კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 10:19

პოლიტიკა

ნატოს კუთხე რუსულ ბლოკ-საგუშაგოსთან

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ერგნეთის საჯარო სკოლაში ნატოს კუთხე გაიხსნა. ეს სკოლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რუსული ბლოკ–საგუშაგოდან 100 მეტრით არის დაშორებული. ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ გოგოტიშვილი აცხადებს, რომ ნატოს კუთხის გახსნით მათ პოლიტიკური გზავნილი გაუშვეს, რომ ეს სოფელი და საქართველოს მთელი ტერიტორია მალე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მფარველობის ქვეშ იქნება.

„გვინდა იქ იცოდნენ, რომ აქაც მალე გახდება ნატოს ტერიტორია. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ ყველა სოფელი საქართველოში იყოს, ცალკე აღებული, ნატოს ტერიტორია. მერე, ერთად აღებული, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნატოს ტერიტორია იქნება. ერგნეთი პრინციპულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანია. ეს არის წმინდა პოლიტიკური ნაბიჯი, ამას არ ვმალავთ, ამ პასუხისმგებლობას არ გავექცევით და, პირიქით, ვიღებთ პასუხისმგებლობას ეს პოლიტიკური გზავნილი გავაკეთოთ: ერგნეთი, ნატო, საქართველო“,– ამბობს თენგიზ გოგოტიშვილი.

ნატოს კუთხის გახსნას ერგნეთში ვიც-პრემიერი გიორგი ბარამიძე და ლიტვის ელჩი საქართველოში იანის პასლაუსკასი დაესწრნენ. მათ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის, გასატარებელი რეფორმებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გზაზე რუსეთის ფაქტორის შესახებ მოსწავლეებისა და პედაგოგების კითხვებს უპასუხეს. ლიტვის საელჩო ნატოსა და საქართველოს ხელისუფლების დამაკავშირებელი რგოლია. ამიტომ საელჩო აქტიურად არის ჩართული იმ საინფორმაციო კამპანიაში, რომელსაც ნატოს ცენტრი ახორციელებს. ლიტვის ელჩის იანის პასლაუსკასის თქმით, მნიშვნელოვანია სწორედ ახალგაზრდებმა იცოდნენ, რა მიზნები აქვს ნატოს და როგორ მიმდინარეობს რეფორმები საქართველოში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა, პატარა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა არა მხოლოდ თბილისში, არამედ პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც იცოდნენ გაცილებით მეტი ნატოსა და მისი ამოცანების შესახებ. საქართველოში, რომელიც ნატოსთვის წარმატებით ემზადება, მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერის შესახებ ინფორმირებული იყოს მთელი მოსახლეობა, - განაცხადა ლიტვის ელჩმა საქართველოში.
სტუმრებთან შეხვედრაზე ყველაზე მეტი კითხვა ერგნეთის სკოლის მოსწავლემ მარიამ დარბუაშვილმა დასვა. მას აინტერესებდა როდის შეძლებს საქართველო ნატოში შესვლას და, რაც მთავარია, როდის გახდება ერგნეთი უხიფათო ზონა.

„ძალიან დიდი შიშის ქვეშ ვცხოვრობთ აქ ხალხი, განსაკუთრებით ბავშვები. აქედან სულ რაღაც 100 მეტრში არიან დაშორებული. სწავლაც სახიფათოა აქ. დიდი იმედი გვაქვს, რომ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს და ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს მარიამ დარბუაშვილი.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი სოფელი არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ, განსაკუთრებული ყურადღება კი კონფლიქტის ზონის სოფლებს უნდა დაეთმოს. მისი აზრით, აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს როგორ აპირებს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას. ეს ყველაფერი კი მშვიდობიანი ბრძოლით უნდა მოხდეს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დღეს ერგნეთში მოსვლა და შეხვედრა როგორც ბავშვებთან, ისე უფროსებთან; ასევე საუბარი იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებს ჩვენი ქვეყანა ტერიტორიების დეოკუპაციას, როგორ აპირებს მშვიდობიანად იმ მიზნების რეალიზაციას, რაც აწუხებს თითოეულ ჩვენგანს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ერგნეთის შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებიც და პედაგოგებიც აცხადებდნენ, რომ უფრო მეტი გაიგეს ნატოს შესახებ და, რაც მთავარია, იმედი ჩაესახათ, რომ მალე მათ სოფელში ცხოვრება სახიფათო აღარ იქნება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: სკეპტიკოსი
07.03.2011 18:31
ნატოს კუთხე ძალიან კარგი მოვლენაა, თუ მართლა შევალთ ოდესმე მანდ, თორე ამის გარეშე რა აზრი აქვს, გინდ ნატოს კუთხე იყოს და გინდ რელიგიური კუთხე, რომელიც გპირდება სამოთხეს სიკვდილის შემდეგ...

ყველაზე პოპულარული