Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთი "დაიბრუნა"


საქართველოს საპატრიარქოს შენობა
საქართველოს საპატრიარქოს შენობა
21 დეკემბერს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადაეცა. შესაბამისად, შეიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული, რომელიც შემდეგნაირად გამოითქმის: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. რა მოტივით იხელმძღვანელა გადაწყვეტილების მიღებისას წმინდა სინოდმა და რას შეცვლის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის პატრიარქის დაქვემდებარებაში გადასვლა?

21 დეკემბერს წმინდა სინოდის უკანასკნელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს საქართველოს საპატრიარქო, რომლის პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი დავით შარაშენიძე რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობითა და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით:

ეს ტერიტორია, რომელიც ძირძველი საქართველოს ტერიტორიაა, კვლავ რჩება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შემადგენლობაში...
„პატრიარქის ტიტულში არის ასახული „უნეტარესობა“, რომელიც აფხაზეთის საკათოლიკოსოს ტიტულატურა იყო. თავიდანვე, როცა პატრიარქის ტიტული განისაზღვრა უწმინდესითა და უნეტარესით, აქ უკვე ჩანდა, რომ ის იყო აფხაზეთის კათედრის, ანუ დასავლეთის საკათოლიკოსოს მმართველი. ამის გამო დადგა დღის წესრიგში საკითხი, რომ ისტორიული სამართლიანობა აღდგენილიყო“.

წმინდა სინოდის ეს გადაწყვეტილება მოიწონეს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური საზღვრების ამ ფორმით დაკონკრეტება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთი იმყოფება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი პატრონაჟის ქვეშ და ეს ანგარიშგასაწევი უნდა იყოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც. დევნილობაში მყოფ აფხაზეთის მთავრობაში კი მიიჩნევენ, რომ ცვლილება მნიშვნელოვანია როგორც დევნილი, ასევე აფხაზეთში მცხოვრები მართლმადიდებლებისათვის, თუმცა მთავრობის წარმომადგენელი ბესიკ სილაგაძე ყურადღებას ამახვილებს გადაწყვეტილების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე:

„მკაფიო ხაზგასმაა იმისა, რომ ეს ტერიტორია დღეს კი არის ოკუპირებული და რომელიღაც სახელმწიფო ეჭვქვეშ აყენებს ამ ტერიტორიის საქართველოსადმი კუთვნილებას როგორც პოლიტიკური, ასევე საეკლესიო გაგებითაც, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ტერიტორია, რომელიც ძირძველი საქართველოს ტერიტორიაა, კვლავ რჩება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შემადგენლობაში და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ“.

ორი მეზობელი ეპარქია შეიძლება გააერთიანო, როგორიცაა, მაგალითად, თბილისისა და მცხეთისა, მაგრამ მცხეთა და სოხუმი როგორ უნდა გააერთიანო, არ მესმის...
თუმცა, პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, პოლიტიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილება არსებითად ვერაფერს შეცვლის. პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ეკლესია ჯდება მცდარ საერთო პოლიტიკურ კონტექსტში, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სტრატეგიითაა განპირობებული.

„თუ რუსეთის გაღიზიანება და რუსეთის აგრესიის გამოვლენაა მთავარი, მაშინ დავივიწყოთ აფხაზები და მათთან კონტაქტები... ასეთ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება სწორია, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა აფხაზების დაბრუნება და მათი გულის მოგება, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ნაბიჯი აფხაზებისთვის მიუღებელი იქნება იმიტომ, რომ ჩათვლიან, ისეთი სანდო ორგანიზაცია, როგორიც ეკლესიაა, ისიც კი სახელმწიფოს მცდარ პოლიტიკას ემსახურება. იმ რღვევას, იზოლაციას და გაუცხოებას, რაც საფხაზეთშია საქართველოს მიმართ, ამგვარი გადაწვეტილებით ვერ შევაჩერებთ, თუმცა შეიძლება დავაჩქაროთ“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, პოლიტიკურის გარდა, სხვა სახის შემადგენელიც აქვს. თეოლოგ ლევან აბაშიძის თქმით, მართვის ეფექტიანობის თვალსაზრისით, გაუმართლებელია ორი, ერთმანეთისგან დაშორებული, ეპარქიის გაერთიანება.

„ორი მეზობელი ეპარქია შეიძლება გააერთიანო, როგორიცაა, მაგალითად, თბილისისა და მცხეთისა, მაგრამ მცხეთა და სოხუმი როგორ უნდა გააერთიანო, არ მესმის... ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არის საეკლესიო პოლიტიკით ნაკარნახები და ერთადერთი, რაც შეიძლება ვივარაუდო, არის ის, რომ ამით კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი იმას, რომ აფხაზეთი არ არის დამოუკიდებელი და არც აფხაზეთის კელესია ეკუთვნის ვინმე სხვას, არამედ გვეკუთვნის ჩვენ, საქართველოს ეკლესიას“, - უთხრა ლევან აბაშიძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG