პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 08:41

საზოგადოება / საქართველო

დედაქალაქის ქუჩები წიგნების გარეშე

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
თბილისის მერიის ბრძოლას გარევაჭრობასთან წიგნების მოყვარულთა ინტერესები შეეწირა. სურსათისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ვაჭრობასთან ერთად მერიის ზედამხედველობის სამსახურმა წიგნებით ვაჭრობა აკრძალა მიწისქვეშა გადასასვლელებში, მეტროსადგურების მახლობლად და სკვერებში. წიგნებსა და წიგნების გამყიდველებს ვეღარ შეხვდებით ვერც გამომცემლობა „სამშობლოს“ წინ, ვერც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან და ვერც პუშკინის სკვერთან. რატომ დაიცალა დედაქალაქის ქუჩები წიგნებისგან და რას სთავაზობს თბილისის მერია იმ ადამიანებს, რომლებსაც წიგნებით უდგათ სული?

თბილისის საკრებულოს შენობიდან რამდენიმე მეტრში, თავისუფლების მოედანსა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს შორის წიგნებით კომუნისტების დროსაც ვაჭრობდნენ. იყიდებოდა ყველა სახის ლიტერატურა - ახალიც და ბუკინისტურიც. ვითარება შეიცვალა 2010 წლის 11 აგვისტოს, როცა ბანანებთან, ყვავილებთან, ბიჟუტერიასა და ტანისამოსთან ერთად მერიამ ქუჩაში წიგნებით ვაჭრობაც აკრძალა. მერი გამჯაშვილი, წიგნებით მოვაჭრე, 15 წლიანი გამოცდილებით, 11 აგვისტოს ასე იხსენებს:

„მოვიდა ქალაქის ზედამხედველობის სამსახური და გაგვაფრთხილა, ხვალ აღარ გამოხვიდეთ სამსახურში, თორემ წიგნებს წაგართმევთო.“
მერი გამჯაშვილსა და მის კოლეგებს მერიის თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობის გაწევა არ უცდიათ. შესაბამისად, პუშკინის სკვერიდან მოყოლებული, ვიდრე კოსტავას გამზირამდე, წიგნებით მოვაჭრე ერთ ადამიანსაც ვეღარ შეხვდებით. მერი გამჯაშვილის მსგავსად, შემოსავლის გარეშე დარჩა დავით ჭარელაშვილი, რომელიც თბილისელებს ძირითადად ლექსიკონებსა და ისტორიულ-ფილოსოფიურ ლიტერატურას სთავაზობდა.

„20 წელია წიგნებს ვყიდი, სხვა საქმე არ ვიცი, ძალიან გამიჭირდება. არ მოვკვდები, მაგრამ წიგნების სამყარო, სული მოკვდება ქალაქში, გაქრება კოლორიტი, რომელიც რუსთაველზე იყო - ესაა მთავარი. გაქრება წიგნების სამყარო!“ - უთხრა თავისუფლებას დავით ჭარელაშვილმა.
უნდა ითქვას, რომ დედაქალაქის ქუჩებიდან წიგნების გაუჩინარება, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თბილისელებს. მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ წიგნებით ვაჭრობა არ აუშნოებდა ქალაქს.

გადაწყვეტილებას, რომელიც თბილისის მერიამ მიიღო, წიგნით მოვაჭრეების გარდა, ხელისუფლების ოპონენტებიც აკრიტიკებენ. დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ფიქრობს, რომ დედაქალაქის თვითმმართველობა, კონსულტაციების შემდეგ, აუცილებლად შეცვლის გადაწყვეტილებას. დეპუტატს საკრებულოს თავმჯდომარის, მწერალ ზაალ სამადაშვილის იმედი აქვს:

„საკრებულოს თავმჯდომარე განათლებული და წიგნიერი კაცია! როგორ შეიძლება მან წიგნებით ვაჭრობა აკრძალოს? სულ სამ ადგილას იყიდება წიგნები ქუჩაში: თავისუფლების მოედანთან, გამომცემლობასთან და უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის წინ წიგნით ვაჭრობა როგორ უნდა აუკრძალო ადამიანს? რა უნდა იყოს ამის მოტივი?“

მოტივი, როგორც ჩანს, ანტისანიტარია და ქალაქის იერსახის დამახინჯებაა. ყოველ შემთხვევაში, თბილისის თვითმმართველობა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. აი, რა უთხრეს რადიო თავისუფლებას მერიის პრესსამსახურში:
„წიგნებით ვაჭრობა შეიძლება მხოლოდ დედა ენის ძეგლთან. იქ არის გამოყოფილი ტერიტორია, სადაც შესაძლებელია წიგნების ყიდვა-გაყიდვის წარმოება.“
მერიის თანამშრომლებისგან განსხვავებით, დედა ენის ძეგლთან წიგნებით ვაჭრობას უპერსპექტივო საქმედ მიიჩნევენ თავად წიგნების გამყიდველები:

„დედა ენის ძეგლის უკან, მტკვრის ჯებირზე დაამონტაჟეს რაღაც შავი ყუთები, სადაც არის საშინელი მზისგული და სინესტე. გარდა ამისა, მიუდგომელი ადგილია: არ ჩერდება ტრანსპორტი... ისე, რა გახდა! ერაყში დედაქალაქის ცენტრში, ქუჩებში იყიდება წიგნები, კუბაში, ჰავანაშიც... ასეთი ფორმით მიღებულია ყველგან, მსოფლიოს ყველა ქალაქში. ლონდონში ქალაქის ცენტრში წიგნების მთელი უბნებია“, უთხრა რადიო თავისუფლებას მერი გამჯაშვილმა.

თუმცა, ასეც რომ არ იყოს მიღებული სხვა დიდ ქალაქებში, წიგნებით ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვას მეტი არგუმენტაცია სჭირდება, - ასე მიაჩნია მწერალ ნაირა გელაშვილს, რომლის თქმითაც, კარგისა და ცუდის გასარჩევად ყოველთვის არაა საჭირო სხვა ქვეყნებისა და ქალაქების გამოცდილების ცოდნა:

„არ არის საჭირო ყოველთვის სხვასთან გაკითხვა, იქ როგორ არის. თავისთავად კარგია წიგნები ქუჩაში! შემოაქვს სიცოცხლე, კულტურის ელემენტი, კიდევ ჩანს წიგნი ჩვენს ცხოვრებაში! რა საჭიროა აკრძალვა, ვის რას უშლის? თანაც ამდენი ხალხი უნდა დარჩეს ულუკმაპუროდ. - მთავარი საკითხი ესაა!“
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Katy
15.09.2010 19:47
კარგი იქნება სადმე თუ გამოუყოენ რაიმე ფართს ამ ხალხს, თუმცა ქუჩებშიც თავისებური ხიბლი ქონდა ჩამწკრივებულ წიგნებით სავსე დახლებს. გული დამწყდა მათ არ უნდა სეხბოდა ეს კანონი .

ავტორი: კატიე საიდან გვწერთ: www.katiee.ge
14.09.2010 17:16
http://katiee.ge/books-in-tbilisi/
გავბრაზდი. ყველაფერს მიჩქმალვა და საკუჭნაოში შეტენვა არ უხდება.
ძველი წიგნები და წიგნებით "გარე-მოვაჭრეები" თუ ამახინჯებს თბილისს, მაშინ რამდენიმე წელიწადში განადგურებულ და სუნიან ყვითელ ავტობუსებზე რა უნდა ვთქვათ? დიდ ავტობუსებში ხელი არ მოეკიდება არაფერს, ისეა დაფლეთილი და ჭუჭყიანი. კი ბატონო, ველური მოსახლეობა და თინეიჯერები ანადგურებენ, მაგრამ ხომ შეიძლება დაასუფთაონ მაინც? ამაზრზენია. მაგას ქუჩის მოვაჭრეები ჯობია, მითუმეტეს წიგნები.

ავტორი: ბროშურა
12.09.2010 10:49
რა დროს წიგნებია?! სულ ჩამორჩით ცხოვრებას? ჩართეთ რუსთავი-1,2,3,4,4 და მოსმინეთ ვარსკვლავთ ბიჭუნას და მის ლაქიებს. ეგაა დღეს ჩვენი წიგნი და პური არსობისა.......................

ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ: v
11.09.2010 05:59
აუ ეს რა ცუდი ინფორმაციაა, გულზე მომხვდა.. კი მაგრამ სად უნდა მოვძებნოთ აწი ეს ხალხი??? უკანასკნელ ლუკმასაც ნუ აცლიან და დაუწესონ რამე ნორმალური ადგილი. წიგნებზეა ბოლოს და ბოლოს საუბარი ტუალეტის ქაღალდებზე ხომ არა . ((((((((((

ავტორი: აზა მდინარაძე
10.09.2010 18:03
მართლაც უნდა გამოიყოს შესაფერისი ადგილი, რადგან წიგნის ბაზრობას ნამდვილად ეყოლება თავისი კლიენტურა.
რაც შეეხება მზიან ადგილას სავაჭრო ადგილების გადატანასა და ერაყის ან კუბის მაგალითებს, პირველი : არც რუსთაველზე იდგნენ ჩრდილში წიგნით მოვაჭრეები და მეორე: ერაყი და კუბა სულაც არ მგონია, საქართველოსთვის მისაბაძი ქვეყნები იყონ. უბრალოდ, უნდა შეიქმნას ძველი და ახალი წიგნების ბაზრობა კარგ ადგილას.

ავტორი: nathalie საიდან გვწერთ: netherlands
10.09.2010 16:29
ჰო რა, ხვალ ნაყინის გაყიდვა აკრძალოს გიგიკომ, მერე მიაყოლოს ყვავილები, მერე ნაგვის ყუთებიც აკრძალოს...ისე რა საჭიროა წიგნები საერთოდ, არ ჯობია მაგას მათ ადგილებზე კიდევ დამატებითი ბენზინ-გასამართი სადგურები და სიგარეტის ავტომატები გავაყენოთ ანდა შენ ხარ ჩემი ბატონი და სულაც სათამაშო მანქანები, ოჰ ეს სულ ზედგამოჭრილი იქნება ჩვენი ქვეყნისა სახის საბოლოოდ გამოსაჩენად!
ისე, ირონიის გარეშე, ლადოს კომენტარი მომეწონა ნამეტნავად:)

ავტორი: platero dame საიდან გვწერთ: saxli
10.09.2010 12:41
არადა რამდენი კარგი წიგნი მიყიდია მანდ ..უბალოდ ჩამივლია , თვალი გადამივლია , და მიყიდია. სპეციალურად დედაენის ძეგლტან და გინდაც სადღაც გამოყოფილ უბანში ნამდვილად არ ჩავივლი თუ მაინცდამაინც გამიზნულად არ მაქვს საყიდელი რამე :(. დასანანია ძალიან. და წიგნები და სანიტარია რაღა შუაშია :( ისე ისეთი წიგნიერი ხელისუფლება გვყავს falò delle vanità-ს რომ არ აწყობენ გასაკვირია :დ ატანა არ მაქვს რა! უგულავა ერთხელ წიგნის ბაზრობაზე იყო და ნაჩუქარი წიგნები ისე ქონდა ირლიასი ამოჩრილი საახალწლოდ დასაკლავი ინდაურივით..ატანა არ მაქვს რა

ავტორი: პაატა პაპავა საიდან გვწერთ: შინიდან
10.09.2010 12:14
რამდენიმე დღის წინ ქობულეთში მთელი კილომეტრი გავიარე, გაზეთი, ჟურნალი ან რაიმე სხვა საკითხავი რომ მეყიდა. მოგეხსენებათ, თბილისისგან განსხვავებით, იქ ყველაფერი პირდაპირ მთავარ ქუჩაზეა გამოფენილი გასაყიდად. მაგრამ ნაბეჭდ პროდუქციას ვერსად წავაწყდი. ვფიქრობდი, ალბათ ტიპური ქართველი დამსვენებელი ამა თუ იმ მიზეზით კითხვას თავს არიდებს და, შესაბამისად, საკითხავი მასალაც ნაკლებად სჭირდება–მეთქი. მოკლედ, გადავწყვიტე, ისევ თბილისში ჩამომევლო ნაცნობი ადგილებისთვის წიგნების სანახავად და ... აგერ, ეს ამბავი დამხვდა, რომელსაც ერთგული მკითხველის ინტერესების გარდა, საზოგადოების წიგნიერების დონის კიდევ ერთი მაჩვენებელი შეეწირა.

ავტორი: andro barnovi საიდან გვწერთ: tb
10.09.2010 11:11
რამე ნორმალური ადგილი უნდა გამოიყოს სპეციალურად, დედაენის ძეგლთან არ ვარგა. უნდა გაკეთდეს წიგნების უბანივით რამე და კარგი იქნება

ავტორი: ლადო საიდან გვწერთ: შინიდან
10.09.2010 02:44
ნამეტანი თავდაჯერებული და ამპარტავანი პოზიცია აქვს ჩვენს მთავრობას და ზედმეტებიც მოსდის ზოგჯერ ავ-კარგის გარჩევასა და პრიორიტეტების შერჩევა-გადაწყვეტაში. წიგნის გაყიდვა კი არა, დოჩანაშვილისა არ იყოს - კარცერებით უნდა ავსებდნენ ქალაქს, ისეთი უწიგნური თაობა მოდის. ახლა ვიზუალურადაც მოსპონ მისი არსებობა და რაღა გვიჭირს - სულ მალე მივაღწევთ აშშ-ს ბრწყინვალე "ინტელექტუალური საზოგადოებისს" სტანდარტებს. ისე, მე მგონი ჩვენს მთავრობას წიგნები თვალებში ეჩხირება და იმიტომ იქცევა ასე რადიკალურად. სინდისის ქენჯნა და არასრულფასოვნების კომპლექსები აწუხებთ წიგნის დანახვისას.

ავტორი: ეფრემ ვერდი საიდან გვწერთ: რუსთაველის სტე;ლაჟიდან
10.09.2010 00:40
დააბრუნეთ წიგნები!
საქართველოს განათლებას ართმევენ და ჩვენი გაშვეიცრება სურთ (ნუ შვეიცარიას კი არა, შვეიცარს ვგულისხმობ).
თუ რუსთაველზე წიგნი ვერ ვიყიდე, აბა მითხარი, რა მამული?
გაძლევთ 1 წლიან ვადას. მერე გამყიდველებიც და მკითხველებიც დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს.
ჩვენთან არის დონ-კიხოტიც და პატარა უფლისწულიც.
ადე მწიგნობარო, გაიხარე შენ, ნუ გძინავს შენ, ნუ ხვრინავ შენ!





ავტორი: მალხაზ ხარბედია
10.09.2010 00:24
ჯიმშერ, დიდი მადლობა, კარგი გადაცემა იყო. ამ უბედურებას რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ, მაქვს რაღაც იდეები, მერე გეტყვი :)

ავტორი: კულა საიდან გვწერთ: გლდანი
09.09.2010 22:13
აუ, ერთი ზაალ სამადაშვილის თავმობმული საქმე მაჩვენეთ რა! წიგნებით მოვაჭრეებმა კი არა, მსიფლიო ლიტერატურის კლასიკოსებმა რომ დაუჩოქონ, უგულავას მაინც არ შეაწუხებს (აწყენინებსო, კინაღამ დავწერე)! ზომიერად კონფორმისტი და უსაშველოდ თავმდაბალი კაცია: სკამიდან რომ ჩამოვარდეს, მეორედ ვეღარ აფოფხდება. სხვებზე კარგად იცის ეს და ფრთხილობს, ხან თვალს ხუჭავს და ხანსც მორცხვად წითლდება.

ყველაზე პოპულარული