ჩაქოლვით სიკვდილი მიუსაჯეს. ეს სიტყვით გამოუთქმელი ბარბაროსობაა. ევროპაში ჩვენ ვგმობთ ასეთ ქმედებას, რომელსაც არ აქვს გამართლება არც მორალური და არც რელიგიური კოდექსით“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: nino საიდან გვწერთ: Tbilisi
13.09.2010 16:23
ახლა რომ დაუშვან გამონაკლისი და ეს ქალი არ დასაჯონ მაშინ იქმნება საშიშროება რომ მის მაგალითს სხვებიც მიბაძავენ და ამიტომ ჩემი აზრით ირანი არ დაუშვებს რომ მუჰამადი აშთიანი არ დასაჯონ

ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ: v
11.09.2010 06:22
არამგონია ვატიკანმა, მიუხედავად მისი ავტორიტეტისა რამე მოახერხოს. პირიქით ამხელა რეზონანსი რომ გამოიწვია უფრო ეცდებიან სამაგალითოდ დაისაჯოს.
ჩემთვის გაუგებარია რატომ გამოიწვია ამხელა რეზონანსი ვიღაც ირანელმა საყვარლებიანმა ქმრის მკვლელმა ქალმა. ქვის ჩაქოლვაც ხომ პირველი შემთხვევა არ არის? რა თქმა უნდა მარაზმია ქვით ჩაქოლვაც და გაროზგვაც . თორემ მკაცრ სასჯელს კი ნამდვილად იმსახურებს.

ავტორი: იდიოტოკრატიის მინისტრი საიდან გვწერთ: ტიფლისი
08.09.2010 21:59
ბოლოს და ბოლოს ქვეყნიდან მაინც "გააძევონ" ეს ქალი. ისინიც დაისვენებენ და თვითონ საქინე მოჰამადი-აშთიანიც.
მაგრამ უნდათ, რომ დანაშაულს სამაგალითო სასჯელით გასცენ პასუხი.

ავტორი: Nia
08.09.2010 14:00
რა კარგია, რომ ვატიკანი გამოხმაურებია საქინეს საქმეს. იქნებ ყველამ ერთად შეძლოს მისი გადარჩენა...

ყველაზე პოპულარული