Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში საბჭოთა სიმბოლოებს სხვადასხვაგვარად განიხილავენ


დიდების მემორიალის აღება ქუთაისში
დიდების მემორიალის აღება ქუთაისში
საბჭოთა ბელადის ბიუსტი ქუთაისის ერთ-ერთი ცენტრალური უბნიდან, „ზასტავიდან“, გასულ წელს გვიან ღამით აიღეს. როგორც ხელისუფლებამ განმარტა, სტალინის მომხრეთა გაღიზიანებასა და აჟიოტაჟს მოერიდნენ.
ქუთაისში ხმაური და საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ახალი პარლამენტის მშენებლობისთვის ავტოქარხნის დასახლებაში მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტური ნამუშევრის ნგრევას. ქუთაისელებს დღემდე კარგად ახსოვთ 2009 წლის 19 ნოემბერს აფეთქებული ბრძოლის დიდების მემორიალი, რომლის ნგრევასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საზოგადოების აზრი მემორიალის ირგვლივ დღემდე ორადაა გაყოფილი. ერთი მხარე მემორიალს საქართველოს ისტორიული წარსულის სიმბოლოდ მიიჩნევს და ნგრევას ვანდალიზმად აფასებს; მეორენი რადიკალურები არიან და მიაჩნიათ, რომ საბჭოთა სიმბოლოების ადგილი ქვეყნის მეორე დედაქალაქად წოდებულ ქუთაისში არ არის.
რამდენიმე წელია ქალაქის სხვადასხვა წრეებში ქუთაისის ცენტრში, მერიის შენობის გვერდით განთავსებული შრომის დიდების მემორიალის გადატანის ან მუზეუმის ფონდებში განთავსების თემაზე მსჯელობენ, თუმცა როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, საბჭოთა სიმბოლოკის მატარებელი ძეგლების საკითხი საკრებულოს განსახილველ საკითხთა ნუსხაში ჯერჯერობით არ შედის.
საბჭოთა სიმბოლოებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება რადიო თავისუფლებას საკრებულოს წევრმა, გია გოქაძემ ამცნო. მისი თქმით, ის, რაც ოკუპაციასთან ასოცირდება, პიროვნულადაც და პოლიტიკურადაც მიუღებელია.
რევოლუციონერ ვასილ კიკვიძის ძეგლი ნახევარ საუკუნეზე მეტია დგას ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ სკვერში, „ზასტავაზე“. მონუმენტური ხელოვნების ნიმუშის ადგილსამყოფელი საზოგადოებრივი დისკუსიის თემად „ახალმა გაზეთმა“ მაშინ აქცია, როდესაც ხელისუფლებამ სკვერის რეკონსტრუქციისთვის სოლიდური თანხა გამოყო. საზოგადოების აზრი აქაც ორად გაიყო: ერთნი მიიჩნევენ, რომ წითელი არმიის სარდლის ქანდაკება დროსა და სივრცესთან შეუსაბამოა, მეორე ნაწილის აზრით, ძეგლის აღება ისტორიის უგულებელყოფას ნიშნავს.
სკვერი განახლდა, მონუმენტური ქანდაკება აღებას მეორედ გადაურჩა. პირველად ვასილ კიკვიძის ძეგლს ეროვნული მოძრაობის წევრები, ლენინის ძეგლის მსგავსად, დამტვრევას უპირებდნენ.
დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეის დირექტორის, ხელოვნებათმცოდნე ელისო ჩოგოვაძის აზრით, თითოეული ძეგლის განთავსება და აღება საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. მონუმენტური ხელოვნების ძეგლების ნგრევა დარგის პოპულარიზაციას უშლის ხელს, ამიტომ აუცილებელია დისკუსია სპეციალისტებსა და საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის.
XS
SM
MD
LG