სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2014 თბილისის დრო 06:51

რუბრიკები / თავისუფლების დღიურები

რუსუდან კერვალიშვილი - დეპუტატი

x
12 დეკემბერი, კვირა
ბაქოდან ჩამოვფრინდი, ძალიან დავიღალე. ძველი თვითმფრინავი იყო და ყურები მეტკინა. ბავშვობა გამახსენდა. ალბათ, დამხვდებიან. კიდევ კარგი, არ დავაგვიანეთ, ავადმყოფისათვის ბოტულიზმის წამალი ჩამოვიტანე. სახლში რომ მივალ, ტელეფონს ცოტა ხნით გამოვრთავ. ოჯახის წევრები მენატრებიან ძალიან, განსაკუთრებით პატარები.

ბაქოში ვიზიტის ანგარიში დავწერე. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. პირველად გავიგე, რომ მენდელეევს ნავთობისა და ქიმიური საწარმო ბაქოში ჰქონია. როდესაც ყიდულობდა, თურმე ძალიან დიდი პროტესტი შეხვდა, რადგან მაზდეანების სალოცავი იყო და ცეცხლი ამოდიოდა. ბევრი საინტერესო ისტორია მოვისმინე. სამშვიდობო მოძრაობის დაწყებას გვთხოვენ კავკასიელ ქალებს.

შეხვედრა რთული იყო, ძალიან ბევრი მტკივეული თემაა დაგროვილი.

ხვალ ორშაბათია...
თავისუფლების დღიურები - რუსუდან კერვალიშვილიi
|| 0:00:00
...
 
🔇
X
21.12.2010
თავისუფლების დღიურები - რუსუდან კერვალიშვილი

13 დეკემბერი, ორშაბათი
დილის 7 საათია. გამეღვიძა. ბი-ბი-სისა და ევრონიუსს არ აჩვენებს, ანტენაა გასასწორებელი. ვივარჯიშე. ორი წელია, ვეღარ დავდივარ ცურვაზე და ძალიან მწყდება გული.

დილიდან დაიწყო მოქალაქეთა მიღება, წერილების განხილვა, შემდეგ არის ბიურო, შეხვედრები, შეხვედრები. სახლში გვიან მოვდივარ, არაფრის თავი არ მაქვს. კიდევ კარგი, ტელევიზორში უცხოური არხები ჩაირთო. ხვალ გავაგრძელოთ.

14 დეკემბერი, სამშაბათი
ძალიან გახარებული ვარ, ჩემს სამგორში ვიყავი, მე-5 საავადმყოფოში.

კლინიკაში გამოცოცხლებაა, პოლონელი ინვესტორები შემოვიდნენ. ახალი მთავარი ექიმია, გონიერი მენეჯერი, ძალიან გამჭვირვალე და საინტერესო იდეები აქვს. ძალიან გაიაფდა მომსახურება სოციალურად დაუცველთათვის.

ძალიან იმედიანი წამოვედი. 17 საათზე საპატრიარქოს ტელევიზიაში კინოფესტივალი დაიწყო. საოცრად საინტერესო გამოდგა გიორგი კალანდიას მონაწილეობით გაკეთებული ფილმი დავით არსენიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. საოცრად საინტერესო ბიოგრაფიული ფილმია. ჩვენების შემდეგ უწმინდესმა მიგვიწვია ფილმის შემქმნელ ჯგუფთან ერთად. ძალიან სასიამოვნო დღე იყო. სახლში თერთმეტზე დავბრუნდი. ბავშვებს სძინავთ.

15 დეკემბერი, ოთხშაბათი
ძალიან რთული დღე მექნება. დილის ცხრა საათზე პარლამენტში შეხვედრები მაქვს მოქალაქეებთან. ძალიან რთული პრობლემები აქვთ, მოსასმენადაც კი ძნელი. რითიც შემიძლია, ვეხმარები, მაგრამ ძირითადი პრობლემა უმუშევრობა და სიღარიბეა. მონაცემთა ბაზა შევქმენი, ვცდილობ ყველას შუამდგომლობა გავუწიო. ტრენინგებზე ვაგზავნი, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. თორმეტზე სესია დაიწყო.

13 საათზე ძალიან საინტერესო შეხვედრაა დიდოელი ხალხის წარმომადგენლებთან. 15 ათასი ხელმოწერა ჩამოიტანეს. მცირერიცხვოვანი ერია, სულ - 40 ათასი ადამიანი. გადარჩენას ითხოვენ ქართველებისგან. ძალიან რთული საკითხია, მაგრამ უგულებელყოფა არაფრით შეიძლება.

14 საათზე - შეხვედრა პრეზიდენტთან. ბიუჯეტის საკითხების განხილვა, მომავლის გეგმები, ძალიან ბევრი ფიქრი.

16 საათზე სესია განახლდა. ექვსზე ჩინეთის ახალი ელჩის მიღებაა, შვიდის ნახევარზე - იაპონიის ელჩთან სტუმრობა. ცხრაზე ჩემი მეგობრის დედის, ლიანა ასათიანის, სანახავად მივედი - თვალის ოპერაცია უნდა გაიკეთოს. ცოდოა, გაწვალდა, მაგრამ საოცარი ადამიანია, საოცარი დედაა, ძალიან მიყვარს!

ხვალამდე გემშვიდობებით. უკვე პირველი საათია.

16 დეკემბერი, ხუთშაბათი
ცხრა საათზე ლიანას ოპერაცია გაუკეთდა. მგონი, ყველაფერი კარგად არის.

11 საათზე პარლამენტში პედიატრიის ინსტიტუტის თანამშრომლებს შევხვდი. ბევრი საკითხია გადასაჭრელი. სამშაბათისთვის მზად იქნებიან, ალბათ.

13 საათზე „ჯიპაში“ შეხვედრა მქონდა სტუდენტებთან. ასამდე სტუდენტი იქნებოდა, სახელმწიფო მართვის სპეციალობის, ძალიან მრავალფეროვანი და მწვავე საკითხებით. ჩემი აზრით, ძალიან გულწრფელად ვპასუხობდი და მარტივად. ძალიან ვინერვიულე, ყველაზე რთული აუდიტორიაა, საოცარი სითბო გამომყვა. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა.

შვიდის ნახევარზე აღმაშენებელზე ახალი სამხატვრო გალერეის გახსნაზე მივედი. ძალიან ლამაზია!

7 საათზე რუსთაველში „M ჯგუფის“ ხუთი წლის საიუბილეო ღონისძიება დაიწყო. საოცრად იშვიათია თბილისში ომის შემდეგ ასეთი ლამაზი წვეულება. ნანი, ეკა და ნატალიკო, ძალიან, ძალიან კარგად იმღერეს. საფრანგეთისა და პოლონეთის ელჩები გაოცდნენ. პირველად მოუსმინეს ნანი ბრეგვაძეს.

21 საათზე სახლში ჟურნალ „სითის" გადამღები ჯგუფი მოვიდა, ბავშვები გადაიღეს ნაძვის ხესთან. ცოტა დავიღალე...

ღამე გენდერული სამოქმედო გეგმის გადახედვა დამჭირდა. მოსასწრებია განრიგში ჩასმა. საგაზაფხულო სესიაზე, დასაწყისშივე უნდა მივიღოთ. ცოტა ღიმილით უყურებენ ამ საკითხს და ამიტომ რთულია. ღამე მშვიდობისა! ხვალ ბარბარობაა!

17 დეკემბერი, პარასკევი

ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული! კიევში წმინდა ბარბარეს ტაძარში ვიყავი დელეგაციასთან ერთად, საოცრად ნატიფი და პატარა შესამოსელია მის ნაწილებთან. ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ ბავშვებთან და სიხარულთან არის ასოცირებული. სამებაში მამა გიორგი ზვიადაძე დააჯილდოვა პატრიარქმა. ძალიან ღირსეული ადამიანია!

11 საათზე ბიუროა, შემდეგ - სესია, ბიუჯეტის განხილვა. მთელი დღე ძალიან რთულია, რადგან ამ ძირითად კანონზეა ყველაფერი აგებული. მე ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ ახლა უფრო მშვიდ ვითარებაში და დაფიქრებით მიმდინარეობს მუშაობა.

შესვენებაზე მოქალაქეები მივიღე. ფანჯრებს ქვემოთ მიტინგია, ხმაურია, დევნილები აპროტესტებენ თავიანთი უფლებების დარღვევას. ძალიან რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება...

20 საათია. პარლამენტში ვარ. ცოტა დავიღალე. ახლა წავალ არმაზში და ბავშვების ნახვას მოვასწრებ დაძინებამდე. ნახვამდის.

18 დეკემბერი, შაბათი
ძალიან ადრე გამეღვიძა, თვალებზე დოლბანდი გავიკეთე, მაგრამ ვეღარ დავიძინე. ბევრი მაქვს საფიქრალი, მაგრამ თავს ვერ ვუყრი, ფიქრი სხვადასხვა მიმართულებით გარბის...

სალონში წავედი, მასაჟი გავიკეთე. თვეში ერთხელ მაინც თუ ვახერხებ, ძალიან მიხარია, საოცარი ხელი აქვს ნატაშას - ძლიერი და მოქნილი.

პარლამენტში 11 საათზე მოვედი, ფოსტას გადავხედე, ორი მოქალაქე მივიღე, ორშაბათის რადიოინტერვიუს პასუხები დავწერე.

პანაშვიდზე წავედი. ძალიან კარგი ადამიანი გარდაიცვალა. გული ჩამწყდა. ელდა იყო მისი ოჯახისთვის! რომ დამინახეს, აქვითინდნენ, მე ცრემლი არ გადმომივარდა, ეტყობა, შინაგანად ძალიან დაჭიმული ვიყავი და ჩემი სევდა ვერ გამოვხატე.

ნინო თორაძესთან შევირბინე, ლიანა ვნახე - უკეთესადაა. თორაძის ჩიხიდან კინოს სახლთან ჩავდივარ, საოცარია – გამოვიდა ელდარ შენგელაია, ნოდარ ნათაძე კი კედელთან იდგა და პრესას ათვალიერებდა. ალბათ, 20 წამში მთელი 20 წელი დამიდგა თვალწინ. რამდენი ტკივილი და ემოციაა ამ წლებთან დაკავშირებული და ბევრი იმედი: ზოგი დამსხვრეული, ზოგიც - დარჩენილი. და ყველაზე დიდი – უფლის იმედი.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
20.01.2011 19:00
მართლაც სულ უფრო და უფრო მოსაწყენი და გოიმური ხდება ეს რადიო. ალბათ ხელმძღვანელებს აკლიათ პროფესიონალიზმი და გემოვნება.

ავტორი: manuchari საიდან გვწერთ: daxuruli sazogadoeba
26.12.2010 22:10
ავტორი: მოდერატორი
26.12.2010 20:00
მოდერატორის ეს პასუხი არის ცინიზმის ნიმუში. ზუსტად ისეთივე ცინიზმისა, როგორითაც ხელისუფლება გვეპყრობა მოქალაქეებს. ამ პასუხიდან ჩანს ამ რადიოს დამოკიდებულებაც კრიტიკისადმი - ქედმაღლური და დამცინავი. ეს არის დღევანდელი რადიო "თავისუფლება".

ავტორი: გივი
26.12.2010 19:46
ნუგზარ წიკლაურისა და ეკა ხერხეულიძის მოწვევა არ დაგავიწყდეთ.თემა; სათნოება და პატიოსნება პოლიტიკაში და ზოგადად.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
26.12.2010 20:00
ბატონო გივი!
დიდი მადლობა წინადადებისთვის, ვეცდებით, გავითვალისწინოთ.
რაც შეეხება თემას - "სათნოება და პატიოსნება პოლიტიკაში და ზოგადად" - არც ის არის უინტერესო. პრობლემა მხოლოდ ის გახლავთ, რომ "თავისუფლების დღიურების" ავტორებს რაიმე კონკრეტული თემის შერჩევით არ ვზღუდავთ. ანუ, რაზე ისაუბრებენ ამ რუბრიკის სტუმრები, მხოლოდ და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული.

ავტორი: fefo საიდან გვწერთ: tbilisi
26.12.2010 19:34
კი, რომ წავიკითხე მეც ის ხალხი გამახსენდა, "ცენტრ-პოინტმა", რომ ცხოვრება დაუნგრია. ძალიან მაინტერესებს ვინ აგებს იმ ადამიანების გაუბედურებაზე პასუხს (პირადად მე ვიცნობ საბერძნეტში მონასავით , რომ შრომობდა და შემდეგ მათ წაართვეს მთელი ნაგროვები ფული, ალბათ მასაჟისთვის თუ ეყოფოდათ) მე პირადად ველოდები როდის აღიძრება მათი ოჯახის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.
პ.ს. იმ "არაჩვეულებრივი მიღებაზე", რომელიც რუსთაველში გაიმართა -- აბა შეხედეთ დამსწრე საზოგადოებას, მათ ქვეყნის ბურჯუაზიას ძნელად უწოდებთ, მხოლოდ ერთეულების გამოკლებით ყველა რაგაღაცა უბედურებასთან ასოცირდება.

ავტორი: აღშ...ფრთოვანებული საიდან გვწერთ: კარკასებიდან
25.12.2010 20:32
კი, მე მჯერა,რომ თქვენ წარმოდგენა არა გაქვთ, რა დღეში ჩაყარეს მაგან,მისმა დამ და სიძემ ხალხი. მაგრამ არც ის გახლავთ კორექტული, მოითხოვო კორექტულობა იმ ადამიანებისაგან,რომელთაც ამხელა ფულები გადაიხადეს და მაგათ კი ღია ცის ქვეშ დატოვეს...როგორ ადგილებში აშენებდა ”ცენტრ პოინტი” და რა ღირდა მაგათთან 1 კვ.მეტრი? - გაიკითხეთ და ის თანხა გადაამრავლეთ , ჯერ ბინის საშუალო ფართზე, მერე კი 10.000-ზე...(სანამ დააჭერთ თითს ”=”, დაბრძანდით,რომ არ წაიქცეთ!). ახლა,თუ ძალიან არ გადავტვირთე თქვენი ფანტაზია, წარმოიდგინეთ, რომ გაყიდეთ თქვენი ძველი ბინა, ფული ჩაურიცხეთ ვიღაცას,თქვენ კი ქირით გადახვედით იმის მოლოდინში, რომ ერთ-ორ წელიწადში ახალაშენებულ ბინაში შეხვალთ...გადის 5...6...წელი და გებულობთ, რომ საძირკველიც კი არ არის გაჭრილი,თქვენი ფული შეჭმულია, კომპანიამ კი რაღაც ”დექსუსთან” გადაგამისამართათ,-იმას ელაპარაკეო! ის კი გეუბნება, შენ რაც შეიტანე, იმას კიდევ უნდა დაამატო,თან დღგ-ს გადასახადიც უნდა გადაიხადო და მერე ვილაპარაკოთო!..- როგორია?

ავტორი: ქეთი
25.12.2010 10:40
ამდენი ლანძღვა და უარყოფითი კომენტარი რომ ვნახე, უსიამოვნო განცდა გამიჩნდა. არამგონია მთლად კორექტული იყოს. ..
მაინტერესებს რადიოს ან ვინმეს განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით...

ავტორი: ქეთი
25.12.2010 10:37
უკაცრავად, მაგრამ მართლა არ ვარ მაგ საქმეში გარკვეული რა ხდება და არ შემიძლია რამის თქმა მაგაზე :( და ეს თქვენი კომენტარიდან გამომდინარე 'ჰმ,თქვენ მაგისი დისა და სიძის დიპლომატიურობა უნდა ნახოთ!' დავწერე.

ავტორი: აღშ...ფრთოვანებული საიდან გვწერთ: კარკასებიდან
25.12.2010 04:04
ქ-ნო ქეთი, რას ჰქვია ”თავისი დისა და სიძის საქმე”? აბა,მაგის საქმე რა იყო,სანამ ძალიან დიდი თანხის სანაცვლოდ, პარლამენტის დეპუტატობას შეაჩეჩებდნენ?! ეგ არ არის ”ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე?! აბა, რის საფასურად მიჰქონდა წელიწადში 4 მილიონი, ლამაზად დალაგებული თმების?! თაღლითი აშორდია მონაგონია მაგათთან: ათობით მილიონის ჰაერი მიჰყიდეს მოსახლეობას!..

ავტორი: manuchari საიდან გვწერთ: daxuruli sazogadoeba
24.12.2010 04:05
რადიო "თავისუფლება" თავისუფალი ვარდნით მიექანება ბნელეთისკენ.

ავტორი: ანონიმი
23.12.2010 20:29
რითი მოხიბლა ამ დიდმა დამნაშავემ, საწყალი ხალხის ფულის მიმთვისებელმა ამ რადიოს ხელმძღვანელობა?

ავტორი: ბესო
23.12.2010 14:04
იქნებ ქალბატონმა რუსუდანმა თავის ამომრჩევლებს მაინც გასცეს პასუხი და გააკეთოს კომენტარი ბინათმშენებლობაზე მოსკოვის გამზირზე, რომელიც მის მერ დაფუძნებულ ცენრტ პოინტს 2 წლის წინ რომ უნდა დაესრულებინა და კიდევ 2 წელიწადს რომ არ აპირებს 192 მესაკუთრის დაკმაყოფილებას ბინებით. თუ მაიცდამაინც აქციები უნდა გავუმართოთ...ან რა უნდა უთხრას იმ ოჯახებს,წლების განმავლობაში ქირით,რომ ცხოვრობენ და უკანასკნელ თეთრებს, რომ დებდნენ ამ ბინის მშენებლობაში, ან იმ ბავშვებს ვინც წლები ელოდება თავის ოთახს ამ ბინაში

ავტორი: ii საიდან გვწერთ: us
23.12.2010 13:39
ამ რადიო თავისუფლებამ სულ წავიდა ხელიდან :(((

ავტორი: nika საიდან გვწერთ: tbilisi
23.12.2010 11:20
10 000 ადამიანს ფული რომ გამოძალეთ, უსახლკაროდ დატოვეთ, უკანასკნელი ლუკმა პირიდან გამოაცალეთ , ამაზე რას იტყვი რუსუდან ? ცენტრპოინტის დედოფალავ

ავტორი: anonimi საიდან გვწერთ: quchidan
23.12.2010 10:58
თუ ღმერთი გცამს, მთელი ცხოვრება ბოროტების მთესველს, რატომ არ გეშინია ღმერთის

ავტორი: centr-pointis klienti საიდან გვწერთ: "ჩემი" სახლიდან
23.12.2010 09:51
აგფრთოვანებული ვარ მისი უბადლო თაღლითობით :)
"ქ-ნო" რუსუდან, გნახავ მალე შენ, შენს დას და მის ქმარს ციხეში.

შეხვედრამდე
პატივისცემით ცენტრ-პოინტის დაზარალებული კლიენტი :)

http://www.facebook.com/home.php?sk=group_142588285786775&ap=1 -ცენტრ პოინტის (dexus, center point ) მიერ დაზარალებულ კლიენტთა კლუბი

ავტორი: ქეთი
23.12.2010 08:35
მოდით, ყველამ თავის საქმეზე თვითონ აგოს პასუხი. არ ვიცი რა როლი ჰქონდა დის და სიძის საქმეებში.
მე მხოლოდ ის დავწერე რასაც ვფიქრობ. იმ სიტუაციაში ნამდვილად ასე იყო. დიპლომატიურობა ბევრს აკლია დღეს პოლიტიკაში და მის გარეთაც. მე მხოლოდ ამ თვისებას გავუსვი ხაზი, ახლაც ამ ჩანაწერს რომ მოვუსმინე, გამახსენდა ის სიტუაცია, ოდნავ არ აღელვებულა და სხვისი შეცდომების გამოსწორებასაც ცდილობდა. მე ამას ვაფასებ, ეს ჩემი პირადი აზრია... :)

ავტორი: tam საიდან გვწერთ: quCidan
23.12.2010 03:11
ცინიზმი

ავტორი: აღშ...ფრთოვანებული საიდან გვწერთ: კარკასებიდან
23.12.2010 00:33
”ქეთი: აღფრთოვანებული ვარ ამ ქ-ნის დიპლომატიურობით...” ჰმ,თქვენ მაგისი დისა და სიძის დიპლომატიურობა უნდა ნახოთ!:))) სულ ასე დიპლომატიურად მოატყუეს 10.000 კრედიტორი და,როგორც მისი ერთ-ერთი ადრინდელი ინტერვიუდან მახსოვს,სულ ასე დიპლომატიურად მიჰქონდა სახლში ამ ”გაწონასწორებულ ქნ-ს” თავისი წილი - 4 მილიონი დოლარი - წელიწადში! .უბინაოდ დარჩენილ კრედიტორებს კი კუკლა - ”დექსუსი” - შეაჩეჩეს: აჰა, ამას ელაპარაკეთო!..-ახლა უფლის იმედი აქვს,რომ ყველაფერი ხახვივით შერჩება...

ავტორი: მკითხველი საიდან გვწერთ: ქოხ-სამკითხველოდან
22.12.2010 06:20
თქვენს მიერ "გადაგდებულ" 10.000 ადამიანსაც ღვთის იმედს სთავაზობთ, ალბათ. სწორადაც იქცევით: ეს თქვენ არაფერი გიჯდებათ.

ავტორი: ანონიმი
22.12.2010 05:02
რადიო "თავისუფლების" ფარისევლობის კიდევ ერთი მაგალითი.

ავტორი: ქეთი საიდან გვწერთ:
21.12.2010 22:48
გაოცებული ვარ ამ ქ-ნის დიპლომატიურობით. საოცრად პოზიტიური, გაწონასწორებული და თბილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო, ცოტა ქაოსურ, ხალხმრავალ სიტუაციაში მომიწია შეხვედრა.

სხვა მასალები

აუდიო უკრაინაში მრავალეროვანი სამხედრო სწავლება იმართება

დასავლეთ უკრაინაში დაიწყო სამხედრო სწავლება, რომელშიც 15 ქვეყნის 1 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის ქართველი სამხედრო მოსამსახურეები.
გაგრძელება

აუდიო „მურმანის ეკალი“ „ქართულ ოცნებაში“

პარტია „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის გარიცხვის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა მურმან დუმბაძის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც აპირებს.
გაგრძელება

აუდიო ახალი სასწავლო წელი მორიგი ცვლილებებით დაიწყო

6 საჯარო სკოლის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამ სკოლებში სწავლა სარემონტო სამუშაოების გამო ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყება.
გაგრძელება

აუდიო ედმონდ კალანდაძე

​დღეს გავიხსენებთ ქართველ მხატვარს, ედმონდ კალანდაძეს, რომელიც ერთი თვის წინ 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული