პარასკევი, 25 აპრილი, 2014 თბილისის დრო 01:56

რუბრიკები / თავისუფლების დღიურები

ნანა ჯანელიძე - კინორეჟისორი

x
ტექსტის ზომა - +
24 ოქტომბერი, კვირა
დილის 7 საათზე ქალაქში ქუჩის განათებას გამორთავენ.

დილის 7 საათზე მეეზოვეები ქუჩებს ხვეტენ და ეს ფაქტი გაუნელებელ გაოცებას და აღტაცებას იწვევს ჩემში.

დილის 7 საათზე კინოგადაღების ხუთივე მანქანა ქარხნის ჭიშკართან დგას და ელოდება, როდის ახსნიან ლუქს ჭიშკარს, რომ შევიდეთ. უკვე მეშვიდე დღეა, ასე ჩამწკრივებულები ვდგავართ 7 საათზე, ქარხნის წინ. შევდივართ ჩაბნელებულ ქარხანაში. რამდენიმე წუთში ინათებს. ცხრის ნახევარზე უკვე საკმარისი შუქია, რომ დავიწყოთ. მანამდე ბატონი კახი იცვამს და იკეთებს გრიმს, გადმოაქვთ განათება, რელსები, კამერა. მეჩვენება, რომ წარმოების უფროსი შურით უყურებს ჩვენს საქმიანობას. აბა რა! მუშები მხოლოდ ცხრისთვის იკრიბებიან, ჩვენ კი დილის 7-დან საღამოს 7-მდე ვმუშაობთ. ვერ წარმოუდგენიათ, რომ კინოს ამდენი შრომა სჭირდება. კახის გამოჩენა ყველგან ერთსა და იმავე ეფექტს ახდენს: მოწიწება, სიხარული, დაბნეული ღიმილი და მოლოდინი: აბა, ახლა რას იზამს? მისი ენერგია კი, ალბათ, რომელიმე სტიქიას თუ შეიძლება შეადარო: ყოველდღე დილის 6-ის ნახევარზე ხომ დგება და მთელი დღე გადაღებაზეა; თანაც, სულ მისი როლია, უზარმაზარი ტექსტებით. შესვენებებზე, როცა ეპიზოდი იცვლება და ვთხოვ, სანამ გადავეწყობით, დაისვენოს (ამდენი ოპერაციის შემდეგ ვღელავ, რომ არ დაიღალოს), სასწრაფოდ იწყებს სასაცილო ამბების მოყოლას, იმწამსვე შემოიკრებს მადლიერ მაყურებელს და შემდეგ ლამის ცოცხით ვერეკები ხალხს, რომ ბატონი კახი დაოკდეს. და უკვე მეშვიდე დღეა, ასე გრძელდება!

დღეს რთულ ეპიზოდს ვიღებთ: უნდა შემოვიდეს მატარებელი (რომელიც არ მოძრაობს და სხვა ელმავალი უნდა მიაწვეს), ამ მატარებელს უნდა ჩავუდოთ კვამლის კოჭები, რომ ვითომ ორთქლს უშვებს, მატარებელი უნდა გაჩერდეს დანიშნულ ადგილას, თანაც ისე, რომ დაემთხვეს კახის ტექსტის დასრულებას, მას უნდა დახვდნენ ფილმის გმირები და ხალხი, და გაითამაშონ მთელი დრამატული სცენა.

გული მისკდება, როგორ მოხერხდება ამდენი რამ ერთ კადრში, როცა მატარებელი ბუტაფორულია, ტექსტი შეიძლება დავიწყებულ იქნას, „მასოვკამ“ კი ყველაფერი ცუდად შეასრულოს. ამიტომ ვცდილობ, ყველას ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად ავუხსნა: მემანქანესაც, რომელიც ერთი ელმავლით აწვება ჩვენს ბუტაფორულ თბომავალს, მსახიობებსაც და „მასოვკასაც“. მერე ვხვდები, რომ ამ ახსნით ეს ადამიანები ჩემი თანამოაზრეები და „ბალელშჩიკები“ ხდებიან. ყველაფერს მთელი პასუხისმგებლობით და თანაგრძნობით ეკიდებიან და უცებ ეს დაშლილი და ერთმანეთისთვის უცნობი ხალხი იკვრება ერთ გუნდად, რომელიც ერთიანი სუნთქვით თუ ძალისხმევით ასრულებს ამოცანას, „მასოვკა“ კი ისე მოქმედებს, როგორც ჰოლივუდის გამოცდილი მსახიობები. და რაღაც წამებით ჩარჩოთი შემოსაზღვრულ ეკრანზე დგება момент истины - მე ამას ასე ვუწოდებ: იქ, კამერის მონიტორზე რაღაც ხდება, რაც შეგძრავს. უცებ თითქოს მოწმე ხდები სხვისი ბედის თუ ტრაგედიის და ის რამდენიმე წამი უფრო ღირებულია, ვიდრე ჩვენი რეალური ცხოვრება კამერის აქეთ.

ასეთი გრძნობა სულ რამდენჯერმე მქონდა. პირველად, როდესაც „მონანიებაში“ ვიღებდით მორების ეპიზოდს და მზია მორზე დაიტირებდა თავის ქმარს თუ შვილს. მაშინ იქ რაღაც მოხდა: ერთდროულად გაჩნდა ორი რეალობა: ჩვენი - გადამღები ჯგუფის - და იმის, რაც კადრში ხდებოდა. და ის, რაც კადრში ხდებოდა, ჩვენზე, რეალურ ადამიანებზე უფრო რეალური, ამაღლებული და ჭეშმარიტი იყო! თითქოს ჩვენ ყველანი იმის მსახურნი ვიყავით და ის ზერეალობა უცებ ჩადგა თუ ჩამოვიდა ჩვენთან. შეიძლება, მაშინდელი აღქმა უფრო მძაფრი იყო, ვიდრე მერე, უკვე მზა ფილმში, იმ ეპიზოდს ნახვისას...

ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში, არა?

როცა ქარხნის მტვერში ამოგანგლული, სახლში მივდივარ, მეუბნებიან: „სალამი მუშათა კლასს!“ დედაჩემი აღშფოთებულია: ვახტანგ ჭაბუკიანის საღამოა ფილარმონიაში და არც ერთი სატელევიზიო არხი არ გადმოსცემს; სულ უნიჭო „ფეშნ შოუს“ და მომღერლებს გვაიჩვენებენო. თავის დროზე ჭაბუკიანის არც ერთი სპექტაკლი არ ჰქონდა გამოტოვებული; დადგმა კი არა, სპექტაკლი! და თვლის, რომ ვერავინ ვერ ავიდა მის სიმაღლეზე, ახლოსაც ვერავინ გაეკარა: ვერც ბარიშნიკოვი, ვერც ნურეევი. ჭაბუკიანმა თავის დროზე გადატრიალება მოახდინა ბალეტში. ეს იყო რომანტიკული, რაინდული, მამაკაცური ბუნების გრიგალი, ვულკანური ამოფრქვევა, ლავა, რომელიც წალეკავდა მაყურებელს, თანაც კლასიკურ ბალეტში, სადაც ყველაფერი თითქოს სწორედ რომ მხოლოდ გაწონასწორებული და თავშეკავებულია. ჭაბუკიანი კი ახერხებდა ამ ორი საპირისპირო ბუნების შერწყმას. ჩვენს ტელევიზიებს ჭაბუკიანი არ აინტერესებთ...

25 ოქტომბერი, ორშაბათი
გადაღების ბოლო დღეა ამ ქარხანაში. ქარხანა თან გადაგვყვა! ბატონ კახის დასასვენებლად ვაგონი გამოუყვეს, მთელი დაცვა სმენაზე იდგა, რომ ჩვენ დაგვხმარებოდა. პირველი სამი დღე ვერც ჩვენ და ვერც ისინი ვერ გაერკვნენ, რა ხდებოდა. რომ შემოგვიშვეს და გვითხრეს, უპრობლემოდ იმუშავებთო, ჩვენც გავილაღეთ და გადაღების დროს სიჩუმე მოვითხოვეთ, რადგან ერთდროულად ხმასაც ვიწერდით. ეს კი ნიშნავდა, რომ ყველა ჩარხს ვაჩერებდით. პირველი სამი დღე ცვლის უფროსი მეკითხებოდა, შეიძლება ერთი საათი მაინც ვიმუშავო, რომ ცხელი პროცესი დავასრულოო? მე, როგორც ნამდვილი „კინოშნიკი“, ვეუბნებოდი: „მხოლოდ 20 წუთი!“

დირექციისგან ისე იყვნენ დაშინებული, რომ ღუმელებს და საამქროებს აჩერებდნენ, რომ ჩვენ კინო გადაგვეღო. როცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ თითო ასეთ ჩავარდნილ დღეს ასიათასობით ლარის ჯარიმა მოჰყვებოდა, წარმოების უფროსმა გვითხრა, ცოტა ხომ არ აფრენთო, და გადაგვიყვანეს სხვა საამქროში. უცნაური ის იყო, რომ ერთი თვით ადრე, ობიექტის ასარჩევად რომ მივედით, ქარხნის დირექციამ გვითხრა: ოქტომბერში სამუშაო საერთოდ არ არის და აქ კაციშვილი არ იქნებაო. მოვედით თუ არა გადასაღებად, რომელ საამქროშიც შევდიოდით, მუხლჩაუხრელი მუშაობა ატყდებოდა! ვინ თქვა, საქართველოში წარმოება არ არსებობსო? ახალი საამქროს მახლობლად მუშაობდა წისქვილი, რომელიც საზარელ წუილს გამოსცემდა. თანაც, ყოველ წუთს სატვირთო მატარებლებიც მოძრაობდა კივილითა და ვაგონების რახრახით. საკმარისი იყო დამეძახა: „კამერა, სიჩუმე!“ - და, რაც სამხრეთ კავკასიაში მატარებლებია, ყველა ერთად იწყებდა ჩვენს გადასაღებ მოედანთან გრიალს. ბოლოს გიორგიმ (ჩვენმა ოპერატორმა) მირჩია, იქნებ ჩურჩულით თქვა: კამერა! - და მატარებლებმა ვერ გაიგონო. შარშან, „გალობის რაინდებს“ რომ ვიღებდით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გვქონდა გადაღება. შევუთანხმდით დირექციას. ისეთი სეზონი იყო, რომ მუზეუმში არავინ დადიოდა, მაგრამ მივედით თუ არა, დილის 8 საათზე გერმანელების 60-კაციანი დელეგაცია მოგვადგა ავტობუსებით: ახლა აქ ჩურჩხელები უნდა ამოვავლოთო!

აი, ესაა კინო...

26 ოქტომბერი, სამშაბათი
მივდივართ ჯემალ ჭკუასელის ანსამბლის რეპეტიციაზე, რომ ბატონ კახისთან ერთად „მრავალჟამიერი“ ჩავიწეროთ. ერთი ან ორი დუბლის ჩაწერის დრო გვაქვს, მერე უკვე ხმა ჯდება. სანამ ჩვენ მივიდოდით, კახიმ უკვე გაიარა რეპეტიცია, ოღონდ თავისი დაუზოგავი მანერით, ანუ მთელი ხმით, თანაც ორჯერ! ჩვენ რომ მივედით, უკვე დაღლილი იყო, უფრო სწორად ხმა ჰქონდა დაღლილი. დავიწყეთ ჩაწერა. ახლა ვხედავ, რა ენერგია იხარჯება სიმღერის დროს და რამოდენა დატვირთვა აქვს გულს! ჩავწერეთ, მაგრამ ზედა ბგერები ვეღარ აიღო. ხვალინდელზე ვთანხმდებით. გუნდის ბიჭები ისე უყურებენ ბატონ კახის, როგორც ყველა სხვა: მოწიწებით, სიყვარულით და მოლოდინის ღიმილით. იქვე, კუთხეში, მორიდებით ზის ახალგაზრდა ბიჭი. ეტყობა, არ არის ანსამბლის წევრი. ბატონი ჯემალი გაამღერებს. ბიჭს საოცარი პირველი აქვს, ზარივით რეკავს - ლამის ჭაღი ჩამოვარდეს! გარეგნობით პატარა და შეუხედავია. „შენ, ბიჭო ანაგურელო“ დასჭექა. ბანები აჰყვნენ. სულ ორი ფრაზა იმღერეს, მაგრამ ისეთი ძალა დატრიალდა, თითქოს იქვე სადღაც გმირების აჩრდილები ჩადგნენ. მერამდენედ მომდის თავში ბანალური კითხვა: რა არის ეს ქართული ხალხური სიმღერა? საიდან მოდის, რა კოდი დევს შიგ? რატომ არის ასეთი ჟრუანტელის მომგვრელი? ვართ ჩვენ ამ ხარისხის ადამიანები, რომ ასეთი სიმღერა გვქონდეს? და თუ ვართ, რატომ არ იქმნება პროფესიულ მუსიკაში ამ ძალის, მასშტაბის გაქანების ნაწარმობები? სხედან ეს ჩვეულებრივი ბიჭები და მღერიან და ამ სიმღერაში თითქოს დედამიწაზე მამაკაცური ქცევის კოდექსი ჟღერს, მამაკაცად ყოფნის იდეალი ჩანს... და კიდევ, მიფიქრია: აი ამას, ყველაფერს, გრძნობს მომღერალი? ჩადგება მის სულში ეს სიმაღლე, ეს ზნეობა, ეს მაღლად ხედვა, ძლიერება? თუ ის მხოლოდ ღაბუშია, ატანილი, და მას ეს არ ეხება?..

საღამოს მოვიდა ჩემი ოცნების ბოლო მამაკაცი, რომელიც ორი კვირა არ მენახა და ძალიან გავიხარე! მაგრად ჩავეხუტე და ერთად დავიძინეთ. ბუთქუნა და ჭრელთვალა, 10 თვის ანდრია.

27 ოქტომბერი, ოთხშაბათი
ისევ გუნდის რეპეტიციაზე ვართ. ისევ ვწერთ. ბატონი კახი, დილის გამამხნევებელი ვარჯიშივით, ანეგდოტებს უყვება გუნდის ბიჭებს. ისინი მადლიერად იცინიან. მერე ბატონი ჯემალი ახვედრებს გურულ ანეგდოტებს. პატარა კონცერტივით არის. იფრქვევა და იფრქვევა იუმორი. არის ერთი სიცილ-ხარხარი. მერე „მრავალჟამიერს“ ვწერთ. მგონი, გამოვიდა. ის ბოლო ხმის ავარდნაც გააკეთა ბატონმა კახიმ. რომ დაამთავრა, ზურგზე ხელი დავადე. ლამის ცეცხლი ეკიდა, ისეთი გავარვარებული იყო! ალბათ, სულ რამდენიმეა ამ თვისების ადამიანი: ყოველ წუთში ბოლომდე იხარჯება, აფეთქებამდე. მთელს თავის უზარმაზარ ენერგიას და ძალას გასცემს იმ წუთში. და ამით თითქოს ყოველ წუთს მარადიულობას ანიჭებს. ეს უნდა ისწავლო ადამიანმა - ასე ცხოვრება. არადა, ბოლო ოთხ თვეში, მგონი, სამი ოპერაცია აქვს გაკეთებული, თანაც უმძიმესი, კიბოსთან დაკავშირებული. ამაზეც თავისუფლად ლაპარაკობს...

მერე რუსთავის ქარხანაში მივდივართ ობიექტის სანახავად მე, ოპერატორი და მხატვარი. იქ დაცვის უფროსი გვხვდება და ტერიტორიას გვათვალიერებინებს. თან ყველაფერი იცის: ყველა საამქროს ისტორია, აშენების თარიღი, ფასი. ამბობს, რომ ასეთი ქარხნები სულ ოთხია მსოფლიოში. ამ დროს ყველაფერი მინგრეული და მილეწილია, სულ რამდენიმე საამქრო თუ განყოფილება მუშაობს, მაგრამ ინვესტორი გამოჩნდება თუ არა, ქარხანა გაიღვიძებს და თავის დევგმირულ ძალას დაიბრუნებს. ახლა კონსერვაციაშია. არადა, რამოდენა ტერიტორიაა! მხოლოდ ამ ფილმის გადაღების დროს ვხვდები და ვაფასებ, რა ესთეტიკა აქვს ქარხანას და მის კონსტრუქციებს: მკაცრი და გეომეტრიული. დაცვის უფროსი მაოცებს ზრდილობით, ცოდნით, გულითადობით. მერე გვეუბნება, ანზორთან ვმღეროდი „მართვეშიო“. ესეც აღზრდის ქართული აკადემია!

28 ოქტომბერი ხუთშაბათი
დღეს „ბუღალტერია“ მჭირს. ფილმის ბიუჯეტს ვითვლით. ვანგარიშობთ, რაში რა დავხარჯეთ. ჯერ გადაღება რამოდენა არეულობა და დაძაბულობაა, ამას კიდევ ბუღალტერია ემატება! სულ ერთი ძველი ანეგდოტი მახსენდება და ვხალისდები: მგელი ჰყვარობდა მელას მისი სურვილის გარეშე. მელამ ლომს შესჩივლა. ლომმა მგელი გამოიძახა და დატუქსა. მაგრამ მგელმა უთხრა, მელას გარეშე სიცოცხლე არ შემიძლიაო. მაშინ დღეები მაინც დაუწესე და მხოლოდ იმ დღეებში მიაკითხეო. აი, მაგალითად, ორშაბათს და ხუთშაბათს, და თუ გადაამეტებ, ჩემთან გექნება საქმეო. გამოხდა ხანი და მელა კვლავ შემოხვდა ლომს. ლომმა მოიკითხა, როგორ არის მგელთან შენი ამბებიო. ყველაფერი ისევ ისე გრძელდება, ოღონდ ორშაბათის შემდეგ სამშაბათსაც რომ მოდის, მეუბნება: ეს შემდეგი დღის ანგარიშში იყოსო. და ვარ სულ თვლაში: ხო მყვარობს და მყვარობს, ახლა ბუღალტერიაც დამემატაო. მეც ამ დღეში ვარ: „ბუღალტერია“ დამემატა!

საღამოს სამების ტაძარში წავედით რეზო ჩხეიძესთან. პატრიარქის მიპატიჟებით ორი კვირით სამების მონასტერში გადასახლდა. მისი კელია პირდაპირ ტაძარს უყურებს და დიდებულ ფიქრებს აღძრავს. დავუტოვეთ წიგნის მასალა წასაკითხად. შარშან თენგიზ აბულაძეზე რომ შევადგინეთ მე და ნინო ნატროშვილმა წიგნი, ის ეპოქა და ის კინოცხოვრება ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, რომ ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, რომ საერთოდ სერია გამოვიდეს ამ დიდ კინორეჟისორებზე: რეზო ჩხეიძეზე, ელდარ შენგელაიაზე, ნანა მჭედლიძეზე და ასე შემდეგ (მერაბ კოკოჩაშვილზე უკვე არის). ეს მათი მონათხრობი უნდა იყოს, ყოველგვარი კინომცოდნური ანალიზის გარეშე - მათი ცხოვრება. ამ აზრით მივადექით ბატონ რეზოს და ჩავწერეთ. მართლა ძალიან საინტერესო გამოვიდა - ჩემთვისაც კი! ახლა ეს გაშალაშინებული მასალა მივუტანეთ. რეზოს მამა დია ჩიანელი 37 წელს დაიჭირეს და დახვრიტეს. ასევე დაემართა მისი თაობის უამრავ სხვა ადამიანს. მაგრამ, მე მგონი, პიროვნულად არავინ გაიბზარა. მე ამას ასე ვხსნი: ოჯახები კი დაინგრა, მაგრამ მშობლები არ გაყრილან. ის მარტოხელა დედა ისევ ერთგული იყო დახვრეტილი თუ გადასახლებული მამისა და მამა ოჯახში სულიერად არსებობდა, დედა კი მისი მოსიყვარულე იყო. ანუ, ოჯახის ის ჰარმონიული ერთობა ფიზიკურად იყო დამსხვრეული, მაგრამ არა სულიერად და ფსიქოლოგიურად. ამიტომ ბავშვის ცხოვრება, მართალია, მშიერი და ცივი იყო, მაგრამ სულიერად - გაუბზარავი. ამან შემოინახა ეს თაობა.

29 ოქტომბერი, პარასკევი
საზარელი ამბავი: ჩემი დის თანამშრომელი ქალი ძმამ ნარკოტიკის ნიადაგზე მოკლა და ფანჯრიდან გადმოაგდო. კულტურული, ინტელიგენტი ოჯახი. რამდენიმე დღის წინ სხვა ოჯახში ტოტალიზატორს შეჩვეულმა ძმამ დას ფული მოსთხოვა და, რომ ვერ მიიღო, ყელი გამოსჭრა. რაღაც ძირეული დაირღვა ჩვენს ფსიქიკაში, საბაზისო მორალი. მე მგონი, ასეთი რამ უწინ არ ხდებოდა. ეს ხელშეუხებელი ურთიერთობები იყო. დიდი მსხვრევა იწყება ჩვენს გონებაში...

იმეილი მივიღე შტატებიდან კარგი ნაცნობისგან, რომელსაც მანამდე „გალობის რაინდები“ გავუგზავნე. ფილმი ნახა და უამრავი ფიქრი აღეძრა. ეტყობა, საქართველოდან გასვლა უფრო სერიოზულ დამოკიდებულებას აღვიძებს ქვეყნისადმი. ადამიანებს ნამდვილად შესტკივათ გული აქაურობის ბედზე, ისტორიაზე, ზნეობრივ მაგალითებზე. თავისუფლდებიან ლექისგან: როგორც ფსევდოპატრიოტიზმის, ასევე - ცინიზმის. ჩემი ნაცნობის წუხილი ასეთი იყო: როგორ სჭირდება ახლა საქართველოს თავდადებული პატრიოტები! არიან დღეს საქართველოში ისეთი ადამიანები, ვინც ფილიმონ ქორიძესა და ესტატე კერესელიძესავით თავს გადადებენ ქვეყნის საქმისთვის.

არ ვიცი, არიან?

მე კი ასე დავსვამდი ამ კითხვას: ვარ მე ის ადამიანი, რომელიც ამ საქციელს ჩაიდენს? იმიტომ, რომ რამდენჯერაც უნდა მოხდეს ქრისტეს აღდგომა გოლგოთაზე, თუ ეს შენს გულშიც არ მოხდა, ჩათვალე, რომ იგი არ აღმდგარა.

საღამოს მოვიდა ჩემი ოცნების კიდევ ერთი მამაკაცი - 4 წლის ნიკო, და დიდი მოწყალება გაიღო. ღამე ჩემთან დარჩა.

30 ოქტომბერი, შაბათი
დილის 8 საათზე - ისევ გადაღება. ჯერ რუსთავის ქარხანაში, მერე - კახისთან სახლში. და ეს დღიურებიც მთავრდება. კარგი ჩვევა ჰქონდათ - დღიურების წერა, მაგრამ დრო და მოცალეობა ჭირდება. ახლა ვხვდები, რომ ყოველი დღე საინტერესოა, ჩვენ კი სულ სირბილით მივქრივართ, დაუფიქრებლად ვახტებით მოვლენებს, ფიქრებს, შეხვედრებს.

არ ვიცი, ვის დააინტერესებს ჩემი ნაწერი, მაგრამ მე დიდი გატაცებით წავიკითხე ის თავისუფლების დღიურები, რაც მარინა ვაშაყმაძემ მომაწოდა და აღმოვაჩინე, რომ მთელი ქვეყნის სპექტრია გადაშლილი: ძალიან კერძოდან - განზოგადებულ-სოციალურამდე.

იქნებ ეს დღიურიც ერთი პატარა ქვა იყოს ამ ფერად მოზაიკაში...


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: nana საიდან გვწერთ: athens
13.11.2010 17:01
ქალბატონო ნანა მინდა დავფიქსირო თქვენდამი დიდი პატივისცემა.

ავტორი: tamari საიდან გვწერთ: evropidan
07.11.2010 19:26
სიამოვნებით ჩავიკითხე. ძალიან კულტურული და საინტერესო დღიურია. დიდი მადლობა

ავტორი: milia54 საიდან გვწერთ: rustavi
05.11.2010 23:39
რადიოშიც მოვისმინე და აქაც მოვძებნე და წავიკითხე დიდი სიამოვნება და კარგი განწყობა ძილის წინ

ავტორი: na_natro საიდან გვწერთ: tbilisi
05.11.2010 17:06
ძალიან მომეწონა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
ბევრი ფილმი გადაირეთ რა იქნებ უფრო ბევრი დაფიქრდეს და ამდაფიქრებამ გამოგვაფხიზლოს და გადაგვარჩინოს

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული